კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეპორტაჟი უმისამართო სოფლიდან

30 მარტი, 2010

გელა მთივლიშვილი

 სოფელი ერისიმედი სიღნაღიდან 65 კილომეტრის დაშორებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. სოფელი 1989 წელს დაარსდა და იქ აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. ოფიციალურად ერისიმედი სიღნაღის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და საქართველოს იურისდიქციაშია, თუმცა სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე სოფელში შესვლას ადგილობრივებიც კი ვერ ახერხებენ. გაუსაძლისი პირობების გამო მოსახლეობა სოფელს ტოვებს. რამდენიმე ოჯახი დამეწყრილ ხულოს რაიონს უკვე დაუბრუნდა.

სიღნაღიდან ერისიმედამდე გზა იმდენად დაზიანებულია, რომ მანქანით ამ მონაკვეთის გავლას მინიმუმ 2 საათი მაინც სჭირდება. სოფლის შესასვლელამდე დაახლოებით ერთ კილომეტრში სასაზღვრო პოლიციის გამშვები პუნქტია განთავსებული. შლაგბაუმის ფუნქციას ხის ორ ბოძზე მავთულით დამაგრებული ალუმინის მილი ასრულებს. მილი კი აწიეს და მანქანით გაგვატარეს, მაგრამ მაშინვე გაჩერების ბრძანება მოგვცეს. დავემორჩილეთ. მანქანიდან გადმოვედით და ვიკითხეთ, რატომ გაგვაჩერეს.

- მაიტა საბუთები, - გვიბრძანა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ.

- რა საბუთები?

- პასპორტები და პრავა.

- სოფელ ერისიმედში მივდივართ.

- ჰო, ვიცი, ვიცი, რომ ერისიმედში მიდიხარ. მა, სხვაგან სად წახვალ აქედან? მაიტა საბუთები.

- საბუთებს რატომ გვთხოვთ?

- ეხლა დამიწყო ამან. მაიტა-მეთქი, თუ არადა, ვერსად ვერ წახვალ და გაგაბრუნებთ უკან.

- რატომ ვერ წავალ, საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას როგორ დამიშლით?

- ესა, ძმაო, საზღვარია. ხოდა, საზღვარი რომ გადაკვეთო, საბუთები უნდა გვაჩვენო და ჟურნალში გაგატაროთ. ვერა ხედამ, რომ სასაზღვრო პოლიციიდანა ვართ.

- მე არ ვიცი თქვენ ვინ ხართ. თუ სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი ხართ, მოწმობა უნდა გქონდეთ.

- უყურე ამას, რამდენსა ლაპარაკობს. ვერ გახვალ და მორჩა.

- სად ვერ გავალ? ერისიმედში მივდივარ.

„აჩვენეთ პასპორტი, გაგატარებენ ჟურნალში და გაგიშვებენ, თუ არადა ვერ გახვალთ. ჩვენც ამ დღეში ვართ. შენ საიდანღაც ხარ მოსული და ისე როგორ გაგიშვებენ“,- გვითხრა იქვე მყოფმა ასაკოვანმა მამაკაცმა.

ამ დროს, ახალგაზრდას, რომელიც გვიმტკიცებდა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ვარო, კიდევ ორი პირი შეუერთდა. „უფროსო, მოდი. აქ რაღაცა პრობლემაა. ვიღაცეები არიან და აჩმახებენ“… ორ-სამ წუთში, სანამ „ნისანის“ მარკის სპეცავტომობილით კიდევ ერთი მესაზღვრე მოვიდოდა, იქ მყოფმა მესაზღვრეებმა იარაღი აისხეს. „ეხლა საზღვარზე უკანონოდ ხარ გადასული და შეგვიძლია, რომ დაგაკაოთ, რა ბევრს ლაპარაკობ შენა“, - გვეუბნება ერთ-ერთი მათგანი. ახალგაზრდა მესაზღვრეების დაცვა მანქანიდან გადმოსულმაც სცადა. „რა გინდა, რა დღეში ხარ?“, - მეკითხება მე.

