კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კიდევ ერთი საქმე სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ

9 მარტი, 2010

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმელი ომარ მახარაძე სახელმწიფო ბრალდებამ ძებნილ ემზარ კვიციანთან დაახლოებულ პირად ვარაუდის საფუძველზე დაასახელა. მოგვიანებით, გალისა და გულრიფშის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მახარაძეს კვიციანთან დაახლოებულ პირად ყოფნის გამო, მილიონ ლარად ღირებული ქონება ჩამოერთვა. გონიოში მდებარე სამსართულიანი სასტუმროთი და სამი კოტეჯით ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სარგებლობენ. ომარ მახარაძე ქონების ჩამორთმევას არ ეგუება და საკუთრების უფლების დასაცავად სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოსთვის აპირებს მიმართვას.

გონიოში, ზღვის ნაპირიდან 200 მეტრზე მდებარე სასტუმრო ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაშია. თუკი ამ შენობისათვის ფოტოს გადაღებას მოისურვებთ, დაცვის თანამშრომელი შეეცდება, ამის უფლება არ მოგცეთ. მიზეზს ვერ ხსნის და არც კითხვებს პასუხობს: „არა მაქვს უფლება, ვისაუბრო და ვერაფერს გეტყვით“, - ერთი და იმავე სიტყვებით გპასუხობთ ყველა კითხვაზე.

2009 წლის 4 ივნისის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს #1-1/1153 ბრძანებით, უკვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა. „გადაეცეს განთავსების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგი უძრავი ქონება არსებობის ვადით, მის კომპეტენციაში არსებული ფუნქციების, ამოცანების საკითხების განხორციელების მიზნით“. აღნიშნულ სასტუმროში ზაფხულობით შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ისვენებენ.

პროკურატურის მოთხოვნით, ომარ მახარაძეს ქონება ერთადერთი საფუძვლით ჩამოერთვა - იგი ძებნილ ემზარ კვიციანთან დაახლოებული პირია. სახელმწიფო ბრალდებას ამის მტკიცებულებად მხოლოდ ვარაუდი გააჩნია.

ამავე დროს, ადგილობრივი მკვიდრი, გრიშა დუმბაძე ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ მასზე გარკვეულ ზეწოლას ცდილობდნენ ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლები: „მომაკითხა ოთხმა-ხუთმა თანამშრომელმა. მოითხოვეს, მეთქვა, რომ ომარ მახარაძის ობიექტზე კვიციანი დავინახე და ისიც, რომ კვიციანი ხშირად დადიოდა სასტუმროს მშენებლობის დროს“.

ყველაფერი ასე დაიწყო

1999 წელს ომარ მახარაძემ გონიოს მკვიდრ მზევინარ ქოქოლაძისგან 3 000 ლარად შეიძინა 1 000 კვ. მიწის ნაკვეთი. მხარეს გააჩნია მათ შორის გაფორმებული შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება ნოტარიული წესით დამოწმებული. 2005 წლიდან კი მახარაძე სასტუმროს მშენებლობას იწყებს, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის უფლება ხელვაჩაურის არქიტექტურის სამსახურისგან, ოფიციალურად 2007 წლის 25 ივნისს მიიღო. თუმცა, აღნიშნული ქონება უკვე 2007 წლის 31 იანვარს (ხუთი თვით ადრე, სანამ ექსპლუატაციაში შევიდოდა) გალისა და გულრიფშის სასამართლომ მესაკუთრე მახარაძეს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე ჩამოართვა.

ქონების მფლობელმა სასამართლო გადაწყვეტილებისა და ქონების ჩამორთმევის თაობაზე მას შემდეგ გაიგო, რაც პოლიციისა და სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ და ობიექტის დაცვლისთვის მხოლოდ ორი დღე მისცეს.

გადაწყვეტილება საქმეზე  #3/2

გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე #3/2; 31 იანვარი, 2007 წ. სრულად დაკმაყოფილდა პროკურატურის სარჩელი. კერძოდ, საქართველოს გენერალური პროკურატურა სასარჩელო განცხადებით, რომელსაც საგამოძიებო  ნაწილის უფროსი პროკურორი გენადი ქაჩიბაია წარმოადგენდა, ითხოვდა მოპასუხეების მფლობელობაში არსებული ქონების უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად ცნობისა და სახელმწიფოსათვის გადაცემას.

„საქმის წარმოების პროცესში გამოიკვეთა გარემოებები, რაც გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ზემოთაღნიშნული თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირების მფლობელობაში შესაძლებელია, არსებობდეს უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება“.

სწორედ ვარაუდით მოითხოვა ყოფილმა გენერალურმა პროკურატურამ ქონების ჩამორთმევა შემდეგ მოქალაქეებზე: თეთნულდი ანსიანი (ემზარ კვიციანის მეუღლე); მაია ანსიანი (კვიციანის მეუღლის და); ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი (კვიციანის სიდედრი); იაგორ ანსიანი (კვიციანის მეუღლის ძმა); სინონა და ნუგზარ კვიციანები (კვიციანის ძმები); მირიან დოღონაძე (კვიციანის ბიზნეს პარტნიორი); ვასილ გოშაძე (2002 წელს კვიციანმა მისგან იყიდა მცხეთის რაიონის სოფელ გლდანში სააგარაკო სახლი, რომელიც არ გადაუფორმებია და ირიცხებოდა გოშაძის სახელზე); თამაზ ბალაშვილი (კვიციანის მძღოლი); ომარ მახარაძე (კვიციანთან დაახლოებული პირი).

2007 წლის 31 იანვარს, გალისა და გულრიფშის სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

ოთარ მახარაძე, ომარ მახარაძის მამა: „საქმის გარკვევა დავიწყეთ და აღმოჩნდა, რომ ქონება სასამართლო გადაწყვეტილებით ჩამოურთმევიათ ჩვენთვის, თითქოს ემზარ კვიციანთან დაახლოებული პირი არის ჩემი შვილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კვიციანს მხოლოდ ტელევიზიით ვიცნობ. უფრო მეტიც, ისეთ ადამიანსაც არ ვიცნობ, ვინც წარმოშობით კოდორიდანაა“.

რუსუდან ბასკურიძე, მახარაძის ადვოკატი: „საქმის მასალებში ვერ ვიპოვეთ ვერც ერთი მტკიცებულება, რომ კვიციანი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მახარაძე ერთმანეთს იცნობდნენ. მახარაძის ქონება არ არის კავშირში კვიციანის სახელთან. მან მიწის ფართობი კანონიერად შეიძინა. ხოლო იმ პერიოდში, როცა სასტუმროს აშენებდა, ემზარ კვიციანი ძებნაში იყო“.

მახარაძის წარმომადგენელმა ადვოკატებმა რუსუდან ბასკურიძემ და თეონა ჭუმბურიძემ სასამართლო გადაწყვეტილება ყველა ინსტაციაში გაასაჩივრეს, თუმცა - უშედეგოდ.

თეონა ჭუმბურიძე, მახარაძის ადვოკატი: „სასამართლო გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ და სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების როგორც გაუქმება, ასევე ბათილად ცნობა მოვითხოვეთ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, გალისა და გულრიფშის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ დატოვა ძალაში, რადგან ბათილობის თაობაზე დასაშვებლობის განმეორებით შესამოწმებლად საქმე I ინსტანციის სასამართლოში დააბრუნა. გაუქმების ნაწილში კი სარჩელი დაუშვებლად ცნო _ სარჩელის წარდგენის ვადაგასულობის გამო“. აპელაციის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა, მაგრამ მახარაძის სასარგებლო გადაწყვეტილება არც აქ დადგა.

თაყაიშვილის 14, ნაცვლად 34-ისა

ომარ მახარაძეს ქონება ისე ჩამოართვეს, რომ ის არც ერთ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. მიზეზი მარტივია: მას არც ერთი სასამართლო უწყება არ ჩაბარებია. თუმცა, სასამართლოდან უწყება იგზავნებოდა და უკანვე ბრუნდებოდა, რადგან ომარ მახარაძე უწყებაზე მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა და არც არასდროს უცხოვრია.

აჭარის ფოსტის 2009 წლის 11 ივნისს ცნობით, 2007 წლის 20 იანვარს შემოვიდა წერილი #91 ზუგდიდიდან მისამართზე თაყაიშვილის #14 ომარ მახარაძის სახელზე. აღნიშნული გზავნილი დაბრუნებულია უკან იმის გამო, რომ ომარ მახარაძე აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თაყაიშვილის ქუჩის რამდენიმე მცხოვრებს გაესაუბრა.

მარინა მახარაძე (თაყაიშვილის ქუჩა #12): „დაახლოებით მაგ პერიოდში მოიტანეს საფოსტო წერილი, რომელიც ომარ მახარაძისათვის იყო გამოგზავნილი, მაგრამ იგი აქ არ ცხოვრობდა და წერილები არ დამიტოვებინა“.

ნათელა ბახტაძე, (თაყაიშვილის #16): „დაახლოებით 2007 წლის თებერვალში, ჩემი სახლის შემოსასვლელი ჭიშკრის სახელურში ვნახე საფოსტო გზავნილი, ვიღაც მოქალაქე ომარ მახარაძის სახელზე. ადრესატის მისამართი მითითებული იყო თაყაიშვილის #14. რადგანაც ადრესატი არ ცხოვრობდა ჩვენს მეზობლად, ამიტომ გადავწყვიტე, გზავნილი ფოსტაში მიმეტანა, რაც განვახორციელე კიდეც.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ომარ მახარაძე ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩის #34-ში ცხოვრობს. თუმცა, რატომღაც სასამართლო უწყებები სხვა მისამართზე იგზავნებოდა.

ახალი ამბები