კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ბუმაჟნიკები გავცვალოთ ძმაო“, ანუ ვინ ავსებს „რეალ ტივის“ მიმომხილველის ქისას

24 თებერვალი, 2010

საბა წიწიკაშვილი, გორი

„ბუმაჟნიკები გავცვალოთ, ძმაო“ - შესთავაზა ტელეკომპანია „რეალ ტივის“ პრესის მიმომხილველმა, გიორგი კაპანაძემ ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილს „მაესტროს“ ეთერში. ამ დროს ნათია გამცემლიძის გადაცემა – „პროფესია ჟურნალისტი“ მიმდინარეობდა. გადაცემა ეთერში 11 თებერვალს გავიდა. 12 თებერვალს კი, დიდი ხნის მცდელობის შემდეგ მოვიპოვეთ დოკუმენტი, რომლითაც გაირკვა ერთ-ერთი წყარო, საიდანაც „რეალ ტივის“ მიმომხილველის „ბუმაჟნიკი“ (ქართულად - საფულე, სხვაგვარად - ქისა) ივსება. ეს წყარო, არც მეტი, არც ნაკლები, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი, ლადო ვარძელაშვილი აღმოჩნდა.

2010 წლის 4 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „დამქირავებელია“ გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი, ხოლო დაქირავებულია თბილისში, დიღმის მასივის III კვარტლის 35-ე ბინაში მცხოვრები გიორგი კაპანაძე.

ვარძელაშვილსა და კაპანაძეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება სახელმწიფო მოხელეებთან და ჩინოვნიკებთან დადებული ტიპიური დოკუმენტის ანალოგია.

ხელშეკრულების შინაარსი - აქა ამბავი დაქირავებული ჟურნალისტისა

1. „დაქირავებულმა“ (ე.ი. გიორგი კაპანაძემ – ავტ.) უნდა უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის #406 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის დებულებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება, კერძოდ:

1.1. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საქმიანობის ასახვისათვის საინფორმაციო ინტერნეტ-გვერდის შექმნა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა, კერძოდ:

1.1.1. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინტერვიუების, განცხადებებისა და ვიდეო-სიუჟეტების ინტერნეტ-გვერდზე განთავსება;

1.1.2. შიდა ქართლის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესრულების ამსახველი ინფორმაციის განთავსება.

1.2. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის დებულებით და          საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. „დაქირავებული“ ვალდებულია „დამქირავებლის“ მოთხოვნაზე წარმოადგინოს მისდამი დაკისრებული მოვალეობის, შესრულებული სამუშაოების შესახებ შესაბამისი დასკვნა ან მოხსენებითი ბარათი.

2. „დაქირავებული“ თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია „დამქირავებლის“ წინაშე.

4. „დაქირავებული“ ვალდებულია, დაიცვას სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის შინაგანაწესი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები საჯარო მოსამსახურის მიმართ. ასევე ვალდებულია, თავისი უფლებამოსილება და ვალდებულება განახორციელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

5. „დამქირავებელი“ ვალდებულია, „დაქირავებულს“ შეუქმნას შრომის სათანადო პირობები და შრომის გასამრჯელო აუნაზღაუროს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ყოველი თვის ბოლოს 1 180 (ერთიათასასოთხმოცი) ლარის ოდენობით.

6. „დამქირავებელი“ ვალდებულია, „დაქირავებულის“ მიმართ იხელმძღვანელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მოთხოვნებითა და შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული ნორმებით.

7. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია 2010 წლის 31 მარტამდე.

8. ხელშეკრულების პირობების შეცვლა შესაძლებელია ორივე მხარის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

9. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით, რაზედაც მხარე ატყობინებს მეორე მხარეს ერთი თვით ადრე.

10. ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორ) ეგზემპლარად, რომლებსაც გააჩნიათ თანაბარი იურიდიული ძა და ერთი მათგანი გადაეცემა „დაქირავებულს“.

დოკუმენტის მოპოვების მძიმე გზა...

2010 წლის 15 იანვარს  შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას ოფიციალურად მივმართეთ შემდეგი შინაარსით: „გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში მომუშავე მუშა-მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა ხელფასის ოდენობის მითითებით. ინფორმაციის დამუშავებისა და ჩაბარებისას, გთხოვთ, ადგილზე გაგვაცნოთ მუშა-მოსამსახურეთა სახელზე გაფორმებული ხელშეკრულებები და ავტობიოგრაფიები“.

