კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის გამგებელმა ომით დაზარალებულ მოქალაქესთან სასამართლო დავა წააგო

8 აპრილი, 2010

საბა წიწიკაშვილი, გორი

გორის რაიონის სოფელ კარბში აგვისტოს მოვლენების დროს ჩამოვარდნილი ჭურვების გამო, ვალერი ბიძინაშვილის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მის შესაკეთებლად სახლის პატრონმა ხელისუფლების ყველა უწყება შეაწუხა. სოფელში რამდენიმე წუთით ჩასულ გუბერნატორს პირადადაც კი დაუსახელა ის პიროვნებები, რომლებიც მისი სახლის აღდგენაში ხელს უშლიან - ესენი არიან სოფლის გამგებელი და დეპუტატი. მიუხედავად ამისა, ვერაფერ შედეგს მიაღწია.

ვალერი ბიძინაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასამართლოში უჩივლა. სასამართლომ ბიძინაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა. სარჩელის მოთხოვნას სასამართლოზე გამგეობის იურისტი დაეთანხმა. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილებას რაიონის გამგებელი დავით ხმიადაშვილი და მისი ეკონომიკის სამსახურის უფროსი გივი ხუროშვილი სხგვაგვარად კითხულობენ. თუ რატომ, ამაზე გზადაგზა ვისაუბრებთ.

ბიძინაშვილის უკმაყოფილების მიზეზი ის გახდა, რომ 2008 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 9,5 მლნ ლარიდან, მის სახლს იმაზე ნაკლები თანხა დაახარჯეს, ვიდრე სჭირდებოდა. ამავე დროს, გამგეობამ და მშენებელმა კომპანიამ, ბიძინაშვილის სახლის რეაბილიტაციის დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი ერთმანეთში ისე გააფორმეს, სახლის პატრონს არც კი შეეკითხნენ – მოგწონს თუ არაო. 

ვალერი ბიძინაშვილი ამბობს, რომ დაზიანებული სახლის აღდგენითი სამუშაოები უხარისხოდ მიმდინარეობდა. ერთადერთი, რაც გამგეობის მიერ დაქირავებულმა მუშებმა გააკეთეს, დანგრეულ კედლებს სახურავი გადააფარეს. დაზიანებული კედლები კი უცვლელად დატოვეს. ვალერი ბიძინაშვილი იძულებული გახდა, საბოლოოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის სასამართლოში ეჩივლა. მანამდე არაერთი განცხადება დაწერა სხვადასხვა უფლებათადამცველ ორგანიზაციებში, მათ შორის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისში, თუმცა სოფლის გამგებლისა და რწმუნებულის ხელშეწყობით, მისი სახლის რეაბილიტაცია არ ხორციელდებოდა.

ვალერი ბიძინაშვილი ფიქრობს, რომ მას სოფლის გამგებელი და რწმუნებული სპეციალურად ავიწროებდნენ, რადგან მათ ავკარგიანობაზე და კანონდარღვევებზე გუბერნატორს ესაუბრნენ.

„მითხარი, დახმარებებს ვინ ანაწილებს სოფელში არაორგანიზებულად? მითხარი ახლავე, ამ ხალხის წინ“, - ასე მიმართა გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა შარშან ვალერი ბიძინაშვილს და მის ნათესავებს.

„ვინ და ვინც გვერდზე გყავს“, - მიუგეს ვარძელაშვილს ბიძინაშვილებმა. გუბერნატორმა იქვე სამართლიანობის მანტია მოიხსნა და სოფლის გამგებელს და დეპუტატს შეუტია: „აკი მითხარით, სოფელში ყველაფერი კარგად არისო?!“

მის მერე მრავალი კვირა გავიდა, ხოლო მეორე დღეს სოფლის გამგებელმა და დეპუტატმა ბიძინაშვილის ერთ-ერთი ახლობელი სცემა სოფლის ბირჟაზე, როგორ თუ გუბერნატორთან დამაბეზღეთო. ბიძინაშვილები კი არც მომდევნო სიებში მოხვდნენ, რომლის შედგენა ვარძელაშვილმა სოფლის ხელმძღვანელობას ერთ კვირის ვადით დაავალა.

 სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ვალერი ბიძინაშვილმა მოითხოვა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალდებულება, რათა სახლი პირვანდელ მდგომარეობაში აღადგინოს. ბიძინაშვილი კონკრეტულად ითხოვდა მეტალო-პლასტმასის ფანჯრების, ჭერზე ფანერების მოწყობას და დაზიანებული კედლების აღდგენას. აღნიშნულ მოთხოვნას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაეთანხმა.

ჯერ კიდევ 2008 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ გამოსცა #665 განკარგულება - „საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“. ამ განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისა და დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას 9 181 000 ლარი გამოეყო.

იქვე მუნიციპალიტეტებს მიეცათ შესაძლებლობა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესასრულებლად, სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

სოფელ კარბში მუნიციპალიტეტის გამგეობა შპს „ინტერმშენის“ წარმომადგენლობას მოელაპარაკა, გააფორმა მასთან ხელშეკრულება, რითაც მშენებელმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ვალდებულება იკისრა. კარბში მაცხოვრებელმა ვალერი ბიძინაშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ „ინტერმშენმა“ მხოლოდ სახურავი გადახურა, ისიც - უხარისხოდ, ხოლო მოგვიანებით გაარკვია, რომ შპს „ინტერმშენსა“ და გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა. ამდენად, დამკვეთმა და შემსრულებელმა დაზარალებულ ბიძინაშვილის დაუკითხავად გადაწყვიტეს, საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულებულად ჩათვლილიყო.

ბიძინაშვილმა მართლმსაჯულებას „ინტერმშენის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის ფურცელი წარუდგინა. წარდგენილი ხარჯთაღრიცხვით გაირკვა, რომ ბიძინაშვილის სახლზე ჩასატარებელია მეტალოპლასტმასის ფანჯრებისა და ჭერზე ფანერების მოწყობის სამუშაოები. ომის შედეგად დაზიანებულია დასავლეთის მხარეს მდებარე კედელიც. მთავრობის დადგენილებით კი, ამ დაზიანებების აღმოფხვრა უნდა მომხდარიყო.

როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებით ვიგებთ, მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სცნო სარჩელი. „ვალერი ბიძინაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს“, - ვკითხულობთ მოსამართლის გადაწყვეტილებაში, - „დაევალოს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განახორციელოს მოსარჩელე ვალერი ბიძინაშვილის საკუთრებაში, გორის რაიონის სოფელ კარბში მდებარე სახლზე მეტალოპლასტმასის ფანჯრების, ჭერზე ფანერების მოწყობა და დასავლეთის მხარეს არსებული დაზიანებული კედლების აღდგენა (შიგნიდან და გარედან)“.

ვალერი ბიძინაშვილი შედეგით კმაყოფილია, თუმცა, გორის მუნიციპალიტეტთან შეხვედრის შემდეგ დარწმუნდა, რომ გამგეობა მისი სახლის სრულ რეაბილიტაციას არ აპირებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მუნიციპალიტეტის გამგებელს ვალერი ბიძინაშვილთან ერთად შეხვდა: „მე რასაც მავალებს სასამართლო, იმას გავაკეთებ“, - თქვა გამგებელმა. ბიძინაშვილმა განუცხადა, რომ სახლი ისეა დაზიანებული, რომ მარტო მეტალოპლასტმასები და ფანერები ვერ უშველისო.

„ბატონო დავით, მოსამართლემ სარჩელი დააკმაყოფილა. ნიშნავს თუ არა სარჩელის დაკმაყოფილება იმ მოთხოვნების შესრულებას, რასაც დაზარალებული სასარჩელო განცხადებაში უთითებს?“ - ჰკითხა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა გამგებელს.

„მე ვიმეორებ - მხოლოდ იმას გავუკეთებ ამ ხალხს, რაც მოსამართლემ დამავალა“, - გამოვიდა მოთმინებიდან გამგებელი. ეკონომიკური სამსახურის უფროსმა კი წინ სასამართლოს გადაწყვეტილება დაგვიდო და წითელი კალმით ხაზი იმ სიტყვებს გაუსვა, სადაც მოსამართლე ამბობს - „დაევალოს გამგეობას მეტალოპლასტმასების და ფანერების გაკვრა“.

ახალი ამბები