კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაგვიანებული კომპრომისები, ანუ რაჭველი პალესტინელები

12 თებერვალი, 2010

ბესო კურტანიძე, „ლიბერალი“

მას შემდეგ, რაც არაბები ტერიტორიის გაყოფის შეთავაზებულ პირობებზე ვერ დაითანხმეს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა  აბა ებანმა თქვა: „არაბები არასოდეს უშვებენ შანსს, რომ  შანსი გაუშვან ხელიდან“. თავდაპირველად პალესტინელებს სადაო მიწის  60 პროცენტს სთავაზობდნენ. ვინაიდან არაბებს „ერთი სტადიონი“ ებრაელებისთვის მიწის 40 პროცენტის გადაცემა ებევრათ, პირობას არ დათანხმდნენ -  აჯანყდნენ, იომეს და 1948 წელს უკვე დამოუკიდებელმა ისრაელმა დამარცხებულებს გაეროს გეგმით სადაო ტერიტორიის 44 პროცენტიღა შესთავაზა, რაზეც მოდავე მხარე ასევე არ დათანხმდა. ისრაელი ნაურუმაც აღიარა. იმავე წელს ისრაელმა არაბული ქვეყნების კოალიცია დაამარცხა და ტერიტორიის 78 პროცენტს დაეუფლა, ხოლო 1967 წლის „ექვსდღიანი ომის" შემდეგ მთელი ტერიტორიის 84 პროცენტს. თავდაპირველად შეთავაზებული 60 პროცენტიდან არაბებს თექვსმეტიღა შემორჩათ.

არაბებმა ისრაელს სამი არა გამოუცხადეს: არა - ისრაელის ცნობას, არა - მოლაპარაკებას ისრაელთან, არა - მშვიდობას ისრაელთან.

2002 წელს, ამ „არებიდან“ 35 წლის შემდეგ, აღიარეს -  აი, მაშინ ჩვენ რომ ისრაელს დავთანხმებოდით და შემოთავაზებული ტერიტორიის 22 პროცენტი  მიგვეღო, ეს საკმარისი იქნებოდა პალესტინის სახელმწიფოს შესაქმნელადო.

2000 წელს კლინტონმა  ტერიტორიის 20 პროცენტი შესთავაზა, რაზეც არაბები დათანხმდნენ - 2 წლის შემდეგ. თუმცა, ეს პასუხი ზუსტად 2 წლით დაგვიანებული აღმოჩნდა.

„უპურობას ნახევარი პური სჯობია“ - ამ ლოზუნგით დაიწყეს  ებრაელებმა მიწების დაბრუნება, ხოლო არაბები ნახევარ პურზე ყოველთვის უარს ამბობდნენ.

პალესტინელ არაბებთან ქართველების შედარებას მკრეხელობად თუ არა საამაყოდ არავინ ჩათვლის. თუმცა, არა მგონია, არაბებსაც მოეწონოთ ჩვენთან ამ კონტექსტში მოხსენიება. ჩვენც ყველა ომი წავაგეთ, და ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ  ჯამში ტერიტორიის სადღაც 20 ათასი კვადრატული კილომეტრი დავკარგეთ. მართალია, შემდეგ პალესტინელებს რიგმა არაბულმა ქვეყნებმა უგანეს, მაგრამ ისინი ამ სამყაროში მარტონი არ არიან. არც ჩვენ ვართ მარტონი.

ომში გამარჯვებამდე აფხაზებს ფედერაციული სუბიექტის სტატუსი სავსებით დააკმაყოფილებდათ. თუმცა, მაშინ ჩვენ აფსუებისთვის ავტონომიაც არ გვემეტებოდა და  სტატუსის თემა არც განხილულა. ავტონომია კი მათ ეცოტავებოდათ.

აფხაზეთის ომის წაგების შემდეგ თბილისში გამარჯვებული არძინბა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრიმაკოვმა ჩამოიყვანა. შევარდნაძეს და არძინბას შორის მოლაპარაკება რამდენიმე საათს გაგრძელდა. როგორ ფიქრობთ, თუკი არძინბას მიზანი აფხაზეთის დამოუკიდებლობა იყო, რატომღა ჩამოვიდა თბილისში? აღიარების სათხოვნელად? არა! იგი კონფედერაციაზე თანხმდებოდა. შევარდნაძე აფხაზეთს ერთ-ერთ  ფედერალურ მხარედ განიხილავდა, ანუ ჩვენ დავთანხმდით მათთვის ფედერაციის სტატუსის მიცემას, მაგრამ - გვიან, ომის წაგების შემდეგ, რაზეც გამარჯვებული არძინბა აღარ დაყაბულდა.

