კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შემობრუნება აფხაზებისა და ოსებისკენ, ანუ როცა დრო მკურნალი არ არის

5 მარტი, 2010

ვასილ მაღლაფერიძე

დაიწყო 2010 და კიდევ ერთი წლით დავშორდით აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. ასე თუ გაგრძელდა, ოც-ოცდახუთ წელიწადში სულ ცოტა, ორმოცდაათ წელს იქნებიან გადაცილებული ის აფხაზები და ქართველები, რომელთაც მეტ-ნაკლებად ეხსომებათ, რომ ადრე აფხაზეთი საქართველო იყო. ამ დროისთვის აღარ იქნება აქტუალური, ვინ აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და ვინ - არა; ყველა შეეგუება არსებულ რეალობას.

ოცი-ოცდახუთი წელიწადი არ არის დიდი დრო, უცებ გაიფრენს. საქართველოში კონფლიქტებისადმი დღევანდელი მიდგომიდან გამომდინარე კი, არანაირად არ ჩანს, როგორ და როდის უნდა გამთლიანდეს ქვეყანა. სამწუხაროდ, მიმდინარეობს ქვეყნის დაქუცმაცებასთან შეგუების პროცესი ომახიანი რიტორიკის თანხლებით.

ვნახოთ, რა მცდელობებს მიმართავს ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად:

ა) უხსნის ევროპის ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ რუსეთი არის არადემოკრატიული და აგრესორი ქვეყანა და საჭიროა მის მიმართ უფრო მკაცრი და პრინციპული პოლიტიკის გატარება. თავის მხრივ, მეგობარი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, იყოს ნაკლებადაგრესიული და პერიოდულად კეთდება განცხადებები, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ბ) ფაქტობრივად უარს ამბობს ყოველგვარ ურთიერთობებზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არსებულ ხელისუფლებებთან, სანამ ისინი საქართველოს შემადგენლობაში არ დაბრუნდებიან; მოუწოდებს სხვა ქვეყნებს გააგრძელონ ბლოკადა და მიღებულია კანონი, რომელიც იმ პირთა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ვინც საქართველოს გვერდის ავლით შევა ოკუპირებულ რეგიონებში.

გ) ფაქტობრივად უარს ამბობს დიალოგზე პუტინის ხელისუფლებასთან, ვიდრე რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები.

ეს არის და ეს, სამწუხაროდ სხვას ვერაფერს დავამატებთ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სატელევიზიო რეკლამებს, რომ მიმდინარეობს ქართული ჯარის რეორგანიზაცია და გადაიარაღება. თუმცა, სამხედრო ძალით რომ ქვეყნის გაერთიანება შეუძლებელია, ეს, წესით, საკამათო აღარ უნდა იყოს.

ახლა განვიხილოთ, ამ მცდელობათაგან რომელი შეიძლება გვაახლოებდეს ქვეყნის გამთლიანებასთან?

ა) საერთაშორისო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას სამომავლოდაც მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი ექნება და რაიმე ქმედით ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ. მართალია, ქართველი პოლიტიკოსების და ექსპერტების ერთი ნაწილი ხშირად ქილიკობს, აფხაზეთი და ოსეთი მხოლოდ რუსეთმა, ვენესუელამ და ნაურუმ ცნესო, სამაგიეროდ ეს სულაც არ გახლავთ ირონიის საგანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისთვის. როგორც ჩანს, არ სჭირდებათ იმის ახსნა და სწავლება, რას წარმოადგენს რუსეთი და რამდენად სახიფათოა იგი. კიდევ რამდენი ქვეყანა აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, სეპარატისტებისთვის ამას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ეს მათ პატივმოყვარეობას ესალბუნება, მთავარი და გადამწყვეტია, რომ რუსეთმა აღიარა ისინი და იქ თავისი ჯარი ჩააყენა.

ამის შემდეგ, თეორიულად, რუსეთმა მხოლოდ ორი გარემოების გამო შეიძლება დაუთმოს ეს ტერიტორია სხვას - თუ განხორციელდება ძლიერი სამხედრო ან ეკონომიური ზეწოლა. თეორია - თეორიად, რეალურად კი, ცხადია, რომ არავინ აპირებს ამგვარი შესაძლებლობის განხილვას. არც რუსეთის იზოლაციაზე ან მის მიმართ სანქციების დაწესებაზე ფიქრობს ვინმე. პირიქით, საუბარია რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზე, ღრმავდება თანამშრომლობა სამხედრო-ეკონომიკურ სფეროებში და ა.შ.

საერთაშორისო მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, მხოლოდ დეკლარირებული მხარდაჭერა იმაზე მეტ შედეგს ვერ მოგვიტანს ვერც 2010-ში, ვერც - 2015-ში და ვერც - 2025-ში, ვიდრე მოგვიტანა 2009-ში და 2008-ში. ანუ იმის იმედად ყოფნა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ევროპა და ამერიკა რუსეთს ხელიდან გამოგლეჯენ ამ ტერიტორიებს და ჩვენ დაგვიბრუნებენ, სრული უტოპიაა; ამავე დროს, ვიდრე ამგვარი მხარდაჭერა არსებობს და თემა არ არის დახურული, საქართველო თავად ინარჩუნებს გამთლიანების შესაძლებლობას და უმეცრულ-უსაგნო რიტორიკის ნაცვლად აუცილებელია, დაუყონებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ჯერ კიდევ არსებული შესაძლებლობების გამოსაყენებლად.

ბ) ნათელია, რომ საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში შედის სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის გავლენის მაქსიმალურად შესუსტება და აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება არსებული ბლოკადის გაგრძელება? რეალურად ამ ბლოკადით საქართველო თავად უბიძგებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს გარესამყაროსთან მხოლოდ რუსეთის მეშვეობით ჰქონდეთ ურთიერთობა და ამით ხელს უწყობს მათ კიდევ უფრო ღრმა ინტეგრირებას რუსეთთან. გარდა ამისა, ეს ბლოკადა მხოლოდ განამტკიცებს ისედაც სეპარატისტულად განწყობილი მოსახლეობის შეხედულებას რომ საქართველო მათი მტერია, რუსეთი კი - მეგობარი.

ალბათ, დადგა დრო, საქართველოს მოსახლეობამ მოისმინოს ხელისუფლებისგან, რა შედეგი გამოიღო ბლოკადამ, აწი რა შედეგებს უნდა ველოდოთ და რა ვადებში? ეს ბლოკადა აძლიერებს თუ ასუსტებს რუსეთის გავლენას?

ასევე ბევრი კითხვა ჩნდება სეპარატისტულ ხელისუფლებებთან დიალოგსა და ურთიერთობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, იმ მიზეზით, რომ ისინი უკანონო წარმონაქმნები არიან. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ არც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა მრისხანე ტელერიტორიკის ეშინია ვინმეს, არც - ტელეეკრანიდან ბღვერის და არც მათი ბრიუსელში თუ სტრასბურგში ვოიაჟების.

მოაქვს კი რამე შედეგი იმის დეკლარირებას, რომ ისინი წარმოადგენენ დანაშაულებრივ რეჟიმებს და სანამ არ აღიარებენ საქართველოს მთლიანობას, დილოგი არ შედგება? ძლიერდებიან ამით ისინი, თუ სუსტდებიან? ხომ არ სჯობია, შევეცადოთ, რომ საქართველოს ფაქტორი მათთვის გასათვალიწინებელი და საჭირო გახდეს, თუ საბოლოოდ უნდა მივაჩვიოთ ისინი საქართველოს გარეშე ცხოვრებას? და განა დიალოგზე და ურთიერთობებზე უარის თქმა გვაახლოებს ქვეყნის გაერთიანებასთან? თუ, პირიქით, გვაშორებს? ან რამდენ ხანს უნდა ვაცხადოთ უარი დიალოგზე და რას ველით - ერთ მშვენიერ დღეს სეპარატისტული ხელისუფლებები როგორ შეგვეხვეწებიან, მიგვიღეთ საქართველოს შემადგენლობაშიო? ნათელია, რომ ისინი ამას არ იზამენ, ხოლო თუ ჩვენ ამის გამო მათთან ურთიერთობაზე უარს ვიტყვით, პროცესი საბოლოოდ ჩაიკირება. დრო კი მიდის...

გ) დღეს აღარავინ კამათობს, რომ, სულ ცოტა, უახლოესი თხუთმეტი წლის განმავლობაში, მსოფლიოს მოუწევს პუტინის რუსეთთან ურთიერთობა. საქართველოს ხელისუფლებას პრინციპული პოზიცია უკავია და უარს აცხადებს პუტინის ხელისუფლებასთან დიალოგზე, სანამ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. ამავე დროს, არ ჩანს რაიმე წინაპირობა, რომ რუსეთის ხელისუფლება გადაწყვეტილების შეცვლას აპირებდეს და თავის მხრივ, ისიც უარს აცხადებს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე.

