კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო: წამყვანი ქართველი ჟურნალისტის სიცოცხლე საფრთხეშია

23 თებერვალი, 2010

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“, „ობსერვატორია უფლებადამცველთა დაცვისათვის“ (წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის – OMCT, და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის - FIDH ერთობლივი პროექტი), „ფონდი ადამიანის უფლებათა სახლი“, „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი“, „ფრონტლაინი“ და „მე-19 მუხლი“ გმობენ გამომძიებელი ჟურნალისტის, ვახტანგ კომახიძის წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ დევნასა და ზეწოლას, ასევე მის წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას.

2010 წლის 10 თებერვალს, საქართველოში ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტისა და „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ წევრის, ვახტანგ კომახიძის მისამართით, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განხორციელდა მუქარა, რომელიც დაკავშირებული იყო მის პროფესიულ საქმიანობასთან. არსებული ინფორმაციით, მუქარები გამოწვეული იყო ხელისუფლების უკმაყოფილებით კომახიძის მიერ 2009 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის გამო და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმის გამო, რომელზეც ჟურნალისტი მუშაობდა.

2009 წლის დეკემბერში, სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ვახტანგ კომახიძე შეხვდა სამხრეთ ოსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ომისაგან დაზარალებულ ოჯახებს და დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერს, ედუარდ კოკითის. ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის მუშაობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებულ დოკუმენტურ ფილმზე, რომლისთვისაც მან მასალა სამხრეთ ოსეთშიც მოიპოვა. კომახიძის განცხადებით, ფილმი ნათელს მოჰფენდა საზოგადოებისათვის ჯერ უცნობ მრავალ დეტალს. მაგალითისათვის, იმას, რომ ომის დაწყებამდე 2 დღით ადრე, 6 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან საქართველოს პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლის, ალანა გაგლოევას, ბებიის ევაკუაციის საკითხს ათანხმებდა. აღსანიშნავია, რომ ამავე დროს, ქართული მოსახლეობა ხელისუფლებამ რუსეთის არმიის წინაშე სრულიად დაუცველი დატოვა.

2009 წლის 17 დეკემბერს, როდესაც ვახტანგ კომახიძე სამხრეთ ოსეთიდან თბილისში დაბრუნდა, მაღალი თანამდებობის პოლიტიკურმა პირებმა მისი ვიზიტი სასტიკად გააკრიტიკეს. კრიტიკული გამონათქვამები გადმოიცემოდა სხვადასხვა მედია საშუალებებით. მაგალითად, ბატონმა შოთა მალაშხიამ, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა: „ეს არის არა მხოლოდ ქართველების დაავადება, ასეთი ადამიანები [გულისხმობს პაატა ზაქარეიშვილს], ყოველთვის არსებობდნენ სხვადასხვა საოკუპაციო რეჟიმებში და მათ საქმიანობას უკვე გაეცა სათანადო პასუხი მოქალაქეების მხრიდან დეოკუპაციის შემდეგ. იგივე მოხდება ამ ადამიანებთან მიმართებაშიც [გულისხმობს მათ, ვინც ცხინვალში იმყოფებოდა 16 დეკემბერს], ზოგიერთისთვის ეს იქნება პასუხი არჩევნებში [გულისხმობს შედეგებს] და სხვებისთვის, მორალური თვალსაზრისით“. მედია ასევე მოიხსენიებდა აღნიშნულ პირებს როგორც „მოღალატეებს“.

რამდენიმე დღის შემდეგ, უცნობმა პიროვნებამ შეაჩერა ვახტანგ კომახიძე ქუჩაში და უთხრა, რომ უნდოდა მისი გაფრთხილება მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. უცნობის თქმით, ჟურნალისტისა და მისი ოჯახის წევრებისათვის უკეთესი იქნებოდა, თუ ისინი არ შეაწუხებდნენ საქართველოს ხელისუფლებს. ასევე მან დაამატა, რომ კომახიძისა და მისი ოჯახისათვის ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის დატოვება და მუშაობის შეწყვეტა იყო.