აღნიშნული წერილი ადმინისტრაციის უფროსმა, ზურაბ ლომიძემ 3 დღის დაგვიანებით, 18 იანვარს დაარეგისტრირა, რითაც ინფორმაციის მოპოვების დროულ ვადაში გაცემის საშუალება თავიდანვე მოგვესპო.

პასუხის წამოსაღებად შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში 2010 წლის 22 იანვარს მივედი. ჩვენი მისვლა კანცელარიის უფროსისთვის ზურაბ ლომიძესთვის თავიდანვე ცნობილი იყო. შენობაში შესულს და კიბეებზე ასულს შენობის დაცვის პოლიციის თანამშრომლები გამოგვეკიდნენ; იძულების წესით, ფიზიკური ძალის გამოყენებით გარეთ გაგვაძევეს. სწორედ ამ დღეს უკავშირდება ამ სტატიის ავტორის კიბეებიდან დაგორების, ცემის, გინებისა და ლანძღვის ფაქტი. 22 იანვარს სამხარეო ადმინისტრაციიდან ინფორმაციის წაღება ვერ მოხერხდა.

ამის შემდეგ, 28 იანვარს სამხარეო ადმინისტრაციას კვლავ მივმართეთ და პასუხი ჩავიბარეთ. 28 იანვარს ჩაბარებულ პასუხში მოგვწერეს მხოლოდ სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა საშტატო განგრიგი და სახელფასო ნუსხა, რომელსაც თან დაურთეს ერთი ფურცელი 18-კაციანი სიით.

ამ დოკუმენტებით გავარკვიე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ასიგნებების ფარგლებში 2010 წლის განმავლობაში გუბერნატორის ადმინისტრაციაში 45 თანამშრომლის შტატია გამოყოფილი. ზურაბ ლომიძებ კი მხოლოდ 18-კაციანი სია მოგვცა.

2010 წლის 2 თებერვალს განმეორებით მისვლისა და მუშა-მოსამსახურეებზე გაფორმებული ხელშეკრულებების ნახვის მოტივით მისულ ჟურნალისტს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, ზურაბ ლომიძემ განმიცხადა, რომ ჩემს დანახვაზე ნერვები აეშალა და ამის გამო ვერ შესძლებდა ჩემს მომსახურებას. მან გააღო კაბინეტის კარები და მიბრძანა ოთახის დატოვება.

12 თებერვალს კვლავ ვესტუმრეთ სამხარეო ადმინისტრაციას. ამჯერად საშვის აღება გამიჭირდა. დილის 11:00 საათზე სამსახურში არ იმყოფებოდა კანცელარიის უფროსი ზურაბ ლომიძე. სხვა თანამშრომლები საშვს არ წერდნენ. დავუკავშირდით გუბერნატორის იურისტს გიორგი ცაბაძეს, რომელმაც გვითხრა, თუკი წერილის ჩაბარება გვსურდა, ახალი განცხადება გამზადებული და ამობეჭდილი უნდა მიგვეტანა, აქ არ დაგაწერინებთ განცხადებასო. მას ავუხსენით, რომ განცხადება დიდი ხნის წინ გვქონდა დაწერილი და ამჯერად ხელშეკრულებების გაცნობა გვინდოდა.

ვარძელაშვილის იურისტმა გვიპასუხა, რომ ეს ინფორმაცია კანცელარიის უფროსს, ზურაბ ლომიძეს სეიფში აქვს ჩაკეტილი. ზურაბ ლომიძეს დავუკავშირდით. მას იურისტის ნათქვამი გადავეცით, რომელსაც გაუკვირდა - მე არაფერი მაქვს სეიფში ჩაკეტილი, პირიქით, გიორგი ცაბაძეს აწერია შენი განცხადება და მას მიაკითხეო. ბოლოს, როგორც იყო, შეთანხმდნენ იურისტი და კანცელარიის უფროსი და ჩემს სახელზე საშვი დაუშვეს.

ვარძელაშვილის იურისტმა, გიორგი ცაბაძემ გაგვაცნო 4 მოსამსახურის ხელშეკრულებები, რომლებიც გუბერნატორ ვარძელაშვილს 2010 წლის 4 იანვრიდან ჰქონდა გაფორმებული. სწორედ ამ მოსამსამხურეთა შორის აღმოვაჩინეთ „რეალ ტივის“ პრესის მიმომხილველი გიორგი კაპანაძე.

