კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყვარელს ცოცხლად დამარხვის საფრთხე ემუქრება

11 მარტი, 2010

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ყვარელში, დურუჯის ხეობაში ეკოლოგიური კატასტროფაა მოსალოდნელი. სპეციალისტების თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა. ისინი კატასტროფას წლების განმავლობაში წინასწარმეტყველებენ, მაგრამ მათ პროგნოზს ყურს არავინ უგდებს.

„1990 წლის შემდეგ მდინარე დურუჯის კალაპოტი არ გაწმენდილა. მანამდე აქ ყოველდღიურად 6-7 ექსკავატორი მუშაობდა, ჩამონატანს წმენდდნენ და ზემოთ, სანაპირო დამბაზე ყრიდნენ. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩამონატანი დაგროვდა და დამცავი გაბიონები მთლიანად დამარხა. ამ დროისთვის მდინარე დურუჯი ყვარლის დასახლებულ ტერიტორიაზე მაღლაა. პატარა წყალდიდობის შემთხვევაშიც კი მოსალოდნელია, მდინარემ დაზიანებული ნაპირი გაარღვიოს და ყვარელი წალეკოს, მოსახლეობა ცოცხლად დამარხოს“, - აცხადებს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ საკანდელიძე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროების და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსის, ემილ წერეთელის თქმით, მდგომარეობა ძალიან მძიმეა და სასწრაფოდ არის შესასწავლი.

„კონკრეტული წერტილებია დასადგენი, სად უნდა ჩატარდეს სამუშაოები დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მდინარემ შესაძლოა, ყვარელი მთლიანად წალეკოს“, - ამბობს ემილ წერეთელი.

დურუჯმა ყვარელი პირველად 1832 წელს დაანგრია. მომდევნო ტრაგედია 1904 წელს დატრიალდა - ღვარცოფმა და მდინარის მიერ ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა მთელი ქალაქი წალეკა და სახლებიდან აკვნიანი ბავშვები გაიტაცა. 1906 წელს, დურუჯიზე  ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დამცავი დამბები აშენდა, რაც ქალაქს 1949 წლამდე იცავდა. 1949 წელს მოვარდნილმა დურუჯმა მთელი საჭოთა კავშირი შეძრა. ღვარცოფი თავს დაატყდა ე.წ. „კაზარმას“, რომელშიც ბერლინის აღებაში მონაწილე სამხედრო საავიაციო ნაწილი იყო განლაგებული. სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში სტიქიამ 56 ადამიანის, მათ შორის 54 პილოტის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპა დიდძალი პირუტყვი, გაჩანაგდა მიმდებარე ვენახები და ბაღ - ბოსტნები.

როგორც  გავარკვიეთ, მდინარე დურუჯისგან გამოწვეული პრობლემებით  მოსალოდნელი  კატასტროფის  შემთხვევაში, ყვარელში ხალხის ევაკუაციის გეგმა არ არსებობს. 

„ჩამონატანით  სავსე მდინარის კალაპოტი საფრთხეს ნამდვილად ქმნის, თუმცა მდგომარეობა არც იმდენად საგანგაშოა, რომ ხალხის ევაკუაციის გეგმა არსებობდეს“, - ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის მოადგილე არჩილ ნიჟარაძე.

წლების წინ  მდინარე დურუჯის ზედა წერტილზე გახსნილი იყო საქართველოს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კახეთის სამხარეო შტაბის საგუშაგო, საიდანაც, ხიფათის შემთხვევაში, ხალხის დროული ინფორმირება უნდა მომხდარიყო. 

გარემოსდამცველების  ინფორმაციით, უკვე 20 წელია, რაც მდინარე დურუჯის  კალაპოტი არ იწმინდება. „მდინარეს  ყოველწლიურად 500 ათასი კუბური მეტრი ნატანი ჩამოაქვს, რის  გამოც კალაპოტი სულ უფრო მაღლა იწევს. თელავის გზაზე  არის 20 წლის წინ აგებული  ხიდი, რომლის თავდაპირველი სიმაღლე 10 მეტრი იყო. ამჟამად მდინარის ტალღები ლამის ხიდს ურტყამს. მდინარის ირგვლივ ზვინულის მოცულობა დაახლოებით 12 მილიონ კუბურ მეტრს, ფაქტობრივად, პატარა მთას შეადგენს. ეს მთა ყვარელს წალეკვისგან იცავს, მაგრამ ძლიერი წყალმოვარდნის პერიოდში, შესაძლებელია ყვარლისკენ დაიძრას და ქალაქს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს“, - აღნიშნა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროექტის კოორდინატორმა, რეზო გეთიაშვილმა.  

გეოლოგები და საშენი მასალების სპეციალისტები, საქართველოს მთავრობას, ყვარელში, დურუჯის რისკის შესამცირებლად სპეციალურ პროექტს სთავაზობენ.

ოთარ სამხარაული, გეოლოგი: „მდინარის მიერ ჩამოტანილი სელური ნაკადი კერამზიტის წარმოებისთვის საუკეთესო ნედლეულს წარმოადგენს. კერამზიტი მსუბუქი მასალაა, რომლისგანაც მაღალი ხარისხის სამშენებლო ბლოკს ამზადებენ. ამასთან, ცემენტის ტექნოლოგიურ ციკლში საჭირო კომპონენტებზე აქაური სელური ნაკადის დამატებით მიიღება უმაღლესი ხარისხის 500 - მარკიანი ე.წ. „პორტალცემენტი“. უფასო ნედლეულის პირობებში ამ პროექტის კომერციულობა არანაირ ეჭვს არ იწვევს. მოგება იმხელა იქნება, რომ ქარხანა ხარჯს სულ რაღაც 2 წელიწადში აანაზღაურებს“.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ანზორ საკანდელიძის თქმით, მეცნიერებს ამ საკითხის სამეცნიერო - პრაქტიკული შესწავლა დასრულებული აქვთ და მზად არიან სერიული წარმოებისათვის: „ამისათვის აუცილებელია ერთი საცდელ - საწარმოო ღუმელის აშენება და სახერხი მოწყობილობების შეძენა, რაც დაახლოებით 50 000 დოლარი ჯდება. აი, ამ თანხის მოპოვება ვერანაირად ვერ შევძელით, რის გამოც მიუტევებლად ჭიანურდება მართლაც უნიკალური პროექტის პრაქტიკული რეალიზაცია, რაც კომპლექსურად მოაგვარებდა საქართველოში ბევრ საჭირბოროტო და გადაუდებელ პრობლემას“.

ახალი ამბები