- თქვენ ვინ ხართ?

- ვინცა ვარ, ვარ. ჯგუფის უფროსი ვარ. შენ რა გინდა?

- სოფელ ერისმედში მივდივართ.

- ვინა ხარ?

- მოქალაქე ვარ, ესენი ჩემი მეგობრები არიან. ერისიმედში სტუმრად მივდივართ.

- ხოდა, ვერ წახვალ.

შეიარაღებულმა მესაზღვრეებმა იარაღი მომართეს. „უფროსო, ავიყვანოთ?“ - ჰკითხეს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელს, რომელიც ჯგუფის უფროსად გაგვეცნო.

ჩემს კოლეგას დედოფლისწყაროს რაიონში ინგა შიოლაშვილს დავურეკე და ვთხოვე, სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსის დემურ კეკენაძის ტელეფონის ნომერი მოეცა. ტელეფონის ნომრის გაგებისთანავე კეკენაძეს დავუკავშირდი.

- გამარჯობათ, ბატონო დემურ. გელა მთივლიშვილი გაწუხებთ, ჟურნალისტი.

- გამარჯობათ. რა გნებავთ?

- ბატონო დემურ, სოფელ ერისიმედის შესასვლელში სასაზღვრო პოლიციის პუნქტი რომ არის განთავსებული, თქვენ გექვემდებარებათ ხომ?

- დიახ.

- მე და ჩემი კოლეგა ვართ აქ, სოფელ ერისიმედში მივდიოდით და თქვენი თანამშრომლები არ გვიშვებენ. გვავალდებულებენ, პასპორტი ან პირადობის მოწმობა მაინც წარვუდგინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაგვაკავებენ. 

- კი, პასპორტი ან პირადობის მოწმობა უნდა წარუდგინოთ, წესია ასეთი.

- რატომ? მეც და ჩემი კოლეგა მადონა ბატიაშვილიც საქართველოს მოქალაქეები ვართ და სოფელ ერისიმედზე საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება.
 
- ბატონო გელა, ბრძანებაა ასეთი. ჩვენ მაგის იქით საზღვარს ვერ ვაკონტროლებთ და ამიტომ, თუმცა დავრეკავ მე ეხლა და რადგან გიცნობთ, გაგატარებენ“.

კეკენაძემ ჯგუფის უფროსს საუბრის დამთავრებისთანავე დაურეკა და უთხრა, ჩვენთვის თავისუფლად გადაადგილების საშუალება დოკუმენტების წარდგენისა და რეგისტრაციაში გატარების გარეშე მოეცათ.

„პირველად აქ რომ ჩამოგვასახლეს, 36 სახლი იყო აშენებული. დანარჩენი მერე აშენდა. სიღნაღის რაიონს მაშინ ვინმე ქევხიშვილი ხელმძღვანელობდა და იმ კაცმა პირდაპირ გვითხრა, აქ იმიტომ გასახლებთ რომ საქართველომ მიწები არ დაიკარგოსო. ჩვენი აქ ჩამოსახლების დროისთვის ამ ტერიტორიას მთლიანად აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეზობელი სოფლებიდან გადმოსული აზერბაიჯანელები ფლობდნენ. ფერმები ჰქონდათ და მესაქონლეობას მისდევდნენ. თავდაპირველად პრობლემები გვქონდა, მაგრამ ხელისუფლების მხარდაჭერით მაშინ მოვძლიერდით და გავმაგრდით“, - გვითხრა სოფლის მკვიდრმა თამაზ აბაშიძემ, რომელიც სოფელში შესვლისთანავე გზაზე შეგვხვდა.

ერისიმედში მხოლოდ სკოლა მუშაობს, რომელიც ერთსართულიან შენობაშია განთავსებული. შენობა ნახევრად დანგრეულია, არც კარ-ფანჯარა აქვს. იატაკიც ჩანგრეულია.

