კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სინანულის სანაპირო“ – ფილმი აფხაზებისა და ქართველების საერთო ტკივილზე

22 თებერვალი, 2010

ანა შეშაბერიძე

19 თებერვალს „კინოს სახლის“ მცირე დარბაზში „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ნიკო წულაძის დოკუმენტური ფილმის „სინანულის სანაპიროს“ პრემიერა წარმოადგინა. 45-წუთიანი ფილმი აფხაზი მუჰაჯირების ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე.

ფილმში ნაჩვენებია თურქეთში მცხოვრები აფხაზების დღევანდელი ყოფა. ასევე სხვადასხვა საარქივო ფონდებში დახული დოკუმენტები, სადაც იმ აფხაზური გვარების სიებია, რომლებიც აღარ არსებობს.  რუსებმა სრულიად გაანადგურეს აფხაზების მონათესავე ეთნოსები აიბგები და უბიხები.

ფილმში გამოყენებულია საქართველოს კინო-ფოტო-ფონო არქივის მასალა, პეტერბურგის და ისტამბულის სახელმწიფო არქივის დოკუმენტები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მასალები.

როგორც პრემიერაზე ფილმის ავტორმა, ნიკო წულაძემ განაცხადა, ის რაც ამ ფილმში მოაქცია,  მხოლოდ 1 პროცენტია იმ მასალებისა, რისი მოძიებაც გადამღებმა ჯგუფმა ორი წლის განმავლობაში შეძლო. შესაძლებლობის შემთხვევაში, დარჩენლიი მასალით შეძლებს, რამდენიმე ფილმი გადაიღოს.

დოკუმენტურმა ფილმმა მძაფრი ზემოქმედება მოახდინა. ჩვენების შემდეგ მაყურებელი ფილმის მნიშვნელობაზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ აუცილებელია, მოხდეს ფილმის ჩვენება ტელევიზიით და ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ფენებში. ისიც დაამატეს, რომ რაც მეტი იქნება ასეთი ფილმები, უკეთ დაინახავს მსოფლიო რუსეთის ნამდვილ სახეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ დაგეგმილი აქვს, ფილმი თარგმნოს რუსულად, აფხაზურად, ინგლისურად და მისი რამდენიმე ჩვენება მოაწყოს. ფილმის ინგლისური ვერსია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეწოდება.  

ფილმის პრემიერა გაიმართა კამპანია „ბოდიშის“ ფარგლებში, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2007 წლის მარტში დაიწყო. კამპანიის მიზანია ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენა, რაც საკუთარი შეცდომების აღიარებასა და ურთიერთმიტევებაში გამოიხატება. კამპანიის უშუალო ადრესატი სამოქალაქო საზოგადოებაა, როგორც ქართული ისე აფხაზური მხრიდან. კამპანიის გზავნილი შეიცავს სურვილს, კონფლიქტი მოგვარდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, უჩა ნანუაშვილის თქმით, ფილმი „სინანულის სანაპირო“ არის ერთ-ერთი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგის დაწყებას, როგორც აფხაზებსა და ქართველებს, ისე ოსებსა და ქართველებს შორის. „ეს არის საშვილიშვილო საქმე. ფილმის მეშვეობით საზოგადოება ყურადღებას მიაპყრობს იმ პრობლემებს, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში არსებობდა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

თავად ფილმის ავტორი, ნიკო წულაძე აფხაზეთში 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. სწორედ ამით გამოწვეული შინაგანი მოთხოვნილება იყო ის, რომ მას ფილმის შექმნის იდეა გაუჩნდა. მიზანი  კი აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა იყო.

ახალი ამბები