კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ძილის უფლება მოგვეცით!“ - წინასაარჩევნო თხოვნა

14 აპრილი, 2010
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი   

წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობას მოსახლეობისთვის განსხვავებული შეპირებების დარიგება უწევს. სახურავების გადახურვა, ლიფტების გაკეთება, ახალი სოციალური პროექტები  და ა.შ. ამ სტანდარტულ თხოვნებში რუსთაველი 12 წლის ნინის სათხოვარი ვერ შევა.

„ჩვენთან ახლოში რესტორანია, რომელიც მთელი ღამე მუშაობს. დინამიკები ეზოშიც უდგათ და არ გვაძინებენ. ქეიფი, რომ მორჩება, მთვრალები გარეთ გამოდიან. ხშირად ჩხუბობენ და იგინებიან...“ ნინი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სიახლოვეს ცხოვრობს. მისი სახლის გარშემო სამი რესტორანია. რთული სათქმელია, საჩივარი კონკრეტულად რომელ მათგანს ეხება.

„ჩვენ ქალაქში რესტორნებს მუშაობის დროის შეზღუდვა არ აქვთ. რამდენი ხანიც კლიენტი რჩება, თუნდაც დილის 5 საათამდე, მანამდე მუშაობენ. აბა, წარმოიდგინეთ, ამ კლიენტს დილის 4 საათზე შალახოს დაკვრა რომ მოუნდება, ჩვენ რა დღეში ვვარდებით?!  ყოველი დღესასწაული და ვინმეს დაოჯახება ნერვების წყვეტის ფასად გვიჯდება, რადგან სუფრები სულ ჩვენს ახლოს მყოფ რესტორნებში იშლება. განსაკუთრებით გვიჭირს, როცა ზაფხულია და სკოლებში ბანკეტები იწყება. ჩვენც ისევე ვათევთ ღამეს, როგორც სკოლადამთავრებული ახალგაზრდები. წინასაარჩევნოდ ქალაქის ხელმძღვანელობა გააქტიურებულია და ჩვენი თხოვნაა,  ამ პრობლემასაც ყურადღება მიექცეს“, – საუბრობს პენსიონერი ზაალ სიხარულიძე.

აღმოჩნდა, რომ იგივე პრობლემა აწუხებთ რუსთავის მიკრორაიონებში მცხოვრებლებს. მე-12 მიკრორაიონში მცხოვრები ეკა ლორია ამბობს, რომ რესტორნების ხმაურის გამო, ერთხანს საცხოვრებლის შეცვლაზეც ფიქრობდა: „ღამის სამ-ოთ საათამდე მუშაობენ - მოსახლეობის გვერდით ყველანაირი მანძილის დაცვის გარეშე და ამაზე საყვედურსაც არ იღებენ. ჩვენ მხოლოდ დროზე გვაქვს პრეტენზია და მეტზე არაფერზე. რესტორნები, ცხადია, უნდა არსებობდეს, მაგრამ ძილის საშუალება ხომ უნდა გვქონდეს?!“.

humanrights.ge-ს კითხვაზე - რატომ არ მიმართეს დახმარებისთვის ქალაქის ხელმძღვანელობას, ლორია გვპასუხობს: „ვის უნდა მივმართო? ქალაქის მერს, რომელიც თვითონაა შუაღამისას რესტორნების სტუმარი?!“

რუსთავის მერის პრესსამსახურიდან გვპასუხობენ, რომ აღნიშნულ პრობლემაზე მათ ინფორმაცია არა აქვთ, რადგან მოქალაქეებს არ მიუმართავთ. იმ შემთხვევაში, თუ დახმარებას ითხოვენ, პრობლემაზე რეაგირებას მოახდენენ.

ჩვენ ვეცადეთ თავად გაგვერკვია, რამდენად ობიექტურია რესტორნების პრობლემა. ვესტუმრეთ რუსთავის თითქმის ყველა დიდ რესტორანს. მათი უმრავლესობა დასახლებული შენობების გვერდით ან თვითონ შენობებში მუშაობს. ჩვენ, როგორც ჩვეულებრივმა კლიენტებმა, ვიკითხეთ მათი დარბაზის დაკავების შემთხვევაში, რომელ საათამდე შეგვეძლო გართობა. ოთხი რესტორნის გარდა ჩვენს მიერ შემოვლილი  დაწესებულებიდან ყველამ ასე გვიპასუხა: „ოფიციანტები 12 საათამდე რჩებიან, დამკვრელები და დარბაზი კი დილამდე თქვენს განკარგულებაშია“.

ცნობილია, რომ ზოგადად ძილის უფლების წართმევა ადამიანის წამების ერთ-ერთი ფორმაა. ამ მეთოდს მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტები მიმართავდნენ, როცა ტყვეების ფსიქოლოგიური გატეხა სურდათ.

ახალი ამბები