კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გურამ დონაძის ტელევიზიის“ იერიში დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ

12 თებერვალი, 2010

თაკო ხუციშვილი

„ამაზრზენი“, „საშინელი სიბინძურე“, „პროპაგანდისტული მეთოდი“, „ქართული ჟურნალისტიკის სირცხვილი“, - ასე შეაფასეს ცნობილმა ჟურნალისტებმა ტელეკომპანია „რეალ ტი ვის“ ეთერით გასული სიუჟეტი, რომელიც ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის დისკრეტიდაციას ისახავდა მიზნად.

„ციხე მედია და უშიშროება“ -  ამ გაუგებარი სათაურით ტელეკომპანია „რეალ ტი ვიმ“ გამომძიებელი ჟურნალისტის ცხოვრებას და  საქმიანობას სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა. სიუჟეტი ეთერში მას შემდეგ გავიდა, რაც სტუდია „რეპორტიორის“  ხელმძღვანელმა  ვახტანგ კომახიძემ შვეიცარიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

იმის გარდა, რომ „რეალ ტი ვის“ ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძეს 29 წლის წინანდელი საარქივო მასალიდან  ნასამართლეობა გაუხსენა, იგი მრავალცოლიანობაშიც დაადანაშაულა. სიუჟეტის მიხედვით, ჟურნალისტს „რამდენიმე ცოლი ერთდროულად ჰყავდა“, ხოლო  მისი 8 შვილი უპატრონოდ  იზრდება.

ჟურნალისტს არც ის ფაქტი გამოეპარა, რომ ვახტანგ კომახიძე 2004 წელს უშიშროების სამინისტროში მუშაობდა. თუმცა, აქვე საზოგადოებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს მან უწყება  ერთი წლის თავზე  ფინანსური მაქინაციების გამო დატოვა. სინამდვილეში ვახტანგ კომახიძე უშიშროების სამინისტროდან 3 თვის შემდეგ საკუთარი სურვილით წამოვიდა.

ჟურნალისტთა კორპუსისთვის  „რეალ ტი ვის“ აღნიშნული სიუჟეტი ეთიკურობის ყოველგვარ ჩარჩოს სცილდება.  ყველაზე აღმაშფოთებელი კი მათთვის პირად ცხოვრებაში ჩარევა აღმოჩნდა. მათ კომენტარებს კომენტარის გარეშე გთავაზობთ:

ელისო ჩაფიძე (გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, „მთელი კვირას“ რედაქტორი): „მიმაჩნია, რომ ეს სიუჟეტი იყო საშინელი სიბინძურე. ასეთი სახის ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო მოხელეს, საშინელი დანაშაულია. ვახტანგს ვურჩევ, „რეალ ტი ვის“ წინააღმდეგ  შეიტანოს სარჩელი, ვინაიდან ადგილი აქვს სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლის მე-6 ნაწილის დარღვევას. იმის თქმა, რომ  მან შვილები მიატოვა, არის ტყუილი. მე თვითონ ვიცნობ ვახოს რამდენიმე შვილს, ერთ- ერთი ჩემთანაც მუშაობდა. ვახო პატრონობს თავის შვილებს, მიუხედავად იმისა, დაინგრა თუ არა პირველი ოჯახი. და ყველაზე მთავარი - როდესაც საუბრობ ადამიანის ნასამართლეობაზე, სულ მცირე, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მაინც არ უნდა იყო“.

ია ანთაძე (რადიო „თავისუფლების“ ბლოგერი, მედიაექსპერტი): „ამ სიუჟეტის ნახვის შემდეგ პირველად გამიჩნდა განცდა, რომ ჩემს სამშობლოში მე ვარ აბსოლუტურად დაუცველი. ამ სიუჟეტმა თვალნათვილ დამანახა, რომ შესაძლებელია, შენზე თქვან  ასპროცენტიანი ტყუილი და მერე მთელი ცხოვრება გაგიხდეს სამართლებელი თავი.  ეს ყველაზე უფრო არაეთიკური სიუჟეტია, რაც კი მინახავს და მახსოვს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ის მომენტი, როდესაც აღარ შეიძლება თვალის დახუჭვა.  ის, რაც ამ სიუჟეტშია ნათქვამი, ადამიანობის ყველანაირ ჩარჩოს სცილდება. ბევრი ტყუილის გარდა, ამოწეულია 20 წლის სინანდელი საქმე, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა აქვს გასული და ეს არის გამოყენებული კომპრომატად. პრაქტიკულად, ყველაფერი დარღვეულია, რისი დარღვევაც შეიძლებოდა. ჟურნალისტები ვფიქრობთ რაღაც თანმხვედრ ღონისძიებაზე. პირველ რიგში, გვინდა, სიუჟეტი ინგლისურად და გერმანულად ვთარგმნოთ და  უცხოეთში ჩვენს კოლეგებს გავუგზავნოთ. შეიძლება ელჩებსაც შევხვდეთ“.
 
