კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შრომისუუნარო „ფეროელები“ კუთვნილი დავალიანების დაფარვას მოითხოვენ.

11 თებერვალი, 2010

თამთა კაკაურიძე, ზესტაფონი

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ყოფილი თანამშრომლები რამდენიმე წელია, კუთვნილ ანაზღაურებას ელიან. მათი ჯანმრთელობა მძიმე და მავნეპირობებიანი სამუშაოების შესრულებას შეეწირა, რის გამოც ყოველთვიური სარჩო ჰქონდათ დანიშნული. სს „ფეროს“ გაკოტრების შემდეგ წლობით დაგროვებულმა დავალიანებამ რამდენიმე ათას ლარს მიაღწია. თხოვნის, მოთხოვნის თუ საპროტესტო აქციების მიუხედავად, დავალიანება ჯერ კიდევ გადაუხდელია.

პრობლემის სათავე

სს „ფეროს“ ყოფილ თანამშრომლებს სარჩოს მიღება 2007 წლის მარტიდან შეუწყდათ. ამის შემდეგ მათ ასობით სარჩელი შეიტანეს სასამართლოში და პროცესები მოიგეს. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ სს „ფერო“ ამჟამად გაკოტრებულია, ხოლო ახალ საწარმოს - შპს „ჯორჯიან მანგანეზს“, 2006 წლის 13 დეკემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად, ამ ადამიანების ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება არ აუღია.

ია დარბაიძე, „ფეროელების“ ინტერესების დამცველი: „ეს ადამიანები დაინვალიდებული არიან საწარმოო ტრამვებითა და პროფესიული დაავადებებით. მათ კანონით დანიშნული ჰქონდათ და წლების მანძილზე იღებდნენ ყოველთვიურ სარჩოს - ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ანაზღაურებას. 2007 წლის 24 მარტს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის ხელმოწერით, გამოვიდა დადგენილება, რომლის მიხდვითაც, საწარმოს გაკოტრების შემთხვევაში, სახელმწიფო აღარ იღებდა ვალდებულებას საწარმოს რჩენაზე მყოფი პირების შენახვის შესახებ. ამ დადგენილებით, სახელმწიფომ მოიხსნა ვალდებულება ამ ადამიანების წინაშე. თანაც, 2006 წლის 13 დეკემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების შემდეგ, გააკოტრა სამეწარმეო რეესტრში ფორმალურად რეგისტრირებული სს „ფერო“, ახალ საწარმოს - „ჯორჯიან მანგანეზს“ კი არ დააკისრა ვალდებულება, ერჩინა „ფეროს“ ყოფილი შრომისუუნარო თანამშრომლები.

უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი საწარმო არ იცილებს თავიდან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შედეგად დანიშნული დარჩოს გადახდაზე ვალდებულებას, თუნდაც ზიანის მიმყენებელი საწარმოს ახალი მეპატრონე მოევლინოს. ეს კანონითაც დაუშვებელია. ფაქტია, რომ არსებობს ის საწარმო, სადაც ეს ხალხი დაინვალიდდა და გრძელდება წარმოება იმავე საწარმოო საშუალებებით, რაც მანამადე იყო. „ჯორჯიან მანგანეზი“ ფლობს იმ ქონებას, რასაც ფლობდა სს „ფერო“ და არ შეცვლილა მისამართი. შეიცვალა მხოლოდ ქარხნის მეპატრონე და სწორედ მას უნდა დავალებოდა ამ ხალხისადმი მანამდე არსებული ვალდებულებების შესრულება. ეს არ გაუთვალისწინებიათ 2006 წლის 13 დეკემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში, რითაც შეილახა ამ ადამიანების უფლებები, ანუ - უფლებები მესამე პირებისა, რომელთაც ამ ხელშეკრულებით მიადგათ ზიანი და დარჩნენ სარჩოს გარეშე“.

გასაიდუმლოებული ხელშეკრულება

როდესაც 2007 წლის მარტიდან სარჩოს გადახდა შეუწყდათ, დაზარალებულებმა სარჩელი შეიტანეს სს „ფეროს“ მიმართ, რადგან 2006 წლის 13 დეკემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შინაარსი მათთვის ცნობილი არ იყო. ამავე დროს, საჯარო და სამეწარმეო რეესტრში კვლავაც იყო აღრიცხული სს „ფერო“|, როგორც საწარმო. დაზარალებულება ყველა პროცესი მოიგეს, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ვერ  ხერხდებოდა - აღმოჩნდა, რომ სს „ფეროს“ იურიდიულად აღარც ადმინისტრაცია ჰყავდა და არც რაიმე სახის უძრავი ქონება გააჩნდა.

ია დარბაიძე: „არაერთხელ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, სხვადასხვა უწყებებს, მათ შორის ერთ-ერთ დღევანდელ მოპასუხეს – ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მოეძიებიათ სს „ფეროს“ ქონება. იმ დროისათვის სამეწარმეო რეესტრში აღრიცხული მისი საწესდებო კაპიტალი 29 მილიონი ლარს შეადგენდა. არავინ ამბობდა, რომ „ფეროს“ ქონება აღარ გააჩნდა და ყველა საწარმო საშუალებები გადაცემული ჰქონდა „ჯორჯიან მანგანეზისთვის“. სახელმწიფო უწყებებიდან გვპასუხობდნენ, რომ ეძებდნენ ქონებას და მოხდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. „ფეროს“ გაკოტრების საქმის წარმოების დროს, გაკოტრების მმართველმა, ალექსანდრე ქოროღლიშვილმა  წარმოადგინა მხოლოდ ქონების ნუსხა, საიდანაც აღმოჩნდა, რომ ყველა უძრავი ქონება გასხვისებული იყო. რაც შეეხება საწესდებო კაპიტალს – 29 მილიონ ლარს, ის ფაქტობრივად არ არსებობდა. როგორც გაკოტრების საქმის წარმოების დროს გაირკვა, თურმე, თავის დროზე არ მომხდარა სამეწარმეო რეესტრში  საწესდებო კაპიტალთან დაკავშირებული საჭირო ცვლილებების შეტანა. დადასტურდა, რომ ქარხანამ გაყიდა ყველა აქტივი პასივების გარეშე“.

