კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაღალი წნევა, შფოთვა და დეპრესია დევნილებში

22 აპრილი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

13 მარტს, დილით, ვიდრე ტელეკომპანია „იმედი“ ეთერში მოდელირებულ ომს უჩვენებდა, საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელმა საზოგადოებამ დევნილების კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში განხორციელებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. წეროვანსა და კარალეთში ჩატარებული კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ დევნილთა ნახევარზე მეტს ახასიათებს მაღალი წნევა, შფოთვა და დეპრესია.

„ჩვენი მიზანია, ჯანდაცვის საჭიროებების შესწავლისთვის კვლევა ვაწარმოოთ იძულებით გადაადგილებულ პირებში. ვაპირებთ, დავიცვათ ამ მოქალაქეების ინტერესები. პირველ რიგში, გვინდა, ვმართოთ მათი ქრონიკული დაავადებები, მოვამარაგოთ მედიკამენტებით იმ დოზით, რასაც საჭიროებები მოითხოვს. აუცილებელია ასევე მათი დროული ინფორმირება სამედიცინო კუთხით. ამ პროცესში კი ყველა კომპეტენტური სტრუქტურა უნდა ჩერთოს“, - ამბობს კონფერენციაზე პროექტის დირექტორმა დალი ტრაპაიძემ.

„დევნილების ჯანმრთელობით დაინტერესება მეტად მნიშვნელოვანია. გასაუმჯობესებელია წყლის, კვების საკითხები. ხშირად დევნილთა ჯანმრთელობის გაუარესება სწორედ არასრულფასოვანი კვებითაა გამოწვეული. რაც შეეხება სხვა პრობლემებს, ადგილნაცვალ პირებში უმუშევრობისა და არაინფორმირებულობის პრობლემები იკვეთება. მაგალითად 58%-მა არ იცის რა სადაზღვეო შეღავათებით სარგებლობა შეუძლიათ“, - აღნიშნავს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე.

„როგორც ექიმმა, მინდა აღვნიშნო, რომ დევნილებში განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს დეპრესიისა და შფოთვის ფაქტორზე, ფსიქო-სომატურ დაავადებებზე. იმ საჭიროებებზე, რომლებიც პოსტკონფლიქტურ სიტუაციაში კორექციას იძენენ“, - აცხადებს პროფესორი ბეჟან წინამძღვრიშვილი.

„ყველას აქვს სტანდარტის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის უფლება. ეს მოიცავს არა მარტო დროულ და შესაფერის ჯანდაცვას, არამედ ადეკვატური საკვების, წყლის, თავშესაფრის, მუდმივი საცხოვრებლისა და სანიტარიის ხელმისაწვდომობას. ადამიანის უფლებათა დარღვევას ან არასათანადო ყურადღებას, ამ მხრივ, შესაძლოა, ჰქონდეს სერიოზული გავლენა ჯანმრთელობაზე“, - წერს იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2002 წელს.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ შიდა ადგილნაცვალი პირები პირდაპირ ეჯახებიან ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სხვადასხვა რისკებს, იგი ხშირად უფრო მეტ სასიცოცხლო რისკს შეიცავს, ვიდრე თვით კონფლიქტი.

როდესაც საუბარია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ადგილნაცვალ პირებში, იგულისხმება არა მხოლოდ ფინანსური ბარიერები (განსაკუთრებით მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა), არამედ საფრთხისმომცველი გარემო პირობები - შორი მანძილი, ტრანსპორტის ნაკლებობა, მგზავრობის უუნარობა (ხანდაზმულობა ან მარტო მგზავრების შიშები და ა.შ.).

სამუშაო ჯგუფის მიერ 356 რესპოდენტი გამოიკითხა. ამ 356 რეპოდენტიდან კითხვებზე უპასუხა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, დაახლოებით 99,4%-მა.  რეპოდენტთა შორის უმრავლესობა (66,8%) 30-64 წლის ასაკისანი იყვნენ.

განათლების დონის მიხედვით, გამოკითხულთა 20,5%-ს უმაღლესი განათლება აქვს; 23,3% ტექნიკუმდამთავრებულია, საშუალო განათლება გამოკითხულთა თითქმის ნახევარს - 48,8%-ს აქვს მიღებული, მხოლოდ გამოკითხულთა 4,5%-ია დაწყებითის განათლების. 3,1%-ს უმაღლესი დაუმთავრებელი აქვს.

სოციალური დონის მიხედვით, გამოკითხულთა 38,5%-ი დროებით უმუშევარია. 23,6% დიასახლისი; 17,7% - პენსიონერია, მხოლოდ 13%-ია დასაქმებული. 2,8%- ჯერ მხოლოდ სტუდენტია. 2,2% აბსოლუტურ უმუშევრად გრძნობს თავს, ხოლო იგივე 2,2% შრომისუუნაროდ თვლის თავს.