ზვიად ქორიძე (მედიაექსპერტი): „ეს სიუჟეტი მეტყველებს რომ, ხელისუფლება მზად იყო და ელოდა, რომ ვახო კომახიძე საკმაოდ მკვეთრ ნაბიჯს გადადგამდა. როგორც ჩანს, ასეთი პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენება კარგად იყო დაგეგმილი.

პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და არავის ჰქონდა უფლება, მას შეხებოდა. მითუმეტეს, პირადი ოჯახური ისტორიები არანაირად არ უკავშირდება იმ საქმეს, რისთვისაც ვახომ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. რაც შეეხება 30 წლის წინანდელ სისხლის სამართლის საქმეს, მხოლოდ საბრალდებო დასკვნა  აჩვენეს და დეტალურად არც ვიცი, როგორ ფიგურირებს კომახიძე ამ საქმეში. რომც გაესამართლებინათ, აქ  რამდენიმე სერიოზული მომენტია დარღვეული: საქმე ეხება არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რომელმაც მოიხადა სასჯელი - 4 წელი, შემდგომ მოახერხა  სოციალური რეაბილიტაცია და დღესდღეობით იგი არის საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. მას ზრდასრულ ასაკში არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.  ნასამართლეობის ვადაც გასული აქვს  და არავის აქვს უფლება, ამ ვადის გასვლის შემდეგ ადამიანი მოიხსენიოს ნასამართლევად და ჩირქი მოსცხოს მას.

ვახტანგ კომახიძე უშიშროების თანამშრომელი რომ იყო, ეს არავისთვის არ არის საიდუმლო.  საინტერესოა, თუ დამნაშავე იყო, როგორ მოხდა, ამ ხნის მანძილზე რომ არავის გახსენებია მისი დანაშაული? ეჭვი მაქვს, ეს არის პრევენცია. იმ შემთხვევაში, თუკი ვახო კომახიძეს არ მისცემენ პოლიტიკურ თავშესაფარს და მოხდება მისი დეპორტაცია საქართველოში, სამართალდამცველ ორგანოებს ხელ-ფეხი ექნებათ გახსნილი, რომ გამოგონილი „ფინანსური მაქინაციების“ გამო მის წინაღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან“.

ბესო კურტანიძე (გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი) : „უშიშროების თანამშრომელი იყოო, რომ იძახიან, ეს არის კომპრომატი? და თუ უშიშროების სამინისტროს ყოფილი თანამშრომლობა კომპრომატია, მაშინ მოქმედი თანამშრომლობა რაღაა? კომახიძე მხოლოდ 3 თვის განმავლობაში მუშაობდა უშიშროებაში და მას არანაირი შეხება არ ჰქონია ფინანსებთან, გარდა იმისა, რომ იღებდა ხელფასს. მერე სოზარ სუბარმა სახალხო დამცველის ოფისში შესთავაზა სამსახური და ამის გამო გადავიდა. შინაგან საქმეთა მინისტრი ნაწყენიც კი დარჩა ამის გამო. თუ რაიმე ფინანსური მაქინაცია იყო, საქმეც ხომ უნდა აღძრულიყო?

რაც შეეხება, 30 წლის წინანდელ საქმეს, მას ჯერ ერთი, ხანდაზმულობის ვადა აქვს გასული  და ამის გამო, ადამიანის ნასამართლევად მოხსენიება უკანონობაა. რეალურად კი, სიმართლე თუ უნდათ, იცოდნენ, ის საქმე სულ სხვაგვარად იყო. კერძოდ, ვახოს იმ პერიოდში დედა გარდაეცვალა და სახლში მარტო ცხოვრობდა. ვახოს არაფერი მოუპარავს. მეზობელმა ბიჭმა მის სახლში შეინახა ნაქურდალი ნივთები. ეს იყო მთელი ისტორია და აღმჩნდა, რომ ეს დანაშაული იყო და ამის გამო გაასამართლეს. რეალურად, ვახომ სხვის გამო აგო პასუხი.

გარდა ამისა, სიუჟეტში ბევრ სხვა თითიდან გამოწოვილ სისულელეზე ისაუბრეს. მრავალცოლიანიაო, თქვეს. ვახო პირველ ცოლთან 3 წლის გაშორებული იყო, როცა მეორე ცოლი შეირთო. პირველი მეუღლე საპატრიარქოს ბავშვთა სახლში მუშაობს და მცირეწლოვანი ბავშვები მასთან იზრდებიან, უფროსი შვილი სტუდია „მონიტორში“ მუშაობს, ერთი პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობს“.

ლაშა ტუღუში (გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი) : „ეს არის სერიოზული სიგნალი ჩვენი საზოგადოებისთვის. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ადეკვატურები ვიქნებით, რამდენად მოხერხდება ის, რომ სახელმწიფოც იყოს შესაბამისად ადეკვატური. ამ ფაქტის მიყრუება აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვერც დავბრმავდებით და ვერც დავყრუვდებით. შესამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და აუცილებლად  სოლიდარულები  უნდა ვიყოთ კოლეგის მიმართ“.

