კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

7 აპრილი, 2010

გელა მთივლიშვილი, კახეთი

13-დან 17 მარტის ჩათვლით, სტიქიამ კახეთს 1 455 000 ლარის ზარალი მიაყენა. ხოლო მანამდე, 30-31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს  სტიქიამ კახეთი 7 მლნ 865 ათასი ლარით აზარალა. სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ მცირედი დახმარება მხოლოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიიღო, თუმცა სოფელ უზუნთალაში ერთი ოჯახი ამ დრომდე უსახლკაროდ არის დარჩენილი, მოსახლეობა კი საკუთარი ხარჯებით ქვა-ღორღით გავსებული ტერიტორიების გაწმენდას ვერ ახერხებს.

ოფიციალური მონაცემებით, 13-17 მარტის სტიქიამ ყველაზე მეტად საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძლიერმა ქარმა ხუთ საერთო საცხოვრებელს სახურავი გადახადა. ადიდებულმა ხევებმა კი დამცავი კედლები დააზიანა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.

70 000 ლარით დაზარალდა ახმეტის მუნიციპალიტეტი. ადიდებულმა მდინარე ილტომ  16 მარტს ახმეტა-თიანეთის 24-ე კილომეტრზე გზა დაანგრია და ხეობის 7 სოფელი გარესამყაროს მოსწყვიტა. მდინარე ილტომ ახმეტის სასმელი წყლის სათავე ნაგებობაც დააზიანა. ათობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა სოფელ ქვემო ალვანში. მდინარიდან გადმოვარდნილმა წყალმა სახნავ-სათესი მიწები ახმეტის რაიონშიც დააზიანა.

350 000 ლარის ზარალი მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტმა. ადიდებულმა ჭერმის ხევმა სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა წაიღო. სახნავ-სათესი მიწები დაიტბორა სოფლებში ჭანდარში, შაშიანში, ვეჯინში, ბაკურციხესა და კოლაგში.

185 000 ლარით დაზარალდა თელავის მუნიციპალიტეტი. მდინარე დიდხევიდან გადმოვარდნილმა წყალმა სოფელ ართანაში 2 საცხოვრებელი სახლი დატბორა და შიდა საუბნო გზა წაიღო. სტიქიამ სოფელ შალაურში სასმელი წყლის დრენაჟი დააზიანა. ღვარცოფმა მდინარე ლოპოტაზე გამავალი ხიდი და სოფელ იყალთოში საცალფეხო ხიდიც დაანგრია.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მხოლოდ ზედაპირულად ჩატარდა. ხევების გარკვეულ მონაკვეთზე კალაპოტები გააღრმავეს, სოფელ ალვანში დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყალი ამოტუმბეს და იყალთოში ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ დროისთვის, გარესამყაროს არცერთი სოფელი აღარ არის მოწყვეტილი.

ლაგოდეხის რაიონის სოფელი უზუნთალა სტიქიამ ხუთი თვის წინ დააზარალა, მაგრამ საცხოვრებელი სახლების ეზოები და სახნავ - სათესი მიწები დღემდე ქვა - ღორღით არის გავსებული. ადგილობრივები მიწის დამუშავებას ვერ ახერხებენ.

„სტიქიის შედეგად სოფლის სახნავ - სათესი და საკარმიდამო ნაკვეთები ლამით და ქვით არის სავსე. მიწის გაწმენდას მოსახლეობა დამოუკიდებლად ვერ ახერხებს. ხალხს ისედაც უჭირს და კიდევ უფრო გაუჭირდება. ბევრი ოჯახი თავს ამჟამადაც ძლივს ირჩენს. სტიქიის დროს წყალმა მათ მომარაგებული სურსათ-სანოვაგე და შეშა მთლიანად წაართვა“, - აღნიშნა უზუნთალას ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ჯემალ ნიაზოვმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის დიმიტრი ლოლაძის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაზარალებულ სოფელს დახმარება შეძლებისდაგვარად გაუწია. „უზუნთალაში მცხოვრებ ყველა ოჯახს თითო ტომარა პურის ფქვილი დაურიგდა. ბიუჯეტიდან გამოყოფილი 120 000 ლარით სოფელთან მისასვლელი გზა და ხიდი აღვადგინეთ. რაც შეეხება ნაკვეთებს, რა, მე ხომ არ გავუსუფთავებ მიწებს? ქვიშისა და ღორღისგან მოსახლეობამ ნაკვეთები თავად უნდა გაწმინდოს“, - განაცხადა გამგებლის მოადგილემ.

სოფელ უზუნთალაში დღემდე უსახლკაროდ არის დარჩენილი  21 წლის ჯეიჰუნ რამაზანოვის ოჯახი. წყალდიდობის შედეგად მისი სახლი მთლიანად დაინგრა. ხელისუფლებას დაზარალებულისთვის დახმარება არ გაუწევია. ამის მიზეზად ლაგოდეხის გამგებლის პირველი მოადგილე იმას ასახელებს, რომ რამაზანოვებს საჯარო რეესტრში სახლი საკუთრებად დარეგისტრირებული არ ჰქონდათ და დოკუმენტები არ აქვთ.

გარემოსდამცველების ინფორმაციით, კახეთში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლის შემთხვევაში სტიქიური გეოლოგიური პროცესები მნიშვნელოვნად გააქტიურდება. საფრთხე კახეთის რეგიონის 50-ზე მეტ სოფელს ემუქრება.

მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სერიოზული ღონისძიებები, რომელიც გაზაფხულზე მოსალოდნელი წყალდიდობის შემთხვევაში სტიქიის პრევენციას მოახდენდა, ფაქტობრივად, არ გატარებულა. ამის მიზეზად მუნიციპალიტეტის გამგებლები ადგილობრივ ბიუჯეტში საკმარისი ფინანსური რესურსების არ ქონას ასახელებენ. მათივე თქმით, სტიქიური უბედურებების პრევენციისთვის საკმარის თანხებს არც ცენტრალური ბიუჯეტი გამოყოფს. ოფიციალური მონაცემებით, მთავრობამ, გასულ წელთან შედარებით, წელს, ნაპირსამაგრი სამუშაოების თანხა 9 მილიონიდან 1 მლნ 800 000 ლარამდე შეამცირა.

ახალი ამბები