კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თავისუფლების ქარტია“ - ქვეყნის უსაფრთხოების მექანიზმი, თუ ხელისუფლების დამატებითი ბერკეტი

25 მარტი, 2010

თაკო ხუციშვილი

საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე გია თორთლაძე „თავისუფლების ქარტიის“ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. მისი თქმით, თებერვალში ინიცირებული პროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

„თავისუფლების ქარტია“ წარმოადგენს „ლუსტრაციის შესახებ“ კანონპროექტისა და „პატრიოტის აქტის“ გაერთიანებულ საკანონმდებლო დოკუმენტს. თითოეული კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი გია თორთლაძეა. მასვე ეკუთვნის ამ პროექტების ერთიან დოკუმენტად ჩამოყალიბების იდეა.

გია თორთლაძე, ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე: „ორივე კანონპროექტი წარმოადგენს კონკრეტული ღონისძიებების პაკეტს, რომელსაც  ქვეყანა მიჰყავს  დემოკრატიული და სწორი განვითარების გზაზე. ერთი  ანტიტერორისტულ ქმედებათა პაკეტია, მეორე არის შეზღუდვები ყოფილი საბჭოთა კავშირის უშიშროების, კომუნისტური პარტიისა და ლენინური კომკავშირის მაღალჩინოსნებისთვის. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ერთად უნდა იყოს განხილული და მას უნდა ერქვას „თავისუფლების აქტი“ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის  თავისუფლება და დამოუკიდებლობა ამ საკითხებთანაა დაკავშირებული“.

ინიციატორთა აზრით, „თავისუფლების ქარტია“ არის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისთვის შექმნილი დამატებითი დოკუმენტი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის, თავდაცვისა და უშიშროების ეფექტურობის გაძლიერების მიზნით. მისი შექმნის მიზეზი გახდა ქვეყანაში შექმნილი რეალობა, აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების ოკუპაცია და ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურებისა და მისი სამართალმემკვიდრეების ჯერ კიდევ ძლიერი გავლენა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე. „თავისუფლების ქარტიის“ ძირითადი მუხლები ითვალისწინებს: „სამართალდამცავი და სახელმწიფო ორგანოთა კოორდინაციას“ ტერორიზმის წინაღმდეგ ეფექტური ბრძოლის განხორციელების, დანაშაულის პრევენციისა და გახსნის მიზნით. ეს თავის მხრივ, გულისხმობს: საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის, იუსტიციის სამინისტროს, სამოქალაქო  და საემიგრაციო სამსახურების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით დანაშაულის შემცველი თუ ოპერატიულ სამსახურებში არსებული ინფორმაციის  შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდების ვალდებულებას; ქვეყნის საემიგრაციო კონტროლის გაძლიერებასა და ოკუპირებული ტერიტორიების პირობით საზღვრების მონიტორინგს; „საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების და ტვირთების მონიტორინგს ტერორისტული აქტების თავიდან აცილების მიზნით“, - ვკითხულობთ „თავისუფლების ქარტიის“ პროექტში.

გია თორთლაძემ პარლამენტში  „ლუსტრაციის კანონის“ ინიცირება 2009 წლის 1 სექტემბერს მოახდინა.  თუმცა, ჯერ კიდევ 2007 წელს ეს კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად კახა კუკავამ შეიტანა, მაგრამ პარლამენტმა მას მხარი არ დაუჭირა იმ მიზეზით, რომ მაშინ ამის საჭიროება არ იდგა. „ლუსტრაციის კანონი“ სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობაზე იმ პირთა შეზღუდვებს ითვალისწინებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს უშიშროების სამსახურში მუშაობდნენ. შეზღუდვა ასევე ეხებათ კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის ჩინოსნებს. „თავისუფლების ქარტიის“ კანონპროექტი ითვალისწინებს სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც ყოფილი სსრკ-ის სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშომლებისა და კანონპროექტით დადგენილი თანამდებობის პირების რეესტრს აწარმოებს. კანონპროექტის მიხედვით, პირთა სიები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუკი ისინი კომისიასთან არ ითანამშრომლებენ და არ აღიარებენ საკუთარ საქმიანობას. გია თორთლაძის თქმით, ლუსტრაციის კანონი ეხება მხოლოდ საბჭოთა კავშირის უშიშროების საბჭოში მომუშავე პირებს და არა სხვა ქვეყნის აგენტებს. მისივე თქმით, შეზღუდვები შეეხებათ მხოლოდ იმ ადამიანებს , რომლებიც უშუალოდ თანამშრომლობდნენ „კაგებესთან“ და ის ვინმეს პასუხს  წინაპრების „ცოდვების“ გამო არ მოსთხოვს.