გია იაკობაშვილი („პრესა.გეს“ რედაქტორი) : „ეს ტელევიზია არის არა უბრალოდ ქართული ჟურნალისტიკის, არამედ ზოგადად ჟურნალისტიკის სირცხვილი. თუმცა, რასაც ისინი აკეთებენ, ამას ჟურნალისტიკაც არ ჰქვია. ეს „რეალ ტი ვი“ არც ტი ვია და არც რეალი.  პირადად მე  მათ  კოლეგებად და ჟურნალისტებად არ ვთვლი. ვახო კომახიძის პირადი ცხოვრება რომ არ გაარჩიოს ტელევიზიამ, ამ ქვეყანაში მეტი პრობლემა და სალაპარაკო არ არის?! ვფიქრობ, ქართული მედიის წარმომადგენლები უნდა შეივკრიბოთ და ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“.
 
სოზარ სუბარი (ყოფილი სახახლო დამცველი): „ეს სიუჟეტი  არის სამთავრობო კამპანიის ნაწილი, რადგან „რეალ ტი ვი“ სამთავრობო ტელევიზიაა და ფინანსდება ხელისუფლების მიერ. როგორც კი გაიგეს, რომ ვახო კომახიძემ თავშესაფარი მოითხოვა, 1 საათში ამოიღეს მასალები, რომელიც 30 წლის წინანდელ ნასამართლეობას შეეხება. სახალხო დამცველი როცა ვიყავი, 2- 3 წლის საქმის მასალები რომ გამომეთხოვა, მათ მოძებნას რამდენიმე კვირას ანდომებდნენ. საინტერესოა 30 წლის წინ არქივში ჩაბარებული საქმის მასალები ასე მალე როგორ ამოიღეს?! ეს შემთხვევით არ ხდება.

კომახიძემ  თუ არასრულწლოვან ასაკში რაღაც ჩაიდინა დღეს ამით იმსჯელო პიროვნებაზე აბსოლუტურად დაუშვებელია. რაც შეეხებოდა მის პიროვნებას და ოჯახურ ცხოვრებას ეს იყო აბსოლუტური ტყუილი.“

ნანა ლეჟავა  (სტუდია GNS-ის ხელმძღვანელი): „ეს იყო ამაზრზენი სიუჟეტი. ჟურნალისტი როდესაც აკეთებ რაღაც მასალას, ინფორმაცია ხომ მაინც უნდა მოიპოვო და გადაამოწმო? მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტფორუმის კომენტარებზე ააგო რეპორტაჟი, ეს ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთის, მიუღებელია. იქ არ იყო საუბარი რატომ წავიდა ვახო კომახიძე და რა მოხდა ამასთან დაკავშირებით. მე ნამდვილად არ ვიცი ვახო კომახიძის წარსული და სიმართლე გითხრათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არც მაინტერესებს. არც მისი ოჯახური მდგომარეობით დავინტერესდები“.

ალეკო ცქიტიშვილი (humanrights.ge-ს მთავარი რედაქტორი): „არც „რეალ ტივის“ წინა სხვა სიუჟეტები გამოირჩეოდა დიდი ობიექტურობით და ყველა ჟურნალისტისთვის გასაგებია, რა „ტი ვისთანაც“ გვაქვს საქმე, მაგრამ ვახტანგ კომახიძეზე რაც წარმოგვიდგინეს, ეს არის პროპაგანდისტული დაკვეთის ძალიან ბრიყვული და იაფფასიანი შესრულება. აღმაშფოთებელია, „რეალ ტი ვი“ (მეტსაცელად - „გურამ დონაძის ტელევიზია“) ვახტანგ კომახიძეს 30 წლის წინანდელ დანაშაულს რომ ახსენებს. თანაც - დანაშაულს, რომელიც მას, პრაქტიკულად, არ ჩაუდენია. ვიცი, რა ქურდობაზეც იყო აღძრული საქმე, რადგან ვახო კომახიძეს ეს საქმე შევარდნაძის პერიოდშიც ამოუქექეს, ზუსტად იგივე პროპაგანდისტული მიზნით. იმ დროს გადაცემა „60 წუთში“ მუშაობდა და მაშინაც სხვა ვერაფერი მოიფიქრეს მის წინააღმდეგ. სამარცხვინოა, ადამიანს ახსენებდე 30 წლის წინანდელ წვრილმან ქურდობას, რომელიც არც ჩაუდენია და არ გახსოვდეს საკუთარი პასუხისმგებლობა გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა და სახელმწიფოს უსაფრთხოებასაც კი საფუძველი შეურყია. ან როდის მერე გახდა მრავალშვილიანობა წამოსაძახებელი?! ყველამ ვიცით, როგორი მამაა ვახტანგ კომახიძე და როგორ უდგას იგი გვერდით თავის შვილებს. უკეთესი იქნება, „გურამ დონაძის ტელევიზიამ“, მინისტრებს დაუთვალოს ცოლები და მათი შვილების მდგომარეობით დაინტერესდეს. ჟურნალისტების პირად ცხოვრებას კი თავი დაანებონ!“

ახალი ამბები