1998 წელს კიდევ ერთი ომი წავაგეთ გალის რაიონში. ჯარმა იქაც ხალხს გამოასწრო. რუსებიც მიეხმარნენ აფხაზებს და სხვებიც, თუმცა ეს მოულოდნელობა არ ყოფილა. შემდეგ რუსეთის „მეფისნაცვალმა“ კავკასიაში რამაზან აბდულატიპოვმა კიდევ ერთი სამპუნქტიანი გეგმა გაახმაურა: 1. აფხაზეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას 2.საქართველოს ხელისუფლება არ ჩაერევა აფხაზეთის საშინაო საქმეებში და 3. აფხაზეთი დემილიტარიზებული ზონა გახდებოდა.  არც ეს გეგმა განხილულა სერიოზულად, დავასკვენით: „აბდულატიპოვი კრემლის აგენტია, ეგ კაის არაფერს გვირჩევს“.

ვარდების რევოლუციის შემდეგ კვლავ აღსდგა რაღაც ურთიერთობები პოლიტიკოსებს შორის და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი შამბა თბილისს ესტუმრა. იგი შარდენზე სეირნობდა, როცა სააკაშვილი აფხაზეთთან ყველაზე ახლოს მდებარე სენაკის სამხედრო ბაზას ეწვია და მათ საბრძოლო მზადყოფნა შეუმოწმა. რატომ უნდა შეშინებულიყვნენ აფხაზები? რა გარემო პირობა შეიცვალა ჩვენს სასარგებლოდ? მათ რუსეთი კვლავ მხარს უჭერდათ, ასევე ჩრდილო კავკასიელებიც და მხოლოდ ერთი, შესაძლოა, სააკაშვილმა დაიჯერა, რომ მისი ჯარი, რომელიც აღარ იყო „დაუბანელი, ჩაუცმელი და მშიერი“ ამ პრობლემას ძალით მოაგვარებინებდა. აფხაზების და რუსების კორუმპირებულ ჯარს „დაჟანგული ტანკებით“ რა წინააღმდეგობა უნდა გაეწია?

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა. დამატებით ტერიტორიების დაკარგვას ისიც დაემატა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების პროცესი დაიწყო, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთისა. სამხრეთ ოსეთში კი ბევრად უკეთესი წინაპირობა არსებობდა კონფლიქტის მოსაგვარებლად, ვიდრე აფხაზეთში. აქ ურთიერთობა კონტრაბანდულ და კრიმინალურ ბიზნესს გასცდა და გორელები ცხინვალში მუშაობდნენ. აი, ასე - დილით მიდიოდნენ იქ და საღამოს სახლში ბრუნდებოდნენ. ქართველი ჟურნალისტებიც ცხინვალში გამცილებელ- გამომცილებლების გარეშე ჩავდიოდით.

2008 წლის აგვისტოს ომზე ნინო კირთაძის ფილმის ერთ-ერთ კადრში მიხეილ სააკაშვილი ტელევიზორში პუტინს უყურებს. გაბრაზებული პულტს ისვრის და ცხარედ იძახის: „ომი ჯერ არ დამთავრებულა. ვნახოთ, საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს“.  თუ მის სიტყვებს ვენდობით, შესაძლოა,  წინ ბევრი განსაცდელი გვქონდეს. თანაც, გაითვალისწინეთ, აგვისტოს ომის შემდეგ მთავარსარდალმა განაცხადა: „მერე რა, რომ სულ რაღაც ორი რაიონი დავკარეთ“.

ყველაფერი ილ-ღაზს ან თბილისის ამირას როგორ დავაბრალოთ, დავით აღმაშენებელს დიპლომატიური გზით რომ არ გადააწყვეტინეს პრობლემები?  არადა, ბაძავს მას. ალბათ, რუის- ურბნისზეც ფიქრობს, ეგეც რამე იქნება, პარალელისთვის.

რას ფიქრობენ ქართველები სამხრეთ ოსეთზე და აფხაზეთზე? ფეისბუკზე ამ სათაურით დარეგისტრირებულ ჯგუფში ბევრი ადამიანი საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს. თუმცა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თქვენ ეს 80-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული წაგიკითხავთ და მოგისმენიათ.

ვფიქრობ, აფხაზეთის პირველი ომის შემდეგ, მარტო ის გავიგეთ, რომ ტყვარჩელის მაღაროებში ქართველი ტყვეები არ ჰყავთ და ამაში ღრმად დავრწმუნდით. სხვა მხრივ, არაფერი შეცვლილა, აფხაზები ისევ ქართველები არიან, როგორც მე - იმერელი, აფსუები ერთი მუჭა ხალხი, მთიდან ჩამოსახლებული და ნოვაცია ის არის, რომ  ჩვენთან მალე 2 მილიონი ტურისტი ჩამოვა, მათგან განსხვავებით, რა თქმა უნდა. ხოლო ანაკლია უკეთესი კურორტი გახდება, ვიდრე გაგრა.

იგივე, სამხრეთ ოსეთი - სამაჩაბლოა. ოსთან ასოცირებული, რაც შეიძლება ვთქვათ, ცხინვალის რეგიონია. მაგათ კულტურული ავტონომიაც ეყოფათ.

მოწინავე აზრის პოლიტიკოსები აფხაზებს ჯერაც ფედერაციას სთავაზობენ. ეს ამ რეალობაში ყოვლად წარმოუდგენელია. ერთადერთი რაზეც შეიძლება ვიფიქროთ, ეს საერთო სახელმწიფოში თანაცხოვრებაა, რასაც აფსუას ძახილით ნამდვილად ვერ მივაღწევთ. 1992-93 წლებში, 1998 წელს, 2008 წელს - აფხაზეთში სამჯერ დავმარცხდით, ასევე სამჯერ - ცხინვალში და ამის შემდეგ სამჯერ ომმოგებული ხალხი, ბუნებრივია, დათმობაზე არ წამოვა. თანაც, რუსეთმა ისინი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

როგორ უნდა დაარწმუნოს რომელიმე სეპარატისტულმა ლიდერმა მისი ხალხის უმეტესობა, რომ დამარცხებულ საქართველოსთან დათმობაზე წასვლა მოღალატეობა არ არის? იმავე მოღალატის სტატუსის მიკერების შიშით ვერც ჩვენმა პრეზიდენტებმა გაბედეს ადეკვატური ნაბიჯის გადადგმა  და საგმირო საქმეს, თანაც  ჩვენს სასარგებლოდ  მიმართულს, ბუნებრივია, ვერც სეპარატისტებს მოვთხოვთ.

ბატებმა რომი გადაარჩინეს, მაგრამ ამის გამო მათ დღეს პატივს არავინ სცემს. თუ გვინდა, პატივისცემა დავიმსახუროთ, ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. „არა აქვს მნიშვნელობა რას ლაპარაკობენ გოები ჩვენზე, მთავარია, რას აკეთებენ ებრაელები“, - ბენ გურიონის ეს სიტყვები, ცხადია აქტუალურია ჩვენთვისაც.

ოსებისაკენ პირველ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება, თუკი  საზოგადოება ხელისუფლებას მოვთხოვთ, უფრო აქტიურად ეძებოს ის სამი ოსი ახალგაზრდა - ტირძნისიდან გატაცებულ ბავშვებზე ცოტათი უფროსები, რომლებიც ერთი წლის წინ, ომის შემდეგ უკვალოდ გაუჩინარდნენ. ამ დატყვევებული ოსი ახალგაზრდების ცემის ნახვა http://cominf.org/video ყველას შეუძლია. ეს სადღეისო საქმეა. ტირძნისელი ბავშვების გათავისუფლებით პრობლემა არ ამოწურულა. ჯერი ჩვენზეა. პირადად,  უხერხულობის გრძნობა მაქვს და მგონია, რომ ჩვენ ვალში ვართ, იმის გამო, რომ ამ სამი ახალგაზრდის პოვნაზე საკმარისად არ ვიხარჯებით.

ორიგინალი: http://liberali.ge/node/1085

ახალი ამბები