კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„იმედი“ ბოლოს, მაგრამ მაინც კვდება - მოდელირებული „ ქრონიკის“ შეფასებები

17 მარტი, 2010

თაკო ხუციშვილი

2008 წლის აგვისტოს ცხელი დღეების შემდეგ საზოგადოებაში ომის შიში კიდევ ერთხელ გამძაფრდა. მიზეზი კი 2010 წლის 13 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ე.წ. მოდელირებული „ქრონიკის“ გაშვება გახდა, სადაც საუბარი იყო რუსეთის მხრიდან ინტერვენციაზე და ომის მოულოდნელ განახლებაზე.

„ქრონიკის“ სიუჟეტმა საზოგადოების ნაწილი პანიკაში ჩააგდო, რადგან სიუჟეტს არ ჰქონდა გამაფრთხილებელი წარწერა, რომ იგი სინამდვილეს არ შეეფერებოდა. ტელეკომპანია „იმედთან“ ჯერ კიდევ „თოქ-შოუს“ დამთავრებამდე საპროტესტო აქცია გაიმართა. საზოგადოებამ პროტესტი მეორე დღესაც გამოხატა „ვარდების მოედანზე“.

იმიტირებულ „ქრონიკას“ პოლიტიკური ლიდერებისა და საზოგადოების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. ბევრმა ის ხელისუფლების მიერ დაკვეთილ სიუჟეტად აღიქვა, რომლის მთავარი მიზანი მოსახლეობის დაშინება იყო. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეტანასაც კი აპირებს.

„ალიანსი საქართველოსთვის“ კატეგორიულად გმობს იმიტირებულ ქრონიკას და მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. „კარგა ხანია, სააკაშვილის და მისი ხელისუფლების ხელში ტელევიზია დეზინფორმაციის წყაროდ და სიცოცხლისთვის საშიშ პროპაგანდისტულ იარაღად გადაიქცა. არჩევნების წინ ხელოვნური ისტერიების მოწყობა სააკაშვილის უკვე ჩვეული ხელწერაა. გიგი უგულავას სავარძელსა და ნაციონალური მოძრაობის ძალაუფლების შენარჩუნებას არ უნდა ეწირებოდეს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი“-ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

„იმედის“ სიუჟეტთან დაკავშირებით  ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსთან“ საუბრისას ნანა პატარკაციშვილმა „იმედის“ დროებით დახურვის აუცილებლობაზე ისაუბრა: „ამ გადაცემის დანიშნულება მხოლოდ ომის შიშის გამძაფრება არ იყო. ალბათ, „იმედის“ ლიცენზიაზეცაა ლაპარაკი.  ყველაფერი აქეთკენ მიდის. სხვათაშორის, ჩვენი ოჯახი ლიცენზიის ჩამორთმევის მომხრეა და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მფლობელის ვინაობის დადგენამდე „იმედი“ უნდა დაიხუროს“.

ტელეკომპანია „იმედის“ თემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო ქადაგებაში გამოეხმაურა. „მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, რომ ამ მოვლენებს ყურადღება მიაქციოს. არ შეიძლება, ტელევიზიის ესა თუ ის არხი  უკონტროლო იყოს. გუშინ ხალხმა ეს გადაცემა სინამდვილედ მიიღო. ღმერთმა დაგვიფაროს და ეს რომ მართლაც მოხდეს, ხალხი აღარ დაიჯერებს“... „შევთხოვოთ უფალს, რომ დავდგეთ სიმართლის, ჭეშმარიტების გზაზე“, - ბრძანა  პატრიარქმა.

იმიტირებულ „ქრონიკას“ სხვადასხვანაირი შეფასებები მოჰყვა სახელისუფლებო წრეებში. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ გამოგონილი სიუჟეტი რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს იყო. თუმცა ამასთანავე აღნიშნა, რომ ეკრანზე გამაფრთხილებელი ტიტრები აუცილებლად უნდა ყოფილიყო.

„ქრონიკის“მოდელირებული გამოშვება მოვლენების შესაძლო განვითარებასთან მაქსიმალურად ახლოს იყო. ეს მართლაც ძალიან არასასიამოვნო ფილმი იყო, მაგრამ მთავარი უსიამოვნება არის ის, რომ ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, თუ რა შეიძლება მოხდეს, ან რაც საქართველოს მტერს აქვს ჩაფიქრებული. ჩვენთვის მართლა ცუდი ფილმის ჩვენება 2008 წლის ზაფხულში დაიწყეს. გადაწყვიტეს, ჩვენთვის ეჩვენებინათ, როგორ ინგრევა საქართველო და ეგონათ, რომ ქართველი ხალხი აღმოჩნდებოდა მორჩილი მაყურებლის როლში და მშვიდად მიიღებდა ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ასე არ გამოვიდა და ქართველმა ხალხმა მათ ამ ფილმის ჩვენება შეაწყვეტინა“, - განაცხადა სააკაშვილმა 14 მარტს ბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბნის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

პრეზიდენტისგან განსხვავებით, დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან მკაცრად დაგმეს „იმედის“ ეთერით გასული სიუჟეტები.

„ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, რაც შეიძლება მეტი ბიზნესმენი ენდოს საქართველოს და ამ ფონზე რატომღაც ხდება პროპაგანდირება, რომ საქართველო არის ომის საფრთხის ქვეშ და ეს ომი პრაქტიკულად არის გარდაუვალი. ამის პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ნამდვილად არ აისახება დადებითად.

„არანაირი ხელისუფლების პროპაგანდის შედეგი ეს არ არის. ვინც ამაზე საუბრობს, ის ცდილობს, ამ ერთი სიუჟეტიდან საკუთარი პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს, ერთის მხრივ, და დააზიანოს ხელისუფლება, მეორეს მხრივ. სინადვილეში, ხელისუფლება კატეგორიულად წინააღმდეგია ასეთი რეპორტაჟების გაშვების და   ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ ასეთი სცენარი არ განვითარდეს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.

მართალია „იმედს“ ბოდიშის მოხდა დაეკისრა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია -  საზოგადოების ნაწილი  შესაძლო ომის ტრაგედიას დღემდე განიცდის.

ახალი ამბები