კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ ადევს ხათუნა ჩარაევას საქმეს გრიფი „საიდუმლო“?

9 მარტი, 2010

მარი ოთარაშვილი

16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალგორელი ხათუნა ჩარაევას რიგით მეორე დახურული პროცესი შედგება. როგორც მისმა ადვოკატმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, გაგი მოსიაშვილმა გვითხრა, ჩარაევას საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. შესაბამისად, მას უფლება არა აქვს, გვაცნობოს, რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით. ახალგორელების ინფორმაციით, ქართული მართლმსაჯულება ჩარაევას მიმართ არაობიექტურია, რადგან ის რეალურად კრიმინალი კი არა, ეთნიკური ნიშნით დევნის მსხვერპლია. ამას ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციაც ამტკიცებს. როგორც ადმინისტრაციის ვიცე-ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბარათაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ჩარაევას პატიოსნებაზე შეუძლია თავიც კი დადოს.  

4 მარტს ხათუნა ჩარაევას დახურული სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამრთლოში 12:00 საათზე დაიწყო. სხდომას ბრალდებული ჩარაევა, მოსამართლე სანდოძე და ადვოკატი მოსიაშვილი ესწრებოდნენ. პირველმა სხდომამ უხმაუროდ ჩაიარა, რადგან ამ საქმისადმი მედია ჯერჯერობით ინტერესს არ ამჟღავნებს. სასამართლო სხდომის დამთავრებას დერეფანში ბრალდებულის ერთადერთი ნათესავი, ხათუნა ჩარაევას მაზლი, მერაბ ჩარაევი ელოდა.

ქართველმა სამართალდამცავებმა ახალგორელი ხათუნა ჩარაევა ყალბი ფულის სარგებლობის ბრალდებით გასული წლის 21 დეკემბერს დააკავეს. ბრალდებულის ნათესავები აღნიშნულს შეთითხნილ ბრალდებად თვლიან და მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ ანგარიშსწორებაა და სხვა არაფერი. იმავეს ფიქრობს ახალგორელთა უმრავლესობა. როგორც ისინი ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ჩარაევას 30 000 დოლარი ავტოსადგურ „დიდუბეში“ (სადაც იგი დააკავეს) პოლიციამ „ჩაუდო“.

დაკავებიდან 1 თვის განმავლობაში ჩარაევასთან შეეხვედრის უფლებას ადვოკატს არ აძლევდნენ. ნათესავებმა არც იცოდნენ, სად იმყოფებოდა ბრალდებული და როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მერაბ ჩარაევი, ხათუნა ჩარაევას მაზლი: „დაკავების შემდეგ ხათუნა ნათესავებს აღარ გვინახავს. სამართლადამცავები ამბობენ, რომ მის საქმეს გრიფი ადევს, ანუ გასაიდუმლოებულია. საგონებელში ვართ. არ ვიცით, რა ხდება. ერთადერთხელ დაურეკა თავის ქმარს, ანუ ჩემს ძმას და უთხრა: ყალბი ფულის ბრალდებით დაკავების ბრალდება მომიხსნესო. აბა, მაშ, რიღასთვის ჰყავთ დაჭერილი?! თავდაპირველად ეს ბრალდება რომ მოუგონეს, ისედაც ცხადი იყო, რომ იტყუებოდნენ. აბა, რომ აეყვანათ, რამე ხომ უნდა მოეგონებინათ? თუკი მართლა ყალბი ფულის გამო დაიჭირეს, მაშინ მასთან რომ ბიჭი იყო, იმასაც ხომ დაიჭერდნენ, როგორც „თანამზრახველს“? ამიტომაც მგონია, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მოტივით მოხდა“.

რატომ გახდა არაფრით გამორჩეული მოქალაქე, ხათუნა ჩარავეა პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, ცოტა გაუგებარია. თუმცა, ამაზე მერაბ ჩარაევს (და არა მარტო მას) რამდენიმე არგუმენტი აქვს: „ალბათ, გახსოვთ, შარშან 16 გრემისხეველი რომ დაიჭირეს ოსებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. ქართული მხარე ხათუნას აბრალებდა, თითქოს მან დაურეკა ოსებს და დაასმინა, რომ ამათ საზღვარი გადალახეს უკანონოდ. ეს სრული სისულელეა. ასევე, შემიძლია დაკავების მიზეზად იმის დასახელებაც, რომ ხათუნას ორი შვილი ცხინვალშია და იქაურ უნივერსიტეტში სწავლობს. თუმცა, მათ სანახავად ხათუნა აგვისტოს ომის შემდეგ თითქმის არ ჩასულა. სიმართლე გითხრათ, სხვა მიზეზებზე ჩვენც ვერაფერს ვფიქრობთ. ცხინვალში რომც ყოფილიყო ჩასული შვილების სანახავად, განა შეიძლება, ამისთვის დაიჭირო ადამიანი?!“

დახურული სასამართლო პროცესი დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. პროცესიდან გამოსულმა გაგი მოსიაშვილმა გვითხრა, რომ მორიგი პროცესი 16 მარტს გაიმართება. სხვა დანარჩენზე კომენტარი, მან ვერ გააკეთა. თუმცა, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრალდებულის მიმართ კვლავ ძალაშია ძველი ბრალდება, ყალბი ფულის გადატანასთან დაკავშირებით. ჯანმრთელობის მხრივ კი პატიმრის მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალურია.

