კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ის დაზვერვის პროგნოზი: „2010 წელს ევროკავშირისათვის მთავარი საფრთხე სამხრეთ კავკასიაში სისხლისღვრა იქნება“

8 თებერვალი, 2010

ალექსი ბეჟანიშვილი

წინა კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების ორმა მაღალჩინოსანმა, საქართველოსთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა თემაზე საინტერესო შეფასებები გამოთქვეს. აშშ-ის დაზვერვის დირექტორი აცხადებს, რომ საქართველო ევროპას საფრთხეს  უქმნის. ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ კროულის თქმით, ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტები შავი ზღვის აკვატორიაშიც უნდა განთავსდეს.

აშშ-ს დაზვერვის დირექტორის, დენის ბლერის შეფასებით, ბოსნია და საქართველო პრობლემებს უქმნიან ევროპულ უსაფრთხოებას. მისივე აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ასევე მთიანი ყარაბაღის გაყინული კონფლიქტების ძალისმიერი გზით მოგვარების მცდელობებს, შესაძლოა, კავკასიაში სისხლისღვრა მოჰყვეს.

როგორც ევროპული ინტერნეტგამოცემა euobserver.com იუწყება, ამის შესახებ აშშ-ს დაზვერვის შეფმა ვაშინგტონში, სენატის დაზვერვის სპეციალური კომიტეტისთვის მომზადებულ ანგარიშში აღნიშნა.

ამასთან, ბლერის აზრით, 2010 წელს ევროკავშირის უსაფრთოხების მთავარი გამოცდა ბოსნიაში პოლიტიკური არასტაბილურობა და სამხრეთ კავკასიაში სისხლისღვრა იქნება.

მისივე შეფასებით, ევროპული უსაფრთხოების არსტაბილურობის მთავარი მიზეზი ბალკანეთში, კერძოდ - ბოსნიაში ეთნიკური სერბებით დასახლებული ანკლავები და კოსოვოში სეპარატისტული ტენდენციები იქნება. მართალია, ბალკანეთის მოვლენებს მასშტაბური სისხლისღვრა და სახელმწიფოს ფორმალური დაშლა არ მოჰყვება, მაგრამ რეგიონის პოლიტიკურ პროცესებში მთავარი როლს ისევ ეთნიკური ფაქტორი ითამაშებს.

„რუსეთ-საქართველოს გაყინულ კონფლიქტებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის მოსაპოვებლად და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს მთიანი ყარაბაღის გამო, შეიძლება, სისხლისღვრა მოჰყვეს“, - აღნიშნავს დენის ბლერი, რომლის აზრითაც, ევრაზიის რეგიონში ცხელი წერტილების წარმოქმნის ყველაზე დიდ შესაძლებლობას კავკასიის მოუგვარებელი კონფლიქტების ქმნის. რისკებს ზრდის მოსკოვის სამხედრო ძალების  საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გაფართოება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, რასაც შესაძლოა, ბრძოლის განახლება მოჰყვეს.

„მე მაშფოთებს, რომ რუსეთი ყოფილი საბჭოთა სივრციდან თავის მეზობლებთან ურთიერთობებს ნულოვანი თანხით დაწყებულ თამაშად განიხილავს და პრეზიდენტი მედვედევი ყოფილ საბჭოთა სივრცეს რუსეთის  პრივილეგერებული ინტერესების ზონას უწოდებს“,- აღნიშნავს ბლერი.

მიუხედავად იმისა, რომ ობამას პრეზიდენტობის პირველ წელს რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდა, ბლერმა ხაზგასმით გამოხატა შეშფოთება ევროკავშირის დიდ მეზობლებთან დაკავშირებით.

„რუსეთი განაგრძობს საკუთარი არმიის გამოყენებას, რათა ზესახელმწიფოს სტატუსი დაიმკვიდროს და მეზობლებთან ძალის დემონსტრირება მოახდინოს. საუბარია მძიმე ბომბდამშენების პატრულებზეც, ფლოტის მისიებზე რუსული ტერიტორიული წყლების მიღმა და ერთობლივ წვრთნებზე“,- აღნიშნავს ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელი.

პარალელურად გრძელდება დებატები აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების თაობაზე. თავის დროზე, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ უარი თქვა პოლონეთსა და ჩეხეთში ამ სისტემების განთავსებაზე, რაზეც წლების განმავლობაში ლობირებდა წინა პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის გარემოცვა. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ამ რეგიონში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებაზე აშშ-ს ხელი სულაც არ აუღია. გახმოვანდა ახალი სტრატეგია, რომლის თანახმადაც, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები შავი ზღვის აკვატორიაში უნდა განთავსდეს. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აშშ-ის ახალმა პოზიციამ რუსეთის პოლიტელიტაში განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კვლავ გამოხატავენ მზადყოფნას, საკუთარი ტერიტორია დაუთმონ აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს. 4 იანვარს ვაშინგტონმა  ოფიციალური ბუქარესტის თანხმობა მიიღო რუმინეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებაზე. რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ  განაცხადა, რომ რუმინეთის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ მოიწონა აშშ-ის წინადადება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის რუმინეთის ტერიტორიაზე განთავსების თაობაზე. ბასესკუმ ასევე აღნიშნა, რომ სისტემები არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ კროულის განცხადებით, რაკეტსაწინაარმდეგო თავდაცვის ელემენტები, რომლის დადგმა რუმინეთში იგეგმება, შავი ზღვის აკვატორიაშიც განთავსდება.

კერძოდ, სისტემა იქნება ხმელეთზე, მაგრამ იგეგმება ასევე ზღვაში ბაზირებაც.  კროულიმ ამთავითვე გააფრთხილა რუსეთი, რომ  საგადამჭრელო რაკეტები SM-3 არ იქნება მიმართული რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აშშ-სა და ევროპაში სულ უფრო აშფოთებთ არასტაბილური კავკასიის რეგიონი. სამხრეთ კავკასიის გაყინულ კონფლიქტებს უკანასკნელ ხანს ჩრდილოეთ კავკასიაში მეამბოხეთა მზარდი გააქტიურებაც დაემატა. რუსეთი სულ უფრო და უფრო ვერ აკონტროლებს ამბოხებულ რეგიონებს - ჩეჩნეთს, დაღესტანსა და ინგუშეთს. არსებობს საფრთხე, რომ შეიარაღებულმა დაპირისპირებამ მთელი ჩრდილოეთ კავკასია მოიცვას. ამას ემატება აშშ-ის დაზვერვის პროგნოზი სამხრეთ კავკასიაში სისხლისხღვრის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ცეცხლის ალში შეიძლება, სრულიად კავკასია გაეხვას.

საქართველოს ისღა დარჩენია, არ წამოეგოს პროვოკაციებს, რასაც ჩრდილოელი მეზობელი პერიოდულად განახორციელებს.კიდევ ერთ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვა ქვეყნისათვის კატასტროფის ტოლფა სი იქნება. ასეთ ვითარებაში, სამწუხაროდ, არაპროგნიზირებადია საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები, რადგან მილიტარისტული რიტორიკა კვლავ ხშირად გაისმის როგორც პრეზიდენტის, ისე სახელისუფლებო გუნდის სხვა წევრების გამოსვლებში. ხოლო კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით სერიოზული სამშვიდობო ინიციატივები პრაქტიკულად არ ჩანს.

ახალი ამბები