კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროფკავშირები „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ

21 აპრილი, 2010
მარიკა ვაჭარაძე, ზესტაფონი

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა, იმერეთის  მეტალურგთა და სამთო მრეწველთა პროფკავშირმა ზესტაფონსა და ჭიათურაში გამაფრთხილებელი ორსაათიანი გაფიცვა გამართეს. გაფიცვა 20 აპრილს 12-დან 14 საათამდე გაიმართა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველობის ქვეშ მყოფ საწარმოებში - ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ჭიათურის მაღაროებში. გაფიცვის მიზეზი ამ საწარმოებში არსებული მძიმე შრომითი პირობები იყო. ცოტა ხნის წინ კი, სამსახურებიდან ადამიანები პროფკავშირებთან ურთიერთობის გამო გათავისუფლდნენ.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 2800 თანამშრომლიდან, რომელთაც შრომითი ხელშეკრულება 31 მარტს ამოეწურათ, ხელმძღვანელობამ დასაქმებაზე უარი მხოლოდ ოთხ ადამიანს უთხრა. აქედან ორი აქამდეც აღარ ითვლებოდა ქარხნის თანამშრომლად. დანარჩენი ორი გათავისუფლებულიდან, ერთი იმერეთის მეტალურგთა და სამთო მრეწველთა პროფკავშირის გამგეობის წევრი, მე-4 საამქროს მეკაზმე გიორგი გიორგიძეა, მეორე კი - სასაწორე მეურნეობის უფროსი, შაქრო ბრეგვაძე, ამავე გამეობის აქტიური წევრის, გოგა ბრეგვაძის მამა.

გოგა ბრეგვაძე ის პროფკავშირელია, რომლის ოჯახის წევრებისა და ახლობლების დევნა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობამ, იმერეთის მეტალურგთა და სამთო მრეწველთა პროფკავშირის ჩამოყალიბების პროცესშივე დაიწყო. ეს საკითხი მაშინ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე დააყენა.

საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ამ ადამიანების პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლება ეჭვს არ იწვევს: „ორივე გათავისუფლებული თავისი საქმის პროფესიონალია და არც ერთი არ არის საპენსიო ასაკის. 25 მარტს პირადად მივწერე წერილი ქარხნის დირექტორ ვიშნევსკის და გავაფრთხილე, რომ პროფკავშირელებისთვის კონტრაქტის გაგრძელებაზე უარის თქმა ადრე დაწყებული დევნის გაახლება იქნებოდა. რა თქმა უნდა, მომხდარს, ჩვენი მხრიდან, მოჰყვება შესაბამისი რეაქცია, როგორც ადგილზე, ისე დედაქალაქის მასშტაბით“.

იმერეთის  მეტალურგთა და სამთო მრეწველთა პროფკავშირი გასულ წელს შეიქმნა. იქამდე და დღესაც „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოებში მოქმედებს „ყვითელი პროფკავშირები“, რომელიც დასაქმებულთა უფლებების დაცვის ნაცვლად, მათი უფლებების შემლახავ დოკუმენტებს აწერს ხელს.

20 აპრილის გაფიცვა გამაფრთხილებელი იყო. თუკი გაფიცულების მოთხოვნები უახლოეს დღეებში არ შესრულდა და სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულებს არ აღადგენენ, პროფკავშირები პროტესტის უფრო მასშტაბურ ზომებს მიმართავს.

„იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის“ მიწვევით 2010 წლის 10 და 11 აპრილს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელობა და საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მშრომელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე მიწვეულები იყვნენ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებულთა კრებაზე, რომელზეც უნდა განსაზღვრულიყო დაგროვილ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით პროფკავშირის მიერ ჩასატარებელი სავარაუდო საპროტესტო ღონისძიებების შინაარსი და დაწყების თარიღები. მათთან ერთად იყო სს „ენერჯი ინვესტის“ პროფკავშირის კომიტეტის წევრი ვლადიმერ დვალიშვილიც.

იქიდან გამომდინარე, რომ „იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი“ თავის რიგებში აწევრიანებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის (მაღაროების) 617 დასაქმებულს და ეს ორი ორგანიზაცია ტერიტორიულად ერთმანეთისგან შორსაა, კრებების ჩატარება ორ ეტაპად დაიგეგმა: 10 აპრილს 17:00 საათზე – ზესტაფონის კინო-კლუბში, ხოლო 12 აპრილს 10:00 საათზე – ჭიათურის კულტურის სახლში. 

10 აპრილს 16:30 საათისთვის, ზესტაფონის კინო-კლუბთან უკვე კრების დაახლოებით 25 მონაწილე იყო შეკრებილი. როგორც, იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის გამგეობის წევრი გოგა ბრეგვაძე ამბობს: „იქვე, შორი-ახლოს იდგა ადმინისტრაციის კუთვნილი ავტომობილი, რომელთანაც ფეროშენადნობთა ქარხნის მონიტორინგის სამსახურის უფროსის მძღოლი, გია დუგლაძე იდგა და მობილური ტელეფონით გადასცემდა ინფორმაციას. როგორც შემდეგ თქვეს კრებაზე მოსულმა მეტალურგებმა, რომლებიც დუგლაძესთან ახლოს იდგნენ, მას სიტყვა-სიტყვით  უთქვამს - გოგა ბრეგვაძე და რამდენიმე მისი თანამოაზრეა შეკრებილიო. იმ წუთისთვის ამას გაგრძელება არ მოჰყოლია. დასაქმებულთა კრება შედგა და მასზე 20 აპრილიდან გაფიცვის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს.

