კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩინოვნიკებს „ქამრების შემოჭერა“ არ უნდათ

25 მარტი, 2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ქუთაისის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, მათ მიერ სამი წლის წინ არჩეული დეპუტატები როგორი „შემოჭერილი ქამრებით“ დადიოდნენ. ამათგან, ზოგი ღიად და ზოგიც ფარულად უკვე წინასაარჩევნო პროპაგანდას ეწევა და ძალღონეს არ იშურებს, რომ ისევ ხელისუფლებაში მოვიდეს. ამისთვისაც ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებენ და სახლემწიფო სახსრებს ხარჯავენ“, - აცხადებენ რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ოფისში.

რესპუბლიკელების განმარტებით, ქუთაისელების „რჩეულებმა“ საკრებულოში სამწლიანი მოღვაწეობით მხოლოდ პირადი სარგებელი ნახეს. პრემიებისა და დახმარებების სახით, მათი ყოველთვიური შემოსავალი თითქმის ხელფასს უტოლდება. ხელფასი კი, არცთუ ცოტაა.

„მაგალითისთვის განვიხილავ 2009 წელს და გეტყვით, რომ დეპუტატებმა ხელფასებთან ერთად აპრილში (აღდგომის დღესთან დაკავშირებით), მაისში (დამოუკიდებლობის დღე), აგვისტოში (მარიამობა), დეკემბერში (ახალი წელი) და ა. შ. პრემიის სახით ხელფასის ტოლი თანხა მიიღეს. ხელფასი კი, 2480-დან 923 ლარის ფარგლებშია (თანამდებობის მიხედვით). გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ მაღალი ხელფასებისა და პრემიების მიუხედავად, მათ არ შერცხვენიათ, განცხადებები დაეწერათ, რათა ფინანსური დახმარებებიც მიეღოთ. ამ დროს ამომრჩევლისგან შესული უამრავი განცხადება მათი მხრიდან დღემდე უპასუხოდ რჩება“, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე.

მისივე თქმით, საკრებულოს დეპუტატების ერთადერთი საზრუნავი მთელი სამი წლის მანძილზე მხოლოდ პირადი ინტერესები იყო და სხვა არაფერი. უახლესი წარმოების მობილური ტელეფონები, გახშირებული მივლინებები სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებსაც მხოლოდ საექსკურსიო დატვირთვა ჰქონდა და განუსაზღვრელი რაოდენობის მონო-ბარათები -  ამ ყველაფერში დიდძალი თანხა დაიხარჯა.

მთლიანობაში, თანხა, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს ქალაქის საკრებულოს დეპუტატების „შენახვა“ დაუჯდა, ოფიციალურად (წლების მიხედვით) ასეა გაწერილი: 2006 წელი - 17 670 ლარი; 2007 წელი - 91 259 ლარი; 2008 წელი - 168 003 ლარი; 2009 წელი - 176 800 ლარი.

„ქუთაისის საკრებულო 2006 წლის დეკემბერში შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას და საკრებულოს თავმჯდომარემ იმავე თვეში დაიწყო „ამომრჩეველზე ზრუნვა“ - დეკემბერშივე ბიუჯეტის ფულით 600-ლარიანი მობილური ტელეფონი შეიძინა. საერთო ჯამში კი, 2006 წლის დეკემბრიდან 2009 წლის ჩათვლით, საკრებულოს დეპუტატების მიერ „სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის“ ბიუჯეტიდან 453 733 ლარი დაიხარჯა მაშინ, როცა ამომრჩევლის ინტერესი „უსახსრობის გამო“  ხშირად ყურადღების მიღმა დარჩა“, - აცხადებს ქათამაძე.

ქუთაისის ბიუჯეტში არსებულ ე.წ. ხელშეუხებელ მუხლებზე, რომლებიც  ადგილობრივი ჩინოვნიკების კომფორტსა და კეთილდღეობაზე მიანიშნებდა, რესპუბლიკელები ადრეც ხშირად საუბრობდნენ.

ამჯერად რესპუბლიკელებმა საკრებულოს დეპუტატების მიერ ათვისებული საწვავიც გააპროტესტეს, რომლისთვისაც სულ 51 650 ლარი დაიხარჯა. მათი განმარტებით: „მაჟორიტარები თვეში 100 ლარის საწვავს ხარჯავენ (რომ არაფერი ვთქვათ მონო-ბარათებზე), რაც მათ, პრაქტიკულად, ამომრჩეველთან ხშირი კონტაქტისთვის ეძლევათ.“

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანი იყო, გაეგო რამდენად ახლოს დგანან ქუთაისელთა რჩეულები საკუთარ ამომრჩეველთან. გამოკითხულთა უმრავლესობამ დასძინა, რომ წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ (როცა მომავალი დეპუტატები მათ, სხვადასხვა დაპირებებით, ხშირად სტუმრობდნენ) ისინი თვალითაც აღარ უნახავთ. ამომრჩევლებმა ვერც საკუთარი მაჟორიტარის გვარ-სახელები გაიხსენეს.

ახალი ამბები