კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა საფრთხე ემუქრება მასწავლებლებს სერტიფიცირების დროს

9 თებერვალი, 2010

საბა წიწიკაშვილი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ თანამდებობიდან გადადგომისა და საზღვარგარეთ „განათლების მისაღებად“ წასვლამდე, 2009 წლის 4 დეკემბერს გამოსცა #1101 ბრძანება „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ხელმძღვანელის, მანანა ღურჭუმელიძის განცხადებით, მინისტრის ბრძანება მასწავლებლების უფლებებს არღვევს.

პროფკავშირებს მიაჩნია, რომ პირველ რიგში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იყო ვალდებული, პედაგოგების პროფკავშირებთან შეთანხმებით გამოეცა მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება. მანანა ღურჭუმელიძის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო, რომელსაც ამჟამად დიმიტრი შაშკინი ხელმძღვანელობს, თავისუფალ პროფკავშირებთან დიალოგს გაურბის.

„სამინისტროსთან სოციალურ საკითხებზე დიალოგის დასაწყებად იძულებული გავხდით, სასამართლოსთვის მიგვემართა. პროცესი მოვიგეთ და სხვათა შორის, აღსრულების ფურცელი გვაქვს, რითაც სასამართლო განათლების სამინისტროს ავალებს, დაიწყოს დიალოგი პედაგოგთა პროფკავშირებთან. ეს დავალება სამინისტროს ჯერ კიდევ წინა მინისტრების დროს მიეცა, თუმცა მინისტრების ხშირმა ცვლამ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება დააგვიანა. მინისტრი ვალდებულია, გამოყოს რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომელიც პრობლემატურ საკითხებთან მიმართებაში დაიწყებს დიალოგს პედაგოგებთან“, – აცხადებს მანანა ღურჭუმელიძე.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი მაია ლიპარტელიანი აცხადებს, რომ მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდები არათუ ამაღლებს მასწავლებლის კვალიფიკაციას, არამედ ამოწმებს მხოლოდ და მხოლოდ მის ცოდნას. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, განათლების სამინისტრო პროფესიულ კავშირთან თანამშრომლობით უნდა გეგმავდეს ღონისძიებებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რაც საქართველოში არ ხდება.

„როდესაც სახელმწიფო მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარებას სავალდებულოს ხდის, ამავდროულად, უნდა ზრუნავდეს მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც, რაც არ ხდება. აქედან გამომდინარე გვაქვს ასეთი სურათი: ერთის მხრივ, არ ხდება მასწავლებლის კვალფიკაციის ამაღლება, მეორეს მხრივ, შემოგვაქვს მკაცრი ფორმის სასერტიფიკაციო გამოცდები“, – ამბობს მაია ლიპარტელიანი.

ახლა ვნახოთ, რა სახის დარღვევებს ხედავენ პედაგოგთა პროფკავშირები მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებაში.

„აქ გათვალისწინებულია მხოლოდ სერტიფიცირების პროცედურული საკითხები და არა სერტიფიცირების პოლიტიკის საკითხები, როგორიცაა: ნებაყოფლობითობა, პროცესის ხელფასზე ასახვა და სხვა. სერტიფიცირება რეალურად სავალდებულოა, მასწავლებლებს შეუძლიათ, აირჩიონ მხოლოდ დრო, როცა ისინი გავლენ გამოცდაზე. არ არსებობს საგამოცდო პროგრამა და სავარაუდო (და არა სანიმუშო ტესტები, მაგალითად, როგორც ადვოკატებისთვის) და შესაბამისი ლიტერატურა. დებულება დისკრიმინაციულია არაქართულენოვანი მასწავლებლების მიმართ. მათთვის არ არსებობს ლიტერატურა და შესაბამის ენაზე კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. დებულებაში არ არის დადგენილი გამსვლელი ქულა ანუ მინიმალური ბარიერი. საგნების ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული არასავალდებულო საგნები და აზერბაიჯანული, სომხური და რუსული, როგორც მშობლიური ენა. არ არის გასაჩივრების პროცედურა. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, რომ დებულება არ ვრცელდება იმ უცხო ქვეყნის მასწავლებლებზე, რომელსაც თავის ქვეყანაში აქვს მოპოვებული პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო არ აღიარებს და პატივს არ სცემს თავის ქვეყანაში გაცემულ დიპლომს და აღიარებს საზღვარგარეთ გაცემულ დიპლომს. განსაკუთრებულ შემთხვევაში სამინისტროს გადაწყვეტილებით უცხო ქვეყნის მოქალაქე უფლებამოსილია პედაგოგიური საქმიანობა განახორციელოს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე“, - განმარტავს მაია ლიპარტელიანი, რომელიც პროფესიით ამავე დროს იურისტია და მინისტრის ბრძანებას იურიდიული კუთხით აფასებს.

ახალი ამბები