კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ფეროს“ პენსიონერების სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

16 აპრილი, 2010
თამთა კაკაურიძე, ზესტაფონი

სააქციო საზოგადოება „ფეროშენადნობთა ქარხნის“ ყოფილი თანამშრომლები კვლავ კუთვნილი სარჩოს გარეშე რჩებიან. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2010 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით, მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსარჩელეები 2006 წლის 13 დეკემბერს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას, მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და ყოველთვიური სარჩოს გადახდას ითხოვდნენ.

მოსარჩელეთა მოთხოვნა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება. ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ ფეროშენადნობთა ქარხანაში და იღებდნენ ყოველთვიურ სარჩოს. მას შემდეგ, რაც საწარმო შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ შეისყიდა, მათ სარჩოს მიღება შეუწყდათ.

2006 წლის 13 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ არ აუღია ვალდებულება, რომ სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ ნაცვლად მოსარჩელეებს დავალიანებას გადაუხდიდა. თუმცა, კანონით დაუშვებელია,  ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შედეგად დანიშნული სარჩოს გადახდაზე ვალდებულება თავიდან აიცილოს ზიანის მიმყენებელი საწარმოს თუნდაც ახალმა მეპატრონემ. ამ თემაზე humanrights.ge-მ ვრცლად  ორი თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია (იხ.  სტატია:  http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4657&lang=ge )

როგორც ჩვენთან საუბარში „ფეროს“ პენსიონერების ადვოკატმა, ია დარბაიძემ განაცხადა, სააქციო საზოგადოება „ფეროს“ რამდენჯერმე გამოეცვალა მესაკუთრე, მაგრამ დაზარალებულები ყოველთვის იღებდნენ კუთვნილ სარჩოს. ასევე უნდა დაკისრებოდა სს „ფეროს“ ახალ მეპატრონეს - შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ ვალდებულება, რჩენაზე აეყვანა ქარხნის ყოფილი თანამშრომლები. 2006 წლის 13 დეკემბერს „ფეროსა“ და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით შეილახა ამ ადამიანების უფლებები. ისინი სარჩოს გარეშე დარჩნენ“.

როგორც 2006 წლის 13 დეკემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებიდან ჩანს, მხარეებმა დამალეს მესამე პირების არსებობა. დამალეს, რომ ამ საწარმოს ჰქონდა მათ წინაშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მყიდველი ვარაუდობდა, რომ აღმოჩნდებოდნენ მესამე პირები, რომლებიც დაასაბუთებდნენ თავიანთ პრეტენზიას. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების 8.2, 8.4 მუხლებით მყიდველმა თავი დაიზღვია. ამ მუხლებში აღნიშნულია, რომ მესამე პირების აღმოჩენის შემთხვევაში, ის მიიღებდა ზიანს, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც სს „ფეროს“ დაეკისრებოდა. ეს მოთხოვნა ძალაში იყო სს „ფეროს“ ლიკვიდაციამდე. დადგენილია, რომ სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება 2009 წლის 17 თებერვალს დამთავრდა. შესაბამისად, ამ მომენტიდან შეწყდა სს „ფეროს“ მიმართ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ უფლებები და ვალდებულებები.

ვინაიდან შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ არ აუღია ვალდებულება, რომ სს „ფეროს“ ნაცვლად მოსარჩელეებს დავალიანებას გადაუხდიდა, სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„ის დასკვნები, რაც სასამართლომ გააკეთა აღნიშნულ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე, საერთოდ არ გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან, პირიქით, ეწინააღმდეგება მას, რადგან აღნიშნული ფაქტები ხელშეკრულებაში სხვაგვარად არის გადმოცემული“, - აცხადებს მოსარჩელეთა ადვოკატი ია დარბაიძე.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი დავას სასამართლოს ზემდგომ ინსტანციებში გააგრძელებენ და თუ საკუთარ ქვეყანაში ვერ იპოვიან სამართალს, მზად არიან, მიმართონ ევროპის სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ.

ახალი ამბები