2010 წლის 28 იანვარს, როდესაც ვახტანგ კომახიძე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტერვიუს ჩასაწერად მიემგზავრებოდა, 7-8 ადამიანი აეროპორტში მის გვერდით დაჯდა, რომელთაგან ერთ-ერთი უშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. აღნიშნულმა პირებმა ჟურნალისტთან დაკავშირებით აგრესიულად საუბარი დაიწყეს. ერთ-ერთმა კი უთხრა, რომ ქვეყნის დატოვება მისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.

2010 წლის 9 თებერვალს ქართულმა ტელეარხმა, Real-TV -მ   გაავრცელა სიუჟეტი კომახიძის პირად ცხოვრებასთან და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც აშკარად ისახავდა მიზნად ჟურნალისტის დისკრედიტაციას და მისი რეპუტაციის შელახვას. სიუჟეტში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს 2004 წელს ვახტანგ კომახიძე უშიშროების სამინისტროდან ფინანსური მაქინაციების გამო დაითხოვეს. რეალურად კი, მან თანამდებობა აღნიშნულ სამინისტროში მუშაობის დაწყებიდან 3 თვეში, საკუთარი ნებით დატოვა.

სიუჟეტის ავტორებმა კომახიძე ასევე პოლიგამიაში დაადანაშაულეს და სცადეს მისი ცუდ მშობლად წარმოჩინება.

შესაბამისად, „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“, „ობსერვატორია უფლებადამცველთა დაცვისათვის“ (წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის – OMCT, და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის - FIDH ერთობლივი პროექტი), „ფონდი ადამიანის უფლებათა სახლი“, „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი“, „ფრონტლაინი“ და „მე-19 მუხლი“ დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

• ნებისმიერ პირობებში უზრუნველყონ ვახტანგ კომახიძისა და მისი ოჯახის წევრების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა;

• დაიწყოს დროული, ეფექტური, დეტალური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლის შედეგებიც უნდა იყოს საჯარო, რათა მოხდეს ყველა პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, კომპეტენტური, დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე წარდგენა და საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების მათთვის შეფარდება;

• შეწყვიტოს ვახტანგ კომახიძის ნებისმიერი ფორმით დევნა და უზრუნველყონ ნებისმიერ სიტუაციაში ქვეყანაში უფლებადამცველთა საქმიანობისათვის სამუშაო გარემოს შექმნა ყოველგვარი შეფერხების გარეშე;

• შეასრულოს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირობები, ასევე საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო და რეგიონული ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტები.

ჩვენი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას:

• მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს მომხდარი ინციდენტი და დასაჯოს დამნაშავეები;

• მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ვახტანგ კომახიძისა და მისი ოჯახის წევრების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა;

• მოსთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნას კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებისათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო;

• ყურადღება მიაქციოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და მათი ოჯახის წევრების დევნისა და შევიწროვების გახშირებულ ფაქტებს.

ჩვენი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს:

• მოითხოვოს საქართველოს ხელისუფლებისაგან ინციდენტის დროული და მიუკერძოებელი გამოძიება;

• შეახსენოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა სფეროში მათი საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ.

რედაქტორებისათვის: ვახტანგ კომახიძე ხელმძღვანელობს საგამოძიებო ჟურნალისტურ სტუდიას „სტუდია რეპორტიორი“, რომელმაც გადაიღო რამდენიმე დოკუმენტური ფილმი ადამიანის უფლებათა დარღვევის მძიმე შემთხვევების შესახებ, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო ჩადენილი ან დაშვებული, მათ შორის არჩევნების ფალსიფიკაციის, კორუფციის, პოლიტიკური პატიმრებისა და სხვა საკითხების შესახებ. მათ შორის ერთ-ერთი წარმოადგენს 5 წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიებას, რომელიც საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ აყენებს ოფიციალური გამოძიების წინასწარ დასკვნებს (ოფიციალურად, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს), რომ თითქოს, ზურაბ ჟვანია კარბონის მონოქსიდისაგან მოწამვლის გამო გარდაიცვალა. ბატონი კომახიძე ასევე არის ეროვნულ დონეზე რამდენიმე მედია-ჯილდოს მფლობელი.