შემოსავლის მიხედვით,გამოკითხულთა 58,4%-ს შემოსავალი თვეში 100 ლარამდე აქვს. 36,8%-ს 100-დან 300 ლარის ფარგლებში. გამოკითხულთა 3,4% ამბობს, რომ მისი შემოსავალი 300-500 ლარის ფარგლებში მერყეობს, მხოლოდ 1,1%-ს აქვს 500 ლარზე მეტი შემოსავალი. ოჯახის მატერიალური მდგომარეობის თვითშეფასებით, უკიდურესად გაჭირვებულად თავს 38,7% თვლის. თავს გაჭირვებულად არ თვლის - 7,3%.

ოჯახში ბავშვთა რაოდენობის მიხედვით, გამოკითხულთა 42,5% კარალეთის დასახლებაში 1 ბავშვიანია, ხოლო წეროვანში ერთბავშვიანი - მხოლოდ 29 %-ია. გამოკითხულთა 47,2% კარალეთში 2 ბავშვიანია, ხოლო ასეთი ტიპის ოჯახი წეროვანში - 61%-ია. 3 ბავშვიანი ოჯახები ორივე დასახლებაში თითქმის თანაბარია და მერყეობს 8-10%-შორის. ოთხბაშვიანი ოჯახები ორივე დასახლებაში მხოლოდ 1,8%-ია.

შემოსავლის მიუხედავად, ოჯახებში ხარჯი უპირატესად საკვებზე განისაზღვრება. საკვებზე დახარჯული თანხა შეადგენს შემოსავლის 79,8% - 91,6%-ს.
მეორე ადგილს ხარჯის ტიპის მიხედვით იკავებს მედიკამენტებზე დანახარჯები, რომელიც 8,4% - 22,1%-ს შორის მერყეობს.

სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 26%-მა პრობლემები გამოთქვა. მაგალითად, გამოკითხლთა 74,2%-ს არ მოსწონს წყლის გემო. 20,4% ამბობს, რომ წყალს სიმღვრიე ეტყობა; 3,2%-ს არ მოსწონს ფერი, ხოლო 2,2% წყლის ცუდ სუნზე ამახვილებს ყურადღებას. სასმელი წყლის მიწოდების 24 საათიანი გრაფიკი აქვს წეროვანის დასახლებას, კარალეთში მოსახლეობის 22%-ს უწევს წყაროზე სიარული, საშუალოდ წყაროდან სახლამდე მანძილის გავლა 13,5 წუთი სჭირდებათ. წყლის ზიდვას მოსახლეობის 40%-ში ბავშვები ახორციელებენ.

განსაკუთრებით, მძიმე ვითარებაა საკვების რაციონის შემადგენლობის კუთხით. გამოკითხულთა 55,6% ამბობს რომ ხორცეულს იშვიათად იღებენ. ხორცეულს ყოველდღე გამოკითხულთაგან მხოლოდ 2 ადამიანი იღებს, 35 გამოკითხული ამბობს, რომ კვირაში ერთხელ იღებს ხორცეულს, ხორცეულს თვეში ერთხელ ან ორჯერ მხოლოდ 93 რესპოდენტი (ადამიანი) იღებს.

რაც შეეხება რძის პროდუქტებს, ყოველდღე მისი მიღების საშუალება 3,7%-ს აქვს, 11,8%-ი ამბობს, რომ რძის პროდუქტებს ყოველკვირა იღებენ. გამოკითხულთა 42,7% აცხადებს, რომ რძის პროდუქტებს იშვიათად იღებენ.

თევზეულს საერთოდ არ იღებენ. 50,8% თვლის, რომ იშვიათად იღებენ. გამოკითხულთა 60%-63% ამბობს, რომ ყოველ კვირა იღებენ კვერცს, ხილს და ბოსტნეულს.

უკანასკნელი  30 დღის მანძილზე სამედიცინო მუშაკთან კონსულტაციას მართავს რეპოდენტთა 28,9%. მათ შორის 93,2% ექიმთან; 1%- ექთანთან, ხოლო ფარმაცევტთან - 4,8%. ექიმთან სამედიცინო მომსახურებით კმაყოფილება 92,7%-მა გამოთქვა. უნდა აღინიშნოს, რომ შეღავათებით სამედიცინო მომსახურეობისას სარგებლობის შესახებ ინფორმაცია გამოკითხულთა მხოლოდ58,7%-ს აქვს. ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებებს შორის, რესპოდენტთა 28,4% არტერიულ ჰიპერტენზიას უჩივის. სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს - 11,4%. საშარდე გზების დაავადებებს გამოკითხულთა 4,8% უჩივის.

