კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანდიდატების დაშინება - არჩევნებში მონაწილეობაზე უარის სათქმელად

19 აპრილი, 2010

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საარჩევნო კოდექსით რეგისტრირებულ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 30 აპრილამდე აქვთ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, შესაძლოა, მათ ბევრ სოფელში კანდიდატი საერთოდ არ ჰყავდეთ, იმ მიზეზით, რომ უკვე შეთანხმებული პირები არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. ოპოზიციური პარტიების ცნობით, მათ კანდიდატებზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით ხორციელდება.

დედოფლისწყაროს რაიონის ყოფილ გამგებელს გელა იაკობიშვილს 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან, სოფელ წითელწყაროში უნდა ეყარა. წითელწყაროს მაცხოვრებლები ადასტურებენ, რომ საარჩევნო სიების გადამოწმებისას ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლებმა მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გელა იაკობიშვილი დაუსახელეს. ამ ინფორმაციას პარტიის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოდერძი აბულაშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, გადაწყვეტილი იყო, რომ იაკობიშვილს კენჭი მათი პარტიიდან სოფელ წითელწყაროში უნდა ეყარა, თუმცა საბოლოოდ კანდიდატურის ოფიციალურად წამოყენებაზე უარი განაცხადა.

„კენჭი უნდა მეყარა, მაგრამ გადავიფიქრე. რატომ? ასე გადავწყვიტე“, - აღნიშნავს გელა იაკობიშვილი.

იაკობიშვილს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, 2007 წელს სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა 5 წლის ვადით, საიდანაც მხოლოდ 3 წელი აქვს მოხდილი. საარჩევნო კოდექსი პირობით მსჯავრდებულებს არჩევნებში კენჭისყრას არ უკრძალავს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, იაკობიშვილი გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში თუ კენჭს იყრიდა, მას პრობლემები შეექმნებოდა.

„კანდიდატურა თავისი სურვილით მოხსნა. მიზეზს არ მეუბნება. შეიძლება, რაღაც ზეწოლა იყო. გელა იაკობიშვილი რეალური კანდიდატი იყო“, - ამბობს ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოდერძი აბულაშვილი.

კენჭისყრის შემთხვევაში იაკობიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის გელა თეთრაულის კონკურენტი უნდა ყოფილიყო. თეთრაული სოფელ წითელწყაროში კენჭს ნაციონალური მოძრაობიდან იყრის.

მოძრაობა  „სამართლიანი საქართველოსთვის“ ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლის დირექტორმა პაატა  ჩხეიძემ მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნატო ქურდოვანიძის მეუღლე ლევან კვეზერელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

„კვეზერელი სკოლაში დარაჯად მუშაობდა. სკოლის დირექტორმა ის სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი მეუღლე მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახვედრად კენჭს ჩვენი პარტიიდან იყრის“, - აცხადებს პარტიის კახეთის რეგიონის ერთ-ერთი კოორდინატორი ლევან ხაზიური.

კაკაბეთის საჯარო სკოლის დირექტორი პაატა ჩხეიძე ლევან კვეზერელის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს. მისი თქმით, კვეზერელს დაუდევრობისთვის მანამდეც საყვედური ჰქონდა მიღებული, ამჯერად კი სკოლაში ნახევარი საათით მისვლა დააგვიანა, რის გამოც გაათავისუფლა.

ექსპრემიერ მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა შალვა გოგიშვილმა საჩივრით პოლიციას მიმართა. გოგიშვილი, რომელიც ნოღაიდელის პარტიიდან კენჭს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში იყრის, სამართალდამცავებისგან მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტის გამოძიებას და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.

„14 და 15 აპრილს ტელეფონის ნომრიდან 899 577 695 უცნობი ქალბატონი დამიკავშირდა, რომელიც საკმაოდ აგრესიული ხმით მოითხოვდა, რომ პარტიისთვის თავი დამენებებინა და სოფლიდან წავსულიყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში დამემუქრა, რომ ოჯახს ამიწიოკებენ. მოგვიანებით, იგივე შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებაც მივიღე, რის გამოც პოლიციას მივმართე“, - ამბობს მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის წევრი შალვა გოგიშვილი.

შს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს უფროსის გელა ბუნტურის განცხადებით, მუქარის ფაქტზე დაწყებულია წინასწარი გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით.

„ღამით, საცხოვრებელ სახლში უცნობი პირები მომივარდნენ. ისინი სამოქალაქო ფორმით იყვნენ. მომთხოვეს, ნოღაიდელის პარტიაში მუშაობა შევწყვიტო. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით დამემუქრნენ“, - აცხადებს მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორი გოგიტა გელაშვილი. პარტია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მის წარდგენას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში აპირებს.

აღნიშნულ ფაქტთან  დაკავშირებით შს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში  გამოძიება დაწყებული არ არის. პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, მათთვის განცხადებით არავის მიუმართავს.

ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლა არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზნით, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდშიც ხორციელდებოდა. მაგალითად, ახმეტაში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენაზე რეგისტრაციამდე ერთი დღით ადრე, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ირაკლი ჯამრულიძემ უარი განაცხადა, არადა მას უკვე შევსებული ჰქონდა სპეციალური ანკეტა. ჯამრულიძემ უარის თქმის მიზეზად ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლა დაასახელა. კერძოდ, ანკეტის შევსებიდან რამდენიმე საათში, ჯამრულიძის ოჯახის წევრებმა პროკურატურიდან წერილი მიიღეს, რომლის საფუძველზეც მათ ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დაკითხვაზე იბარებდნენ.

ახალი ამბები