2008 წლიდან „სტუდია რეპორტიორი“ არის „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ წევრი.

2004 წლის მარტში ვახტანგ კომახიძე სასტიკად იქნა ნაცემი პოლიციის თანამშრომლების მიერ აჭარაში, როდესაც ის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის, ასლან აბაშიძის ნათესავების არალეგალურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფილმის გადაღებისას თბილისში ბრუნდებოდა. ასლან აბაშიძე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 1991-2004 წლებში ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვახტანგ კომახიძემ ამოიცნო ერთ-ერთი თავდამსხმელი და მოახსენა ამის შესახებ სათანადო ორგანოებს, ინციდენტი გამოუძიებელი დარჩა.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:

- საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადება 2009 წლის დეკემბერში უფლებადამცველთა წინააღმდეგ განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიასთან დაკავშირებით შემდეგ ბმულზე: http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4561&lang=en

- მედია ექსპერტების კომენტარები ვახტანგ კომახიძეზე გასულ Real-TV-ს სიუჟეტთან დაკავშირებით შემდეგ ბმულზე: http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4664&lang=en

გთოხვთ დაგვიკავშირდეთ:

• უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი: ანა ნაცვლიშვილი +99 5 32 384 648

• OMCT: დელფინ რეკულუ: +41 22 809 49 39

• FIDH: გაელ რილჰოთი / არინ აპპი: +33 1 43 55 25 18

• ფონდი ადამიანის უფლებათა სახლი: ანე ტუსვიკ ბონდე +47 997 43 907

• ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი: ბერიტ ლინდემანი +47 22 47 92 02

• მე-19 მუხლი: ბარბორა ბკოვსკა +44 20 7324 2500

• ფრონტლაინი: მარია ჩიჩტჩენკოვა: +79258342124

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“, რომელიც წარმოადგენს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (საქართველო) და „ფონდი ადამიანის უფლებათა სახლის“ (ნორვეგია) ახალ საერთო ინიციატივას, 2009 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა. ქსელი აერთიანებს ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე 30 ორგანიზაციას აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში. ქსელი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში უფლებადამცველთა საქმიანობისათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნას, რათა მათი მოქმედებები უფრო ეფექტური იყოს როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ქსელი ფუნქციონირებს ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

„ობსერვატორია“, FIDH-სა და OMCT-ს ერთობლივი პროექტი. ითვალისწინებს უფლებამადცველთა დაცვას და მიზნად ისახავს მათთვის კონკრეტული დახმარების გაწევას საჭიროების შემთხვევაში. ობსერვატორია არის 1998 წლის საფრანგეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა ჯილდოს მფლობელი.

„ფონდი ადამიანის უფლებათა სახლი“ (HRHF) წარმოადგენს ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის სამდივნოს და მუშაობს უფლებადამცველი ორგანიზაციების დაცვასა და გაძლიერებაზე, მათ გაერთიანებაზე ადამიანის უფლებათა სახლის საერთაშორისო ქსელში.

„მე-19 მუხლი“ არის დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მთელ მსოფლიოში გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და განვითარებისათვის. მისი სახელწოდება მომდინარეობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მეცხრამეტე მუხლიდან, რომელიც უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებას.

„ფრონტლაინი“ არის უფლებადამცველთა დაცვისათვის მოწოდებული საერთაშორისო ფონდი. ფრონტლაინი დაფუძნდა კონკრეტული მიზნით, დაიცვას საფრთხეში მყოფი უფლებადამცველები, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ არაძალადობრივად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გარანტირებული ნებისმიერი, ან ყველა უფლებისათვის (UDHR).

--------------------------
*ტელეარხი Real-TV  დაფუძნდა 2009 წელს. აღნიშნული მედიასაშუალება ხშირად იყო ჩართული საქართველოში უფლებადამცველთა და ზოგადად, ალტერნატიურად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიაში. საზოგადოებისათვის ეს არხი ასევე ცნობილია მჭიდრო კავშირით საქართველოს ხელისუფლებასთან.

22 თებერვალი 2010

ახალი ამბები