კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ დაიხურა ტელეკომპანია „საქართველოს“ საინფორმაციო გადაცემა

29 მარტი, 2010

ანა შეშაბერიძე

ტელეკომპანია „საქართველომ“ საინფორმაციო გადაცემების მაუწყებლობა შეწყვიტა.    ამის სავარაუდო მიზეზად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი უცხოელი ინვესტორის - დევიდ ჯონ მეფლის აქტიურ ბრძოლას მიიჩნევს. მეფლი უკვე რამდენიმე წელია, საკუთარი ინვესტიციების დასაცავად იბრძვის.

დევიდ მეფლი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, თუმცა აშშ-ში ცხოვრობს. იგი 1993 წლიდან დაინტერსდა საქართველოთი, კერძოდ - კომუნიკაციების სექტორით, სადაც ინვესტიციების დაბანდება გადაწყვიტა. მეფლი კომპანია „მაგთიკომის“ 20%-ს ფლობს. გარდა ამისა, იგი აცხადებს პრეტენზიას ქართულ სიხშირეზე - ყოფილ „TV 33“-ზე, რომელზეც ამჟამად „საქართველო“ მაუწყებლობს. „TV 33“-ის  დამფუძნებელი იყო ჰანს ფონ ზახსენ-ალტენბურგი - ამერიკის მოქალაქე, რომელთანაც დევიდ მეფლის ქონებრივი დავა აქვს. ალტენბურგმა ტელეკომპანია ვარლამ კილაძისგან შეიძინა. მანამდე ამ სიხშირეზე ტელეკომპანია „202“ მაუწყებლობდა, რომლის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი დააკავეს, ტელეკომპანია კი დაიხურა.

2005 წლის 8 დეკემბრის შეთანხმების საფუძველზე, ალტენბურგს TV 33-ის 33,3% მეფლის სახელზე მას შემდეგ უნდა გადაეფორმებინა, რაც ჯონ მეფლი მას შეთანხმებულ თანხას გადაუხდიდა. 2005 წლის 23 დეკემბერს მეფლიმ 120,000 დოლარი გადარიცხა ალტენბურგის მეუღლის, ნინო ანდრონიკაშვილის ანგარიშზე, 2006 წლის 26 ნოემბერს კი დამატებით - 30,00 დოლარი პირადად ალტენბურგის ანგარიშზე აშშ-ის ბანკში. ამის მიუხედავად, მისთვის კუთვნილის წილი ალტენბურგს არ გადაუფორმებია.

2006 წლის განმავლობაში მეფლი განუწყვეტლივ მოითხოვდა შეთანხმების პირობების შესრულებას და კუთვნილი 33,3%-ის მის სახელზე გადაფორმებას, რის შედეგადაც ზახსენ-ალტენბურგმა  მეფლი თავის ნოტარიუსთან დაიბარა. ის 2006 წლის 27 დეკემბერს საქართველოში ჩამოვიდა, მაგრამ ნოტარიუსმა განუცხადა, რომ თანხის გადარიცხვისა და რეგისტრაციის დოკუმენტები ხელმოსაწერად მზად არ იყო.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მეფლიმ ბრძოლა საკუთარი ინვესტიციების დაცვისათვის. 2007 წლის 29 აპრილს მან წერილი გაუგზავნა საქართველოს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომლის ასლები ასევე დაუგზავნა: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოებს. თავის ვრცელ წერილში იგი წერს, რომ 90-იანი წლებიდან დაინტერესებული იყო საქართველოში ინვესტიციების დაბანდებით, განსაკუთრებით - კომუნიკაციების სფეროში. 2005 წელს ჰანს ფონ ზახსენ-ალტენბურგი და მისი მეუღლე ნინო ანდრონიკაშვილი მას გამუდმებით ურჩევდნენ, შეეძინა „TV 33“-ის წილი. თუმცა, ალტენბურგი უხსნიდა, რომ მეფლის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, იმდროინდელი კანომდებლობით არ შეეძლო, პირდაპირ მიეღო მონაწილეობა ტელევიზიის წილის შესყიდვაში. ამიტომ შესთავაზა, რომ თვითონ იყიდდა ტელეკომპანიის 100%-ს, მას კი 33%-ისათვის საჭირო თანხა უნდა გადაეხადა. ამისათვის ალტენბურგი მეფლისგან ითხოვდა მის ანგარიშზე ჩაერიცხა 150 000 დოლარი -  „TV 33“-ის 33,3 % წილის საფასური.

