კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„შავი პიარის“ ტალღა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

23 თებერვალი, 2010

თაკო ხუციშვილი

ჩვენი პუბლიკაცია მზად იყო, როცა გაზეთ „ვერსიაში“ დაიბეჭდა სტატია - „ვინ არის აგენტი კოდური სახელით „შვარციკა“ და რა შიფროგრამები გამოქვეყნდა ინტერნეტ-საიტებზე“. სტატია „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ ერთ-ერთ წევრს, „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელს, არნოლდ სტეპანიანს ეხება. „ვერსია“, პრაქტიკულად, ადასტურებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ არაერთხელ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციისათვის. ამ მხრივ, როგორც ჩანს, სპეციალური დავალება აქვს მიღებული კონტრდაზვერვის დეპარტამენტსა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, სადაც იწერება რუსული ზღაპრები „არასამთავრობო ორგანიზაციებში თბილად მოკალათებული“ აგენტების შესახებ. შემდეგ ეტაპზე კი ეს ზღაპრები კარგად იფუთება და ვრცელდება მედიაში.

მედიაპიარი, რომელიც თანდათან ხელისუფლების ყველაზე აქტიური იარაღი გახდა, ჯერ კიდევ  2009 წლის დეკემბერში დაიწყო, როცა მედიაში  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების დისკრეტიდაციის ფაქტები გახშირდა. ცენტრალურ ტელეარხებზე ერთი მეორის მიყოლებით გავიდა სიუჟეტები, რომლებშიც უფლებადამცველები ქვეყნისა და ერის მტრებად გამოცხადდნენ.

როგორ ულოცავენ უფლებადამცველებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს

საინფორმაციო კამპანიაში ერთ-ერთი პირველი „პირველი არხი“ ჩაება.  2009 წლის 10 დეკემბერს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში გასული სიუჟეტით არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ საზოგადოებრივი ინტერესების წინააღმდეგ საქმიანობაში  დაადანაშაულა. სიუჟეტის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ ერგნეთის მოსახლეობას  გასასაჩივრებელ საქმესთან დაკავშირებით  კაბალურ კონტრაქტს სთავაზობს. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კი მათ 100 000 ევროს სძალავს.

აღნიშნული ორგანიზაცია ომით დაზარალებულთა და დევნილთა საქმეებს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში აქტიურად ასაჩივრებს. „მოამბის“ სიუჟეტის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ ომის ტრაგედიას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. ჟურნალისტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა  კონტრაქტზე ორგანიზაციასა და მის პოტენციურ კლიენტებს შორის, რომლის საფუძველზეც „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ ომით დაზარალებულებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს. 

ადვოკატი ლია მუხაშავრია სიუჟეტის ავტორს პროფესიული ეთიკის ნორმების დარღევაში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

ლია მუხაშავრია : „სიუჟეტიში ნათქვამი იყო ცრუ ფაქტი, სრულიად აშკარა ტყუილი, თითქოს ჩვენ კაბალურ კონტრაქტები გვაქვს ჩვენს კლიენტებთან. სინამდვილეში, ეს იყო ხელშეკრულების პროექტი, რომელიც არ იყო ხელმოწერილი მხარეების მიერ. ჩვენ არავის თავს არ ვახვევთ და არ ვაიძულებთ, ხელი მოაწეროს კაბალურ კონტრაქტს. პირიქით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ ადამიანებმა კარგად წაიკითხონ ტექსტი, სხვებსაც აჩვენონ, დაფიქრდნენ და მხოლოდ შემდეგ მოაწერონ ხელი. კონტრაქტი მხოლოდ ხელმოწერის შემდეგ ხდება იურიდიული ძალის მქონე. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სიუჟეტი ეთერში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს გავიდა“.

სიუჟეტის ავტორი ქეთი ბოჯგუა არ იზიარებს ორგანიზაციის პოზიციას, რომ მასალა ვინმეს დაკვეთით მოამზადა. მართალია, ჟურნალისტი ინფორმაციის პირველწყაროს არ ასახელებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ კონტრაქტი ერგნეთიდან მიიღო. ქეთი ბოჯგუა ასევე გამორიცხავს სიუჟეტის შეგნებულად დაკავშირებას ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან.

მოღალატეებად შერაცხული „ახალგაზრდა იურისტები“

თუკი „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ დევნილებისთვის ფულის გამოძალვის მცდელობაში დაადანაშაულა, „რუსთავი 2“-მა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ქართულ და ოსურ მხარეთა შორის ტყვეთა გაცვლის პროცესის ჩაშლაში დასდო ბრალი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ PS-ის რეპორტაჟი არსებითად მცდარ ფაქტებს  დაეყრდნო.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ საიამ 350-ზე მეტი დაზარალებულის სახელით ადამიანის ევროპულ სასამართლოში 55 სარჩელი გააგზავნა. მათივე განცხადებით, საია ყურადღებას არა დაზარალებულთა ეროვნულ კუთვნილებას, არამედ ადამიანის უფლებათა დარღვევის სიმძიმეს აქცევდა.

2009 წლის 17 სექტემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგის სასამართლოში 2 განაცხადი გაგზავნა. ერთი რუსეთის, მეორე კი საქართველოს წინააღმდეგ. პირველი განაცხადი ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ოთხ  მოქალაქეს, ეროვნებით ქართველებს ეხებოდა და მათ დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვდა. მეორე კი ეხებოდა საქართველოს ხელისუფლების ხელში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ სამ, ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც ეროვნებით ოსები იყვნენ. PS-ში საიას დამსახურებით გათავისუფლებული მოქალაქეები „ოს კრიმინალებად“ მოიხსენიეს, რომლებიც ვითომდა აგვისტოს კონფლიქტის დროს დააკავეს.  ხელისუფლება მათ საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებზე გაცვლისთვის ინახავდა.

ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციის ინფორმაციით, ლავრენტი კაზიევი და იბრაგიმ ლალიევი არა კონფლიქტის დროს, არამედ 2008 წლის ოქტომბერში, ომის  დამთავრებიდან  ორი თვის შემდეგ იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. ხოლო ვლადიმერ ელოევს 2009 წლის აპრილში, კონფლიქტიდან 8 თვის შემდეგ ბრალი „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“, იარაღის უკანონო ტარებასა  და პოლიციელის ტყვედ აყვანაში წაუყენეს. საპროცესო შეთანხმების შემდეგ ისინი 2009 წლის 4 აგვისტოს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. თუმცა, 4 აგვისტოს შემდეგ ქართული სასამართლოს მიერ გათავისუფლებული კაზიევი, ლალიევი და ელოევი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ. მას შემდეგ, რაც მათი ადსგილსამყოფელის შესახებ საიამ ვერც შინაგან საქმეთა და ვერც იუსტიციის სამინისტროებიდან ვერაფერი შეიტყო, თვენახავრის ლოდინის შემდეგ განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნა.

თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი: „ჩვენთვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო, რომ ის ადამიანები, რომელთა გათავისუფლებას ხელი შეუწყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელმა, მოხსენიებულები იყვნენ როგორც „ოსი კრიმინალები“. ეს სიუჟეტი იყო აბსოლუტურად დეზინფორმაციული. საზოგადოებას მიეწოდა დამახინჯებული და გადაუმოწმებელი ინფორმაცია“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „რუსთავი 2“-ის ეთიკის კომისიაში საჩივარი შეიტანა.  ჯერჯერობით მხარეები ერთ პოზიციაზე ვერ შეთანხმდნენ. მოლაპარაკებების მიხედვით, განმეორებით 90-წამიან სიუჟეტში „რუსთავი 2“ საიას მხოლოდ 30 წამს დაუთმობს. ეს პირობა კი ახალგაზრდა იურისტებისთვის მიუღებელია.

იმედი „იმედში“ კვდება

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის  ნიშნად მიიჩნევს. მისი აზრით, ინფორმაცია, რომელიც არასამთავრობოებს ქვეყნის გარეთ გააქვთ, ხელისუფლებისთვის არახელსაყრელია.

პაატა ზაქარეიშვილი: „ვინაიდან არასამთავროებს ინფორაცია გააქვთ საზღვარგარეთ, ხელისუფლება იძულებულია, კიდევ უფრო გაამკაცროს ზეწოლა და წნეხი ამ ორგანიზაციებზე. მიუღებელია ის, რაც მათ საიას წინააღმდეგ გააკეთეს. საიამ აბსოლუტურად სამართლიანად უჩივლა სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში. სწორედ მათი მეშვეობით გავიგეთ, რომ სახელმწიფო მალავდა უკანონოდ 5 ოსს პოლიციის შენობაში“.

„ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ დისკრედიტაცია არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ უფლებადამცველებსაც შეეხო.

სოზარ სუბარი: „ჯერ კიდევ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეეებმა  გააკეთეს განცხადებები  ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა  კომისრის, თომას ჰამარბერგის წინააღმდეგ. პრაქტიკულად, ისიც გამოაცხადეს რუსეთის აგენტად და რუსეთისგან მოსყიდულ პიროვნებად“.

