კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომბუდსმენის ანგარიშში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ მიერ შეუწყნარებლობის გამოვლინებაზეა საუბარი

8 აპრილი, 2010

სახალხო დამცველის ანგარიშში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ მიერ შეუწყნარებლობის გამოვლინებაზეა საუბარი და მასში ამ ორგანიზაციის მიერ გამოჩენილი შეუწყნარებლობის არაერთი ფაქტია შესული.

კერძოდ,  2009 წლის 16 სექტემბერს, ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში, რომელიც მთლიანად აზერბაიჯანელი მუსლიმებითაა დასახლებული, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და სასულიერო პირების ხელმძღვანელობით შევიდა მართლმადიდებელ მორწმუნეთა აგრესიულად განწყობილი 50-70 კაციანი ჯგუფი, რომლებმაც სოფლის მოსახლეობისგან ძველი მეჩეთის ნანგრევების რეკონსტრუქციის შეჩერება მოითხოვეს.

იმავდროულად, აზერბაიჯანელი მუსლიმების წინააღმდეგ იყენებდნენ ქსენოფობიურ რიტორიკას და მათ საქართველოში სტუმრებს უწოდებდნენ. ამ მოთხოვნის შედეგად, სახალხო დამცველის ინფორმაციით, მუსლიმებმა მეჩეთის მშენებლობა შეაჩერეს, აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებმა კი მეჩეთის წინ პიკეტირება დაიწყეს.

„უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მათ ზეპირსიტყვიერად მიიღეს მეჩეთის მშენებლობაზე თანხმობა. თუმცა, მათ არა აქვთ შესაბამისი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ნებართვის სახით, რაც მშენებლობის განხორციელების კანონიერ საფუძველს წარმოადგენს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მშენებლობის შეჩერების პრეროგატივა აქვს სახელმწიფოს და არა რომელიმე რელიგიურ ჯგუფს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში შესულია 2009 წლის 10 დეკემბერს „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის“ ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული საგანმანათლებლო კონფერენცია ისლამის საკითხებთან დაკავშირებით, რომლის მსვლელობისას დარბაზში მყოფი „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრები გამომწვევად, სიძულვილის ენის შემცველი სიტყვებით მიმართავდნენ შეკრებილებს, რამაც კონფერენციის მონაწილეებს საშუალება აღარ მისცა, შეხვედრის სადისკუსიო ნაწილი გაეგრძელებინათ.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციითვე, საანგარიშო პერიოდში, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ შეუწყნარებლობის გამოვლინების ობიექტი რამდენჯერმე გახდა კათოლიკე მრევლი. კერძოდ, 2009 წლის 6 და 7 ოქტომბერს, დაახლოებით 80 ადამიანის შემადგენლობით განხორციელდა მსვლელობა ადიგენის რაიონის სოფელ არალში და დაბა ვალეში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკეა.

„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ ორგანიზებულ ჯგუფს სასულიერო პირები მიუძღოდნენ. ისინი არიგებდნენ სიძულვილის ენის შემცველ, ცილისმწამებლურ, ანტიკათოლიკურ ბროშურებს, რომ კონკრეტულად საქართველოში მოღვაწე კათოლიკე სასულიერო პირები, ახორციელებენ სექსუალურ ძალადობას ბავშვებზე, არიან პედოფილები და მოსახლეობას კათოლიკე მღვდლებისაგან საკუთარი შვილების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

2009 წლის 15 ოქტომბერს კი, თბილისში გაიმართა ერთდღიანი მანიფესტაცია საქართველოში ვატიკანის საელჩოსთან. მანიფესტანტებს გაშლილი ჰქონდათ პლაკატები, რომლებზეც კათოლიკეთა შეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური შინაარსის წარწერები იყო გაკეთებული.

რაც შეეხება მესამე ფაქტს, 2009 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გაიხსნა ასურელთა კულტურის ცენტრი, რომლის ნაწილს ასურელ კათოლიკეთა ტაძარი წარმოადგენს.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ცენტრის გახსნის დღეს „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა“ მცირე ხნით გადაკეტა ტაძრის შესასვლელი. მათ ანტიკათოლიკური შინაარსის ქსენოფობიური ტრანსფარანტები გაშალეს. ცენტრის შესასვლელი კი, საპატრულო პოლიციის მოთხოვნით მაშინ გაათავისუფლეს, როდესაც უნდა დაწყებულიყო ასურელთა კულტურის ცენტრის საზეიმო გახსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ რამდენიმე ქვეყნიდან მოწვეული კათოლიკე სასულიერო პირები, ასევე, ასურელ-ქალდეველთა პატრიარქი და საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ღონისძიების მეორე დღეს „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრებმა ცენტრის შესასვლელი ისევ გადაკეტეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც მცირე ხნით.

„შეუწყნარებლობის ამგვარი გამოვლინებები მიუღებელია ლიბერალური და პლურალისტული საზოგადოებისთვის, რომლის არსებობისა და განვითარების ერთ–ერთ საფუძველს რელიგიური ტოლერანტობა წარმოადგენს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა და რომლის განხილვის პროცედურებიც ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე შეთანხმდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები