კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალაქში, სადაც უამრავი პრობლემაა, საახალწლო სამზადისი აგვისტოდან დაიწყება

11 მარტი, 2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

2010 წლის ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც შარშანდელისგან რადიკალურად განსხვავდება, დამტკიცებისთანავე იქცა განსჯისა და კრიტიკის საგნად. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ იგი არასერიოზულ ვითარებაში, ყოველგვარი  განხილვის გარეშე დაამტკიცა. ბრალდებას არასამთავრობო სექტორიც ადასტურებს.

„ბიუჯეტში უამრავი ხარვეზია, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რა ვითარებაში  დაამტკიცეს იგი. ყოველი ლარი ამ ბიუჯეტში არასწორადაა დაგეგმილი, რაც, თავისთავად იწვევს იმ შედეგს, რომ მასში ცვლილებები ყოველდღე შექავთ. არ შეიძლება, ბიუჯეტში ცვლილებები გამუდმებით შედიოდეს, მაგრამ ეს არავის ესმის. არც უნდათ, ესმოდეთ“, - აცხადებს იმერეთის რეგიონის სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხელაძე.

ბიუჯეტში ცვლილებებს მიეძღვნა საკრებულოს სხდომა, რომელიც გასულ კვირას ქუთაისში გაიმართა. ადგილობრივი სათათბიროს გადაწყვეტილებით, ქუთაისის მერიის აპარატს კაპიტალური ხარჯისთვის 38 000 ლარი დაემატა. იმავე სხდომაზე საუბარი იყო ბიუჯეტიდან 715 000 ლარის გამოყოფაზეც, რომელიც ქალაქში ერთ-ერთი ქუჩის რეაბილიტაციისთვის უნდა დაიხარჯოს. 

ადგილობრივ ბიუჯეტთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრებსაც. პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტი „ტაშ-ფანდურის“ ფონზე მიიღეს, რაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გაუმართლებელი საქციელია. რესპუბლიკელები ფიქრობენ, რომ ბიუჯეტი ქალაქში არსებული რეალობის არაადეკვატურია და ვერ ასრულებს მის პირდაპირ დანიშნულებას - ემსახუროს ხალხს.

 „არსებობს საკითხები, რომლებიც ზოგადი მდგომარეობის მიუხედავად, კვლავ აქტუალურია და წინა პლანზეა წამოწეული. მიმდინარე წლის ბიუჯეტი, მართალია,  შარშანდელისგან რადიკალურად განსხვავდება და შემცირებულიცაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამით არაფერი იცვლება. შარშანდელ ბიუჯეტში  მერიისა და საკრებულოს ჩინოვნიკების პრემია შეადგენდა 646 600 ლარს, საკრებულოს თანამდებობის პირთა სახელფასო დანამატი - 33 5000 ლარს, მერიის შენობის რემონტისთვის გამოყოფილი თანხა 250 000 ლარს, საკრებულოსა და მერიის ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯი კი - 199 200 ლარს. უკვე ნათელი ხდება, რომ წელსაც თითქმის არაფერი შეიცვლება მაშინ, როცა ქალაქში უამრავი საკითხია გადასაჭრელი“, - ამბობს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე.

ექსპერტთა განმარტებით, წლევანდელი ბიუჯეტი (როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური) პოსტკრიზისული ბიუჯეტია და მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თუმცა, რეალობას ნაკლებად ასახავს. მიზეზად მისი არაადეკვატურ ვითარებაში დამტკიცება სახელდება. 

პაატა კლდიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი: „შესაძლოა, ეს იმ მდგომარეობამ განაპირობა, რასაც ქალაქში ხელისუფლების ცვლილება ჰქვია. გასული, 2009 წლის ბიუჯეტის მიღებაში ჩვენ აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას, რაც წელს, სამწუხაროდ, აღარ გამეორებულა. ვფიქრობ, ეს ხელისუფლების ცვლილების გამო მოხდა. ქალაქის ხელმძღვანელობა სწორედ ბიუჯეტის მიღების პროცესის დროს  შეიცვალა. ქუთაისის მერი სულ რაღაც რამდენიმე დღის მოსული იყო და ამ საქმეში ჩახედული ვერ იქნებოდა“.

ადგილობრივი ბიუჯეტის შემცირება (იგი წელს 26 800 000 ლარს შეადგენს) ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური დახმარებების შემცირებითაა გამოწვეული. ბიუჯეტისგან განსხვავებით, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სარეზერვო ფონდი (შარშან 200 000 ლარი იყო, წელს კი, 500 000 ლარია),  რაც როგორც ოპოზიციური პარტიების, ისევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების პროტესტს იწვევს.

მათი განმარტებით, პრიორიტეტული საკითხები უკანა პლანზეა გადაწეული მაშინ, როცა საახალწლო ღონისძიებების შესრულება ბიუჯეტში ხუთ თვეზეა გაწერილი და ამ საქმისთვის 100 000 ლარია გამოყოფილი. რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს, რომ ქალაქში, სადაც უამრავი პრობლემაა, მთავრობა საახალწლო სამზადისს აგვისტოდან იწყებს.

ახალი ამბები