გია თორთლაძე: „ჩვენი კანონპროექტის მიზანი არ არის, დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი და ცნობისმოყვარეობა. ეს იმისთვის იქმნება, რომ ამ კატეგორიის ხალხი არ მოხვდეს ისევ ხელისუფლების სათავეში და დავუწესოთ კონკრეტული შეზღუდვები. მათ სუნთქვის საშუალებას კი არ ვუსპობთ, არამედ მაღალ თანამდებობაზე მუშაობის საშუალებას. რაკი დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი გვინდა, გვქონდეს, არ ვუსპობთ მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას. ოღონდ ცესკო ვალდებული  იქნება, ამომრჩეველს  მათი საქმიანობის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია“.

ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს მიაჩნია, რომ „თავისუფლების ქარტიის“ მიღება შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელია.

„საქართველოში გვაქვს მთელი თაიგული ტერორისტული საქმიანობისა და მოღვაწეობისა რუსეთის მხრიდან. არაფერს ვამბობ ოკუპირებული ტერიტორიიდან ადამიანების გატაცებაზე და აფეთქებებზე, რაც უკვე ოკუოანტების ყოველდღიური ქცევაა. ზოგიერთ ქვეყანაში, უბრალოდ, პრევენციის გამო მიიღეს. ჩვენ გვაქვს ყვალანაირი წინაპირობა, რომ მივიღოთ ასეთი კანონი“, - აცხადებს გია თორთლაძე.

„პატრიოტის აქტი“ აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებული ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით მიიღეს. კანონის მიღება აუცილებლობით გამოწვეულ გამონაკლისად იქნა აღიარებული. მისი რამდენიმე ნორმის მოქმედება მხოლოდ 4 წლის ვადით შემოიფარგლა.

გია თორთლაძის „თავისუფლების ქარტიას“ განსხვავებული შეფასებები მოჰყვა პოლიტიკური ოპონენტების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან. მათი აზრით, მსგავსი კანონები  სამართალდამცავ ორგანოებს უსაზღვრო ძალაუფლებას ანიჭებს და შესაძლოა, ისინი რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგაც იქნას გამოყენებული. კანონპროექტის პათოსს არ იზიარებს თორთლაძის თანაფრაქციელი დეპუტატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, დეპუტატი: „არ შეიძლება, კანონი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად  იქცეს იმ ოპოზიციური ძალებისთვის, რომლებიც რეალურ უხერხულობას წარმოადგენენ არსებული ხელისუფლებისთვის. ამიტომ როდესაც „პატრიოტის აქტის“ ინიციატორად ოპოზიციონერი გვევლინება, მას უფრო მეტი დაფიქრება მართებს. „პატრიოტის აქტში“ იყო რაღაც გარკვეული ხარვეზები, რაზეც მე ყურადღება გავამახვილე.  ელექტრონული ფოსტის გამჭვირვალობა და სატელეფონო მოსმენები რომ გამოიყენოს შინაგან საქმეთა ორგანოებმა თუ სპეცსამსახურებმა, ამას  ოპოზიციონერის მხრდიდან არ სჭირდება მხარდაჭერა, ისედაც მშვენივრად ახერხებენ. რაც შეეხება „ლუსტრაციის შესახებ“ კანონს ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონია, ოღონდ იმ პირობის გათვალისწინებით, რომ დღეს არსებული პოლიტიკური კონიუქტურიდან  გამომდინარე, არ უნდა მოხდეს ზეწოლა იმ პირებზე, რომლებიც გარკვეულ პარტიულ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი. ამის შემდეგ ავტორმა ორივე კანონპროექტი ერთად შეკრიბა. მართალი გითხრათ,  გარკვეულწილად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს აღნიშნულ კანონპროექტთან  და ალბათ, პირადად მე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებ“.

