კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს - ადგილობრივი თვითმმართველობების რეკეტიორი

18 მარტი, 2010

საბა წიწიკაშვილი, გორი

პოლიცია ცენტრალური ბიუჯეტიდან საკმაოდ ინტენსიურად ფინანსდება. ამის მიუხედავად, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მისი „თანადაფინანსების“ მასშტაბი სულ უფრო იზრდება. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია - რისთვის სჭირდება დამატებითი „ადგილობრივი“ დაფინანსება პოლიციას და რაში დაიხარჯა ეს ფული ბოლო წლების (2008-2009 წლის) განმავლობაში.

ერთდროულად გამოვითხოვეთ გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებიდან ინფორმაცია შს სამმართველოებისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ. გამგეობის აპარატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს არ მოუმზადებია დეტალური ინფორმაცია საპასუხოდ. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დეტალურტად ინფორმაცია ქარელის მუნციპალიტეტის გამგეობამ მოგვაწოდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ინფორმაცია სრულყოფილია.

ქარელის გამგეობას 2010 წლის 4 თებერვალს მივმართეთ. პასუხი ფოსტით თებერვლის ბოლოს 25 რიცხვში მივიღეთ. ქარელის გამგეობამ გაცემული პასუხი 18 თებერვლით დაათარიღა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხიმგებელმა პირმა კანონით დადგენილი 10 დღის ვადაც დაარღვია.

ქარელის და ხაშურის გამგეობას საკმაოდ ვრცელი წერილი მივწერეთ და კონკრეტულად მოვითხოვეთ იმ თანხების დეტალური მონაცემები, რაც ოფიციალურ დოკუმენტებში ზოგადად წერია. ჩვენს მიერ გამგეობებში ჩაბარებულ წერილებში დეტალურად დავსვით კითხვები, თუ რას ნიშნავს ოფისის ხარჯები. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პოლიციის თანამშრომლებს ხელფასები, მანქანები, ბენზინი ან კიდევ სხვა საშუალებები მიეწოდებათ. გამგეობებმა პოლიციისთვის გაწერილი ,,არაფინანსური აქტივების“ ხარჯები არ გაშალეს, რის შედეგადაც ჩვენი კითხვები პრაქტიკულად უპასუხოდ დატოვეს.

ასე მაგალითად, ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ქარელის პოლიციისთვის 2008 წელს – 49 812 ლარი გაიხარჯა. აქედან 32 547 ლარი არაფინანსური აქტივებია. ამიტომ, ჩვენთვის უცნობი დარჩა, ეს 32 547 ლარი რაზე დაიხარჯა. დანარჩენი 17 264 ლარი ქარელის პოლიციის შიდა საქალაქო, საქალაქთაშორისო ტელეფონების, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და გათბობის მიზნით შეშის შეძენისთვის დაიხარჯა.

ქარელის მუნიციპალიტეტმა დაახლოებით იგივე თანხა - 49 965 ლარი 2009 წელსაც გაითვალისწინა. ოღონდ ამჯერად არაფინანსური აქტივები გაზარდა, რამაც 47 965 ლარი შეადგინა. სამაგიეროდ, მხოლოდ 2 000 ლარი მოახმარეს ტელეფონს, ბუნებრივი აირსა და ელექტროენერგიას. არსებობს ინფორმაცია, რომ არაფინანსურ აქტივებში პოლიციის განყოფილებები ავტომანქანებს და სხვა ტექნიკურ საშუალებებს იძენენ. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ეს ინფორმაცია საჯარო არ გახდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა როინ მახარობლიძემაც 2 წლის ინფორმაცია ნახევარ გვერდზე მოათავსა. ქარელის მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, ხაშურის გამგეობამ მოგვწერა როგორც ხარჯების დაზუსტებული გეგმა, ასევე მისი საკასო შესრულება. ამ მხრივ, გავარკვიეთ, რომ 2008 წლის მონაცემებით თუკი ხაშურის ბიუჯეტიდან ხაშურის პოლიციისთვის 122 200 ლარი იყო გათვალისწინებული, რეალურად ცოტა ნაკლები თანხა – 121 500 ლარი გახარჯეს.

რაც შეეხება ოფისის ხარჯებს, 2008 წელს ხაშურის გამგეობამ 14 500 ლარის ოფისის ხარჯები – სავარაუდოდ ელექტროენერგიის, აირის, საქალაქო თუ საერთაშორისო ტელეფონის მომსახურების თუ გათბობის ხარჯები გაიღეს. ხაშურის პოლიციამ თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო თანხა – 18 000 ლარი მიიღო. არაფინანსურმა აქტივებმა კი 89 700 ლარი შეადგინა. ხაშურის მაგალითზეც ვერ შევიტყვეთ, რას გულისხმობდნენ ხაშურში „არაფინანსურ აქტივებში“.

