კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტებს „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი“ დაეხმარება

23 თებერვალი, 2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის“ შექმნა ბოლო დროს გახშირებული ფაქტების გამო გადაწყვიტა. იგულისხმება რეგიონული (და არა მხოლოდ) მედიის წარმომადგენლებზე ადგილობრივი ჩინოვნიკების მხრიდან ზეწოლისა და პროფესიულ საქმიანობაში უხეში ჩარევის არაერთი შემთხვევა. სამართლებრივი დაცვის ცენტრი მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტურ საქმიანობაში დახმარებას სთავაზობს.

ცენტრი საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში, მათ შორის ქუთაისშიც იმუშავებს და დამფუძნებელთა განმარტებით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ყველა მომენტს აღმოფხვრის.

თამარ გურჩიანი, პროექტის კოორდინატორი: „ამ ცენტრის ჩამოყალიბების მიზეზი ის გახლავთ, რომ მედიამ კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია მიიღოს და შესაბამისად, ჟურნალისტების უფლებები უფრო მეტად იყოს დაცული, ვიდრე დღეს არის. თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ მათ მიიღონ უფასო იურიდიული კონსულტაცია, რაც პროფესიულ საქმიანობაში დაეხმარებათ. ჩვენ პერიოდულად ვაკეთებთ სასამართლო პრაქტიკის ანალიზს და ვხედავთ, რომ ჟურნალისტები ნაკლებად იყენებენ სამართლებრივ ინსტრუმენტებს. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში ვეხმარებით ჩვენ მათ. ვფიქრობ, რაც უფრო მეტად გამოიყენებენ ისინი ამ სამართლებრივ მექანიზმებს, მით მეტად კვალიფიციური იქნება მათი ჟურნალისტური პროდუქტი და რაც მთავარია, მით მეტად იქნებიან დაცული“.

„მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი“ თბილისში (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში) 2009 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს და როგორც იურისტები აცხადებენ, უკვე 10 საქმე აქვს სამართალწარმოებაში.

„გვაქვს გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის საქმე, რომელზეც განხორციელდა ზეწოლა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ადგილი ჰქონდა მისი პირადი ცხოვრების შეურაცხყოფას. ასევე, გვაქვს გაზეთ „ბათუმელების“ მეორე საქმე, რომელიც ეხება გაზეთის რედაქტორისა და აღმასრულებელი დირექტორის დაჯარიმებას საბაჟოზე. ჩვენ ეს დაჯარიმების საკითხი გავასაჩივრეთ, მაგრამ სასამართლომ პირველ ინსტანციაში იგი არ დააკმაყოფილა და უკვე გასაჩივრებულია აპელაციაში. გვაქვს, ასევე, „პრესა.გე“-ს ჟურნალისტის, ნინო მიქიაშვილის საქმე, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან ინფორმაციას ითხოვდა და ვერ მიიღო. ეს საქმეც აპელაციაშია გასაჩივრებული. გვქონდა, ასევე, სტუდია „რეპორტიორის“ ხელმძღვანელის ვახტანგ კომახიძის საქმე იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ჟურნალისტი თანამდებობის პირების პრემიების შესახებ ითხოვდა ინფორმაციას. არის, ასევე, სხვა არანაკლებ საინტერესო საქმეები, რომელთაც, ვფიქრობ, წარმატებული შედეგი მოჰყვება“, - ამბობს თამარ გურჩიანი. 

შეხვედრაზე, რომელიც გასულ კვირას საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალში გაიმართა, მედიის წარმომადგენლებზე ადგილობრივი ჩინოვნიკების მხრიდან ზეწოლისა და პროფესიულ საქმიანობაში უხეში ჩარევის არაერთ შემთხვევაზე გამახვილდა ყურადღება. აღინიშნა, რომ დროა, ჟურნალისტებმა საკუთარ პრაქტიკაში მეტად გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და იბრძოლონ საკუთარი უფლებების დასაცავად.

„ჩვენს ოფისებთან მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის გახსნა ჟურნალისტთა იურიდიული კუთხით დახმარებას ისახავს მიზნად. იგულისხმება როგორც იურიდიული კონსულტაციები, ასევე, წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში. ასევე, ველით რეკომენდაციებს თავად ჟურნალისტებისგან, რომელთაც ჩვენ პარლამენტში დავაყენებთ. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს მედიის თავისუფლებას და ჟურნალისტთა მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის“, - აღნიშნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა.  

შეხვედრაზე აღინიშნა ტელეკომპანია „რეალ ტი ვის“ ეთერით გასულ სიუჟეტზეც, რომელიც ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის შეურაცხმყოფელი ბრალდებებით იყო დატვირთული.

„ჩვენ ვახო კომახიძეს და მისი ოჯახის წევრებს დახმარება შევთავაზეთ. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული (ეს არის პირის პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელება) ზიანის ანაზრაურების მოთხოვნით ან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანა. ჩვენ ვაპირებთ, ვახტანგ კომახიძეს ეს სარჩელი შევუდგინოთ“, - აღნიშნა თამარ გურჩიანმა.

„მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი“ მიმდინარე კვირიდან უკვე ქუთაისში ამოქმედდა.

ახალი ამბები