კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბოდიში - საინფორმაციო ტერორის გამო

16 მარტი, 2010

გელა მთივლიშვილი

13 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გადაცემა „სპეციალურ რეპორტაჟში“ „მოდელირებული ქრონიკის“ ჩვენებამ საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი კონფლიქტის ზონაში ხალხმა საცხოვრებელი სახლები დატოვა, მოსახლეობის ნაწილი ტყეში გაიხიზნა. რიგები იყო ბენზინგასამართ სადგურებთან და სასურსათო მაღაზიებში. კატასტროფულად გახშირებული გამოძახებების გამო სასწრაფო სამედიცინო სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

„სპეციალურ რეპორტაჟში“ იტყობინებოდნენ, რომ თითქოს სამხრეთ ოსეთის ლიდერის, ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ განხორციელდა ტერაქტი, რის შემდეგაც რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ტელეკომპანიამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაღუპვის და ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით ახალი ეროვნული მთავრობის შექმნის შესახებ ცნობები გაავრცელა.
გადაცემის მსვლელობისას ტელეკომპანიამ მაყურებელი სათანადოდ არ გააფრთხილა იმის შესახებ, რომ გადაცემაში 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები იქნებოდა ისე წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა. ტელეკომპანია „იმედის“ იმიტირებული გადაცემის ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.

„გადაცემის დამთავრებას არ დაველოდეთ. ბავშვებს ხელი დავავლეთ და ქუჩაში გავვარდით. ხალხი მთისკენ გარბოდა და ჩვენც გავყევით. რამდენიმე საათი ტყეში ვიყავით. შიშისაგან, ცეცხლიც კი ვერ დავანთეთ. დაახლოებით 2 – 3 საათის შემდეგ ახლობელს დავურეკეთ თბილისში და გვითხრა, რომ ყველაფერი ტყუილი ყოფილა“, - ამბობს პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები თინა მარგოშვილი.

„ისეთი შიში გადავიტანეთ, ლაპარაკიც კი არ შემიძლია. ეგ რა იყო? რადიო „იმედიც“ იგივეს უშვებდა, რასაც ტელევიზია და სულ გავგიჟდით. ხალხის ასეთი დაშინება როგორ შეიძლება? ტელევიზორი რომ ჩავრთე, გადაცემა დაწყებული იყო. რამდენიმე წუთი ვუსმინეთ და შუქი გაითიშა. ლამის გავგიჟდით. ვერც მობილურით და ვერც „ტელეკომის“ უკაბელო ტელეფონით ვერსად ვრეკავდით, ქსელი გადატვირთულიაო. რა უნდა გვექნა? პენსიიდან მქონდა 37 ლარი შემორჩენილი, ავიღე, პარკში ბოთლებით წყალი და რამდენიმე პური ჩავალაგე და გავიქეცით სოფლის გარეთ. სახლში გამთენიისას დავბრუნდით. რავიცი, ბომბების და სროლის ხმა არ ისმოდა. ყველაზე მეტად იმიტომ შეგვეშინდა, რომ სოფელთან ახლოს რუსების ყოფილი სამხედრო აეროდრომია. აგვისტოს ომის დროს აქაც ააფეთქეს რაღაცეები და ვიფიქრეთ არ დაგვმბომბონო“, - აღნიშნავს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში მცხოვრები თამარ წითელაური.

პანიკა იმდენად ძლიერი იყო, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ იმიტირებული „ქრონიკის“ გამო მოსახლეობას ბოდიში გადაცემის დასრულებამდე მოუხადა. როგორც ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იმიტირებული გადაცემის მომზადების მიზანი რუსეთის აგრესიული გეგმისთვის ხელის შეშლა იყო.

კახეთში პანიკა შეიმჩნეოდა დილითაც. სასურსათო მაღაზიებში და ბანკომატებთან უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. გადატვირთული იყო მოძრაობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით. ისნის ავტოსადგურიდან მიკროავტობუსები თელავის, ლაგოდეხის, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მიმართულებით, 30 წუთის ნაცვლად, ყოველ 15 წუთში ერთხელ გადიოდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების ინფორმაციით, გამოძახებებმა მოიმატა, თუმცა შეუმჩნევლად.

09:00 საათიდან 12:00 საათამდე რიგები იყო აფთიაქებში. როგორც „ავერსის“ აფთიაქების ფარმაცევტებმა გვითხრეს, მოსახლეობამ ძირითადად წნევის დამწევი, საგულე და დამამშვიდებელი მედიკამენტები შეიძინა.