შეღავათებით მოსარგებლე რესპონდენტების მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებების ტიპების მიხედვით ასე გამოიყურება. გამოკითხულთა 30,6% საავადმყოფოს მიმართავს; 28,2% - აფთიაქს; 24,4% - სამედიცინო პუნქტს; 13,4%- ამბულატორიას; 2,4% - კერძო ექიმს;

საავადმყოფოში მიმართვის მოტივებს შორის ქირურგიული ოპერაცია 26,2%-ია; გულ-სისხლძარღვთა პრობლემები - 13,4%(მათ შორის 69% არტერიული ჰიპერტენზია), ოტოლარინგოლოგიური პრობლემები - 7,5% აწუხებს.

ამჟამინდელ, საცხოვრებელ ადგილზე თავს დაცულად რესპოდენტთა 60,6% გრძნობს. მეტ-ნაკლებად დაცულად - 34,2%; სრულად დაცულად - 3,6%.

დევნილი რესპოდენტები ინფორმაციის მისაღებად უმეტესწილად იყენებენ ტელევიზიას - 96,9%, ბეჭდულ პრესას - 2,5% და რადიოს - 0,6%. როგორც გამოკითხვიდან ჩანს, მათ ინტერნეტით კავშირი არ გააჩნიათ.

მშენებლობის ხარისხის მიხედვით, წეროვანში და კარალეთში ასეთი შეფასებები აქვთ. კარალეთში გამოკითხულთა 75,4% თვლის რომ მშენებლობის ხარისხი ცუდია, 23,5% თვლის, რომ მშენებლობის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ 1,1% თვლის, რომ მშენებლობის ხარისხი კარგია.

წეროვანში კი მშენებლობის ხარისხით უკმაყოფილო უფრო ნაკლებია. მაგალითად, 49,7% მიაჩნია, რომ კოტეჯების ხარისხი ცუდია. 39,4% მიაჩნია, რომ ხარისხი დამაკმაყოფილებელია. 7,8%-ს წეროვანში მიაჩნია, რომ ხარისხი კარგია.

ყველაზე მეტი პრობლემა ამჟამინდელ საცხოვრებელ ბინებში არის:
1. ჭერის დაზიანება - (კარალეთი 25,5%; წეროვანი - 29,5%)
2. კედლების დეფექტი - (კარალეთი - 15,9%; წეროვანი - 24,4%).
3. აბანოში კანალიზაციის დეფექტი - (კარალეთი - 13,8%; წეროვანი - 22,3%.)
4. კედლების დანესტიანება - (კარალეთი 0,8%; წეროვანი - 9,3%)
5. აყრილი იატაკი - (კარალეთი - 18%; წეროვანი - 2,5%)
6. კარ-ფანჯრების დეფექტი - (კარალეთი 3%; წეროვანი - 4,3%)
7. სხვა დეფექტები - კონკრეტიზაციის გარეშე - (კარალეთი - 18,4%; წეროვანი - 7,4%).

ელექტროგაყვანილობის დეფექტებს (1,6%) და სათავსოს არქონას (3%) აღნიშნავს მხოლოდ კარალეთში მცხოვრები კონტიგენტი.

რესპოდენტები განსაკუთრებულად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას და დისკომფორტს იმის გამო, რომ მათ ხშირ შემთხვევაში საკუთარი ძალებით გამოასწორეს და აპირებენ გამოასწორონ დეფექტები.

მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფმა დაასკვნა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა ავადობისა და სიკვდილიანობის მონაცემთა ხელმისაწვდომობის დეფიციტია; ასევე სამედიცინო მომსახურების სისტემაში სამედიცინო დაწესებულებების ხშირი ცვლილება დევნილთა დაბნეულობას იწვევს; იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის განსაკუთრებით პრობლემულია დაავადებათა აქტიური გამოვლენის დეფიციტი, ანუ დროულად არ ხდება დევნილებში ამა თუ იმ დაავადების გამოვლენა; კომუნიკაციის და ინფორმაციის უდიდესი დეფიციტი არსებობს დევნილებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის, ასეთივე პრობლემაა სახელმწიფო სტრუქტურებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის. მოსახლეობას არა აქვს ინფორმაცია ჰუმანიტარული დახმარებების, აქციების დაგეგმვის და განხორციელების შესახებ. მოკლევადიანი და არაეფექტური ერთჯერადი ჰუმანიტარული აქციები; იძულებით გაადგილებულ პირთა სამედიცინო მომსახურებაში შეღავათების შესახებ დაბალი ინფორმატიულობა; პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მიმართვიანობის სიმცირე; საშუალო სამედიცინო პერსონალის ანუ ექთნის რგოლის სისუსტე სამედიცინო სერვისებში.

ახალი ამბები