როგორც 2006 წლის 13 დეკემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებიდან ჩანს, მხარეებმა დაფარეს მესამე პირების არსებობა, დაფარეს ისიც, რომ ამ საწარმოს ჰქონდა მათ წინაშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

ია დარბაიძე: „ამ შემთხვევაში, ცხადია, ყიდვა-გაყიდვის საგანს ჰქონდა უფლებრივი ნაკლი, მაგრამ ამავე დროს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მყიდველი ვარაუდობდა – ადრე თუ გვიან აღმოჩნდებოდნენ მესამე პირები, რომლებიც დაასაბუთებდნენ თავიანთ მოთხოვნებს. ამიტომ ხელშეკრულების 8.2 და 8.4 მუხლებში უწერიათ - მესამე პირების დაფარვით მიყენებული ზიანი გამყიდველმა მხარემ უნდა აანაზღაუროსო. რა თქმა უნდა, ეს ხელშეკრულების დამდები მხარეების საქმეა და ვინ ვის აუნაზღაურებს ზარალს, გამყიდველი - მყიდველს თუ პირიქით, ეს ჩვენთვის სულ ერთია. ცხადია, რომ ჩვენს წინაშე ორივე მხარემ უნდა აგოს პასუხი მიყენებული ზიანისთვის, რაც განისაზღვრება დღემდე მიუღებელი სარჩოს ოდენობების შესაბამისად. მიგვაჩნია, რომ სარჩოს გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს „ჯორჯიან მანგანეზს“, როგორც იმ შენობებისა და ყველა საწარმოო საშუალებების მფლობელს, სადაც ეს ადამიანები დაინვალიდდნენ“.

სარჩოს გარეშე დარჩენილები

რა ეშველება 400-მდე შრომისუუნარო ადამიანს სასამართლო დავების დასრულებამდე? ეს არის მთავარი კითხვა, რაც დაზარალებულთა ადვოკატს აინტერესებს. პასუხი კი მათთვის არასახარბიელოდ ჟღერს. ადამიანები, რომლებმაც „ფეროს“ თავიანთი ჯანმრთელობა შესწირეს, ყოველგვარი სოციალური დაცვის გარანტიების გარეშე რჩებიან.

სს „ფერო“, იურიდიული თვალსაზრისით, პასუხისმგებელი აღარ არის. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფოც თავისუფალია ყოველგვარი ვალდებულებისაგან. დაზარალებული “ფეროელები” მიიჩნევენ, რომ მათ ყველა უსაართლოდ მოექცა.

ნუგზარ გოცაძე, „ფეროს“ ყოფილი თანამშრომელი: „ფეროში“ 48 წელი ვიმუშავე. სისხლში მანგანუმის დიდი რაოდენობა მაქვს და ყოველდღიურად წამლის მიღება მესაჭიროება. ეს სარჩოც მხოლოდ წამლის საყიდლად გვყოფნიდა, მაგრამ 2 წელია, არაფერი აგვიღია. თითქმის ყველა ინსტანციას მივმართეთ. ადრე დაპირებებს მაინც იძლეოდნენ, ახლა საერთოდ აღარ გვაქცევენ ყურადღებას“.

პროფესიული დაავადებების მქონე პირთა შორის ერთ-ერთი ნიკოლოზ კვეტენაძეა, რომელიც თავის პროფესიულ წარსულს ასე იხსენებს: „მე-10 კლასის მოსწავლე ვიყავი, ქარხანაში სამუშაოდ რომ წამომიყვანეს, მას შემდეგ 17 წელი ვიმუშავე. 1966 წელს მძიმე დაავადება დამიდგინეს, მანგანუმით პროფესიული ინტოქსიკაცია. შრომის უნარი 100% მაქვს დაკარგული. სარჩოს წლების განმავლობაში ვიღებდი, მაგრამ დღეს ამ ანაზღაურების გარეშე ვარ დარჩენილი“.

პროფდაავადებებითა და საწარმოო ტრამვებით დაზარალებულთა გარდა „ფეროს“ ყოფილი თანამშრომლების ოჯახების წინაშეც ჰქონდა ვალდებულება აღებული. საწარმო მარჩენალდაკარგულ ადამიანებს ყოველთვიურ სარჩოს უხდიდა, ახლა მათმაც არ იციან, თავი როგორ ირჩინონ.

თამარ ქათამაძე: „მეუღლე „ფეროში“ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამეღუპა. ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და ახლობლების დახმარებით ვარჩენ“.

„ფეროს“ ყოფილი თანამშრომლები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან. ერთადერთ იმედად დავის მათ სასარგებლოდ საბოლოო გადაწყვეტა რჩება, მაგრამ რამდენად ჰეპი-ენდით დასრულდება ეს ისტორია, ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია.

ახალი ამბები