კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპულ სიღნაღში გადაადგილება სიცოცხლისთვის სახიფათოა

25 მარტი, 2010

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

 გიორგი ფაშალიშვილის „რეაბილიტირებულ სახლში“

წყალი ჩადის და გუბეები დგება

„სიღნაღი  მთელს ევროპაში ულამაზესი ქალაქია. ვერც ჩინელები, ვერც ამერიკელები  და თურქები ვერ  ააშენებენ ისე  სწრაფად, ხარისხიანად  და ენთუზიაზმით, როგორც ჩვენ“, - ეს განცხადება პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა  განახლებული სიღნაღის პომპეზურ პრეზენტაციაზე გააკეთა. ამ განცხადებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, სიღნაღში, რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები ინგრევა, რეაბილიტირებული ხის აივნები საღებავჩამოცლილი და მორყეულია, ქალაქში გადაადგილება სიცოცხლისთვის სახიფათოა - სამშენებლო კომპანიების მიერ უხარისხოდ შესრულებულისამუშაოების გამო სარაჯიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ელექტროენერგიის მავთულები პირდაპირ გზებზე ყრია და ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს.

„სანიაღვრე არხები არ არის და წვიმის დროს მიწა წყალს მიაქვს. მიწაშია ჩაყრილი ელექტროენერგიის მავთულები და სატელეფონო ქსელი ზემოთ რჩება და გარეთ გასვლის გვეშინია ხოლმე. ბავშვებს საერთოდ არ ვუშვებთ, სანამ მავთულებს ისევ მიწით არ

 

 სიცოცხლისთვის საშიში ელექტროსადენები

სარაჯიშვილის ქუჩაზე

დაფარავენ“, - ამბობს სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრები ზეინაბ ქოქიაშვილი.

ბარათაშვილის, რუსთაველის და 9 აპრილის ქუჩებზე,  რეაბილიტაციისას, მშენებლებმა მესაკუთრეთა ნებართვის გარეშე სახლებს სახურავები გადახადეს და კრამიტით გადახურეს, საიდანაც ნალექის დროს შენობებში წყალი ჩადის.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ჩემს სახლს თუნუქის სახურავი გადახადეს და კრამიტით გადახურეს, საიდანაც წვიმა ჩამოდის და ოთახებში გუბეები დგება. დახმარებისათვის სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობას არაერთხელ მივმართე. დამპირდნენ, რომ ფაქტი არ გამეხმაურებინა და პრობლემას მოაგვარებდნენ, მაგრამ მომატყუეს. მერე გუბერნატორის ადმინისტრაციაც ჩავაყენე საქმის კურსში, თუმცა უშედეგოდ“, - აღნიშნავს რუსთაველის ქუჩა 14-ში მცხოვრები გიორგი ფაშალიშვილი.

რეაბილიტაციისას დაზარალდნენ 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებნი მარინე ჭაბაშვილი, ზაირა კოკილაშვილი და ლელა ღვინიაშვილიც.

ზაირა კოკილაშვილი: „სახლი ფაქტობრივად მეშლება. კრამიტიდან წყალი ჩამოდის, კედლები ჩამოიშალა, იატაკი წყლით არის გაჟღენთილი და ოთახებს ობი მოედო. ელექტროგაყვანილობაც დაზიანდა. მარტოხელა ვარ. სამშენებლო კომპანიას არაერთხელ მივმართე თხოვნით, რომ ჩემი საცხოვრებელი სახლი იმ მდგომარეობაში მოეყვანათ, როგორიც სიღნაღის რეაბილიტაციამდე იყო, მაგრამ ყურადღებას არავინ  მაქცევს“.

მარინე ჭაბაშვილი: „ჩემი სახლიც სიღნაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დაზიანდა. ოთახებში წყალი ჩამოდის, კედლები დანესტილია, იატაკი აიყარა, ავეჯიც დაზიანდა. სამი წელია, სამშენებლო კომპანია „ქოლორის“ დირექტორი ზვიად ჭოლოკავა დაზიანებული ადგილების აღდგენას მპირდება, მაგრამ მატყუებს. ნერვიულობისგან დედაც გარდამეცვალა“.

სიღნაღის რეაბილიტაციის შედეგად დაზარალებულებმა დახმარებისთვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც არაერთხელ მიმართეს. 

