კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისი და ცხინვალი ერთმანეთს ადამიანების გატაცებაში ეჯიბრება

17 თებერვალი, 2010

მარი ოთარაშვილი

ჟენევის მოლაპარაკებებზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება გენადი პლიევის, ქართული დელეგაცია კი - მალხაზ ახვლედიანის გათავისუფლებას ითხოვს. პლიევი საქართველოს შსს-ს ტყვეობაშია, ახვლედიანი  კი ცხინვალის ციხეში ზის. ქართული და ოსური დელეგაცია ერთმანეთს ჯიუტი თხებივით არაფერს უთმობს. ადამიანების გატაცებებსაც ბოლო არ უჩანს.

„ჟენევის დისკუსიები გალიაა, სადაც შეგვიტყუეს“, – აცხადებს კოკოითის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების საკითხებში, ბორის ჩოჩიევი. მისი საუბრიდან გამომდინარე, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი ჟენევის სადისკუსიო ფორმატს უკვე უაზრობად მიიჩნევს და ამით ამბობს, რომ მორიგი, მე-10 რაუნდი, რომელიც 30 მარტს უნდა გაიმართოს, შესაძლოა, უკანასკნელიც აღმოჩნდეს. ამ მოლაპარაკებების უსარგებლობის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ჩოჩიევი უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ტყვეების საკითხის მოუგვარებლობას ასახელებს. მისი თქმით, ამას თან ერთვის ბოლო დროს ოსი ტყვეების რაოდენობის კიდევ ერთით გაზრდა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოს ტყვეთა რიცხვს გენადი პლიევიც შეემატა.  

„ჟენევის დისკუსიებისას უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე საკითხი მკაცრად წამოვწიეთ. ჩვენ შევხვდით საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენლებსაც კი, მაგრამ ქართველები არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან. სიტყვამ მოიტანა და, ქართული ძალოვანების მიერ ბოლოს გატაცებული გენადი პლიევის შესახებ ევროსაბჭოს წარმომადგენელი ჰანს იორგ ჰაბერი აცხადებდა, რომ პლიევს არ ჰქონდა არანაირი იარაღი და საქართველოში მოხვდა შემთხვევით. ამაზე ქართული მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პლიევი სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელია და უნდა გაასამართლონ... დიდ იმედებს ვამყარებთ ევროსაბჭოს კომისარ თომას ჰამარბერგზე, რომელმაც წამოაყენა წინადადება, გამოეგზავნა დამოუკიდებელი ექსპერტები დაკარგული ადამიანების შესახებ ფაქტების გამოსაძიებად, ასევე, ქართულ ციხეებში უვადო პატიმრობით მყოფი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებზე“, – აცხადებს ბორის ჩოჩიევი.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, შოთა უტიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, გენადი პლიევი კოკოითის პირადი დაცვის წარმომადგენელია და, აქედან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო მის გათავისუფლებას კი არა, გასამართლებას უფრო გეგმავს.

შოთა უტიაშვილი: „გენადი პლიევი იყო კოკოითის დაცვის წარმომადგენელი. ის გამოვიდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და დავაკავეთ“.

ქართული მხარე ეთნიკურად ოსებს ამა თუ იმ ბრალდებით აკავებს და ხშირად ეს მათი გაუჩინაურებით მთავრდება. ამ მხრივ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სამართალდამცვებიც ბევრს სცოდავენ. მათი მხრიდანაც ხშირია ქართველების დაკავება, თანაც უკვე ყბადაღებული ბრალდებით – „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“.

მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა თავიანთი „რესპუბლიკის“ საზღვრები მოიზომეს, ამ ბრალდებით ადამიანების დაკავება ორივე მხრიდან გახშირდა. სად გადის ზღვარი საქართველოს მიერ კონტროლირებად და არაკონტროლირებად ტერიტორიებს შორის, კონკრეტულად სოფლების რა ადგილები ითვლება სეპარატისტების დე ფაქტო საზღვრის ნაწილებად  ეს დაზუსტებულ-გარკვეული არ არის.