ამასობაში სამსახურში მოვიდა კანცელარიის უფროსი, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხიმგებელი პირი ზურაბ ლომიძე. მას ვთხოვეთ ამ 4 ხელშეკრულების ქსეროასლები. „ასლებს გირჩევნია, გადაიწერეო“, – გვიპასუხა მან. საპასუხოდ ცარიელი ფურცელი მოვითხოვე, ლომიძის სახელზე ხელახალი განცხადება დავწერე და დაუყოვნებლივ მოვითხოვე ამ 4 თანამშრომლის ხელშეკრულების ასლები. წერილის ბოლოს მივუთითე, რომ ქსეროასლებისთვის საჭირო მოსაკრებლის ქვითარს ბანკიდან იმავე დღესვე მივიტანდი. ჩვენდა გასაოცრად, ამ ახალ განცხადებას კანცელარიის უფროსი არ არეგისტრირებდა. საათნახევრის განმავლობაში კანცელარიის უფროსს ვუხსნიდი, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა, თუმცა, იგი დაჟინებით მიმეორებდა - ჩათვალე, დარეგისტრირებულიაო.

დღის ბოლოს 16:00 საათზე გუბერნატორის ადმინისტრაციას „დაუყოვნებლივ მოთხოვნილი“ ინფორმაციის წასაღებად მივაკითხეთ და ბანკიდან 20 თეთრის გადახდის დამდასტურებელი ქვითარი წარვადგინეთ. ადგილზე კანცელარიის უფროსი არ დამხვდა, ხოლო ერთ-ერთმა სპეციალისტმა განმიცხადა, რომ ჩემს მიერ დილით დატოვებული განცხადება დარეგისტრირებულიც არ იყო.

16:10 საათზე ტელეფონით დამაკავშირეს კანცელარიის უფროსთან, რომელმაც მითხრა, რომ იგი თბილისში იმყოფებოდა და მის გარეშე კანცელარიიდან ვერანაირ ინფორმაციას ვერ წავიღებდი. სამუშაო დრო ოფიციალურად 18:00 საათზე იწურებოდა.

16:20 საათზე ტელეფონით დავუკავშირდი და ადგილზე მისვლა ვთხოვე სახალხო დამცველის წარმომადგენელს შიდა ქართლში, ნინო დალაქიშვილს, რომლის ოფისიც ადმინისტრაციულ შენობიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. ნინო დალაქიშვილმა საკუთარი თვალით ნახა დაურეგისტრირებელი განცხადება და გუბერნატორ ვარძელაშვილს პირად ტელეფონზე დაურეკა. „ლადო, გამარჯობა. იცი, რა ხდება? საბა წიწიკაშვილს განცხადებას არ ურეგისტრირებენ კანცელარიაში და იქნებ, ეს პრობლემა მოაგვარო... მე აქ ვარ შენთან კანცელარიაში“, - აცნობა აღნიშნულ პრობლემასათან დაკავშირებით შიდა ქართლის გუბერნატორს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. მთელ ამ პროცესს ესწრებოდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არინა თავაქარაშვილი.

გუბერნატორი საკუთარი კაბინეტიდან კანცელარიაში შემოვიდა და სპეციალისტს უთხრა: „გაატარეთ ეს განცხადება რეგისტრაციაში“, შემდეგ კი გუბერნატორმა მომმართა: „მე რომ მოგმართო და მოვითხოვო შენი გაზეთის დაფინანსების წყაროები, მაცნობებ?“ მან დადებითი პასუხი მიიღო. იმედს ვიტოვებთ, გუბერნატორმა კარგად იცის, რა განსხვავებაა საჯარო და კერძო ფინანსებს შორის.

გუბერნატორის ბრძანებით, კანცელარიამ 16:40 საათზე „რეალ ტივის“ მიმომხილველის შესახებ ჩემი განცხადება კი დაარეგისტრირა, ამჯერად პრობლემა გახდა მისი „დაუყოვნებლივ შესრულება“. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნინო დალაქიშვილმა „განცხადების დაუყოვნებლივი შესრულება“ მათ ვერ მოსთხოვა, რადგან მას თურმე, თბილისის სათაო ოფისიდან მისცეს კონსულტაცია, რომ საჯარო დაწესებულებას 10-დღიანი ვადა აქვს ჩემს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე სამუშაოდ.

აქ კი ჩემს მიერ კიდევ ერთხელ გახდა საჭირო განგაშის ატეხვა. სამუშაო დრო იწურებოდა, ხოლო იმ ღამით რეგიონული ჟურნალისტები ერთი კვირით პოლონეთში მივდიოდით და ეჭვი გვქონდა, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ვარძელაშვილს გიორგი კაპანაძესთან დადებული ხელშეკრულება და მისი შინაარსი შეეცვალა. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილი მქონდა, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ამ ხელშეკრულების ასლი, რომელიც უკვე მოძიებული, ნანახი და გაცნობილი მქონდა, დაუყოვნებლივ მოეწოდებინათ.

დავუკავშირდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროფესიონალ იურისტს, თამარ გურჩიანს, რომელსაც საქმის ვითარება ვაუწყე. მან მითხრა, რომ სრული უფლება მქონდა, ინფორმაცია დაუყოვნებლივ მომეთხოვა. საჯარო სამსახურს, ასევე უფლება აქვს, გამოიყენოს გონივრული ვადა ინფორმაციის დაუყოვნებლივ გასაცემად. ეს გონივრული ვადა უნდა შეიცავდეს იმ პერიოდს, როდესაც დოცუმენტს სჭირდებოდა მოძიება, დამუშავება, ასლის გადაღება და ასე შემდეგ. მე თამარ გურჩიანს ვუთხარი, რომ დოკუმენტი უკვე მოძიებულია და ნანახიც მაქვს, რომელიც კანცელარიის უფროსის მაგიდაზე დევს. თამარ გურჩიანმა დამიდასტურა, რომ თუკი საჯარო სამსახურმა ყველანაირი გონივრული ვადა გამოიყენა და მათთვის ამის დამტკიცება შემიძლია, სრული უფლება მაქვს, დაუყოვნებლივ წავიღო დოკუმენტი.

დავუკავშირდი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში, ზურაბ სანიკიძეს, რომელსაც ასევე გავაცანი საქმის ვითარება, რომ გუბერნატორი და მისი ადმინისტრაცია ყველანაირ გონივრულ ვადას აჭიანურებს და მოვითხოვე მათგან რეაგირება. კერძოდ, ახსნა-განმარტების ჩამორთმევა თითოეული იმ ადამიანისგან, ვინც ზოგადადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მუხლები დაარღვია. ასევე, მოვითხოვე, ჩამოართვან გუბერნატორს ახსნა-განმარტება, თუ რატომ თვლის საკუთარ ბრძანებას უფრო მაღლა გუბერნიის ადმინისტრაციაში, ვიდრე ზოგადადმინისტრაციული კოდექსს.  სახალხო დამცველის წარმომადგენელს ზურაბ სანიკიძეს ვუთხარი, რომ ამ ინციდენტს მათი თანამსრომელი, ნინო დალაქიშვილი შეესწრო.

ცოტა ხანში ტელეფონით დამიკავშირდა კანცელარიის უფროსი ზურაბ ლომიძე, რომელმაც განგაშის ატეხვა „დამიწუნა“ და მითხრა, რომ თბილისიდან მოდის, მოყინული გზების გამო აგვიანდება და 18:00 საათზე სამსახურში იქნება. ჩვენს კითხვაზე, რომ ამ დროისთვის სამუშაო დრო იწურება, დაგვამშვიდა, რომ ისინი 19:00 საათამდე მუშაობენ. მართლაც, 18:00 საათზე ლომიძე გუბერნატორის კანცელარიაში გამოცხადდა და იმის ახსნა მომთხოვა, თუ რატომ მიყვარს, მისი აზრით, „ასეთი უაზრო“ აჟიოტაჟის ატეხვა. ზუსტად 5 წუთი დასჭირდა წერილობითი პასუხის გამზადებას და ხელშეკრულებების ასლების გადაღებას. 18:20 საათზე მე უკვე ხელთ მქონდა დოკუმენტი, რომელიც ვარძელაშვილსა და გიორგი კაპანაძეს შორის დადებულ ხელშეკრულებას წარმოადგენს.

ეს დოკუმენტი თავდაპირველად „ფეისბუქზე“ გამოვაქვეყნე, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. ამ დოკუმენტის გამოქვეყნებამ ყველაზე მეტად კანცელარიის უფროსი ზურაბ ლომიძე გააღიზიანა. მან პირად ფოსტაზე მომწერა: „სულ დაკარგე საბა სინდის-ნამუსი?!“

რატომ მაინც და მაინც გიორგი კაპანაძე?