და ვის აძლევს ხელს ეს ორმხრივი პრინციპული უარი? რასაკვირველია, მხოლოდ რუსეთს. რაც დრო გავა, არსებული ვითარება უფრო შეჩვევადი გახდება ყველასთვის და წლების შემდეგ მსოფლიო იმ რეალობას გაუწევს ანგარიშს. რომელიც თვალწინ ექნება.

რაც უფრო გვიან დაიწყება დიალოგი (რომელიც, ცხადია, როცა იქნება, აუცილებლად დაიწყება!), მით უკეთესი სასტარტო პოზიცია ექნება რუსეთს. აქედან გამომდინარე, რამდენადაც ადვილად აიხსნება რუსეთის უარი დიალოგზე, იმდენადვე გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. ნაცვლად იმისა, რომ სწორედ ამაში გამოიყენოს საერთაშორისო მხარდაჭერა და ყველა გზა მოსინჯოს დიალოგის დასაწყებად, ამაყად გაბუტვას ამჯობინებს. ამავე დროს, არც ის ჩანს, რას ელოდება, რა უნდა მოხდეს, რის მერეც შეიძლება, პოზიცია შეიცვალოს.

საქართველოს ინტერესები მოითხოვს დიალოგის დაწყებას და თუ საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ გააგრძელა ურთიერთობებზე უარი იმ მოტივით, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ეს, ფაქტობრივად, ამ ორი რეგიონის დაკარგვასთან შეგუებას ნიშნავს.

გამოვა, რომ რუსეთთან ურთიერთობებშიც გულხელდაკრეფილნი ველოდებით იმ ჯადოსნურ დღეს, როდესაც ჩვენს მაგივრად სხვა დაელაპარაკება რუსეთს, მოხდება სასწაული და დაარწმუნებს, რომ ტერიტორიები უნდა დაგვიბრუნოს, ან რუსეთი დაიშლება და ისე დასუსტდება, რომ თამამად ამოვიყრით ჯავრს, ან პუტინი გაიღვიძებს კარგ ხასიათზე და მოინანიებს ჩადენილს და ა.შ.

საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ და ნათლად უნდა ახსნას, რა შედეგს ელოდება ამ უდიალოგობიდან და როდის უნდა დაიწყოს ეს დიალოგი - 2010-ში, 2015-ში თუ 2030-ში? ან იქნებ პუტინის შემდგომ პერიოდისთვის აპირებს ამ პრობლემის მოგვარების გადავადებას?

დიალოგი რუსეთთან, რასაკვირველია, ურთულესი იქნება, მით უმეტეს, ამ ხელისუფლებისთვის და პირადი ღირსებისა და თავმოყვარეობის შემლახავი. თუმცა, სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს ხელისუფლებისგან ასეთ ნაბიჯის გადადგმას. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა არც ადრე ეფუძნებოდა მორალს და სამართალს და არც დღეს ეფუძნება. ეს ის მოცემულობაა, რომელიც ასევე უნდა მივიღოთ.

ამიტომაც იყო, რომ საქართველოს პირველი პირები, რომელთა ვაჟკაცობაში ეჭვი არავის შეუტანია, პირადი დამცირების თუ სიცოცხლის ფასად, თავს უფლებას არ აძლევდნენ, უარი ეთქვათ ყაენებთან თუ შახებთან მოლაპარაკებებზე, რათა ქვეყანა რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გადარჩენოდა თავსდატეხილ უბედურებას (დიმიტრი თავდადებულსაც შეეძლო, უარი ეთქვა ურდოში წასვლაზე იმ მოტივით, არღუნ ყაენი იყო აგრესორი, უსამართლო და მისი ქვეყნის მტერი, გაეზიარებინა დიდებულთა რჩევა და მთიულეთში გახიზნულიყო, ან ვენეციის დუკასთან დაეწყო მოლაპარაკებები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დასამყარებლად, თუმცა, მან ქვეყნის ინტერესები დააყენა წინა პლანზე).

განსხვავებით წარსულის საუკეთესო მაგალითებისა, დღეს ბევრი რამ მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დიალოგზე უარი სწორედ პირადი დისკომფორტიდან გამომდინარეობს და არა ქვეყნის ინტერესებიდან.

უნდა ითქვას ისიც, რომ ომის შემდგომი პოლიტიკა კონფლიქტების მოგვარების სფეროში არავითარ სიახლეს არ შეიცავს და მხოლოდ უდღეური გამოძახილია იმ სტრატეგიული მიმართულებისა, რაც გულისხმობდა აფხაზების და ოსების ყველა საშუალებით იძულებას, რათა ისინი დაბრუნებოდნენ საქართველოს. აგვისტოს ომმა და შემდეგ შექმნილმა ვითარებამ ეს ილუზია საპნის ბუშტივით გააქრო. დღეს ამ მიმართულების აღარც ვინმეს სჯერა და აღარც ვინმეს ეშინია. ამიტომ ომამდელ რიტორიკასთან დაბრუნება, ცუდმედიდურობა, გულის მოსაფხანი კლიპები, ტელეეკრანიდან მუშტების ქნევა და თვალების ბრიალი არა მხოლოდ სრული ანაქრონიზმია, არამედ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და მხოლოდ იმ ადამიანების მდგომარეობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, რომელთაც თავის დროზე შეიმუშავეს და განახორციელეს დღეს უკვე დადასტურებულად მცდარი პოლიტიკა.

დღეს შექმნილი ვითარება, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, გადაუდებლად ითხოვს კონფლიქტების მოგვარების სფეროში თვისებრივად სრულიად ახალი მიდგომების შემუშავებას და ცხოვრებაში დამკვიდრებას.
უპირველესად აუცილებელია განთავისუფლება იმ ილუზიისგან, რომ თავისით დადგება ერთი მშვენიერი დღე, მოხდება სასწაული და წარმატებული სამხედრო ოპერაციით, გაეროს რეზოლუციით ან სხვა ერთჯერადი აქტით თუ ქმედებით აღვადგენთ ქვეყნის ერთიანობას. ამგვარი რამ არამცთუ არ მოხდება, არამედ ამის იმედად ყოფნა უკვე ნიშნავს შეგუებას ქვეყნის დაშლასთან.

და რადგან იძულება გამორიცხულია, ქვეყნის გაერთიანების ერთადერთ გზად რჩება თავად აფხაზების და ოსების მონდომება. საქართველოს ხელისუფლებების სხვადასხვა დროს დაშვებული შეცდომების და კიდევ სხვა არახელსაყრელი გარემოებების გამოისობით შექმნილი დღევანდელი სინამდვილე, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუსწოროთ თვალი, ასეთია - რომ თუ აფხაზებმა და ოსებმა არ მოინდომეს საქართველოში დაბრუნება, მათ ძალით ვერ დავაბრუნებთ! ისინი თავად უნდა დარწმუნდნენ, რომ სწორედ საქართველოში ცხოვრება არის მათი კეთილდღეობის და კულტურულ-ეკონომიკური განვითარების, თვითმყოფადობის შენარჩუნების და უსაფრთხოების გარანტი. ამის გარეშე ქვეყნის გაერთიანებაზე ფიქრი ილუზიად დარჩება. ეს რთული, თუმცა, სავსებით გადაჭრადი ამოცანაა.
ამაში დასარწმუნებლად ოსებს, აფხაზებს და ქართველებს არც ისე დიდი დრო გვაქვს, სულ რაღაც ათ-თხუთმეტი წელიწადში უნდა გამოიკვეთოს კონტურები ამგვარი შესაძლებლობისა. სწორედ ამიტომ აუცილებელია ყოველდღიური მიზანმიმართული მუშაობა ამ მიმართულებით და არა კონფლიქტის ჩაკირვა და გაქვავება, რაც დღეს ხდება.

თუ არსებული პოლიტიკური კურსი გაგრძელდა და ოსებმა, აფხაზებმა და ქართველებმა ზურგშექცეულებმა გავაგრძელეთ ცხოვრება, იგივე ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ საქართველოს გაერთიანება აუხდენელ ოცნებად გადაიქცევა.
საქართველოს წინაშე დგას მკაფიო ამოცანა, მაქსიმალურად უნდა შეამციროს რუსეთის გავლენა რეგიონში და გაზარდოს თავისი, ამას კი მოახეხებს ერთადერთი გზით, თავად უნდა იქცეს ყველაზე საჭირო და მიმზიდველ პარტნიორად თავისივე სეპარატისტული რეგიონებისთვის; აქეთკენ უნდა მიმართოს ყველა რესურსი როგორც გარედან მოზიდული, ისე - შიგნით მოძიებული. ასევე მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთთან გავლენისთვის ბრძოლა დაუშვებელია ძალისმიერი მეთოდებით.