ია ანთაძე: „ეს სცენარი იყო იმისთვის, რომ ჩვენ შოკი მიგვეღო. ამის მსგავსი არაფერი მინახავს“

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი და მედიაექსპერტი ია ანთაძე, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით, 13 მარტს, მოდელირებულ „ქრონიკაში“ გასულ ინფორმაციებს არაეთიკურს და უკანონოს უწოდებს. „ეს სცენარი იყო იმისთვის, რომ ჩვენ შოკი მიგვეღო“, - აცხადებს ია ანთაძე.

„აბსოლუტურად გაუმართლებელი და მიუღებელია ეთიკის კუთხით იმიტომ, რომ ტელევიზია არის ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში, ტელევიზია არ ფიქრობდა ადამიანებზე. უამრავი ადამიანი არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც, არის პანიკაში და ჩვენ ინტერნეტის საშუალებით ვაწყნარებთ მათ, რომ ეს ყველაფერი არის იმიტირებული და არავითარ კავშირში არ არის სიმართლესთან. ადამიანებს ჰქონდათ შოკი. ამასთან, მე მიმაჩნია, რომ გადაცემა იყო უკანონო. არავითარ შემთხვევაში ტელევიზიას არ ჰქონდა უფლება ასეთი ზიანი მიეყენებინა ადამიანებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ყოველმხრივ ამაზრზენი სიუჟეტი. ამის მსგავსი არაფერი მინახავს“, - აღნიშნავს ია ანთაძე.

მისივე თქმით, არ შეიძლება აპოკალიფსში წარმოიდგინო თავი, გული გაგისკდეს და მერე გითხრან, რომ ეს ყველაფერი თამაში იყო. „მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები შეიტანენ სარჩელს ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ და მოითხოვენ მორალურ ანაზღაურებას, ეს შეიძლება მივიდეს ისეთ თანხამდე, რომელიც კომპანიის გაკოტრებას გამოიწვევს“, - დასძენს ანთაძე.

ლაშა ტუღუში: „ფილმმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასულმა ფილმმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ მათ ასეთი ფანტაზიები ექნებოდათ. იმდენად შემზარავი კადრები იყო გამოყენებული, რომ სტუდიაში მყოფი სააკაშვილის მხარდამჭერებიც კი გაღიზიანდნენ. ისინიც კი ამბობდნენ, რომ ჯართან დაკავშირებით ამგვარი ინფორმაციის გავრცელება არ შეიძლებოდა. საერთოდ, წარმოდგენა არ მქონდა, რომ ამ თემაზე იქნებოდა საუბარი. მე როცა მიმიწვიეს, მითხრეს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე უნდა გვემსჯელა. ჩემთვის ეს ფილმი და მასში მოცემული მასალა აბსოლუტურად მოულოდნელი და მიუღებელი იყო“, - აღნიშნავს ლაშა ტუღუში.

ნინია კაკაბაძე: „გიორგი არველაძე დაავადებული ადამიანია და მისი დაავადება უნდა დავადგინოთ“

ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის თქმით, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებს ნათია კობერიძეს და ეკა წამალაშვილს ჟურნალისტური საქმიანობის უფლება უნდა ჩამოერთვათ. მისივე თქმით, ტელეიმედის გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე დაავადებული ადამიანია.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა იცოდნენ რა სპექტაკლიც იდგმებოდა. ქირქილით უყურებდნენ ამ ყველაფერს და არავის არ მოაგონდა ჩვეულებრივი მოკვდავები, როგორებიც ჩვენ ვართ. სიუჟეტი უკვე დაწყებული იყო, როცა ტელევიზორი ჩავრთე და საშინელი სტრესი მივიღე. ამაზე პასუხისმგებლები არიან ნათია კობერიძე, რომელსაც მიჰყავდა ეს გადაცემა. ასევე, ეკა წამალაშვილი, რომელიც ამაყობს იმით, რომ 10 წლის განმავლობაში რადიო „თავისუფლებაში“ მუშაობდა და ამაყობს, რომ იყო ყველაზე მიუკერძოებელი და ობიექტური ჟურნალისტი. ეს ადამიანი არათუ ჟურნალისტია, მას  არავითარი მორალური უფლება არ აქვს კიდევ ერთხელ მოგვმართოს ჩვენ და რამე გააკეთოს ჟურნალისტიკაში. მე ვფიქრობ და ძალიან მინდა, თუკი არსებობს სამართლებრივად ამის საშუალება, რომ ამ ადამიანებს ჩამოერთვათ ჟურნალისტური საქმიანობის უფლება. არავითარ შემთხვევაში ეკა წამალაშვილს და ნათია კობერიძეს არ აქვთ უფლება გააგრძელონ მუშაობა როგორც ჟურნალისტებმა. მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. რაც შეეხება არხის ხელმძღვანელს, გიორგი არველაძეს, ეს არის დაავადებული ადამიანი, რომლის დაავადებაც უნდა დავადგინოთ“, - განაცხადა ნინია კაკაბაძემ რადიო „უცნობის“ ეთერში.