გავრცელებული ცნობით, ტელეკომპანია „რეალ ტივის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი პრესსამსახურის უფროსი, გურამ დონაძე ხელმძღვანელობს. შესაბამისად, ამ ტელეკომპანიაში მომუშავე ჟურნალისტები დონაძესთან და ზოგადად შსს-სთან დაახლოებულ პირებად მოიაზრებიან. აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერში გადის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და ხელისუფლებისათვის მიუღებელი ადამიანების მადისკრედიტებელი სიუჟეტები. გიორგი კაპანაძეს კი პრესის მიმოხილვა მიჰყავს. მის მიმოხილვებში სჭარბობს ინტერნეტგვერდ „დრონი.გე“-ს მასალები. „დრონი.გე“ ასევე ხელისუფლებისათვის მიუღებელი ადამიანების შესახებ წერს სტატიებს.

გიორგი კაპანაძის კომენტარი: „მგონი, უკვე მოსაბეზრებელია ჭიქაში ქარიშხლის ძებნა... მე ვარ „მედია ჰოლდინგ დრონი.გეს“ მთავარი რედაქტორი. ჩვენს კომპანიას ბევრ ბიზნეს-კომპანიასთან და ზოგიერთ სახელმწიფო სტრუქტურასთან აქვს საქმიანი ურთიერთობები („ტელეკომი“, „ავერსი“, „ნიკორა“...) გვაქვს სარეკლამო სააგენტო, გამომცემლობა, დიზაინ-სტუდია და ა.შ. რაც შეეხება ამ ხელშეკრულებას, ესაა ინდივიდუალური შეთანხმება და მე მაქვს ვალდებულება, ვიმუშაო ვებ-გვერდის დიზაინზე. თუ რომელიმე თქვენგანს მოესურვება იგივე შეთანხმება ჩემთან ან დრონისთან, იგივეს გავაკეთებ... ასე რომ, მოვრჩეთ რა!.. დაილია სხვა პრობლემა ამ თითიდან გამოწოვილ „ბრალდებას“ რომ არ ჩავაცივდეთ? ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა: მაგალითად, ცოტა ხნის წინ ვახო სანაია იყო თსუ-ს პიარი, პარალელურად კი რჩებოდა „იმედში“... არ მინდა მაგალითები კიდევ მოვიყვანო. თუმცა, ერთს გეტყვით: ძალიან ბევრ ჟურნალისტს, ე.წ. ოპოზიციური მედიიდან (მე არ ვემხრობი მედიის ასე დაყოფას) აქვს დაახლოებით იგივე ტიპის ხელშეკრულება გაფორმებული სხვადასხვა კომპანიებთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან. და კიდევ პირველი: მე „რეალ ტივის“ ჟურნალისტი კი არა, ვარ „დრონი.ჯის“ მთავარი რედაქტორი ვარ. „რეალ ტივის“ და „დრონი.გეს“ აქვს ერთობლივი პროექტი - „პრესთაიმი“ და მე ვარ ამ გადაცემის წამყვანი. რაც შეეხება ხელშეკრულებას... ყველა საინფორმაციო სააგენტოს ან მის წარმომადგენელს, „ინტერპრესნიუსს“ და ა.შ. აქვს იგივე ტიპის ხელშეკრულებები გაფორმებული სხვადასხვა კომპანიებთან თუ სახელმწიფო დაწესებულებებთან... შეგიძლიათ, გადაამოწმოთ“.

ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა თანხას ხარჯავს ვარძელაშვილი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან საკუთარი პიარის საწარმოებლად, მაგრამ არც ერთ სააგენტოსთან ვარძელაშვილს არ დაუდია ისეთი შრომითი ხელშეკრულება, როგორიც პიროვნულად გიორგი კაპანაძეს დაუდო.

მართალია, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ სხვა ჟურნალისტებიც დებენ კომპანიებთან ასეთ ხელშეკრუელბას, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ კერძო კომპანიის ბიუჯეტი სხვაა და სახელმწიფო ბიუჯეტი სხვა. ფაქტობრივად, ამ ხელშეკრულბით გიორგი კაპანაძე იღებს იმ რაოდენობის ანაზღაურებას, რასაც ადმინისტრაციის სამსახურის უფროსები იღებენ – 1 180 ლარს. ზუსტად ანალოგიური ანაზღაურება აქვს კანცელარიის უფროსს ზურაბ ლომიძეს, ეკონომიკური სამსახურის უფროსს გიორგი მახნიაშვილს, თვითმმართველობების ზედამხედველობის უფროსს მალხაზ მირუაშვილს და ა.შ. ხოლო რაც შეეხება პრესმდივანს ნათია ომიაძეს, მასზე გამოწერილია თითქმის ორჯერ ნაკლები – 590 ლარი.

ახალი ამბები