11 აპრილს დილის 10:00 საათზე ჭიათურის კულტურის სახლთან შეკრებილი მაღაროელები და პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები საუბრობდნენ, როდესაც ეზოში შევიდა მუქი მომწვანო ფერის „მიცუბიშის“ მარკის ჯიპი. მანქანამ კულტურის სახლს ერთი წრე შემოუარა და წავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ გამოჩნდა, მოსაუბრეებისგან 10-12 მეტრში გაჩერდა და შეკრებილების მობილური ტელეფონით გადაღება დაიწყო. პროფკავშირის ხელმძღვანელები მანქანას მიუახლოვდნენ და მანქანის კარები გამოხსნეს. ჯიპში 3 ადამიანი იჯდა. ის, ვინც ფოტოებს იღებდა, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დაცვის უფროსი დავით წერეთელი იყო, მეორე – მისი მძღოლი, ხოლო მესამე – წერეთლის მოადგილე, ამირან იობაშვილი. 

მანქანის კარების გაღებისთანავე დავით წერეთელმა ხმამაღალი, შეურაცხმყოფელი ტონით დაიწყო საუბარი. მან პროფკავშირელებს უთხრა, რომ არ ჰქონდათ ჭიათურაში ჩასვლის უფლება, „თბილისში უნდა დატეულიყვნენ“. წერეთელი ასევე იძახდა, რომ პროფკავშირის წარმომადგენლები მაღაროელებს ტვინს ურევდნენ და ამით სამუშაოს აკარგვინებდნენ. პროფკავშირელებმა აუხსენეს, რომ ამგვარი შეხვედრის სრული უფლება ჰქონდათ და არავის აქვს უფლება, ვინმემ ამ ადამიანებს დასვენების დღეები დაუგეგმოს. ამის შემდეგ, დავით წერეთელმა მობილურით, თითქოს, პოლიციაში დარეკა, შემდეგი ფრაზებით – კულტურის სახლის წინ ვიღაც თბილისელები არიან ჩამოთრეული და ჩოჩქოლიაო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სხვაგან მოხვდა. პროფკავშირელებმა მოუწოდეს წერეთელს, საუბრის ტონი შეეცვალა. საპასუხოდ, მან ერთ-ერთ ლიდერს საყელოში მოჰკიდა ხელი და მოქაჩა. იგი აშკარად იწვევდა მამაკაცებს შეხლა-შემოხლაზე. ამ დროს პროფკავშირელებს 40-მდე მაღაროელი შეუერთდა და დავით წერეთელი, თავის ხალხთან ერთად, გაუჩინარდა. მაღაროელთა კრების მსვლელობისას, სამი საათის განმავლობაში, დარბაზში ათჯერ მაინც შეიხედეს უცხო ადამიანებმა და შეამოწმეს სიტუაცია. ერთ-ერთმა თავისუფალი ადგილი მოძებნა და კრების ძირითად ნაწილს დაესწრო. როგორც აღმოჩნდა, ეს ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, დავით ჩხეიძე იყო. დარბაზში ყოფნისას მას გახსნილი მობილური ტელეფონი ეჭირა, სავარაუდოდ, გამომსვლელების საუბრის ჩასაწერად“.

20 აპრილს აქციაზე ორასამდე ადამიანი იყო შეკრებილი. ისინი განთავისუფლებული ადამიანების სამუშაოზე აღდგენას და გაცდენილი სამუშაო დღეების მათთვის ანაზღაურებას მოითხოვდნენ. მათ ასევე ჰქონდათ ათპუნქტიანი ჩამონათვალი, სადაც კონკრეტულად ეწერა მოთხოვნები. აქციის მონაწილეები ხელფასის მატებას, შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვას, ღამის საათებში ნამუშევარი დროის განსხვავებული ტარიფით გადახდას, სამედიცინო პუნქტების წესრიგში მოყვანას და კუთვნილი შვებულების გახანგრძლივებასაც ითხოვდნენ.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ვიშნევსკიმ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: „აქცია პოლიტიზირებულია და არ გამომდინარეობს სოციალური პრობლემებიდან. მე მზად ვარ, შევხვდე და დაველაპარაკო ამ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს. თუმცა, არა ყველა მათგანს სათითაოდ. არც ის არის პრობლება, თუ ისინი სამსახურებში მუშაობაზე უარს განაცხადებენ იმ პირობებით, რასაც ჩვენ მათ ვთავაზობთ. სამუშაოს დაწყების მსურველთა უამრავი განცხადება და თხოვნაა ჩვენთან შემოსული“.

აქციაზე შეკრებილ ადამიანებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პროფკავშირების ამ მოთხოვნებს თავად აპროტესტებდნენ. მათ იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის გამგეობის წევრი გოგა ბრეგვაძე ფაქტის პროვოცირებაში დაადანაშაულეს. აქცია გამაფრთხილებელი იყო. გოგა ბრეგვაძის განცხადებით, ისინი თავიანთი მოთხოვნების ათივე პუნქტის დაკმაყოფილებამდე ბოლომდე იბრძოლებენ. აქციის მონაწილეები უახლოესი 24 საათის განმავლობაში ხელძღვანელობის გადაწყვეტილებას და კონკრეტულ წინადადებებს დაელოდებიან. უკიდურეს შემთხვევაში კი პროტესტის სხვა ფორმებს მიმართავენ

ახალი ამბები