2005 წლის 8 დეკემბერს მეფლიმ და ალტენბურგმა გააფორმეს პირობითი ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ალტენბურგს მთლიანად უნდა შეეძინა ტელეკომპანია. ხოლო შესყიდვის პროცედურის დასრულების შემდეგ მისთვის უნდა გადაეცა 33,3 %. ამავე შეთანხმებით, დევიდ მეფლი კომპანიის 33,3 % წილის მესაკუთრე რომ გამხდარიყო, ორ ეტაპად უნდა გადამეხადა თანხა, ჯერ - 120 000, მერე კი - 30 000 დოლარი. 2005 წლის 23 დეკემბერს მეფლიმ 120 000 დოლარი გადარიცხა ალტენბურგის ცოლის - ნინო ანდრონიკაშვილის სახელზე, მეორე ნაწილი - 30 000 დოლარი კი თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2006 წლის 28 ნოემბერს - აშშ-ში, ალტენბურგის საბანკო ანგარიშზე. მეფლი წერილში წერს, რომ შეუძლია, წარმოადგინოს ამ გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტები.

მთელი 2006 წლის განმავლობაში მეფლი ალტენბურგს სთხოვდა, შეესრულებინა პირობები და გადაეცა მისთვის კუთვნილი წილი. ბოლოს ალტენბურგი დათანხმა და უთხრა მას, რომ საქართველოში კანონმდებლობა შეიცვალა და უკვე შეეძლო, ყოფილიყავი კომპანიის უცხოელი მეწილე (სწორედ ამის მერე გადაურიცხა მეფლიმ დარჩენილი 30 000 დოლარი ალტენბურგს).

მიუხედავად იმისა, რომ მეფლიმ შეთანხმებით განსაზღვრული 120 000 დოლარი გადაიხადა, როგორც იგი თავის წერილში წერს, კუთვნილი წილი მაინც არ მიუღია. ალტენბურგმა კი, შეძენილი კომპანია თავის სახელზე დაარეგისტრირა. ამავე დროს, როგორც გაირკვა,  ალტენბურგს ტელევიზია უყიდია 120 000 დოლარად (იმ ფასად, რა თანხაც მან მეფლისგან მიიღო) და არა 450 000 დოლარად, როგორც იგი თავიდან ასახელებდა კომპანიის მთლიან ფასს. ამის შემდეგ კი, 2007 წლის 12 თებერვალს, ალტენბურგმა კომპანია მთლიანად მიჰყიდა ვინმე კახაბერ ნინუას - 560 000 დოლარად. როგორც მეფლი წერს, ეს თანხა ალტენბურგმა და ანდრონიკაშვილმა მიიღეს და გაინაწილეს. ამის შემდეგ მეფლი მოითხოვს დაუბრუნონ მას თავისი თანხა, მაგრამ არც ფულს უბრუნებენ და ტელეკომპანიის 33%-იც დაკარგა.

საინტერესოა, რომ თვითონ ზახსენ-ალტენბურგი საქართველოს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად  გახდა იძულებული, მთელი წილი გაეყიდა. 2007 წლის 12 თებერვალს, TV33 კახაბერ ნინუამ 564 000 დოლარად იყიდა. მან შემდგომ  ტელეკომპანია „საქართველო“ დააარსა, რომელსაც დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს. სავარაუდოდ, ნინუა საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. ამის თაობაზე უფრო კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტთა კავშირ „ობიექტივის“ წარმომადგენელი, ირმა ინაშვილი. როგორც ცნობილია, თავად „ობიექტივს“ ხელისუფლებამ 35-ე დეციმეტრული ტელეარხი წაართვა და ტელეკომპანია „ალანიას“ გადასცა.

