კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადმინისტრაციული რესურსები წინასაარჩევნო კამპანიისთვის

13 აპრილი, 2010
 გელა მთივლიშვილი, კახეთი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მუნიციპალურ ბიუჯეტებში არაერთი ცვლილება შევიდა. ძირითადად, სოციალური პაკეტი და ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯები გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური პროგრამების განხორციელებაში მმართველი პარტიის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ. ამასთან, ამომრჩევლების გულის მოსაგებად მთავრობამ პარლამენტში ამნისტიების გამოცხადებასთან დაკავშირებით რამდენიმე კანონპროექტი შეიტანა. 

ცვლილებები განხორციელდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შესაკეთებლად გამგეობამ 297 000 ლარი გამოყო. მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან ბაღაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში მდებარე 20-ზე მეტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანებულია და თანხა მოსახლეობის  ინტერესებიდან გამომდინარე  გამოიყო. დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში სხვა ცვლილებებიც განხორციელდა.

ბიუჯეტს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რეგიონებში განსახორციებელი პროექტების ფონდიდან თანხა დაემატა, საიდანაც გზების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება 46 200 ლარი, წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციაზე 298 100 ლარი, ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობაზე 89 900 ლარი, საკანალიზაციო სისტემებზე და სანიაღვრე არხების აღდგენაზე 46 000 ლარი, მინი-სპორტული მოედნების მოწყობაზე 157 000 ლარი. ამასთან, მარტში, გერმანიის ტექნიკური თანამშრომშრომლობის ორგანიზაციის მიერ, პროექტით მიმდინარე სამუშაოებისთვის ბიუჯეტში გადაირიცხა 90 000 ლარი, ხოლო სარეზერვო ფონდიდან 6500 ლარი დაემატა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გამგეობის  საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ანა ბენაშვილის ცნობით, ცვლილებები სპეცტრანსფერებით არის განპირობებული.

ცვლილებები შევიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც. გაიზარდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯები.

ოფიციალური მონაცემებით, გურჯაანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  ხარჯები განისაზღვრა 966.5 ათასი ლარით, ნაცვლად 944.3 ათასი ლარისა; გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების, ე.წ. სოფლის გამგებლების ხარჯები განისაზღვრა 333.4 ათასი ლარით, ნაცვლად 325.6 ათასი ლარისა; ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რებილიტაცია და ექსპლუატაცია განისაზღვრა 4 394.4 ათასი ლარით, ნაცვლად 2 778.3 ათასი ლარისა; ადგილობრივი მნიშვნელობის (საავტომობილო) გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და ექსპლუატაციის ხარჯები განისაზღვრა 1 041.0 ათასი ლარით, ნაცვლად 646.3 ათასი ლარისა; სოფლის მეურნეობა, მათ შორის სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის ხარჯები განისაზღვრა 79.0 ათასი ლარით, ნაცვლად 60.0 ათასი ლარისა; სასმელი წყლით მომარაგება დაფინანსდა 902.6 ათასი ლარით, ნაცვლად 877.6 ათასი ლარისა; საკანალიზაციო სისტემების და სანიაღვრე არხების მოწყობა - რეაბილიტაციის ღონისძიებები დაფინანსდა 156.5 ათასი ლარით, ნაცვლად 78.9 ათასი ლარისა; ბინათმშენებლობა განისაზღვრა 938.3 ათსი ლარით, ნაცვლად 855.0 ათსი ლარისა; სასაფლაოების მოვლა პატრონობის ხარჯი დაფინანსდა 43.8 ათასი ლარით, ნაცვლად  20.0 ათასი ლარისა; სკოლამდელი აღზრდის ხარჯი დაფინანსდა 795.2 ათასი ლარით, ნაცვლად 776.8  ათასი ლარისა. გაიზარდა ტელე - რადიო მაუწყებლობისა და საგამომცემლო საქმიანობის დაფინანსებაც და 68.9 ათასი ლარის ნაცვლად 70.0 ათასი ლარით განისაზღვრა.

ბოლო  ორი თვის განმავლობაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის  გამგეობაში ერთჯერადი  ფინანსური დახმარების გაწევის თხოვნით  შესული განცხადებების  რაოდენობამ 5 ათასს  გადააჭარბა. გამგეობის  სოციალური სამსახურის ინფორმაციით, ფინანსური დახმარება 50-დან 200 ლარამდე ოდენობით 573 ოჯახს გაეწია. ამასთან, 12562 ლარით დაფინანსდა ავადმყოფთა ოპერაციები. ასევე, 78 ოჯახს გამგეობამ სათბობი შეშა გადასცა, რაშიც 5 000 ლარი დაიხარჯა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წელთან შედარებით, 2010 წელს გურჯაანის მუნიციპალურ ბიუჯეტში სოციალური პაკეტის დაფინანსება 70 000 ლარით გაიზარდა და 190 000 ლარით არის განსაზღვრული. 2009 წელს სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის თანადაფინანსება სოციალური პაკეტიდან ხდებოდა, 2010 წელს კი ამისათვის 60 000 ლარი ცალკეა გამოყოფილი. ასევე 2010 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარებების გასაწევად 10 000 ლარი. სოციალური სამსახურის უფროსის ნიკა ნიჟარაძის განცხადებით, მრავალშვილიან ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით გაიცემა და იმ შემთხვევაში, თუ საერთო თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, გამგეობა მას გაზრდის.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური პროგრამების განხორციელებაში მმართველი პარტიის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგებელი შვებულებაშია გასული.

უნდა აღინიშნოს, რომ შვებულებაში  ყოფნის მიუხედავად, ყველა  მუნიციპალიტეტის გამგებელი  სამსახურებრივი მანქანით სარგებლობს, სამუშაო ოთახებში არიან, მოქალაქეებს იღებენ და გამგეობის რესურსებს მოიხმარენ. 

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან ერთად, ამომრჩევლების გულის მოსაგებად მთავრობამ პარლამენტში ამნისტიების გამოცხადებასთან დაკავშირებით რამდენიმე კანონპროექტიც შეიტანა. 

ამ დროისთვის პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს, რომლის საფუძველზეც  სახელმწიფო აღიარებს რამდენიმე ასეული ახალგაზრდის  უმაღლეს განათლებას, რომელიც მათ  ზოგადი განათლების დამადასტურებელი  ყალბი დოკუმენტის - ატესტატის საფუძველზე მიიღეს. 

კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“ შეეხებათ იმ პირებს, რომლებმაც საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება  2004–2005 სასწავლო წლამდე ჩაიდინეს. 

კანონპროექტი  პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენით უკვე განიხილა. „ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს პირებს, რომელთა ქმედება უკავშირდება ყალბი ატესტატების შეძენას  2004-2005 სასწავლო წლამდე და მათ შემდგომ  გამოყენებას“, - განმარტა კანონპროექტის წარდგენისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პეტრე წურწუმიამ.  მისივე თქმით, ზემოაღნიშნული  კატეგორიის ახალგაზრდებს დღეისათვის არათუ უმაღლესი განათლება, არამედ სკოლის დამთავრებაც კი არა აქვთ დადასტურებული თვით საკუთარ ქვეყანაში. „ამდენად, ამ კანონპროექტის მიღებას მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, -  განაცხადა წურწუმიამ.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს.

ასევე, სახელმწიფო გეგმავს ერთჯერადი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს ის პირები, ვინც შესაბამისი სამართალდარღვევა 2009 წლის 15 ივნისამდე ჩაიდინეს. 

„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტებმა პირველი მოსმენით უკვე განიხილეს.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შეეხება როგორც ადმინისტრაციული სახდელების ძირითად ნაწილს, ასევე დამატებით სახდელებს და საურავებს. ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომელთა მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ეხება გარევაჭრობას, გარე რეკლამის განთავსებას და სხვა მსგავსი ხასიათის დარღვევებს. 

პარლამენტი კიდევ ერთ კანონპროექტს განიხილავს. პროექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლს ემატება 21-ე (პრიმა) ნაწილი, რომლის მიხედვითაც, როგორც რეგიონულ, ასევე ნაციონალურ ტელესამაუწყებლო კომპანიებს უნდა ჩამოეწეროთ კანონის ძალაში შესვლის დღისთვის არსებული საგადასახადო დავალიანებები და მასზე დარიცხული საურავები.

ამასთან, ცვლილებები შედის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძვლებში. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში და მინდობით აღზრდაში მყოფი პირებისთვის სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნა პენსიის შეწყვეტის საფუძველი აღარ იქნება

ახალი ამბები