რატომ ადევს ჩარაევას საქმეს გრიფი „საიდუმლო“, ჯერჯერობით, გაურკვეველია. სამაგიეროდ ცნობილია ახალგორელი მოსახლეობის აზრი ჩარაევას დაჭერასათან დაკავშირებით. 

თამარ მეარაყიშვილი, ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექოტრი: „ხათუნა ჩვენი მეზობელია. 23 წელია, მას ვიცნობთ, ჩვენს გვერდით ცხოვრობს. მეზობლებში კარგი ურთიერთობის გარდა, სხვა არაფერი ჰქონია. ძალიან მშრომელი გოგოა. მარტო უძღვებოდა საქონლის მოვლას. ძირითადად სოფლის მეურნეობით ირჩენდა თავს. სამი შვილი ჰყავს. დაიჭირეს თუ არა, იმ წუთასვე გაჩნდა ეჭვი, რომ ყალბი ფულის ბრალდება შეთითხნილია. ვის უნდა მიეცა მისთვის ამდენი ფული?! ეს სრულიად წარმოუდგენელია! რომ ეთქვათ, 300-400 ევრო ან დოლარი, კიდევ შეიძლებოდა დაჯერება, მაგრამ 30 000 დოლარი?! თუკი ეს მართალია, საინტერესოა, ვინ მისცა და სად მიჰქონდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მოუწყეს. ყველა შოკში ვართ“.

მეარაყიშვილის თქმით, ახალგორის მოსახლეობა ჩარაევას დაკავების მთავარ მიზეზად მის ეროვნებას ასახელებს. დაკავების მიზეზი შესაძლებელია ისიც ყოფილიყო, რომ ჩარაევას შვილები უმაღლეს განათლებას ცხინვალის უმაღლეს სასწავლებელში იღებენ.

თამარ მეარაყიშვილი: „არ შეიძლება, ეროვნებისა და საცხოვრებელი ადგილის გამო ადამიანებს ასე სასტიკად სჯიდნენ. აქურები სულ მასზე ვსაუბრობთ. ყველა იმას კითხულობს, რამე ხომ არ გაგიგიათ ხათუნასიო. ოჯახმა დაკავებულის შესახებ საერთოდ არაფერი იცის. როგორც მისმა შვილებმა მითხრეს, საქართველოს სპეცსამსახურების წარმოადგენლები მათ ეკითხებოდნენ: „თქვენ ცხინვალში სწავლობთ, არა?“ ხათუნას ბავშვებმა ცხინვალის უმაღლესი სასწავლებელი იმიტომ აირჩიეს, აქ, ახალგორში, მესამე ნაციონალური სკოლა დაამთავრეს ოსურ ენაზე. მხოლოდ ამ ნიშნით აირჩიეს, თორემ ცხინვალში არც სახლი აქვთ, არ ნათესაობა ჰყავთ. გარდა ამისა, ცხინვალის უმაღლეს სასწავლებელში მოწყობა უფრო იოლია, ვიდრე თბილისში. ესეც რომ არა, ეს ბავშვები იქ აგვისტოს ომამდე ჩაირიცხნენ.

როგორც ჩანს, ვიღაც რომ ცხინვალში სწავლობს, ეს ამ ხელისუფლებისთვის პრობლემაა. ისედაც ბევრისგან მსმენია, რომ ქართული მხარე საყვედურობს აქაურ ქალებს, შვილებს ცხინვალში რატომ ასწავლით, იქ ვისთან არიან და რატომ აქეთ არ არიანო. სწორედ, ასეთი პრობლემების გამო ხათუნას გოგო ახალგორიდან აღარ გადის, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ქართული მხარე მას არასასიამოვნო შეკითხვებით აწუხებს. ის ამჟამად სრულიად დაუცველია და, ბუნებრივია, რაღაც გართულებები რომ არ შეექმნას, ურჩევნია, ახალგორიდან ფეხი არ მოიცვალოს. ხათუნას ბიჭები ცხინვალში რაღაც საბუღალტრო ფაკულტეტებზე სწავლობენ. იურიდიული ან რამე ასეთი ფაკულტეი რომ იყოს, კიდევ შეიძლება რამე იფიქრო მათზე... ვერ ვხვდებით, სხვა რა მიზეზი ჰქონდათ, რატომ დააკავეს ხათუნა? ეს გოგო ხშირდა მოსულა ჩვენთან 20 ლარის სასესხებლად და ასე უცებ 30 000 ყალბი დოლარის მფლობელი გახდა?!“

ხათუნა ჩარავეას დაპატიმრებას უსამართლობად მიიჩნევს ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ალექსანდრე (პაკო) ბარათაშვილი: „ეს პიროვნება ძალიან კარგი, პატიოსანი და მშრომელი ადამიანია. წარმოუდგენელია, მას რამე შეხება ჰქონოდა ყალბ დოლარებთან. ამ ადამიანის პატიოსნებაზე თავსაც დავდებ. მე ვფიქრობ, ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია, რომელიც ქართულმა სპეცსამსახურებმა ჩარაევას მოუწყვეს“.

ახალი ამბები