კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩვენი ძვირფასი ფობიები

2 მარტი, 2010
 ალეკო ცქიტიშვილი, რედაქტორის აზრი

„ადექი, ბიჭო, მალხაზი, კარზე მოგვადგა აფხაზი!“

ხუმრობა არ გეგონოთ!

ეს ბრიყვული სიტყვები ქართველი ჯარისკაცებისთვის დაწერილი სიმღერების რეპერტუარიდანაა. სიმართლე გითხრათ, ეს სიმღერა მე პირადად არ მომისმენია. რამდენიმე წლის წინ მეგობარმა მითხრა, ასე მღერიან ჩვენი ჯარისკაცები მარშირებისასო. კარგა ხანს მეც ხუმრობა მეგონა და არ მჯეროდა ეს ამბავი, ვიდრე „თავდაცვის სამინისტროს“ ტელეარხ „საქართველოზე“ ერთ-ერთ სარეკლამო კლიპში ფაშიზმის მამამთავრის, ადოლფ ჰიტლერის ციტატას არ მოვკარი ყური.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ვერასდროს დავუბრუნებთ ვერც ფორმალურად ქცეული ლოცვით და ვერც ერთა ლიგის იმედად ყოფნით, არამედ მხოლოდ იარაღის ძალით - ადოლფ ჰიტლერი“, - ისმის კლიპში ბრიყვულად დაყენებული ხმა, რომელმაც ახალგაზრდა რეზერვისტებს „საბრძოლო სულისკვეთება უნდა აუმაღლოს“. ინტონაციაში განსაკუთრებულად ბრიყვული მახვილი ადოლფ ჰიტლერის სახელის წარმოთქმისას კეთდება, თითქოსდა ეს სიტყვები ილია ჭავჭავაძეს ან ივანე ჯავახიშვილს ეთქვას და არა კაცობრიობის შავ ლაქას, პირსისხლიან ურჩხულს. ჩემმა კოლეგამ, გიორგი ჯანელიძემ ამ კლიპს კარგი ვიდეოპამფლეტი უძღვნა და გირჩევთ, ნახოთ იგი (ლინკი - http://hridc.tv/index.php?a=view&id=336&lang=geo )..

სწორედ ამ კლიპის ნახვის შემდეგ დავიჯერე, რომ ქართველ ახალწვეულებს ჯარში მართლაც ამღერებდნენ და შესაძლოა, ახლაც ამღერებენ საზარელ სიმღერას: „ადექი, ბიჭო, მალხაზი, კარზე მოგვადგა აფხაზი!“

წარმოიდგინეთ, როგორი შიში ითესება ახალგაზრდა თაობაში აფხაზებისადმი, რომლებსაც თავის მხრივ, რამდენიმე წელია, ქართველების ეშინიათ.

ასე მგონია, როცა ასეთ ფობიებზე ვსაუბრობთ, მისგან მომდინარე პრობლემები პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ და არა რუსეთს, რომლის სახელმწიფო პოლიტიკა ჩვენს ტვინებში მსგავსი შიშების ჩანერგვას ემსახურება.

ჩვენ დიდწილად სწორედ ეს ფობიები გვღუპავს. თითქოს გენეტიკური შიში გვაქვს, რომ ვიღაც მოვა და შეგვჭამს. სამწუხაროდ, ეს მარტო აფხაზებს არ ეხება. გვეშინია მაჰმადიანი მესხებისაც, რომლებსაც ქართველებად არ ვცნობთ და თურქებს ვეძახით. გვეშინია ფერეიდნელი ქართველებისაც კი, რომლებიც ისტორიული სამშობლოსადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან და მათაც, ასევე ქვეცნობიერი სიძულვილით, თათრებს ვეძახით. ცნობილი ამბავია, საქართველოში ჩამოსული ფერეიდნელი რომ ისევ ფერეიდანში გაბრუნდა და თქვა - მირჩევნია, იქ გურჯი დამიძახონ, ვიდრე ჩემს სამშობლოში თათარიო.

და ასე, ფობიებში იშრიტება ჩვენი ენერგია, რომელიც შეიძლებოდა, მიმართულიყო სიყვარულისკენ, ერთობისკენ, ქვეყნის გაერთიანებისკენ.

რამდენიმე ხანია, ვაკვირდები მსჯელობებს სხვადასხვა ინტერნეტ-ფორუმებზე, სადაც დიდწილად საუბრობენ, რა ფერის სისხლი და როგორი გენეტიკა აქვს აფხაზს; ამბობენ, რომ ნამდვილი აფხაზი სინამდვილეში ქართველია და ცალკე არსებობენ აფსუები - „ჩამოთესლებულები“.