„ხალხი, ბუნებრივია, უნდა გაფრთხილდეს და უნდა იცოდეს, დაახლოებით რა ტერიტორიებზე არ უნდა იმოძრაონ, სად არ უნდა გადაადგილდნენ. პირობითი საზღვრის ახლოს მკვიდრებს ეს კომპეტენტურმა პირებმა უნდა აუხსნან. თუმცა, ძალიან რთულია გლეხს უთხრა - გუშინ შენს ბაღში რომ მუშაობდი, ახლა მანდ „საზღვარი“ გადის და აღარ მიხვიდეო. თუმცა, ახსნა მაინც აუცილებელია“, - აცხადებს ექსპერტის კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე.

„დე ფაქტო საზღვარი სად გადის და სად არა, ეს ყველამ მშვენივრად იცის და არანაირი ცრუ ბრალდებით არავის ვაკავებთ“, – აცხადებენ სეპარატისტები.

ჟენევის მოლაპარაკებებისას მიღწეული შეთანხმების თანახმად, ადამიანების დაპატიმრებები უნდა შეწდეს. ამის მიუხედავად, „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით დაკავებები კვლავ გრძელდება. სწორედ ამ ბრალდებით დააკავეს 31 იანვარს ცხინვალთან ახლოს სეპარატისტებმა მალხაზ ახვლედიანი და დღემდე ტყვეობაში ჰყავთ.

„ახვლედიანს ბრალად ედება სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა. საგამოძიებო ორგანოები ამჟამად აღნიშნულ ფაქტს იძიებენ“, - იუწყებიან დე ფაქტო საგამოძიებო უწყებები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხინვალისგან 31 იანვარს დაკავებული მალხაზ ახვლედიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით მერაბიშვილის უწყებამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა: „მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებისა, რომელიც გულისხმობს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, თუ ისინი შემთხვევით გადაკვეთენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს, ოსური მხარე რამდენიმე დღეა, უარს ამბობს მალხაზ ახვლედიანის გათავისუფლებაზე. ეს კი აქამდე მიღწეული შეთანხმებების ღია დარღვევაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ მოითხოვს მალხაზ ახვლედიანის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას“.

პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი: „შეიძლება, გენადი პლიევი მართლაც კოკოითის დაცვის წევრი იყო და ოსური სპეცსამსახურების თანამშრომელიც, მაგრამ, როგორც ვიცი, მისი გატაცება საკმაოდ რთულ ვითარებაში მოხდა. საჭიროა გამოძიება და სამართლიანი დამოკიდებულება. ქართული მხარე ამბობს, რომ ეს ადამიანი ქართული მხარის კონტროლირებად ნაწილში გადმოვიდა იარაღით. რამდენად მართალია ეს, უნდა აჩვენოს გამოძიებამ. სხვათა შორის, ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებიც პირველად შეუშვეს ოსებმა თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ამ ფაქტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაებადათ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული მხარის მიერ ნათქვამი ბრალდება პლიევზე არც დაადასტურეს და არც უარყვეს. ეს კი დაეჭვების საბაბს იძლევა. ისინი, ფაქტობრივად, არ დაეყრდნენ იმ ვერსიას, რასაც ქართული მხარე პლიევის დაკავების მიზეზებზე ავრცელებდა“.

პაატა ზაქარეიშვილი იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს კომისრის, თომას ჰამარბერგის ჩამოსვლისას ასეთი საკითხები გაირკვევა. რაც შეეხება მალხაზ ახვვლედიანის დაკავების ფაქტს და მის ბრალდებას, ზაქარეიშვილი თვლის, რომ დე ფაქტო საზღვრის (უნებურად თუ მიზანმიმრთულად) გადაკვეთის გამო ადამიანების დაკავების პრობლემა საბოლოოდ ისევ და ისევ ჟენევის დისკუსიებზე უნდა გადაწყდეს.

ახალი ამბები