კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარმა ჯერ პირი და თვალები ამოიკერა, მერე კი სხეული ბასრი საგნით დაისერა

22 თებერვალი, 2010

ანა შეშაბერიძე

აპოლონ გიორგაძემ 15 თებერვალს - პირი, 16 თებერვალს კი თვალები ამოიკერა. პროტესტის ასეთი ფორმის მიზეზი ერთადერთია - გიორგაძე მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. კერძოდ, მას ქურდული სამყაროს წევრობისათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 8 თებერვალს დამატებით 6 წელი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის 10 თვე მიუსაჯა. მანამდე მსჯავრდებულს ყაჩაღობის მუხლით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ამჟამად მას მსჯავრის მხოლოდ 5 წელი აქვს მოხდილი. პატიმარი არც ერთ დანაშაულს არ აღიარებს.

აპოლონ გიორგაძის პროტესტის მიზეზი ისიც გახდა, რომ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მასთან ციხის დირექტორი არ მივიდა. გარდა ამისა, ის არც ექიმს მოუნახულებია. ხოლო მას შემდეგ, რაც საპყრობილის თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მსჯავრდებულმა ბასრი საგნით ხელი და მუცელიც გადაისერა. პატიმარი თანამშრომლისგან ითხოვდა პასუხს, თუ რატომ არ გააგზავნა ადმინისტრაციამ მისი განცხადებები, რომელიც სახალხო დამცველის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და პროკურატურის სახელზე დაწერა. პატიმრის ადვოკატები ამ თანამშრომლისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ, რათა მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს.

პატიმარი ექიმმა მხოლოდ ამ შემთხვევის შემდეგ მოინახულა და ხელზე 9 ნაკერი დაადო. 22 თებერვალს პატიმარი ადვოკატმა ბელა წულაიამ მოინახულა. მისი თქმით, აპოლონ გიორგაძე უკვე სამედიცინო დაწესებულებაშია და ექიმების ზედამხედველობის ქვეშაა. პატიმარს ექიმებმა ამოკერილი პირი გაუხსნეს. ადვოკატი ფიქრობს, რომ სავარაუდოდ მასთან სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი შევიდა და ამას მოჰყვა მისი გადაყვანა. მისივე თქმით, პატიმარი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს და შიმშილობას გააგრძელებს.

ადვოკატი ვერ ხსნის, როგორ მოახერხა აპოლონ გიორგაძემ სხეულზე დაზიანებების მიყენება, როცა საკანში ბასრი საგნის არსებობა დაუშვებელია.

პატიმარი ორთაჭალაში მდებარე სასჯელაღსრულების დწესებულების #1 საპყრობილეში იხდის სასჯელს. პირველი განაჩენის მიხედვით, მას პატიმრობის 14 წელი, 2 თვე და 7 დღე აქვს დარჩენილი.

აპოლონ გიორგაძის ქურდული სამყაროს წევრობაში დადანაშაულების მიზეზი 2005 წელს ქუთაისის ციხეში მომხდარი ბუნტი გახდა. მას ბრალი 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს.

სახალხო დამცველის აპარატის რჩევით პატიმრის დედამ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართა თხოვნით, შეესწავლა სისხლის სამართლის საქმე და რეაგირება მოეხდინა. ომბუდსმენის აპარატში მას უთხრეს, რომ მონიტორინგის ჯგუფი ორშაბათამდე პატიმართან შესვლას ვერ მოახერხებდა. ამავე დროს, აპარატში ამბობენ, რომ აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როცა მოთხოვნის შემდეგ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი პატიმართან არ შესულიყო. რიგითობის მიხედვით ჯგუფი ყველა პატიმარს ნახულობს.

ადვოკატის ინფორმაციით, აპოლონ გიორგაძეს დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზეს, თუმცა მან ამ გარიგებაზე უარი თქვა. ამასთან, მას პროკურორი ძველი საქმეების ამოქექვით და შედეგად მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებით დაემუქრა. უყურადღებობის შემთხვვაში აპოლონ გიორგაძე აპირებს, პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმებს მიმართოს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი საქმეში უკვე ჩართულია. ნინო ანდრიაშვილი პატიმრის მონახულებას ამ კვირაში გეგმავს.

ახალი ამბები