სამაგიეროდ, 2009 წელს ხაშურის ბიუჯეტიდან პოლიციის ხარჯები შემცირდა და დაზუსტებულმა გეგმამ 72 630 ლარი შეადგინა. რეალურად გაიხარჯა 200 ლარით ნაკლები თანხა. ხაშურიდან გვაცნობეს, რომ გასულ წელს პოლიციამ თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი ოფისის ხარჯებში გაწერა, რამაც 40 515 ლარი შეადგინა. ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-პატრონობამ მხოლოდ 1000 ლარი. არ დავიწყებიათ ,,არაფინანსური აქტივები“ - 31 115 ლარი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბუღალტერს ლელა მაჭარაშვილს ვთხოვეთ განემარტა, რას ნიშნავდა ,,არაფინანსური აქტივები“ პოლიციისთვის. მისი თქმით, ახალი კლასიფიკაციით, ეს 500 ლარს ზემოთ ღირებული ქონების, ძირითადი საშუალებების შეძენას გულისხმობს.

ჩვენს კითხვაზე, პოლიციისთვის ძირითად საშუალებებში ხომ არ იგულისხმება ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც, ხაშურის საფინანსო განყოფილებიდან დაგვიდასტურეს რომ მართლაც ამაში შედის ტრანსპორტის შეძენაც. ლელა მაჭარაშვილმა ასევე ისიც დაგვიზუსტა, რომ ოფისის ხარჯებში პოლიციის კომუნალური ხარჯებიც შედის.

წერილობით ასევე „სიტყვაძუნწი“ აღმოჩნდა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა. მათი ინფორმაციით, 2009 წელს შსს- დაქვემდებარებულ უწყებებისთვის რეალურად 189 582 ლარი, ხოლო 2010 წელს 126 805 ლარი გამოიყო. მაგალითად, 2008 წელს გორის პოლიციის ოფისის ხარჯები (ტელეფონები, გათბობა, ელექტროენერგია და სხვა კომუნალური გადასახადები) 25 200 ლარს შეადგენდა, 2009 წელს – 20 300 ლარს, წელს კი 70 000 ლარია გათვალისწინებული. ადგილობრივი პოლიციის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯები მხოლოდ 2008 წელს იყო გათვალისწინებული. შარშან და მიმდინარე წელს გორის პოლიციაში ამისთვის თანხებს აღარ მიიღებენ.

სამაგიეროდ, „არაფინანსური აქტივები“ გორის პოლიციისთვისაც მაღალია. 2008 წელს იყო 117 400 ლარი, 2009 წელს 170 700 ლარი, ხოლო 2010 წელს – 130 000 ლარს შეადგენს. „არაფინანსურ აქტივებზე“ კომენტარი გორის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსს ფრიდონ აფრიამაშვილსაც ვთხოვეთ. მანაც იგივე გვითხრა, რაც ხაშურის გამგეობის მთავარმა ბუღალტერმა: „ეს ახალი ტერმინია და ნიშნავს კაპიტალის შეძენას, ანუ 500 ლარის ზემოთ ღირებული ქონების შეძენას“.

ჩვენს კითხვაზე, შედის თუ არა ამ ფინანსურ აქტივებში ავტომანქანების შეძენა პოლიციისთვის, აფრიამაშვილმა გვიპასუხა: „რა თქმა უნდა“. თუმცა, გორის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან პოლიციისთვის შეძენილი მანქანების რაოდენობა ვერ გაიხსენა.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში შსს-სთვის 548 მლნ ლარია გამოყოფილი.

გორის მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსი კახა ტოლიაშვილი თვლის, რომ საომარი მოქმედებების შემდეგ პოლიციის სამმართველოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა კეთილი ნებაა და საჭირო.

თვითმმართველობის ბიუჯეტიდან შსს-ს დაქვემდებარებული უწყებების დაფინანსებას თავისებურ შეფასებს აძლევს ადგილობრივი ოპოზიცია. მაგალითად, გორის საკრებულოსი და ამავე დროს ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი თემურ აფხაზაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი პრაქტიკა საქართველოში ვანო მერაბიშვილის გამინისტრების შემდეგ დამკვიდრდა. იგი ამბობს, რომ ჯერ ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა მუხლებშიც ჩანს პოლიციის კვალი.
 
„გორის ბიუჯეტი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ფონდია. სამხარეო პოლიციის ახალი შენობის წინ სკვერის გასაკეთებლად 2009 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 128 200 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. მე დავინტერესდი, რა სკვერია ეგეთი? მართლაც ამ სკვერის გაკეთება 128 200 ათასი ლარი დაჯდა თუ არა, ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არანაირი სკვერი არ არის. რამდენიმე დღის წინ საფინანსო, საბიუჯეტო და საინვესტიციო კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელსაც დავესწარი. გამეცინა და ვუთხარი - გინამუსიათ და პოლიციის ხარჯები შეგიმცირებიათ-მეთქი? პოლიციის დაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან უკანონოა. პირდაპირ გეტყვით, ამ შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილი არის თვითმმართველობის რეკეტიორი. ეს არის პირდაპირი რეკეტი ან გარიგებულები არიან შსს-სთან, რომ სამინისტროში თვალს დახუჭავენ რაღაცაზე, ესენიც თავისუფლად შოულობენ ფულს და პოლიციასაც თავისი წილი მიაქვს. ეს არის ერთგვარი კორუფცია“, - ამბობს იგი.

სტატია მომზადდა  ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, ბრიტანულ- ქართული პროფესიული ქსელის (UGPN) მიერ განხორციელებული CSEPFM პროექტის ფარგლებში. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. სტატია არ წარმოადგენს ევროკავშირის ან ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელის პოზიციას.

ახალი ამბები