კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიცია ჟურნალისტებს ატერორებს

12 თებერვალი, 2010

შორენა ღლონტი, გურია

8 თებერვალს „გურია ნიუსმა“ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია ჟურნალისტების დაშინების, გადაბირების ფაქტებზე და რეგიონული მედიის უმძიმეს მდგომარეობაზე. იმავე დღეს, ანუ 8 თებერვალს  ოზურგეთის პოლიციის მაღალჩინოსნებმა „გურიის მოამბეს“ ჟურნალისტი ირაკლი დოლიძე დააკავეს.

„გურია ნიუსის“  განცხადებაში ნათქვამია: „ყველას, ვისაც დამოუკიდებელი მედიის არსებობისთვის გული შესტკივა! თავიდანვე გვინდა, განვაცხადოთ, რომ ჩვენი მიმართვის ადრესატი არ არის საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, სამართალდამცავი ორგანოები, რადგან მათდამი არაერთ მიმართვას დამოუკიდებელი მედიის შევიწროებისას, არასდროს მოჰყოლია მინიმალური რეაგირებაც კი. ეს გვარწმუნებს, რომ მოვლენები, რომლებიც მათ მიერ არაკონტროლირებად მედიასაშუალებებს გაუსაძლის პირობებში აყენებს, სწორედ მათივე ნებით ხდება. ჟურნალისტების დაშინება, ფიზიკური შეურაცხყოფა, გადაბირება, ოჯახის წევრების დევნა, მიზანმიმართული შანტაჟის პოლიტიკა, რაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა და გაუსაძლისი ფსიქოლოგიური წნეხის სახე მიიღო, საკმარისი არ აღმოჩნდა „გურია ნიუსის“ გასაჩუმებლად. ამიტომ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო ღია გახადა ბრძოლა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ: მასობრივი სახე მიიღო „გურია ნიუსის“ დისტრიბუტორებზე ზემოქმედების ფაქტებმა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მათ აიძულებენ, უარი თქვან „გურია ნიუსის“ გავრცელებაზე და იმუშაონ ახალი გამოცემის დისტრიბუციაზე, რომელიც მხოლოდ ნომინალურადაა კერძო გამოცემა“.

„ოზურგეთის პოლიციის უფროსმა გია ურიდიამ და მისმა მოადგილემ ლაშა ბაკურაძემ „გურიის მოამბეს“ კორესპონდენტი ირაკლი დოლიძე მას შემდეგ დააკავეს, როცა ჟურნალისტი პოლიციის თანამშრომლების ჯგუფს ფოტოსურათს უღებდა. ურიდიამ და ბაკურაძემ ჟურნალისტს ჩამოართვეს ფოტოკამერა და პირადი მობილური ტელეფონი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა“, - ასეთი შინაარსის განცხადებას გაზეთი „გურიის მოამბე“  ინდიცენტიდან მეორე დღეს, 9 თებერვალს ავრცელებს.

„რედაქციის წარმომადგენლები პოლიციის ოფისში გამოვცხადდით და მოვითხოვეთ ტექნიკის დაუყოვნებლივ დაბრუნება და იმათი დასჯა, ვინც  ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა. მორიგე ოფიცრისგან, განმარტების ნაცვლად,  სიტყვიერი შეურაცხყოფა მივიღეთ. მოვითხოვეთ ფურცელი, რომ განცხადება დაგვეწერა და ჩვენი საჩივარი ოფიციალურად დაგვეფიქსირებინა. მორიგე ოფიცერმა გვიპასუხა -, გაეთრიეთ გარეთ და იქ დაწერეთო. დავრეკეთ 022-ზე.  ხანგრძლივი პაუზის შემდეგ  ყურმილი აიღეს. პოლიცია კიდევ ერთხელ საქმის კურსში ჩავაყენეთ და მოვითხოვეთ დახმარება და დაცვა პოლიციის უფროსისაგან, თუმცა ტელეფონი გაგვითიშეს. უკან გამოსვლისას რამდენიმე პოლიციელი მორიგე ოფიცერს აკავებდნენ, რომელიც რატომღაც ჩვენს გინებას განაგრძობდა და ფიზიკური ლიკვიდაციით იმუქრებოდა“, - ნათქვამია „გურიის მოამბის“ განცხადებაში.

„ეროვნული ფორუმის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა გოგიბერიძე ამბობს, რომ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ სახელისუფლებო ტელევიზიების გადაცემების ნახვა უწევთ. განსხვავებული აზრის ამოკითხვა ადგილობრივ გაზეთებშია შესაძლებელი და მათში გამოთქმული რეალური შეფასებები და ჯანსაღი კრიტიკა იმდენად გამაღიზიანებელია ხელისუფლების ადგილობრივი მესვეურებისთვის, რომ ჟურნალისტებზე  ზეწოლასაც აღარ ერიდებიან.

„რესპუბლიკური პარტიის“ გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ტიფო მიქატაძის განცხადებით კი, ხელისუფლება ყველა მეთოდით ცდილობს არაკონტროლირებადი მედია საშუალებების მოხრჩობას და ქვეყანა უკანონობის ჭაობში იძირება.

„სამართლიანი საქართველოსთვის“ ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში ბოლო დროს მედიაზე გახშირებულ ძალადობას გმობენ და აცხადებენ, რომ სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა.

„ეს მოვლენები დღეს არ დაწყებულა, ხელისუფლება ყველა ღონით ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა, შექმნას რეგიონებში ჯიბის გაზეთები, რათა მოსახლეობას თვალში ნაცარი შეაყარონ. ადგილობრივი ხელისუფლება დისკომფორტს გრძნობს მოახლოებული არჩევნების დროს და აამუშავეს პროპაგანდისტული მანქანა. დაშინების მეთოდები მოუძველდათ და ეს ქმედებები მათი დასასრულის დასაწყისია“, - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ „სამართლიანი საქართველოსთვის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლელა ნაცვალაძემ.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი ჯაბა ზერეკიძე ამბობს, საქართველოს კანონმდებლობით, „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ან თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან“ სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ამ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს მისი ჩადენა ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

„საქართველოს კონსტიტუცია არის გარანტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებისა. თავის მხრივ, ეს თავისუფლება ნიშნავს თითოეული ადამიანის, მათ შორის - ჟურნალისტის უფლებას, მოიძიოს, მიიღოს, გადასცეს, აწარმოოს და გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციით, „ყველას აქვს თავისუფლების გამოხატვის უფლება, რომელიც მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად“.

ადგილობრივ მედიას პოლიციელთა ძალადობისგან თავის დაცვა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებით შეუძლია. ორი გაზეთის რედაქციის მიერ გავრცელებული საგანგებო განცხადებები სწორედ ამ მიზანს ისახავდა.

ახალი ამბები