ირაკლი სესიაშვილი სამხედრო ექსპერტი: „ხელისუფლებამ ეს „თავისუფლების აქტი“ აიტაცა და სურდა, ეს აქტი გამხდარიყო გარკვეულწილად არგუმენტი რუსული აგრესიის თავიდან ასაცილებლად.  თუმცა, რეალურად, ვიცით რა ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური მეთოდოლოგია, ამ აქტს სავარაუდოდ,  ვიწრო პოლიტიკური ინტერესების უზრუნველსაყოფად გამოიყენებენ. ამ შემთხვევაში, ხელისუფლება გია თორთლაძის მეშვეობით ცდილობს, ეს ინიციატივა წამოვიდეს ე.წ. ოპოზიციური ძალებისგან და არა ხელისუფლებისგან.  პირობითად, საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენ რომ ვიყოთ დემოკრატიული სახელწიფო, შეიძლება კიდეც რაღაც დოზით ასეთი უფლებების შეზღუდვა დაგვეშვა, მაგრამ რამდენადაც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია უცხო ხილია, ხელისუფლება მას  პოლიტიკური ნიშნით დევნისთვის გამოიყენებს, რაც ჩემთვის მიუღებელია.

თქვენ იცით, რომ ამერიკაში  ამ აქტმა სერიოზულ დისკუსია გამოიწვია და როგორც ვიცი რამდენიმე სერიოზული საპროტესტო გამოსვლაც მოჰყვა.  ჩვენს ხელისუფლებას სურს, მოძებნოს ასეთი დრაკონული კანონები და შემდეგ გვითხრას, რომ ეს არის დასავლური გამოცდილება. მე ვფიქრობ, ძალიან ცდება. რადგან ამ ქვეყნებში სხვა ტიპის ცხოვრების რეჟიმია და სხვანაირად ხდება ამ ტიპის კანონების მიღებაც და აღსრულებაც. გია თორთლაძეს მოუწევს, გაიხსენოს საკუთარი წარსული, როდესაც ის ოპოზიციაში იყო და თავად იყო დევნის ობიექტი. ლუსტრაციის კანონი კი ვფიქრობ, ადრე უნდა მიღებულიყო და დაგვიანებულიც კია, ვინაიდან ქვეყანაში არაერთხელ შეიცვალა ხელისუფლება  და ხშირ შემთხვევაში, უმაღლესი თანამდებობის პირები არიან ადამიანები, რომელთა წარსული საზოგადოებაში ბევრს კითხვას აჩენს“.

კანონპროექტის ინიციატორი გია თორთლაძე, ცხადია, არ იზიარებს ამ შეშფოთებებს და ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ოპონენტების ფანტაზიის ნაყოფია.

„სამართალდამცავ ორგანოებს კი არ უზრდის უფლებამოსილებას, არამედ მათ ტვირთს კიდევ უფრო უმძიმებს. კანონპროექტი ძალოვან სტრუქტურებს  ავალდებულებს,  ჩაატარონ პრევენციული ღონისძიებები, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ე. წ. დროებითი საზღვარი, რომელიც რუსებმა გაავლეს. მათ კიდევ მეტი სამუშაო ექბნებათ შესასრულებელი, რომ აღმოფხვრან ყველანაირი ქმედება, რომელიც დაკავშირებული იქნება ტერორიზმთან და დივერსიასთან. რაც შეეხება  სატელეფონო მოსმენებს და ჩხრეკას, არსად მქონია ამაზე საუბარი. ეს იმ პოლიტიკოსების ფანტაზიის ნაყოფია, რომლებსაც არც კი წაუკითხავთ აქტი. გაუგიათ,  რომ ამერიკაში აკრიტიკებდნენ „პატრიოტის აქტს“ თავის დროზე. ამერიკის პატრიოტის აქტი არის სხვა და ჩვენი - სხვა. ვიმეორებ, არანაირი მოსმენები და არც ელექტრონული ფოსტის დათვალიერება არსად არ ყოფილა ჩვენს პროექტში. კანონპროექტი გამოვა პარლამენტში, იქნება მოსმენები  და განვიხილავთ. ვისაც შეკითხვები ექნება, პასუხს გავცემ“, - განაცხადა დეპუტატმა humanrights.ge-სთან საუბრისას.

პარლამენტში „თავისუფლების აქტის“ განხილვა, სავარაუდოდ, ამ დღეებში დაიწყება.

ახალი ამბები