კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერიიდან დათხოვნილმა თანამშრომელმა სამართალი მაინც ვერ იპოვა

5 თებერვალი, 2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის სვეტლანა ზაქარაშვილის საქმემ თითქმის ყველა ინსტანციის სასამართლო მოიარა. 2008 წლის 20 მაისს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, გაუქმებულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის იმავე სასამართლოს დაბრუნებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ზაქარაშვილის სასარგებლოდ გამოტანილი  გადაწყვეტილების მიუხედავად, 2009 წლის 6 აპრილს, ქუთაისის მერიის ბრძანებით, ზაქარაშვილი დაკავებული თანამდებობიდან კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს. აღნიშნული ბრძანება მერიის ყოფილმა თანამშრომელმა ქუთაისის საკრებულოში გაასაჩივრა. თუმცა, საკრებულომ იგი არ დააკმაყოფილა.

„2009 წლის 24 ივნისს ქუთაისის საკრებულომ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვით, ჩემი მოთხოვნა ქუთაისის მერიის 2009 წლის 6 აპრილის ბრძანების გაუქმების  შესახებ, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანი ხვდები, რომ არ უნდა დანებდე და იბრძოლო ბოლომდე, თუნდაც, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთაც ეს ქვეყანა და ის სამსახურები, სადაც მუშაობენ, თავისი საკუთრება ჰგონიათ (მხედველობაში მყავს ადგილობრივი ჩინოვნიკები). ბრძოლა ღირს, თუნდაც იმისათვის, რომ დავამტკიცო, როგორი განუკითხაობაა ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში. იქ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს მხოლოდ პირადი ნიშნით იღებენ“, - ამბობს სვეტლანა ზაქარაშვილი.

2009 წლის 23 ივლისს ზაქარაშვილმა  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით კვლავ მიმართა და ქუთაისის მერის 2009 წლის 6 აპრილის ბრძანებისა და ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 24 ივნისის განკარგულების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა მოითხოვა.

„საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ დაწესებულებაში შტატების შემცირებისას ადმინისტრაციას ანიჭებს უფლებას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინისა და ა.შ. ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი, მოტივირებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში კი, სადაო აქტები საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშეა გამოცემული. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება. არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასრულებდა თუ არა ზაქარაშვილი სამსახურებრივ მოვალეობებს კეთილსინდისიერად, კვალიფიციურად და მისცა თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ ობიექტური შეფასება მოხელის გათავისუფლებისას მის პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობას“, - აცხადებს სვეტლანა ზაქარაშვილის ადვოკატი გიორგი ჭიქაბერიძე.

როგორც ირკვევა, ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურში დარჩენილ თუ ახლადდანიშნულ თანამშრომლებთან შედარებით ზაქარაშვილს სპეციალობით მუშაობის ყველაზე დიდი სტაჟი აქვს. ასევე, წინა პეროიდში იგი აღნიშნული სამასახურის უფრო მაღალ თანამდებობაზეც მუშაობდა. ამის მიუხედავად, იგი სამასახურიდან მაინც გაათავისუფლეს და მის ადგილზე ახალი, სრულიად უცნობი  თანამშრომელი მიიღეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი თანამშრომლის საჩივარი დააკმაყოფილა. მან ქუთაისის მერის 2009 წლის 6 აპრილის ბრძანება ბათილად ცნო, ხოლო ქუთაისის მერს დაავალა, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზაქარაშვილის სამსახურში აღდგენის თაობაზე.

სასამართლო გადაწყვეტილება ქუთაისის მერიის წარმომადგენლებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და პროცესი მოიგეს, რასაც ზაქარაშვილის პროტესტი მოჰყვა: „ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა ისევე, როგორც ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე ჩვენ უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრეთ. მაშინ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, გაუქმებულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის იმავე სასამართლოს დაბრუნებოდა. როგორც ჩანს, წინ ისევ ასეთივე გზა გველის. ფაქტია, რომ დანებებას არ ვაპირებთ“.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ელოდება, რომლის მიღების შემდეგაც  სარჩელით  უზენაეს სასამართლოს მიმართავს.

ახალი ამბები