კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნათია კობერიძემ ქარტიის პირველი მუხლი დაარღვია

29 მარტი, 2010

ანა შეშაბერიძე

საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭომ, მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე, 25 მარტს ნათია კობერიძის საკითხზე იმსჯელა. საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა, 13 მარტს მოდელირებული „ქრონიკის“ ეთერში გაშვების დროს, ეთიკის ქარტიის პირველი მუხლი დაარღვია, რომლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

სხდომას თავად ნათია კობერიძე არ ესწრებოდა. მან საბჭოს 16 კითხვას ელექტრონული ფოსტით უპასუხა. კობერიძე თავიდან სხდომაზე დასწრებას აპირებდა, მაგრამ ბოლოს უარი თქვა, როცა გაიგო, რომ სხდომა ღია იქნებოდა: „გადაწყვეტილება არმოსვლაზე მივიღე იმის გათვალისწინებით, რომ სხდომა იქნებოდა ღია, რითაც არაკეთილსინდისიერი, რევანშისტულად განწყობილი ადამიანების ბოროტად ისარგებლებდნენ და მოაწყობდნენ პროვოკაციას, რომელიც პირველ რიგში, საბჭოს ჩააყენებდა უხერხულ მდგომარეობაში. ისე, ამაზე თქვენ უნდა გეფიქრათ, კოლეგებო, რადგან ვიმედოვნებ, თქვენი მიზანი საქმის ვითარებაში გარკვევა და ხმაურის ატეხვა არ იყო“.

ეთიკის ქარტიის საბჭო რაიმე სანქციას არ ითვალისწინებს და მხოლოდ მოქალაქეების საჩივარზე პასუხობს - დაარღვია თუ არა ჟურნალისტმა ქარტიით განსაზღვრული ეთიკის ნორმები. 

25 მარტს მოწვეული საბჭოს გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო. გადაწყვეტილების ოფიციალური დიკუმენტი, თუ რატომ დაირღვა ქარტიის პირველი მუხლი, ერთ კვირაში გახდება ცნობილი და გამოქვეყნდება საბჭოს ვებ-გვერდზე, ბლოგსა და იმ მედიასაშუალებებში, რომელიც საბჭოს წევრია.

საბჭოს წევრმა, „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილემ, ელისო ჩაფიძემ, როგორც ჟურნალისტმა, humanrights.ge-სთან საუბრისას თავისი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა: „ქალბატონი ნათია თვლის, რომ მას ჟურნალისტური სტანდარტი არ დაურღვევია. ამ შემთხვევაში, მე მგონია, რომ მისი ეს განცხადება ეწინააღმდეგება თვითონ ტელეკომპანია „იმედის“ ბოდიშის მოხდას, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებულ ბოდიშის მოხდის ვალდებულებას და ა.შ. თუ არაფერი დაურღვევიათ, ბოდიშს რატომ იხდიან? ფაქტია, რომ დარღვეულია სტანდარტი - სიმართლე არ იყო გადმოცემული და ტიტრები არ იყო დადებული მოდელირებულ სიუჟეტზე. ქალბატონი ნათია აცხადებს, რომ თვითონ არ იყო ქრონიკის ავტორი, მაგრამ მას ხომ შეეძლო, ზემოქმედება მოეხდინა თანაავტორებზე და სიუჟეტზე დაედოთ ტიტრები მას შემდეგ, როცა მან დაინახა, რომ სიუჟეტი ტიტრებით არ გადიოდა. გადაცემის ავტორმა ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე განაცხადა, რომ ის არის იდეის ერთ-ერთი თანაავტორი. ამიტომ ვთვლით, რომ პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება. ამ შემთხვევაში, როცა გადაცემამ გამოიწვია ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შელახვა, მე აუცილებლად მივმართავდი კერძო სარჩელით ტელეკომპანია „იმედს“ და მორალურ კომპენსაციას მოვითხოვდი, რადგან ეს მხოლოდ სტანდარტის დარღვევით არ უნდა შემოიფარგლოს, მაგრამ, საბჭოს არ გააჩნია მეტი კომპეტენცია. ეს არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ნებაყოფლობით წევრობაზეა დაფუძნებული“.

აღსანიშნავია, რომ ნათია კობერიძე ეთიკის ქარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, მან განაცხადა, რომ ტოვებს ქარტიას, რადგან მისი აზრით, საბჭოს გადაწყვეტილება არაობიქეტური იყო.

ნათია კობერიძესთან დაკავშირებული სამი სარჩელის გარდა, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოში სხვა ჟურნალისტების წინააღმდეგაცაა შეტანილი საჩივრები. ამ ეტაპზე დგინდება მათი დასაშვებობა, ანუ რამდენად არის დასაშვები ამ სარჩელის განხილვა და მხოლოდ შემდგომ მოხდება განხილვა.

ახალი ამბები