სოზარ სუბარი იმასაც მიეჩვია, რომ  ბოლო პერიოდში საინფორმაციო პროპაგანდა ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ გორდება, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას ეწინააღმდეგება. გამონაკლისი არც ყოფილი სახალხო დამცველი  აღმოჩნდა. ტელეკომპანია „რეალ ტივიმ“ სუბარის ომბუდსმენურ  საქმიანობას არაერთი სიუჟეტი უძღვნა.

ტელეკომპანია „რეალ ტივიმ“ სიუჟეტები გამომძიებელ ჟურნალისტ ვახო კომახიძისთვისაც არ დაიშურა. თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სიუჟეტი ეთერში მას შემდეგ გავიდა, რაც კომახიძემ პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

ტელესამეულს არც ტელეკომპანია „იმედი“ ჩამორჩა. „ქართველები საქართველოს წინაღმდეგ“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ 2010 წლის სეზონი ამ რეპორტაჟით გახსნა.

ფილმის სათაური მოღალატე ქართველებზე იუწყება. რეპორტაჟის ქუდში ისტორიულად ცნობილი რენეგატების,  სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის გვერდით გამოიტანეს კონკრეტული თანამედროვე პიროვნებების ფოტოებიც, რომლებიც „რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ“.

ასეთი მიზანმიმართული ვიზუალური პარალელის მიუხედავად, ჟურნალისტი ვახო სანაია აცხადებს, რომ ბრალი კონკრეტულად არავისთვის წაუყენებია.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „იმედის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს „ნაციონალისტურ გადაცემად“ აფასებს. კონფლიქტების დარეგულირებისთვის ოსებთან და აფხაზებთან მოლაპარაკება ზაქარეიშვილისთვის სრულიად ბუნებრივია. რუსეთის აგენტობის ფაქტს  კი ღიმილით უყურებს.

პაატა ზაქარეიშვილი: „ეს არის ტიპიურ ნაციონალისტურ პარადიგმაზე აგებული გადაცემა. ანონსში მე ამზილეს პრორუსულ ძალებში. დავუშვათ, მე მოღალატე ვარ. გადაცემაში რატომ არ იყო ეს?! რატომ  არც ერთი მტკიცებილება, არც ერთი სურათი, არც ერთი ვიდეოკადრი, არც ერთი ჩემი ტექსტი არ მოუტანიათ, რომ მე მაქვს კონტაქტები რუსებთან. პრინციპულად მინდა განცახადო, რომ მე ვერ ვხედავ რუსეთში გამოსავალს. მე ვხედავ გამოსავალს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობებში. მე მინდა, ქართველები აფხაზებთან და ოსებთან ერთად შევიდეთ ნატოში და სხვა დასავლურ სტრუქტურებში“.

ჟურნალისტი ვახო სანაია პაატა ზაქარეიშვილის ამ ბრალდებას არ იზიარებს. მისი თქმით, გადაცემაში მხოლოდ ფაქტები იყო მოყვანილი: „ანონსში მართლაც იყო ფოტოები, რომლებიც მთელმა საქართველომ იცის, როცა ზაქარეიშვილი ცხინვალში იმყოფებოდა. ფილმში კი არანაირი ბრალდება არ ყოფილა. ფილმი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველ ნაწილს ერქვა „ქართველები საქართველოს წინაღმდეგ“ და იქ მოთხრობილი იყო 1918-21 წლის ამბები. ხოლო მეორე ნაწილს ერქვა „ვიზიტები რუსეთში“, რომელშიც საუბარი იყო დღევანდელ სიტუაციაზე“.

„იმედის“ ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ამ რეპორტაჟით ჟურნალისტური ეთიკა არ დაურღვევია და თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია აქვს, მზად არის, მათ უპასუხოს.

უფლებადამცველების და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელსაყრელი გარემოს შექმნას მიეძღვნა 15 იანვარს სასტუმრო „ამბასადორში“ გამართული მრგვალი მაგიდა. დიპლომატიურმა კორპუსის წარმომადგენლებმა მოისმინეს ყველა ის პრობლემა, რაც უფლებადამცველებს საქმიანობისას ექმნებათ. ხელისუფლების საინფორმაციო კამპანია კი კვლავ წარმატებით გრძელდება. ხოლო საზოგადოებას, რომელსაც ბოროტი ზღაპრების არ სჯერა, ერთი კითხვა უჩნდება - ვინ იქნება შემდეგი?

ახალი ამბები