კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიღომში პოლიციამ „ეროვნული საბჭოს“ ექვსი წარმომადგენელი დააკავა

12 აპრილი, 2010

8 აპრილს საპატრულო პოლიციამ დიღომში მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს „ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე შალამბერიძე და რამდენიმე აქტივისტი დააკავა. მათი ადგილსამყოფელი გარკვეული დროის განმავლობაში უცნობი იყო.

დიღმის ტრასაზე „ეროვნული საბჭოს“ წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის აქტივისტებმა გზა გადაკეტეს. გზის გადაკეტვის მიზეზი დალუქულ სტამბა „თბილისელებში“ „ეროვნული საბჭოს“ წევრების არშეშვება გახდა. თუმცა თავად ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ მათი ინფორმაციით, სტამბა, სადაც მათი 98 000 ფლაიერი დაიბეჭდა, თავიდან დალუქული არ ყოფილა. მას შემდეგ კი, რაც „ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენლებს სტამბის შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, მათ დოკუმენტაციის თვითნებურად გამოტანა გადაწყვიტეს, შემდეგ კი გზა გადაკეტეს

როგორც ჟურნალისტებს „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა განუცხადა, იგი ესაუბრა თბილისის საპატრულოს უფროსს და ჰკითხა, რატომ არის შენობა დალუქული საპატრულო პოლიციის მიერ.  გიორგი გეგეჭკორმა კი, უპასუხა, რომ არ იცის, ვინ დალუქა  შენობა. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი შემთხვევის ადგილზე პირადად იმყოფებოდა.

„თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ სტამბა დალუქული აღარ იყო და  მასალების წასაღებად მოვედით,  თუმცა შემდეგ გარკვეულმა პირებმა პოლიცია გამოიძახეს და სტამბა დალუქეს. საპატრულო პოლიცია დაუდგენელი პირების მიერ დალუქულ სტამბას იცავდა, რაც უსამართლოა“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

როგორც „კონსერვატორების“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, „ეროვნული საბჭო“ არ აპირებს, უკან დაიხიოს ამ პროცესებისგან. მისი თქმით, სტამბებიდან მასალებსაც წაიღებენ, არჩევნებსაც მოიგებენ და ხელისუფლებასაც გაუშვებენ.

როგორც ძიძიგური აცხადებს, მათი მოთხოვნები არის კანონიერი და ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუშალოს მათ წინასაარჩევნო აგიტაციაში.

ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით კი, ხელისუფლება მიდის ყველანაირ პროვოკაციაზე და ეს პროვოკაციები „ეროვნული საბჭოს“ მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება.

დიღომში მომხდარი ინციდენტის დეტალები „ეროვნულმა საბჭომ“ მოგვიანებით სპეციალურად მოწვეულ ბრიფინგზე დააზუსტა. ითქვა, რომ ინციდენტის დროს პოლიციამ „ეროვნული საბჭოს“ ექვსი წარმომადგენელი დააკავა, კერძოდ - „ხალხის პარტიის“ წევრი ალექსანდრე შალამბერიძე, „კონსერვატორებიდან“  - ტრისტან ექურიშვილი, ირაკლი იმნაძე და გიორგი სიხარულიძე, ხოლო „მოძრაობა სამართლიანი საქართველოდან“ -  გია კობიძე და ნიკა ჯავახიძე.  

როგორც ჟურნალისტებს კობა დავითაშვილმა განუცხადა, დაკავებულები ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანეს და მათთან ადვოკატებს არ უშვებენ.

იმ შემთხვევაში, თუ მათ დღესვე არ გაათავისუფლებენ, ხვალ - 9 აპრილს „ეროვნული საბჭო“, მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავს.
 
ამასთან, რუსთაველის გამზირისკენ ვერის პარკში მდებარე კალათბურთის დარბაზიდან გაემართებიან. 13.00 საათზე იქ დაგეგმილია „ეროვნული საბჭოს“ ყრილობა, სადაც გამოცხადდება პრაიმერის შედეგები, ასევე თბილისის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობისა და საკრებულოს დეპუტატების კანდიდატები.

ბრიფინგიდან ცოტა ხნის შემდეგ ალექსანდრე შალამბერიძე გაათავისუფლეს. მან ჟურნალისტებს აცნობა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო. მასთან ერთად დაკავებული ოპოზიციის მხარდამჭერების სასამართლო პროცესი კი გაჭიანურდა.

„მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, რომ პარლამენტის ყოფილი წევრი ვიყავი, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მომცეს და გამათავისუფლეს. ჩემთან ერთად დაკავებული ბიჭების სასამართლო პროცესი კი, ახლა მიმდინარეობს. მოვითხოვ, მათაც მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცენ“, - აღნიშნა შალამაბერიძემ.

მისივე თქმით, ისინი ნარკოლოგიურში არანაირ შემოწმებაზე არ გაუყვანიათ.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები