კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციამ პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაკეტა

16 აპრილი, 2010
 ალექსი ბეჟანიშვილი

15 აპრილს თბილისში რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტთან გზა გადაკეტეს. საპროტესტო აქციაში არასაპარლამენტო ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ ორი ძირითადი მოთხოვნა წამოაყენეს: 1) ხელისუფლებამ შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა საკუთარი მოქალაქეების მიმართ 2) 16 აპრილიდან დაიწყოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების გათავისუფლება კანონით დადგენილი წესით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სოლიდარობის აქციები უფრო მასშტაბურ და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, უკანონო პატიმრები ის თემაა, რომელმაც ყველა ძალა უნდა გააერთიანოს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართვას ძალიან ბევრი უფლებადამცველი ორგანიზაცია და თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.

აქციაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები -  ჯონდი ბაღათურია და დიმიტრი ლორთქიფანიძეც მონაწილეობდნენ. აქციაში ასევე მონაწილეობდა მანანა არჩვაძე-გამსახურდია და მისი მხარდამჭერები.

როგორც „ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენელმა, კახა კუკავამ  განაცხადა, ციხეებში მასშტაბური შიმშილობა მიმდინარეობს. უკვე  მე-10 დღეა, საპყრობილეში შიმშილობს ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი მელორ ვაჩნაძე, რომელიც, მისი თქმით, უკანონო პატიმარია.

როგორც ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, 21-ე საუკუნეში სამარცხვინოა, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ და ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები: „საქართველოში ბევრი უკანონო პატიმარია, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ ციხეები შენდება, პატიმრებს დასაწოლი ადგილები არა აქვთ“.

როგორც „ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან და ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან. ამავე დროს, ეს არის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც, ყველა ოპოზიციური პარტია ერთიანია და სოლიდარობის აქციას უერთდება. მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პოლიტიკური ნიშნით დევნა ჯერ ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლებით დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებით.

პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია საღამოს დასრულდა. როგორც აქციის ორგანიზატორმა ეკა ბესელიამ განაცხადა, ოპოზიციის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ორშაბათს კონკრეტულ გეგმას გამოაცხადებენ მომავალ აქციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, პარლამენტის შენობასთან მივიდა იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ელოდებოდა. ბესელიამ აღნიშნა, რომ აქციის მთავარი მიზანი იყო არა მასშტაბურობა, არამედ მისი ხასიათი.

„პოლიტიკური ნიშნით ადვოკატებსაც დევნიან“, - განაცხადა აქციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ,  ზაზა ხატიაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ადვოკატები ნათია სირაძე და მარი იველაშვილი ხელისუფლებამ იმიტომ დააკავა, რომ პოლიტპატიმრების ინტერესებს იცავდნენ. ხატიაშვილის თქმით, ეს ადვოკატები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც საერთაშორისო სასამართლოებში უჩივლეს ხელისუფლებას და იქ მიიტანეს ამბავი საქართველოში არსებული განუკითხაობის  და უკანონო პატიმრების არსებობის შესახებ.

ზაზა ხატიაშვილმა ყველა პროფესიის ადამიანს მოუწოდა, უკანონო პატიმრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.

16 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ეკა ბესელიას ოჯახის წევრების პორცესია დაგეგმილი, სადაც, სავარაუდოდ, გადაწყვეტილება გამოცხადდება.

ბესელიას განცხადებით, თუ ხელისუფლება ხვალიდან მოთხოვნის შესრულებას არ დაიწყებს, კერძოდ - პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესს, ისინი უფრო ფართომასშტაბიან და პერმანენტულ აქციებს განახორციელებენ.

„ინტერპრესნიუსის“ მიხედვით

ახალი ამბები