დათო თავართქილაძე, სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლის დირექტორი: „სკოლის შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. კედლები დახეთქილია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. ამიტომაც, მასწავლებელიც და მოსწავლეც ფეხაკრეფით დავდივართ ხოლმე, მაგრამ იატაკი იმდენად დაზიანებულია, რომ სარდაფში მაინც ხშირად ვვარდებით. ახალი ინვენტარი კი შემომთავაზეს განათლების სამინისტროდან, მაგრამ ავეჯი სად წამეღო, როცა შენობა არ გვაქვს. ამ მდგომარეობის შესახებ სიღნაღის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმაც იცის და რაიონის გამგებელმაც. დამპირდნენ, რომ გასულ წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, სკოლისთვის, ხის ახალ შენობას ააგებდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ ბიუჯეტში ფული აღარ გვაქვს და მომავალ წელს დავგეგმავთო. ელემენტარული პირობებიც არ არის, მაგრამ ბავშვებმა წერა – კითხვა მაინც ხომ უნდა ისწავლონ. ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ. ქარის ან ძლიერი წვიმის დროს სასწავლო პროცესს ვწყვეტთ და შენობას ვცლით, რომ არ დაინგრეს და შიგ არ მოვყვეთ“.

თალიკო მახარაძე, ერისიმედის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი: „ლაპარაკს კი გვიკრძალავენ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა“.

- ვინ გიკრძალავთ ლაპარაკს?

- თუ ხმას ამოვიღებთ, პოლიციით გვაშინებენ. ჩამოვლენ ხოლმე ჯგუფები და გვემუქრებიან, წყნარად თუ არ იქნებით, სკოლაც უკან დაგრჩებათ და სოფელიცო. არ არის სკოლის შენობა უსაფრთხო და არ ვთქვათ? რით ვერ გამონახეს ჩვენი სოფლისთვის თანხები, რომ პატარა შენობა გვაღირსონ, რამდენიმე საკლასო ოთახით. ჩვენი მოსწავლეების 90 % ახლომხედველია. არსებული სკოლის შენობაში საკლასო ოთახები იმდენად პატარაა, რომ მერხებსა და დაფას შორის მანძილი ერთი მეტრია. ბავშვების უმრავლესობა სათვალეს ატარებს. საკლასო დავალებას რომ ვაწერინებთ, ბავშვებს თავი ლამის მერხებზე უდევთ და ისე წერენ. მარტო ეს პრობლემა რომ იყოს, გავუძლებდით კიდევ, მაგრამ არც წყალი გვაქვს და არც არაფერი. სამედიცინო ამბულატორია ევროკავშირის გრანტით შეარემონტეს და დაკეტილია, შიგნით არავის უშვებენ. რად გვინდოდა განახლებული ამბულატორია, თუ ექიმი არ გვეყოლებოდა, რაში გადაყარეს ათიათასობით ლარი?

ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნებისთვის ვახსენდებით. 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე გვითხრეს, სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის ჭაბურღილებს გავაკეთებთ, ოღონდ ხმა ნუგზარ აბულაშვილს მიეცითო. სასმელ წყალს დაგვპირდნენ, ამონიუმის გვარჯილას ხომ არა, და დავთანხმდით. სოფელში ორი ჭაბურღილი გააკეთეს. ბიუჯეტიდან 50 000 ლარზე მეტი გამოყვეს. არჩევნები როგორც დამთავრდა, სამ დღეში ორივე ჭაბურღილი ჩაინგრა და ისევ უწყლოდ დავრჩით.

სკოლის გვერდზე მდინარე ჩამოდის. სკოლაში წყალი არ გვაქვს და ბავშვებს რომ მოსწყურდებათ, პირდაპირ მდინარის წყალს სვამენ. ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს. ვინც მდინარის წყალს არ სვამს, სახედარით ან ხელით, სოფლიდან 12 კილომეტრის დაშორებით მდებარე წყაროდან ეზიდება. სიღნაღიდან სასწრაფო დახმარების მანქანა აქამდე რომ მოვიდეს, მინიმუმ 2 საათი სჭირდება. რამდენიმე დღის წინ, ბავშვი კრუნჩხვებში ჩაგვივარდა და ექიმი ტელეფონით გვეუბნებოდა, როგორ მოგვებრუნებინა.

ეს კიდევ არაფერი. სოფლიდან სიღნაღში წასვლა თუ მოვახერხეთ, სახლში დაბრუნებაზე პრობლემები გვაქვს. სასაზღვრო პოლიციამ გამშვები პუნქტი სოფლის შემოსასვლელში ჩადგა და თუ პასპორტი დაგვავიწყდა, სოფელში აღარ გვიშვებენ. ამასწინათ, რძალი მესტუმრა ქობულეთიდან. ძმისშვილი ახლდა თან და ბავშვი სოფელში არ შემოუშვეს, პასპორტი არ გაქვს და საზღვრის გადაკვეთის უფლებას ვერ მოგცემთო. რა უნდა იქ საზღვარს?“.

რესან ცეცხლაძე, ერისიმედის მკვიდრი: „სოფელ ერისიმედში 2000 წლიდან ვცხოვრობ. საზღვართან დაკავშირებით ასეთი პრობლემები, რაც ახლა გვაქვს, არასოდეს გვქონია. მესაზღვრეები გვეუბნებიან, იქ თქვენს დასაცავად ვდგავართო. ვისგან გვიცავენ, სიღნაღში და დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ხალხისგან? საზღვარი იქ არ გადის და რატომ დგანან? ადგილობრივები თუ წავედით სიღნაღში, იქიდან უკან დაბრუნებისას ამ სოფლის მაცხოვრებლებსაც კი პასპორტებს გვთხოვენ და რეგისტრაციაში გვატარებენ. ცოტა ხნის წინ, ასპინძის რაიონიდან ბიძაშვილი ჩამომივიდა და სოფელში არ შემოუშვეს, პასპორტი არ ჰქონდა თან. სასაზღვრო პოლიციის გამშვებ პუნქტს იქით, მინდორში, აზერბაიჯანელებს ფერმა აქვთ და იქ დავაბინავე“.

დათო მახარაძე, ერისიმედის მკვიდრი: „დასახლებული პუნქტი როგორც მთავრდება, 100 ჰექტარზე მეტი საძოვარი მიწებია, მაგრამ ვერ გავდივართ და ვერ ვსარგებლობთ. ეს მიწები საქართველოს ეკუთვნის, თუმცა იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან და ახლოს ვერ მივდივართ. მაშინვე აკავებენ ადამიანებს, ჩვენს ტერიტორიაზე გადმოხვედითო. ამ მიწებით აქ ჩამოსახლების დროს ჩვენ ვსარგებლობდით და როდის გახდა ამხელა ტერიტორია მაგათი, არ ვიცით. იმ ტერიტორიაზე ჩვენი საქონელი თუ მოხვდა, ძროხებსაც კი აპატიმრებენ და მიჰყავთ.

სკოლა თავზე გვენგრევა, საბავშვო ბაღი ჩვენ არ გვაქვს, ექიმი ჩვენ არ გვყვავს, საქონელს ვერ ვინარჩუნეთ, სოფელში უპასპორტოდ არ გვიშვებენ და სტუმარი ვერ მოდის, რა დაგვტოვებს აქ? რამდენიმე ოჯახი წავიდა უკვე და ალბათ, ეს პროცესი მალე მასობრივ ხასიათს მიიღებს“.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სამსახურის მიერ, 2007 წლის შემდეგ, სოფელ ერისიმედის მაცხოვრებლებზე გაცემულ პირადობის მოწმობებში, მისამართის გრაფაში დაფიქსირებულია: სიღნაღი, უმისამართო.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, ამის მიზეზი ის არის, რომ ერისიმედის მაცხოვრებლებს, სახლები, სადაც ცხოვრობენ, საკუთრებაში არ აქვთ.


რეპორტაჟი მომზადებულია კახეთის საინფორმაციო ცენტრის განვითარების პროექტის ფარგლებში

პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები