კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„შავი ხვრელი კანონის უზენაესობის სფეროში“ - საქართველომ გუანტანამოს ციხის სამი პატიმარი მიიღო

6 აპრილი, 2010
თაკო ხუციშვილი

გუანტანამოს ციხიდან ჩამოყვანილი პატიმრების თაობაზე საზოგადოების ინტერესი კვლავ დიდია. მოქალაქეებს აინტერესებთ, რაიმე საფრთხის შემცველი ხომ არ იქნება მათი ყოფნა საქართველოში.

გუანტანამოს ამერიკის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე განთავსებული ციხის სამი პატიმარი საქართველოში 23 მარტს დილით  ჩამოიყვანეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განმარტებით ყოფილი პატიმრები რესპუბლიკის საზღვრების დატოვებას ვერ შეძლებენ, ისე კი თავისუფალი ადამიანებივით იცხოვრებენ.

„ვიდრე საქართველოში გადმოვიყვანდით, წინასწარ შევისწავლეთ მათი საქმეები. ისინი არ არიან განსაკუთრებულად საშიში დამნაშავეები და განსაკუთრებულად მკაცრი რეჟიმით არც გუანტანამოს ბანაკში იხდიდნენ სასჯელს. ამდენად, იმედი გვაქვს, რომ მათ საქართველოში ჩამოყვანას არანაირი პრობლემა არ მოჰყვება“, - აღნიშნა შოთა უტიაშვილმა.

მართალია პატიმრების ვინაობა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არიან.

გუანტანამოს ციხეში ძირითადად  ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში დაკავებული პატიმრები არიან მოთავსებული.

გუანტანამოს ციხე ოფიციალურად 2002 წლის იანვარში გაიხსნა. ამერიკული დოკუმენტების თანახმად, ეს არის სპეციალური ციხე იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ტერორისტულ აქტებში ან ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი.

პირველად იქ ავღანეთიდან 20 ადამიანი გადაიყვანეს, რომლებსაც მუსულმანი ექსტრემისტების მხარეზე ბრძოლა ედებოდათ ბარალად.

2002-დან 2006 წლამდე გუანტანამოს ციხეში სულ 750-მდე უცხოელი მოხვდა, რომლებიც ავღანეთსა და ერაყში ოპერაციების დროს ამერიკელმა სამხედროებმა დაატყვევეს. მათი  მტკიცებით, ყველა დაკავებული „ალ-ქაიდას“ ან „თალიბანის“ მხარეს იბრძოდა.

ამ დროის განმავლობაში ციხიდან 250 ადამიანი გაათავისუფლეს, სხვა ციხეებში გადაიყვანეს ან იმ ქვეყნებს გადასცეს, რომელთა მოქალაქეებიც იყვნენ ისინი.
ექსტრადირებულთა შორის რუსეთის 8 მოქალაქეც იყო. დანარჩენების ვინაობა „უსაფრთხოების მიზნით“ 2006 წლამდე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.

ე.წ. CAI-ის საიდუმლო ციხეებში „განასაკუთრებულად საშიში დამნაშავეების“  არსებობის შესახებ აშშ-ს ექს-პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა 2006 წლის 6 სექტემბერს აღიარა. 2006 წლის აპრილში კი, პენტაგონმა გუანტანამოს 558 ყოფილი და იმჟამინდელი პატიმრის სია გამოაქვეყნა. იქ სულ 41 ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

2006 წლის აპრილის მონაცემებით, ციხეში 490 ტყვე რჩებოდა, რომელთაგან ოფიციალური ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ ათს ჰქონდა წაყენებული. ტყვეთა უმეტესობა საუდის არაბეთის (132), ავღანეთისა (125) და იემენის (107) მოქალაქეები იყვნენ. გუანტანამოს ბანაკში მსჯავრდებულთა მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ ამერიკული და ევროპული პრესა 4 წელია, წერს.

2009 წლის 21 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ პრეზიდენტობის მეორე დღესვე ციხის დახურვის ბრძანებას მოაწერა ხელი. ცნობილია, რომ ევროკავშირის ექვსმა წევრმა ქვეყანამ - ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, იტალიამ, პორტუგალიამ და ესპანეთმა ტყვეების მიღებაზე თანხმობა განაცხადეს.

