კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რატომ გამოაქვთ ყოველდღიურად ციხის საავადმყოფოდან ერთი მიცვალებული?!“ - ჩაკეტილი სისტემის უცნობი რეალობა

19 მარტი, 2010

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ქვემო ქართლში სამი სასჯელაღსრულების დაწესებულება ფუნქციონირებს: № 1, 2 და მე-6 საპყრობილე. ეს უკანასკნელი განახლებულ ციხეთა რიგს არ ეკუთვნის. ის ქვეყნის მთავრობამ თვითონ ააშენა. მის გახსნას არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ. შეფასება ყველას მხრიდან დადებითი იყო. ითქვა, რომ დაწესებულება ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

დღეს კი ამ საპყრობილედან  გამოგზავნილი პატიმრის წერილში ვკითხულობთ: „ჩვენ აქ, რა თქმა უნდა, ტყვიას არავინ გვესვრის, მაგრამ რა სხვაობაა ტყვიით მკვდარსა და ავიტამინოზით მკვდარს შორის?!“

ზემოთ ჩამოთვლილ საპატიმროებში პოლიტპატიმართა სიმრავლეცაა. იმ 50-კაციანი სიიდან, რომელიც ქართულმა არასამთავრობოებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მოიძიეს, 20-მდე პოლიტიკური შეხედულებისთვის დევნილი რუსთავის ციხეებშია.
 
ორი წლის წინ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელებმა რუსთავის მე-6 საპყრობილის კარცერში შიშველი პატიმრები ნახეს.  მაშინ მათ ბადრაგმა უთხრათ - დასცხათ და გაიხადესო. კარცერი დღესაც ციხეების მარადიული პრობლემაა.

„კარცერში არსებული მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც არაადამიანური. კარცერში, მისი ადგილმდებარეობის გამო, ტემპერატურა სიცხეში ძალიან მაღლა იწევს, დგება ფეკალური მასების სუნი, სიბინძურეა. არ ხდება ვენტილაცია და პატიმრებისთვის სუნთქვა თითქის შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ კარცერის შენობაში 2 საკანი განკუთვნილია მოშიმშილე მსჯავრდებულებისთვის“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2009 წლის ანგარიშში.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე რუსთავს ხშირად სტუმრობს, ათვალიერებს და აპიარებს „ევროპული სტანდარტის“ დაწესებულებას.

„მთელი ამათი ,,მოღვაწეობა’’ პიარზეა აგებული. დიდი ამბით გამოუკრიათ კედელზე პატიმართა მნახველებისთვის, ჩვენი კვების მენიუ. მისი შემხედვარეს ადამიანი პატიმრობას ინატრებს“, – წერს პოლიტპატიმარი ტელეკომპანია „მაესტროში“ „უცნობისთვის“ გაგზავნილ წერილში. პატიმარი  საზოგადოებას ეკითხება: „რატომ გამოაქვთ ყოველდღიურად ციხის საავადმყოფოდან ერთი მიცვალებული?!“

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი თავისი ოფიციალური ინფორმაციებით ძველ „ჩვენებებს“ აგრძელებს. „რუსთავის #2 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების კომპლექსში ოთხი საცხოვრებელი კორპუსი შედის. დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების დაცვითაა აგებული. 2006 წლიდან პატიმართა რესოციალიზაციისთვის სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. ამჟამად პატიმრები დაწესებულებაში კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს ეუფლებიან. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს  ეკლესია. ამჟამად მიმდინარეობს მისი მოხატვა“, – ასეთია დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაცია.

უცნაურია - იქ, სადაც ეკლესიებს აშენებენ, პატიმართა დასაქმებაზე „ზრუნავენ“, საკნების ვენტილაციაზე საუბრობენ და ა.შ - რაღატომ ითხოვენ პატიმრები ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმებას?!

„ხშირად იმიტომ გვესმის და ვკითხულობთ შემზარავ ისტორიებს სასაჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ ფაქტებზე, რომ არიან თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება და ფსიქიკური გადახრა ადამიანების მიმართ, მათ შორის - პატიმრების მიმართ ძალადობაზე, სადისტურ მოპყრობაზე, შეურაცხყოფასა და დამცირებაზე“, – წერს პოლიტპატიმარი რუსთავის ერთ-ერთი საპატიმროდან.

რუსთავის ციხეების ვიზუალური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად ყველამ ვიცით. ის კი, თუ რა ხდება მათ კედლებს შიგნით, ჯერაც არაა ბოლომდე ნათელი. ერთის მხრივ, ამ დაწესებულებებში სტომატოლოგიური მომსახურების კაბინეტების გახსნაზე გველაპარაკებიან, მეორეს მხრივ კი პატიმრების თქმით, ქართულ ციხეებში ავიწყდებათ, რომ ისინიც ადამიანები არიან.

ახალი ამბები