კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი საქართველოს დელეგაციას ესაუბრა

24 მარტი, 2010

გასულ კვირას ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ლუის მორენო-ოკამპო, რეგულარული კონსტულტაციების ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს შეხვდა. კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი სასამართლოს პროკურორის ოფისის წინასწარი მოკვლევის საგანი გახდა.

შეხვედრას, რომელიც 18 მარტს გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი და კანადაში არსებული მაქგილის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი პაიამ აკავანი, რომელიც საქართველოს მთავრობის იურისტ-კონსულტანტია. პროფესორი აკავანი 1994-2000 წლებში ყოფილი იუგოსლავიისა და რუანდის საკითხებში სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის პროკურატურის იურიდიული მრჩეველი იყო.  

აგვისტოს ომიდან ცოტა ხანში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა განაცხადა, რომ მისმა ოფისმა საქართველოში არსებული სიტუაციის შესწავლა დაიწყო.

რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო რომის სტატუტის ხელმომწერია; ამიტომაც, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება, შეისწავლოს და განიხილოს ის დანაშაულებები, რომლებიც მის მანდატში შედის და რომლებიც, შესაძლოა, მომხდარიყო საქართველოს ტერიტორიაზე.

სასამართლოს უფლებამოსილებაში შედის სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებებისა და გენოციდის შესაძლო შემთხვევების შესწავლა და განხილვა.

„პროკურორის ოფისი აფასებს ყველა იმ საკითხს, რომელიც მის იურისდიქციაში შედის და რომელიც უკავშირდება იმ შესაძლო შემთხვევების განსახილველად მიღებას, რასაც საქართველოში ჰქონდა ადგილი“, - ნათქვამია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 19 მარტს გავრცელებულ პრეს-რელიზში.

იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს დელეგაციამ შეხვედრაზე წარმოადგინა თბილისის შეხედულებები აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით, სამოქალაქო პირების იძულებითი გადაადგილების ჩათვლით.

როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აცხადებენ, საქართველოს დელეგაციამ პროკურორს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე იმ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც კონფლიქტის ყველა მხარის მიერ ჩადენილ მძიმე დარღვევებს უკავშირდება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის დაინტერესებულია, ითანამშრომლოს სასამართლოსთან და მზად არის, სასამართლოს პროკურორის ოფისს მიაწოდოს „ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოიპოვა 2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის დროს ჩადენილი სამართალდარღვევების გამოძიების პროცესში“.

პროკურორის ოფისის განცხადებით, მან პირველადი ინფორმაცია საქართველოსა და რუსეთის მთავრობებისგან ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოშივე მოითხოვა, რაზეც პასუხები ორივე მთავრობისგან მიიღო.

პროკურორმა ლუის მორენო-ოკამპომ განაცხადა, რომ ის მიესალმება საქართველოს მხრიდან თანამშრომლობას.

სასამართლოს თანახმად, რუსეთმა დღემდე პროკურორის ოფისს საქართველოსთან დაკავშირებით 3 817 შეტყობინება გაუგზავნა, რომელიც მოიცავს როგორც რუსეთის პოზიციას, ასევე პასუხებს პროკურორის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციებზე.

პროკურორის ოფისის წარმომადგენლები საქართველოს პირველად 2008 წლის ნოემბერში სტუმრობდნენ; მათი მომდევნო ვიზიტი, სავარაუდოდ, 2010 წლის ივნისში შედგება.

წყარო: სივილ ჯორჯია

ორიგინალი: http://civil.ge/geo/article.php?id=22508

ახალი ამბები