საქართველოს მიერ გუანტანამოს ციხის პატიმრების მიღებას სახელისუფლებო და არასახელისუფლებო წრეებში განსხვავებული რეაქცია მოჰყვა. მთავრობის განცხადებით, პატიმრების მიღებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია. ოპოზიციის ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს საქართველოსთვის საფრთხის შემცველია.

ეკა ტყეშელაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი: „თბილისი გუანტანამოს პატიმრების მიღებას დასთანხმდა, რათა დაეხმაროს ამერიკას და თავი ვაშინგტონის სტრატეგიულ პარტნიორად წარმოაჩინოს“.

დავით დარჩიაშვილი დეპუტატი: „საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მყარდება და ის არასოდეს არის ცალმხრივი. გუანტანამოს ციხიდან საქართველოში სამი პატიმრის ჩამოყვანით ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-ის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანაა. ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიებში ქართული შეიარაღებული ძალების მონაწილეობაც ამყარებს“.

ირაკლი ალასანია, „ალიანსი საქართველოსთვის: „საქართველო საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრია. ჩვენი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც აშშ-სთან, ასევე სხვა სახელმწიფოებთან . გუანტანამოდან სამი პიროვნების საქართველოში გადმოყვანას ქვეყნისთვის მაღალი საფრთხის შემცველ ფაქტად არ განვიხილავთ. თუმცა ხელისუფლება ვალდებულია, საკუთარ მოქალაქეებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიო განმარტებები მისცეს და უსაფრთხოების შესაბამისი ზომები უზრუნველყოს“.

კახა ძაგანია, ლეიბორისტული პარტია: „სააკაშვილის მიერ საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცეულ საქართველოში გუანტანამოს იმპორტი ქვეყანას უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს, რადგან ამ ფაქტის გამო ჩვენს ირგვილ არსებული მილიარდიანი მუსლიმანური ქვეყნები საქართველოს დაუპირისპირდებიან. საქართველოს მოსახლეობის საფრთხის წინაშე დაყენების ხარჯზე სააკაშვილი ცდილობს, აღადგინოს დამსხვრეული საერთაშორისო რეპუტაცია“.

გუანტანამოდან ჩამოყვანილი პატიმრების საკითხი არასამთავრობო სექტორის ყურადღების ქვეშაც მოექცა. არასამთავრობო ორგანიზაციები მეტ გამჭვირვალობას  მოითხოვენ.

„მათი საქართველოში ყოფნა სავარაუდოს საფრთხეს არ შექმნის, თუმცა, ეს მაინც საკმაოდ ბუნდოვანი საკითხია. ჩვენთვის უცნობია, ვინ არიან ეს ადამიანები, საერთოდ არიან თუ არა გასამართლებულები. შესაძლოა. სრულიად უდანაშაულონი არიან, რადგან ასეთი შემთხვევებიც ყოფილა“, - ამბობს „თავდაცვა და სამართლიანობის“ ხელმძღვანელი, ირაკლი სესიაშვილი.

„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ კოორდინატორის ანა ნაცვლიშვილის თქმით კი, ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებას გუანტანამოს ციხის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.

ანა ნაცვლიშვილი: „გუანტანამოს ციხე იურისტთა წრეში ცნობილია, როგორც დიდი შავი ხვრელი კანონის უზენაესობის სფეროში. ეს ციხე  არ არის ციხე, ტრადიციული გაგებით. იგი შექმნილი იყო სპეციალურად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ ტერორისტული აქტების ჩადენაში ან ტერორისტებთან თანამშრომლობაში. თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი აბსოლუტურად უდანაშაულოდ მოხვდა ამ საპატიმროში.  საქართველოს მოქალაქეებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია გუანტანამოს ციხის შესახებ. ამიტომ უბრალო ინფორმაციაც, რომ აქ ჩამოჰყავთ პატიმრები, მოსახლეობაში პანიკას იწვევს. აუცილებელია, ხელისუფლებამ საზოგადოებას განუმარტოს, რა პროცესთან გვაქვს საქმე“.

გუანტანამოს ბანაკის სამი პატიმრის მიღების გამო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ  საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა

ახალი ამბები