ეს არის რეალობას სრულიად მოწყვეტილი, სიძულვილით გაჟღენთილი და უაზრო ანთროპოლოგიური მსჯელობები, რასაც მთელი 20 წელი შევალიეთ. ამ ხნის განმავლობაში არასოდეს გაგვჩენია სურვილი, ხელი ჩამოგვერთმია თუნდაც ერთი აფხაზისათვის, გაგვეგო, თუნდაც ერთი აფხაზის სატკივარი, მისი შეხედულებები.

არ შეიძლება, არძინბას, ბაღაფშისა და ხაჯიმბას გამონათქვამების მიხედვით შევიქმნათ წარმოდგენა მთელ აფხაზ ხალხზე, ისევე, როგორც არ შეიძლება, სააკაშვილის, ან თუნდაც ირაკლი ოქრუაშვილის გამონათქვამები გაიგივდეს მთელი ქართველი ხალხის პოზიციასთან.

ქვეყანაში გაბატონებული სიბრიყვის მიუხედავად, მე მაინც დამრჩა იმედი, რომ ორივე ხალხს - ქართველებსაც და აფხაზებსაც შემოგვრჩა ძალა და რესურსი, რომ ერთმანეთთან მისასვლელი გზები გავკვალოთ. თუკი საქმე მაინცდამაინც გენეტიკაზე მიდგა, სადაც სამართალია, სწორედ შერიგების რესურსი უნდა იყოს დალექილი ორივე ხალხის გენეტიკურ კოდში და არა ერთმანეთისადმი შიში.

იმედის საფუძველს საუკუნისწინანდელი ურთიერთობებიც მაძლევს. იქნებ, კიდევ ერთხელ ყურადღებით წავიკითხოთ ჩვენი კლასიკა - ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“, აკაკი წერეთლის „გამზრდელი“.

იყო დრო, ქართველები აფხაზებს ვანდობდით ყველაზე ძვირფასს, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს - საკუთარ შვილებს. აფხაზები ზრდიდნენ ქართველების შვილებს და ამ ტრადიციით, მათი შვილები იყვნენ მათ მიერ გაზრდილი ქართველების ძმები, ფაქტობრივად - ღვიძლი ძმები. ამ გადასახედიდან, შეიძლება, ცუდადაც კი გვენიშნოს, რომ „გამზრდელში“ ქართველი ღალატობს აფხაზს, ანუ აფხაზი სინდისით უფრო მაღლა დგას ქართველზე. მართალია, ამ ნაწარმოების თემა ნაციონალური ურთიერთობები არ არის, მაგრამ მასში მშვენივრად არის გადმოცემული ისტორიული რეალობა, როგორი სახე ჰქონდა ამ ურთიერთობებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში.

გთხოვთ, ასევე, გადაიკითხოთ „ჰაკი აძბა“ - როგორი გადარეული ერთგულებით უყვარს აფხაზ კაცს თავისი ძმობილი, როგორ დაუფიქრებლად წირავს თავს მისთვის. ამ ნაწარმოებში კარგად არის წარმოჩენილი რუსეთის როლიც, როგორ შემოდის  სისხლით და ცხედრებით აფხაზეთში, როგორ იწყებს საუკუნოვანი თანაცხოვრებისა და ურთიერთობების ჩახერგვას მავთულხლართებით.

ეს სწორედ ის მავთულხლართებია, ახლა ენგურზე - ე. წ. საზღვარზე რომ აქვთ გავლებული.

სამწუხაროა, რომ 90-იანი წლების სისხლისღვრის შემდეგ აფხაზ ხალხთან მიმართებაში არანაირი კომპრომისული პოლიტიკა არ გვქონია. ამ წლებმა მხოლოდ იარაღის ჟღარუნითა და ფსოუს წყლის დალევის ფსევდორომანტიკული ოცნებით ჩაიარა.

გასაგებია, რომ რუსეთია აგრესორიც, ოკუპანტიც და სადაცაა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციას შეუერთდება, ანუ ამ მიწების სრულ ანექსიამდე დიდი დრო აღარ დარჩა. გასაგებია, რომ ეს აფხაზებისა და ოსებისთვისაც დამღუპველია, რადგან ეს ნიშნავს მათ სრულ რუსიფიკაციას და ამ ხალხების გაქრობას. 

მაგრამ ჩვენ რას ვთავაზობთ აფხაზებს და ოსებს უკეთესს?

მხოლოდ ველოდებით, როდის „მოვლენ ისინი ჭკუაზე“, ვმღერით სულელურ სიმღერებს და ვსაზრდოობთ ჰიტლერის ნაბოდვარით.

დამეთანხმებით, ეს ძალიან არასერიოზული პოზიციაა და ალბათ, ჭკუას ჩვენც უნდა მოვუხმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მართლაც გვეღირსა აფხაზეთის გათავისუფლება რუსული ოკუპაციისგან, იქ მხოლოდ ნასახლარები დაგვხვდება - ქართველებისაც და აფხაზებისას.

ახალი ამბები