ალტერნატივა არ გააჩნია იმას, სრული კრახით დასრულებული იძულების პოლიტიკა უნდა შეიცვალოს კეთილი ნების და თანხმობის პოლიტიკით და ამ მიმართულებით აუცილებელია ძალიან გაბედული და თამამი ნაბიჯების გადადგმა.
ვიმეორებთ, თანხმობა გულისხმობს ოსებს, ქართველებს და აფხაზებს შორის არსებულ მტრის ხატის გასაქრობად მიმართულ ქმედებებს და არა მხოლოდ ურთიერთნდობის აღდგენას, არამედ იმ განცდის დამკვიდრებას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, რომ სწორედ საქართველოს სახელმწიფოა მათი უპირველესი ქომაგი, მოკავშირე და ინტერესების დამცველი. რომ საქართველოსთან ინტეგრაცია და სიახლოვეა მათი თვითმყოფადობის შენარჩუნების და კეთილდღეობის საფუძველი და არა მისთვის ზურგის შექცევა.

საქართველოს მხრიდან ამ გზის არჩევა ნიშნავს ყოველგვარი წინაპირობების და მოთხოვნების გარეშე მაქსიმალურად ბევრი სიკეთის და უსაფრთხოების გარანტიების გაცემას საკუთარი, დღეს სეპარატისტულად განწყობილი, მოსახლეობისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ საფრთხე იმალება არა ამ გაცემაში, არამედ ურთიერთიზოლაციაში. სწორედაც რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებში შედის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში და არა ბლოკადის გაგრძელება. ამიტომაც საქართველოს მხარემ მთელი ძალისხმევა უნდა მიმართოს იქითკენ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წამყვანი სახელმწიფოების ყურადღების ცენტრში მოექცეს. აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ თვალნათლივ უნდა დაინახოს, რომ საქართველო ყოველგვარი პოლიტიკური ვაჭრობის და დათქმების გარეშე ეხმარება მათ დანარჩენ მსოფლიოსთან სავაჭრო-კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებაში, ხელს უწყობს თავისუფალ გადაადგილებაში და კონტაქტების დამყარებაში, საზღვარგარეთ განათლების მიღებაში და ა.შ.

დღეს იმას კი არ უნდა მოვუწოდებდეთ საზღვარგარეთის ქვეყნებს, რომ არ დაამყარონ პირდაპირი სავაჭრო და სხვა სახის ურთიერთობები სეპარატისტულ რეგიონებთან და ამის შემზღუდავ კანონებს კი არ უნდა ვიღებდეთ, რაც მხოლოდ რუსეთის კაპიტალს უხსნის გზას და აძლიერებს რუსეთის გავლენას, პირიქით ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი ამგვარი კონტაქტების დამყარებას.

რაც უფრო მეტი დასავლური ფირმა შევა და მეტი ინვესტიცია ჩაიდება ამ რეგიონებში, მით უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული ადგილობრივ ხელისუფალთა მიერ ევროპული პოლიტიკის წესები. დასავლეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დღესდღეობით მხოლოდ სიტყვიერად დეკლარირებული მხარდაჭერა ძალიან კონკრეტულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ შინაარსს შეიძენს. ყველა მხრისთვის მომგებიანი ეკონომიკური პროექტების დაგეგმვა და განხორციელება და ამაში ევროპული კაპიტალის და გამოცდილების ჩართვა თავისთავად გაზრდის კონფლიქტის ჩაქრობის საქმეში დასავლეთის როლს.

გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს არა მხოლოდ ბლოკადის ყველანაირი ფორმების გაუქმება, არამედ რკინიგზის აღდგენა და ამ ტიპის ინტეგრაციებისთვის ხელშეწყობა - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა, რაც მათ ხელს შეუწყობს მთელ საქართველოში თავისუფალი გადაადგილებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში. ამ მიზნით აუცილებელია ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, რომელიც ორინტირებული იქნება ადამიანის და არა ფორმალობების დაცვისკენ - მაგალითად: ვის მიერ გაცემული და რა სახის დოკუმეტი ექნება მოქალაქეს და როგორი სანომრე ნიშნები - ავტომანქანას.

საფიქრალია, იქნებ მიზანშეწონილი იყოს რამდენიმეწლიანი (5-10) მორატორიუმის გამოცხადება პოლიტიკური პრობლემების განხილვაზე და გადაწყვეტაზე. არ არის გამორიცხული დღის წესრიგში დადგეს აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის პოლიტიკური შინაარსის გარეშე დროებითი ეკონომიკური სტატუსის მინიჭების საკითხი, რაც მაქსიმალურად სრულფასოვანი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობას მოგვცემდა.

მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური საკითხების დროებით გვერდზე გადადებას და ეკონომიკურ საქმიანობაზე აქცენტირებას რეალური შედეგები მოაქვს ცეცხლის ჩაქრობის საქმეში და ამაზე ერგნეთის მაგალითიც მეტყველებს. ერგნეთის ბაზრობამ განუზომლად უფრო დიდი წვლილი შეიტანა მშვიდობის დამყარების საქმეში, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა დონის პოლიტიკურმა მოლაპარაკებებმა და დისკუსიებმა.

ასეთი და ამის მსგავს ქმედებათა დაწყება გადაუდებლად აუცილებელია, რათა შეჩერდეს და დაიძლიოს აფხაზებსა და ქართველებს. ოსებსა და ქართველებს შორის სწრაფად მიმდინარე გაუცხოების პროცესი, რაც ყველაზე დიდ ხიფათს შეიცავს. უნდა შეიქმნას შესაბამისი პირობები, რათა შესაძლებელი გახდეს ყოფითი და კულტურული კავშირების აღდგენის დაწყება, ურთიერთშეჩვევა და შეგუება, რასაც მოჰყვება ნდობის გაღრმავება.

ოღონდ ეს ყველაფერი ლიტონ სიტყვებად და მკვდრადშობილ გეგმად დარჩება, თუ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავში არ იპოვა ძალა და ვერ შეძლო დიალოგის წარმოება როგორც რუსეთის ისე სეპარატისტული რეგიონების არსებულ ხელისუფლებებთან. მოსწონს ვინმეს ეს ხელისუფლებები თუ - არა და რამდენად კანონიერად მიაჩნია ისინი, სრულიად მეორეხარისხოვანი საკითხია, ვინაიდან დღეს ისინი წარმოადგენენ რეალურ მოცემულობებს და პასიური ლოდინი იმის იმედით, რომ იქნებ რაიმე სასწაულის წყალობით თავისით შეიცვლოს ეს რეალობა, დანაშაულის ტოლფასია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხოლოდ ამგვარი, კეთილი ნების და თანხმობის სულისკვეთებით გამსჭვალული ნაბიჯები ქვეყნის შიგნით და ფრთხილი, გააზრებული პოლიტიკა რუსეთის მიმართულებით გაუხსნის ხელებს და მოქმედების შეუდარებლად მეტ თავისუფლებას მისცემს საქართველოს დასავლელ მეგობრებს. ისინი მხოლოდ ამ ვითარებაში შეძლებენ სრულად გამოიყენონ საკუთარი უზარმაზარი პოტენციალი პრობლემის მოსაგვარებლად, ვინაიდან, სწორედ ასეთ მოედანზე გრძნობენ თავს კომფორტულად და არა რუსეთთან ხელის გადაწევაში შეჯიბრისას. საერთაშორისო მხარდაჭერა ამ სფეროში რომელიც ხშირად მხოლოდ ლიტონ სიტყვებად რჩება, ამ შემთხვევში მძლავრ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბერკეტად გადაიქცევა.

მას შემდეგ კი, როცა ნდობა და თანამშრომლობა საკმარისად მაღალ ხარისხს მიაღწევს, შესაძლებელი გახდება ფიქრის დაწყება პოლიტიკური საკითხების მოგვარებაზეც და გამოინახება კონსტიტუციური თანაცხოვრების ყველასთვის მისაღები ფორმა, რაც არ არის დაუძლეველი ამოცანა იმ ეპოქაში, როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს სახელმწიფოებს შიგნით დეცენტრალიზაციის და სახელმწიფოებს შორის კი - ინტეგრაციის პროცესი და მსოფლიო ამ მიმართულებით ვითარდება.

დღევანდელი პოლიტიკით ჩვენ ზურგი გვაქვს შექცეული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის და ყოველდღიურად ვშორდებით მათ. დრო ყოველთვის მკურნალი არ არის და ხშირად დავიწყებასაც იწვევს! სწორედ ამიტომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს შემობრუნება აფხაზებისა და ოსებისკენ და მათი მიმართულებით სვლა.

გამოქვეყნდა გაზეთ „რეზონანსში“ 12.01.10.

ახალი ამბები