კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური სიძუნწე - ცენტრი რეგიონებს ძალაუფლებას არ უყოფს

30 მარტი, 2010

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

„სამეგრელოში გლეხებმა, უშგულში მახვშებმა და თუშეთში მეცხვარეებმა, ყველამ ერთი და იგივე გვითხრეს - ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეკუთვნოდესო“, - ამბობს მშვიდობის, დემოკრატიისა და გავითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელი, დავით ლოსაბერიძე, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში თვითმმართველობის სისტემის შესახებ მოსახლების აზრი გამოიკვლია.

დავით ლოსაბერიძე ასევე ევროსაბჭოს რეგიონალური ასამბლეის ექსპერტთა საბჭოს წევრია. სწორედ იქ მოისმინა ჩვენზე ბევრად „წინ წასულთაგან“, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ცენტრიდან მართვა არაეფექტურია. შედეგის მომცემი მხოლოდ ადგილობრივ დონეზე საკუთარი პრობლემების გადამწყვეტი  თვითმმართველი სისტემების შექმნაა. სწორედ ამას ითხოვენ სამეგრელოს, თუშეთის და სხვა რეგიონის მცხოვრებნიც. მიუხედავად ასეთი სურვილისა, არავინ იცის, რეალურ ცხოვრებაში ეს იდეა განხორციელდება თუ არა.

„თვითმმართველობა რას წარმოადგენს, არც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა და არც პოლიტიკურმა პარტიებმა არ იციან.  ეს მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის“, – საუბრობს ლოსაბარიძე.

სანამ  საქართველოში თვითმმართველოს განვითარებას სხვა ქვეყნებისას შევადარებთ, 59 წლის ბადრი ასათიანი ასეთ რამეს გვეტყვის: „გამგეობასა და მუნიციპალიტეტს შორის დავდივარ. ქალაქში 15 მეტრი ადგილის დაკავება და პატარა ობიეტის ჩადგმა მინდა. გამგეობა მუნიციპალიტეტში მაგზავნის, იქ კი ამბობენ - ეგ საქმე ჩვენი გადასაწყვეტი არ არისო“.

მაინც, რატომ ვერ დგას საქართველოში მოწოდების სიმაღლეზე თვითმმართველოს სისტემა?

„შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა, როგორი გენიალური აზროვნებაც არ უნდა ჰქონდეს, უპატრონოს ქალაქის 2 700 ქუჩას და 58 000 სახლს. ამისთვის არის გამოგონილი დივერსიფიცირება – დაყოფა, ანუ ვალდებულებების გადანაწილება.  რაც შეიძლება ქვედა დონეზე გაკეთდეს, არ უნდა გადაეცეს ზედა დონეს. სადღაც, სოფელში გზა უნდა დაიგოს თუ კლუბი აშენდეს, ეს უნდა ეკითხებოდეს ადგილობრივ თემს, რომელსაც ჰყავს თავის წარმომადგენელი. ეს უკანასკნელი კი პასუხისმგებელია სწორედ ამ ხალხის წინაშე. მაგალითად, წარმოგიდგენიათ დღეს გამგებელი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს, რას ფიქრობს პრეზიდენტი და გუბერნატორი?! წარმოგიდგენიათ გამგებელი, რომლისთვისაც მთავარია, უბრალო მოქალაქეები იყოს მის მუშაობით კმაყოფილი?! ასეთი გამგებლები საქართველოში არ არიან, რადგან სისტემა კვლავ ვერტიკალურია. ყველა გადაწყვეტილებას კვლავ ცენტრი იღებს“, – ამბობს დავით ლოსაბერიძე და დასძენს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ძალიან ცდება, როცა  ძალაუფლებას  ადგილობრივ თვითმმართველობებს არ უყოფს.

იმის მაგივრად, რომ ცენტრალურმა მთავრობამ იზრუნოს ქვეყნისთვის მასშტაბურ საკითხებზე, პოლიტიკურ მიმართულებებზე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებზე და ა. შ „ზურგზე იკიდებს ოზურგეთში და რუსთავში დასაგები გზებისა და ლიფტების ტვირთს.

„ხალხმა არც კი იცის ჩვენს საკრებულოში ვინ ზის“, –ამბობს რუსთავიის საკრებულოში რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი ნინო ლომიძე.

ე. წ. ძველი რუსთავის ტერიტორიაზე (სადაც მერიის შენობაა) შემთხვევით შემხვედრ რესპოდენტებს humanrights.ge-მ საკრებულოს წევრთა დასახელება სთხოვა. აღმოჩნდა, რომ რუსთაველები საკრებულოს წევრებს არა, მაგრამ საკრებულოს თავჯდომარეს კი იცნობენ.

„ჩვენი ადგილობრივი ტელევიზიით ხშირად გამოდის და ამიტომ ვიცი, ვინც არის“, - გვეუბნება რუსთაველი უმუშევარი პედაგოგი ეთერ დვალი.

რამდენად გადაესხმება ახალი სისხლი თვითმმართველობის სისტემას მოახლოებული არჩევნების შემდეგ, რთულად წარმოსადგენია. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არჩევნები პოლიტიკური თამაშის იარაღი უფროა, ვიდრე რეგიონებში წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემების მოგვარების შანსი. 

ახალი ამბები