კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორელმა დევნილებმა სამინისტროსთან კიდევ ერთი აქცია გამართეს

10 თებერვალი, 2010

მარი ოთარაშვილი

9 თებერვალს ახალგორელმა დევნილებმა უკვე მესამედ გამართეს საპროტესტო აქცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან. როგორც ისინი აცხადებენ, წელიწადნახევარია, კუთვნილ კომპენსაციას ამაოდ ითხოვენ. მათი თქმით, უკომპენსაციო და უკოტეჯო დევნილთა რიცხვი 1 700-ს აღწევს.

აგვისტოს ომის შემდეგ, რაც ახალგორის რაიონი ოკუპირებულია, საქართველოს ხელისუფლებამ ამ უბედურებასთან ერთად 7000-მდე დევნილი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ არც ოკუპანტებს და არც სეპარატისტებს ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროება არ უცდიათ (უფრო მეტიც - უსაფრთხო ცხოვრებას შეჰპირდნენ), ახალგორელების დიდი ნაწილისთვის  ძნელი ასატანი იყო ოკუპანტების ჯავშანტექნიკის გრუხუნი და სამხედროების თარეში. მითუმეტეს, ოკუპაციის თავდაპირველი დღეებისას ახალგორში უმართავი და უკონტროლო სიტუაცია იყო.

საქართველოს ხელისუფლებამ ახალგორელ დევნილებს სულ რაღაც ორ თვეში კოტეჯები აუშენა სოფლებში - წეროვანში, წილკანსა და ფრეზეთში. ხოლო იმ დევნილებს, რომლებმაც კოტეჯი არ ისურვეს, უთხრეს, რომ სანაცვლოდ კომპენსაციას მიიღებდნენ. დევნილთა ჩასახლებებში არსებული პირობები ბევრი დევნილისთვის ძნელი ასატანი გამოდგა. ამიტომ ზოგიერთმა ისევ ოკუპირებულ ხეობას მიაშურა, ზოგი კი ნათესავებს შეეკედლა იმედით, რომ სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებულ კომპენსაციას (ფულად დახმარებას) აიღებდა. ამ შეღავათებს ახალგორელებს ლტოლვოლთა და განსახლების სამინისტროც და ახალგორის ლეგიტიმური მთავრობის ადმინისტრაცია-საკრებულოც ჰპირდებოდა. ამ მოტივით, როგორც თავად ახალგორელები აცხადებენ, ზოგიერთ დევნილს გამგეობიდან ურჩიეს, კოტეჯი დაეტოვებინათ და სანაცვლოდ კომპენსაციის ამღებთა სიაში ჩაწერილიყვნენ. სიები გამგეობამ კი შეადგინა, მაგრამ თვითონ ფული აღარ აღმოჩნდა, რომ 1 700 უკომპენსაციო და უკოტეჯო ახალგორელი დაეკმაყოფილებინათ.

ახალგორის ლეგიტიმური გამგეობაც და სუბელიანის უწყებაც ახალგორელებს არწმუნებდა - სიაში ხართ და კომპენსაციის თანხაც მალე იქნებაო. ამასობაში, წელიწადნახევარიც გავიდა. ოკუპირებულ ქსნის ხეობაში სიტუაცია მეტ-ნაკლებად დალაგდა და ხეობიდან წამოსულმა და ნათესავებთან შეკედლებულმა ადგილობრივებმა ისევ საკუთარ სახლებს მიაშურეს.

აღსანიშნავია, რომ ახალგორის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორელ დევნილებს დევნილებად არ მიიჩნევს და მათ „ე.წ. დევნილებად“ მოიხსენიებს. დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცალსახად აცხადებენ, რომ ეს ხალხი ახალგორიდან არავის გაუდევნია, არავის სახლი არ დამწვარა, არავის სახლში არ შევარდნილან. პირიქით, მათ უსაფრთხო ცხოვრებას ჰპირდებიან - მოვიდნენ და იცხოვრონო.        

ამას თავად ახალგორელებიც ადასტურებენ. „არავინ არაფერს გვიშავებს, მაგრამ მაინც რთულია იქ ცხოვრება, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ჩასვლისას სამი ბლოკ-საგუშაგოს გადალახვა გვიწევს და, ელემენტალურად, ნათესავი, ან და-ძმა ვერ ჩამოსულა შენს სანახავად. აქ რომ გვქონდეს სახლი, აქ ვიცხოვრებდით“, – ამბობენ ახალგორელები.

დაპირებული კომპენსაცია რომ ვერ მიიღეს, ახალგორელმა დევნილებმა განცხადებებით ახალგორის გამგეობას და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართეს, მაგრამ - უშედეგოდ. უკვე ყველასთვის ნათელი იყო, რომ საკომპენსაციო ფული ხელმეორედ ან საერთოდ არ გამოიყო, ან ვიღაცამ არამიზნობრივად გაფლანგა. სწორედ ეს ეჭვი აქცთ ახალგორელებსაც. ისინი პირდაპირ აცხადებენ: სახელმწიფომ ფული გამოყო, მაგრამ გამგეობამ შეჭამაო.

გამგეობამ თავის მხრივ განაცხადა, რომ მასზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი გააკეთა და ჯერ სამინისტროზე იყო მისული.    