„გამგეობაში რამდენიმე განცხადებაა შემოსული, სადაც განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას სახურავების თუნუქის ფენილის კრამიტით საფარველის შეცვლის დროს ატმოსფერული ნალექების შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. გამგეობის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე შეადგინეს დეფექტური აქტები, რომელიც არაერთხელ გაეგზავნა სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „თბილისს“. 2009 წელს, წერილით ორჯერ მივმართე კომპანიის ხელმძღვანელობას და დაზიანებული სახლების შეკეთება ვთხოვე, თუმცა წერილებს შედეგი დღემდე არ მოჰყოლია“, - აცხადებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილი.

სამშენებლო კომპანია „თბილისის“ გენერალური დირექტორი გონერი ყურაშვილი გამგებლის თხოვნის შეუსრულებლობის მიზეზად ფინანსურ სიძნელეებს ასახელებს. „მიუხედავად ჩვენი დავალებისა, კომპანია „თბილისის“ შვილობილმა კომპანიამ, შპს „ქოლორმა“ ვერ შეძლო გამგებლის წერილებში მოცემული სამუშაოების შესრულება, ფინანსური სიძნელეების გამო“, - აღნიშნავს ყურაშვილი.

სამშენებლო კომპანიებმა სიღნაღის რეაბილიტაცია დასრულებულად ისე გამოაცხადეს, რომ ბევრი სამუშაო დასრულებული არ იყო. მაგალითად, თავსახურების გარეშე დატოვეს საკანალიზაციო ჭები.

2008 წლის 24 სექტემბერს სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე უთავსახურო ჭაში 18 წლის ეთერ ჩითინაშვილი ჩავარდა. ჭაში ჩავარდნილი გოგონა მისმა ძმამ გონებადაკარგული იპოვა. გოგონამ სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ოჯახის წევრებმა დაზარალებულის სამკურნალოდ ყველაფერი გაყიდეს, სახლის გარდა, ფინანსური დახმარებისათვის რაიონის ხელმძღვანელობასაც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ ჩითინაშვილებს არავინ არაფრით დახმარებია.

 
 სიღნაღის გამგეობის შენობა შიგნიდან
მძიმე მდგომარეობაშია სიღნაღის მუნიციპალიტეტის  გამგეობის შენობაც. სამუშაო  ოთახებში სახურავიდან წყალი აქაც ჩადის. იატაკი კი იმდენად  დაზიანებულია, რომ მოქალაქეებს  გადაადგილება უჭირთ. ორმოები მაგიდის თავებით არის დაფარული. 

მორყეული და მოშლილია სტეფანწმინდის  ეკლესიის კიბე, რომლითაც სიღნაღში ჩასული თითქმის ყველა ადამიანი სარგებლობს და საიდანაც მთელი სიღნაღი ჩანს.

სიღნაღის რეაბილიტაცია 2007 წელს დაიწყო. მუნიციპალიტეტის  გამგებლის ნოდარ კოჭლამაზაშვილის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დღემდე 22 მლნ ლარი დაიხარჯა.

სიღნაღის რეაბილიტაციის პროგრამის კოორდინაციას და საპროექტო სამუშაოების შესრულებაზე კონტროლს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი ხელმძღვანელობდა.

ჩვენს შეკითხვაზე, რატომ იყრება ქვაფენილი ხშირად და რატომ არის რეაბილიტირებულ სიღნაღში ამდენი პრობლემა, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გოგსაძე გვპასუხობს: „სიღნაღი რთული რელიეფის ქალაქია. როცა წვიმა მოდის და წყალი ერთ ადგილას გუბდება, ქვაფენილი შეიძლება ამოიყაროს. რამდენჯერაც აიყრება, მეორე დღეს უნდა მივიდეს მუნიციპალური სამსახური და გააკეთოს. რაც შეეხება იმას, რომ თუ რამე წუნი აღმოჩნდა, დროულად ასწორებენ“.

15 მარტს სიღნაღის რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 286 000 ლარი დაიხარჯება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნოდარ კოჭლამაზაშვილის განცხადებით, დაგეგმილია მეორე საზოგადოებრივი ტუალეტის აშენება, სასმელი წყლის ორი შადრევნის, ცირკის მოედნის მოწყობა და ატრაქციონების დადგმა.

ახალი ამბები