ზვიად ქორიძე: კომისიამ „იმედისთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხი უნდა განიხილოს

მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის თქმით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასული „მოდელირებული ქრონიკა“ კრიმინალია და მასზე რეაგირება მხოლოდ განცხადების გაკეთებით არ უნდა ამოიწუროს.

„პირველ რიგში სოლიდარობას ვუცხადებ ლაშა ტუღუშს, რომელიც დიდ გაუგებრობაში მოხვდა. ეს არ იყო იმიტაცია, ეს მათ გადაწყვიტეს, რომ ამისთვის იმიტაცია ეწოდებინათ. ეს არის ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას მიაწოდეს. სერიოზული კრიმინალია. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა მხოლოდ განცხადებით უნდა ამოიწუროს საქმე. კომუნიკაციების კომისიამ „იმედისთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხი უნდა განიხილოს. დადგა ის დრო, როცა უნდა გაირკვეს, ვინ არიან მაუწყებლების რეალური მფლობელები, კონკრეტული სახელი და გვარები უნდა ვიცოდეთ, მათი წილობრივი მონაწილეობა და ა.შ. ეს მასალა არ არის მოფიქრებული ერთი პროდუსერის მიერ. ეს არის იმ ფინანსური ჯგუფის ნამუშევარი, ვინც ტელევიზიას მართავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების რეაქცია გაცილებით მწვავე იქნება დღეს, ხვალ და ეს არ უნდა გაჩერდეს“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

დავით გამყრელიძე: „ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას საინფორმაციო ტერორს უწყობს“

„ალიანსი საქართველოსთვის“ კატეგორიულად გმობს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით, 13 მარტს, მოდელირებული „ქრონიკის“ ჩვენებას და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან რეაგირებას ითხოვს. როგორც საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, „ალიანსი საქართველოსთვის“ „მოდელირებული ქრონიკის“ მომზადებასა და მის შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„საქართველოს მოსახლეობაში ამ გადაცემამ უმძიმესი სტრესი გამოიწვია და შოკისმომგვრელი ზემოქმედება მოახდინა. აღნიშნული გადაცემის მომზადებასა და მის შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც პრაქტიკულად მთელი სატელევიზიო სივრცის მონოპოლიზაცია განახორციელა და ამ გზით საკუთარ მოსახლეობას ინფორმაციულ ტერორს უწყობს. ეს მანიაკალური იმიტაცია მიზნად ისახავდა ხალხის  დაშინებასა და დაშანტაჟებას. ხელისუფლების ყოვლად უპასუხისმგებლო ქმედებამ 2008 წლის აგვისტოს ომისგან ისედაც ტრავმირებულ ადამიანებში მასობრივი პანიკა და მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი გამოიწვია“, - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

„კარგა ხანია სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების ხელში ტელევიზია დეზინფორმაციის წყაროდ და სიცოცხლისათვის საშიშ პროპაგანდისტულ იარაღად გადაიქცა. არჩევნების წინ ხელოვნური ისტერიის მოწყობა სააკაშვილის ჩვეული ხელწერაა. გიგი უგულავას სავარძელსა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალაუფლების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი არ უნდა ეწირებოდეს“, - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

„ალიანსი საქართველოსთვის“ მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დოპლომატიურ მისიებს, ხელისუფლების ქმედებას სათანადო შეფასება მისცენ. გამყრელიძის თქმით, აღნიშნული ფაქტი უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობით უახლოეს პერიოდში შეიქმნას ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სატელევიზიო არხების მონიტორინგის სპეციალური ჯგუფი.

დავით დარჩიაშვილი: „მოდელირებული „ქრონიკა“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი არ არის“

პარლამენტის წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ, 13 მარტს, მოდელირებული „ქრონიკის“ გაშვებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არის.