მერაბ ბალაშვილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი: „ახალგორის გამგეობა არაფერ შუაშია. ეს არის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საქმე. სამინისტრო უკვე წელიწადნახევარია, ამ ხალხს ატყუებს, თითქოს მათთვის გათვალისწინებული თანხა ჩარიცხულია. მე თვითონ ველაპარაკე კობა სუბელიანს და პირდაპირ მითხრა, რომ ახალგორის დევნილებისთვის არანაირი კომპენსია თუ დახმარება აღარ იქნებაო. რატომ?  ამ კითხვაზე უკვე პასუხი აღარ გამცა. გამგეობაზე საერთოდ არ არის დამოკიდებული ხალხისთვის ფულის ჩამორიგება ან კოტეჯის მიცემა. გამგეობის საქმე იყო სიების გადაცემა, რაც დიდი ხანია, გააკეთა კიდეც. დანარჩენი უნდა გაეკეთებინა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. სამინისტრო რატომ ატყუებს ამ ხალხს, ვერ გამიგია. ეს ხალხი დღეს არის გარეთ. წელიწადნახევარია, ითმენს ამდენ ტყუილს: დღეს იქნება, ხვალ იქნება... რატომ? რა დააშავეს ასეთი?!“

ახალგორელი დევნილების პრობლემით პარლამენტარი, ანტიკრიზისული საბჭოს წევრი, ჯონდი ბაღათურია დაინტერესდა და 26 თებერვალს გამართული მიტინგისას დევნილებს მხარდაჭერა აღუთქვა.

„ამათი საქმე დადებითად გადაწყდება, რადგან ეს ხალხი ითხოვს კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციებს, რაც მათ აუცილებლად უნდა აეღოთ. სხვათა შორის, ეს თანხა გამოყო ამერიკის შეეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობამ. რა იქნა ეს ფული? ამაზე მარჩიელობა რომ არ დავიწყოთ, იმიტომ არსებობს პარლამენტი და იმიტომ შეიქმნა ანტიკრიზისუოლი საბჭო, რომ ამ თანხების კანონიერი ხარჯი აკონტროლოს. ანუ კანონით ვართ ამაზე პასუხიმგებლები“, – განაცხადა ბაღათურიამ.

 ეს პირობა დევნილებმა ბაღათურიას 8 თებერვალს გაახსენეს. „ბაღათურიამ გვითხრა, რომ აუცილებლად მოიწვევდა ანტიკრიზისულ საბჭოს და ამ საკითხს განიხილავდა. როდის მოიწვევს და რა იქნება, არ ვიცით“, – ამბობს  ერთ-ერთი დევნილი.

დევნილებმა საფრანგეთის (როგორც დევნილებისთვის თანხის გამომყოფი ქვეყნის) საელჩოსაც მიმართეს და თავიანთი გასაჭირი აცნობეს.

„როგორც საფრანგეთის საელჩოში გვითხრეს, მათ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შექმნა საჭირო კომისია. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს კომისია ხალხის მოსატყუებლად შეიქმნა, რეალურად კი კომპენსაციების დარიგებას აღარ აპირებენ. საფრანგეთის საელჩოს დახმარება და საქმეში გარკვევა ვთხოვეთ. ჩვენ ამას არ დაველოდებით და ისევ ვაპირებთ მიტინგის გამართვას. შესაძლოა, ამაზე საფრანგეთის საელჩომაც გამოგზავნოს ვინმე დამკვირვებლად. ხელისუფლების ყურადღება რომ მივიპყროთ, ვაპირებთ მცხეთაში, წეროვნისკენ მაგისტრალის გადაკეტვას“, – გვითხრა დევნილთა რიგებიდან ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, თამარ მეარყიშვილმა.    

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ახალგორელ დევნილებზე პასუხიმგებლობას არ გაურბის.

„მიმდინარეობს თითოეული ოჯახის გადამოწმება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ხელოვნურად გაყოფილ ოჯახებთან არ გვქონდეს საქმე და რომ ნამდვილად ეკუთვნის განმცხადებელს დახმარება. ვისაც თავშესაფარი არა აქვს, ასეთ შემთხვევაში, გაიცემა საცხოვრებელი ფართი. რაც შეეხება კონპენსაციას, ფულადი თანხა გაიცემოდა იმ შემთხვევაში, თუ დევნილს კოტეჯის პირობები არ აკმაყოფილებდა და დევნილი აპირებდა თავისი დანაზოგისთვისთვის იმ თანხის დამატებას, რასაც სახელმწიფო გაიღებდა კომპენსაციად. მოწმდებოდა, დევნილს ნამდვილად ჰქონდა თუ არა დანაზოგი და სად აპირებდა ბინის ყიდვას. თუ სახლს ნამდვილად იყიდდა, სამინისტრო კომპენსაციას ასეთ შემთხვევაში გასცემდა“, – განმარტა სუბელიანის უწყებიდან პრესსამსახურის უფროსმა ეკა გულუამ.

ახალგორელი დევნილები სამინისტროს ამ განცხადებამ უფრო გააღიაზიანა. მათი თქმით, დევნილის დანაზოგი და საერთოდ, რაიმე ცნობის მოპოვება დევნილის შესახებ არ მოწმდებოდა. მათთვის გაუგებარია ერთიც: თუკი სამინისტრო აღარ აპირებდა კომპენსაციების გაცემას, რატომ აიმედებდა დევნილებს, იქნებაო. ყოველივე აქედან გამომდინარე, ახალგორელები ამბობენ, რომ მათი საპროტესტო გამოსვლები უკვე პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

ახალი ამბები