ირმა ინაშვილი: „მას შემდეგ, რაც 35-ე დეციმეტრული სიხშირე წაგვართვეს, 2006 წლის დეკემბერში, კომპანია „ტვ 33“-ის მფლობელმა, ჰანს ალტენბურგმა შემოგვთავაზა საეთერო დროის დათმობა. ჩავატარეთ პრეზენტაცია, გავახმაურეთ ეს ამბავი, მაგრამ... ზუსტად ერთ თვეში „ტვ 33“ გაიყიდა. ალტენბურგი გერმანელი ადვოკატია და საქართველოში საქმიანობდა. მან არ დამალა, რომ არხი უშუალოდ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დიმიტრი ქიტოშვილის მოთხოვნით გაყიდა 564 000 დოლარად. დღეს „ტვ 33“-ის სიხშირეზე მაუწყებლობს თავდაცვის სამინისტროს არხი „საქართველო“. „ტვ 33“ გადააფორმეს ვინმე კახა ნინუაზე. ეს პიროვნება იმ დროს გახლდათ თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მოადგილის ძმა“.

თავის დროზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი ტელეკომპანიების დატერორებას ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება მიუძღვნა. ეს გამოძიება humanrights.ge-მ რამდენიმე სტატიად გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთ-ერთში მოთხრობილია ამბავი, როგორ გარდაისახა „დარდუბალას“ არხი სამხედრო არხ „საქართველოდ“ (http://humanrights.ge/rss/index.php?a=more&r=analytical&id=2321&lang=ge ).

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, უჩა ნანუაშვილის თქმით, „საქართველოს“ არხზე საინფორმაციო გამოშვების დახურვა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მისი კანონიერი მფლობელის ბოლოდროინდელ გააქტიურებას. დევიდ ჯონ მეფლი აქტიურად ცდილობს, კანონიერება აღადგინოს საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. თავის მხრივ, ხელისუფლებაც ხედავს, რომ რეალურია შანსი, მეფლმა დაიბრუნოს ტელეკომპანია და სავარაუდოდ საინფორმაციო გამოშვების დახურვით ცდილობს, ტელევიზია მფლობელს ისეთ მდგომარეობაში ჩაბარდეს, რომ მას აღარ ჰქონდეს მაუწყებლობის საშუალება და ტელებაზარზე სერიოზული გავლენა ვეღარ მოიპოვოს.

უჩა ნანუაშვილი: „დღეს ტელეკომპანია „საქართველოს“ კანონიერი მფლობელი იწყებს ბრძოლას და იყენებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. მან 23 მარტს  ევროკავშირსაც მიმართა თავისი უფლებების დასაცავად. იგი სერიოზული მხარდაჭერით ცდილობს, დაიბრუნოს თავისი წილი და ამაში უცხოელ დიპლომატებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს რთავს. მე არ გამოვრიცხავ, რომ სანამ მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანა, ხელისუფლება შეეცდება ტელეკომპანიის გადასხვაფერებას, რათა კანონიერმა მფლობელმა უფლებები დაკარგოს მასზე. ახლახან ტელეკომპანიამ საინფორმაციო გამოშვებები დახურა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტელეკომპანია ბიუჯეტიდან ფინანსდება, მას სერიოზული პრობლემები აქვს“.

საინტერესოა, რომ დევიდ ჯონ მეფლი ინგლისურენოვანი გაზეთის - Georgia todays 40% წილის მფლობელიცაა. უჩა ნანუაშილი არ გამორიცხავს, რომ ტელებიზნესიდან უცხოელი ინვესტორის გაგდების შემდეგ ჯერი მის გაზეთზეც მიდგეს და აქაც შეექმნას პრობლემები.

დევიდ ჯონ მეფლიმ პირველი მიმართვა 2007 წელს გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე. მიმართვა ასევე გაეგზავნა ინგლისის, ამერიკისა და გერმანიის საელჩოებს საქართველოში, ასევე - ევროკავშირის მისიას, რათა კანონიერ მფლობელს წილი დაბრუნებოდა. თუმცა, ამ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. სწორედ ამიტომ მეფლიმ 23 მარტს წერილი ევროკავშირს გაუგზავნა, სადაც სთხოვს მათ დახმარებას, რათა გამოინახოს გზები, რომლის საშუალებითაც ის კანონიერ საკუთრებას დაიბრუნებს.

ამჟამად ინვესტორი შვეიცარიაში იმყოფება. იგი უჩივის, როგორც საქართველოს ხელისუფლებას ისე ჰანს ფონ ზახსენ-ალტენბურგსაც, რომლებმაც კუთვნილი ქონება ნებართვის გარეშე გაუყიდეს და მისთვის ერთი დოლარიც არ გადაუხდიათ.

ახალი ამბები