„მე არ მინდა ცეცხლზე ნავთი დავასხათ და ვილაპარაკოთ ამაზე გამუდმებით. სიტუაცია უნდა დაწყნარდეს. ერთი არის შინაარსი, რომ რუსეთიდან საფრთხე მოდის, მეორე გამოხატვის ფორმა, რომელმაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია. მეც ეზოში მომიწია გამოსვლა და ხალხის დაწყნარება. თავიდან მეც დავუწყე რეკვა ჩემს ოჯახის წევრებს ვინ სად იყო. სისხსლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი მართლა არ არის აქ. ეს არის ძალიან უნიჭო ხუმრობა, სიბრიყვე, რომლითაც ვერ გათვალეს რა მოხდებოდა“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

თამარ კორძაია: კომუნიკაციების კომისიამ „იმედს“ სანქცია უნდა დააკისროს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თამარ კორძაიას განცხადებით, 13 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ მასალასთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უნდა იმსჯელოს და დამრღვევს სანქცია დააკისროს.

„მაუწყებლობის შესახებ კანონით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას აქვს უფლებამოსილება, გააკონტროლოს, განიხილოს და დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის სანქცირება მოახდინოს. ოთხი სახის სანქცია არსებობს: გაფრთხილება, დაჯარიმება, ლიცენზიის შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება. სანქციები გამოიყენება იმის მიხედვით, თუ რამდენად მძიმე ქმედება აქვს ჩადენილი ლიცენზიის მფლობელს, ამ შემთხვევაში „იმედს“. თუ კომისია „იმედს“ ლიცენზიას გაუუქმებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანიას მაუწყებლობის უფლება ჩამოერთმევა და ვეღარ იმაუწყებლებს. არა მგონია სანქციის ეს სახე იქნეს გამოყენებული, თუმცა კომისიაში მოთხოვნა შეიძლება დადგეს, რადგან როგორც საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, საკმაოდ მძიმე შედეგები მივიღეთ. საბოლოო ჯამში ამაზე გადაწყვეტილება კომისიამ უნდა მიიღოს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ჟურნალისტებმა კომისიას შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანა სთხოვეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლი ჩიქოვანს ჟურნალისტები „იმიტირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანას სთხოვენ.

ჟურნლასტთა ჯგუფის მიმართვის მიხედვით, ტელეკომპანია “იმედის” 13 მარტის   სიუჟეტით დარღვეულია მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის 13 მუხლის რამოდენიმე პუნქტი, კერძოდ აღნიშნული მუხლის პირველი, მეორე, მეოთხე და მეხუთე პუნქტები.

1.  მაუწყებელი ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს და ფაქტების სიზუსტე.

2. მაუწყებელი ვალდებულია, მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ამ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

4. სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდებისას, მაუწყებელმა უნდა  მიუთითოს ინფორმაციის   წყარო.  განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ჯანდაცვის,  დანაშაულისა და ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმისათვის, რომ არ გამოიწვიოს ზედმეტი შეშფოთება საზოგადოებაში.

5.   აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების  გამოყენებისგან ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო  რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული.

მიმართვას ხელს აწერენ ჟურნალისტები: ბესო კურტანიძე, ელისო ჩაფიძე, ნინო ზურიაშვილი, ირაკლი კორძაია, საბა წიწიკაშვილი, ანი მიროტაძე, ანა გოჩაშვილი, ნინო ბექიშვილი, რომან ქევხიშვილი, ნათია მიქიაშვილი, ეკა ვეფხვაძე, თეონა გეგელია, ნინო ჯაფარიძე და თემურ ჭუმბურიძე.

მარეგულირებელი კომისიის ლმობიერი ვერდიქტი

საზოგადოების მკაცრი შეფასებების მიუხედავად, კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „იმედს“ მხოლოდ საჯაროდ ბოდიშის მოხდა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება კომისიამ 15 მარტს საგანგებო სხდომაზე მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილებით, 13 მარტს, ტელეკომპანიის ეთერში გასული მოდელირებული „ქრონიკის“ გამო „იმედმა“ სპეციალური დეკლარაცია უნდა გამოაქვეყნოს, რომელშიც აღიარებს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს და ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის.

კომისიის სამართლებრივი რეგულირების უფროსის კახი ყურაშვილის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება თანაზომადი და პროპორციულია.

დეკლარაცია „იმედმა“ 5 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს.

ახალი ამბები