კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველები უფლებადამცველების დასაცავად!

26 თებერვალი, 2010

ანა შეშაბერიძე

26 თებერვალს, სახალხო დამცველის ოფისში საქართველოს უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს და მათ წინააღმდეგ აგორებული კამპანია გააპროტესტეს. პრესკონფერენციას დაესწრო „ნორვეგიის ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ რეგიონალური მენეჯერი ანე ბონდეც, რომლის შეფასებებმა ქართული მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია. ანე ბონდე ასევე არის „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ წარმომადგენელი.

ნიშანდობლივია, რომ მასმედიაში ქართველი უფლებადამცველების წინააღმდეგ კამპანიამ გასული წლის 10 დეკემბრიდან - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღიდან გაძლიერდა. შეგახსენებთ, რომ ამ საინფორმაციო კამპანიის პირველი სამიზნეები არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სტუდია „რეპორტიორის“ ხელმძღვანელი ვახტანგ კომახიძე, „ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის“ თავმჯდომარე მანანა მებუკე და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გახდნენ.

პრესკონფერენციაზე ცილისწამების სხვა ფაქტებთან ერთად, რომელიც უფლებადამცველების წინააღმდეგ იყო მიმართული, აქცენტი გაკეთდა იმ ზეწოლაზეც, რომელიც უკანასკნელად „მრავალეროვანი საქართველოს“ დამფუძნებელ არნოლდ სტეფანიანზე განხორციელდა. იგი  მედიაში რუსეთის აგენტად შერაცხეს. სტეპანიანის თქმით, მას ერთი წლის წინ დაემუქრნენ, თუ არ შეწყვეტდა აქტიურობას და საქმიანობას აგენტად გამოაცხადებდნენ. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არ ჰქონდათ, რომელი ქვეყნის აგენტობას დასწამებდნენ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება უცხოელმა უფლებადამცველმა, ანე ბონდემაც გამოთქვა და აღნიშნა, რომ მათი ინფორმაციით, ზეწოლა ხორციელდება სხვა უფლებადამცველებზეც, რომლებიც კონფლიქტებსა და უმცირესობათა საკითხებზე მუშაობენ. ბონდემ ვახტანგ კომახიძეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებაც ისაუბრა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, წერტილი დაუსვას მსგავს ფაქტებს, უზრუნველყოს ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების უსაფრთხო და თავისუფალი მუშაობის პირობები.

ანე ბონდე: „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურ ქსელთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხების წამოწევას და ამის თაობაზე საქმის კურსში ჩავაყენებთ ევროსაბჭოს, გაეროს, ევროპის გაერთიანებას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა უზრუნველყონ მსგავსი ტიპის კამპანიის დასასრული“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, თამარ ხიდაშელი შიშობს, რომ უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია დიდი სტრატეგიის ნაწილია და ისინი ამ საინფორმაციო კამპანიის მსხვერპლნი არიან.

პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ცილისწამების კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი. ასევე ამ განცხადებით ქართველმა უფლებადამცველებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, არ დაუშვან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველთათვის გაერთიანების, შეკრების, სიტყვის, გადაადგილების, სამართლიანი სასამართლოსა და სხვა ფუნდამენტური უფლებების შელახვა.  მედია-საშუალებებს კი პროფესიულ მოვალეობას ახსენებენ და პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებენ, რათა თავიანთი საქმიანობით არ შელახონ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ასევე სახალხო დამცველს კი რეაგირებას სთხოვენ.

განცხადების ტექსტი, სრულად, იხ. აქ:

ახალი ამბები