კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სარეზერვო ფონდები თავის დანიშნულებას ვერ ასრულებენ

22 აპრილი, 2010
 გელა მთივლიშვილი, კახეთი

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მიზანი  გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების დაფინანსებაა. სარეზერვო ფონდი ძირითადად ფორსმაჟორული სიტუაციების სალიკვიდაციოდ უნდა გამოიყენებოდეს, თუმცა მუნიციპალიტეტების გამგებლები  სარეზერვო ფონდებიდან თანხებს გასართობი ღონისძიებებისთვის, პიარ აქციებისთვის და ისეთი სახის სამუშაოების დასაფინანსებლადაც გამოყოფენ, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებებში არ შედის.

კანონით სარეზერვო ფონდის რაოდენობა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯების 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს. სარეზერვო ფონდის განკარგვის წესს საკრებულო განსაზღვრავს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2009 წელს სარეზერვო ფონდი 40 000 ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო 2010 წელს სარეზერვო ფონდი გაიზარდა და 50 000 ლარი შეადგინა. საკრებულოს განკარგულებით, გამგებელს ფონდიდან თანხები უნდა გამოეყენებინა კატასტროფების, სტიქიური უბედურებების შედეგების სალიკვიდაციოდ; გეგმით გაუთვალისწინებელი გადაუდებელი სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად, ასევე ისეთი ხარჯებისთვის, რომლის გათვალისწინება შეუძლებელი იყო ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებისას.

სარეზერვო ფონდიდან ისეთი ღონისძიებებიც დაფინანსდა, როგორიცაა საგარეჯოს ბავშვთა საავადმყოფოსთვის და საგარეჯოს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისთვის გაზის გამათბობლის შეძენა - 1495 ლარი; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გიორგი კარაკოზაშვილის მემორიალის მშენებლობა - 5598 ლარი; ახალგაზრდული ღონისძიებების ჩასატარებლად სხვადასხვა ინვენტარის შეძენა - 455 ლარი; ქალაქ საგარეჯოში მაწანწალა ცხოველებზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელებისთვის - 5640 ლარი; ჟურნალ „კონტინენტალის“ 50 ეგზემპლიარის შესაძენად - 660 ლარი; საგარეჯოს პატრიოტთა ბანაკის კანალიზაციის გასაწმენდად - 950 ლარი; კომპაქტურად ჩასახლებულ ლტოლვილთა ბინებში ელექტროგაყვანილობის შესაცვლელად ელექტროსაქონლის შესაძენად - 1357 ლარი; გაზეთ „ინტერ ქლაბში“ ინფორმაციის და რეკლამის გამოსაქვეყნებლად 600 ლარი; ქალაქ საგარეჯოში მცხოვრებ, „ჯეოსტარის“ მონაწილე ირინა ბაირამაშვილზე წინასაახალწლო ქუჩის კონცერტში მონაწილეობის მისაღებად 625 ლარი და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველებზე ვეტერინარულ ზედამხედველობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის სამსახურის რაიონული განყოფილება ახორციელებს. ეს უწყება მთლიანად ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. აგრეთვე, კომპაქტურად ჩასახლებულ ლტოლვილთა ბინების სრული რეაბილიტაცია 2009 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ამ ტიპის საცხოვრებლებში არსებული პრობლემების მოგვარება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ევალება.

ამასთან, სარეზერვო ფონდიდან თანხები მიმართულია ისედაც გაზრდილი ადმინისტრაცული ხარჯებისკენ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები მთელი ბიუჯეტის 20%-ს აღემატებოდა. მიუხედავად ამისა, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების დასაჯილდოვებლად მუნიციპალიტეტის გამგებელს თანხები სარეზერვო ფონდიდან აქვს გამოყოფილი. მაგალითად, სამუსიკო სკოლის პედაგოგებს ნელი ყანჩაშვილს და გიორგი შაქარაშვილს ჯილდოს სახით 600 ლარი გადაეცათ. ასევე, 1700 ლარი გადაეცათ საგარეჯოს სახალხო თეატრის დასის წევრებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 2009 წელს 71 000 ლარს შეადგენდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სარეზერვო ფონდიდან სულ 60 821 ლარი გაიხარჯა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად. სარეზერვო ფონდიდან დანარჩენი თანხა აუთვისებელი დარჩა.

2009 წელს სტიქიის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად სოფელი უზუნთალა დაზარალდა. მდინარიდან გადმოვარდნილმა წყალმა საცხოვრებელი სახლები წყლით და ლამით, ხოლო ეზოები და სახნავ - სათესი მიწები ქვა - ღორღით გაავსო. წყალდიდობამ ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაანგრია. 22 წლის ჯეიჰუნ რამაზანოვის ორშვილიანი ოჯახი დღემდე უსახლკაროდ არის დარჩენილი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფაზე უარი უთხრა. ამის მიზეზად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ლოლაძე იმას ასახელებს, რომ რამაზანოვებს საჯარო რეესტრში სახლი საკუთრებად დარეგისტრირებული არ ჰქონდათ და დოკუმენტები არ აქვთ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზუნთალის მაცხოვრებლების თხოვნა არც ნაკვეთების ქვა - ღორღისგან გაწმენდის შესახებ დააკმაყოფილა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, „ქვიშისა და ღორღისგან მოსახლეობამ ნაკვეთები თავად უნდა გაწმინდოს“.

2009 წელთან შედარებით, 2010 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი გაორმაგდა, 44 200 ლარით გაიზარდა და 94 200 ლარით განისაზღვრა. 2009 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდანაც თანხები ისეთ ღონისძიებებზეა გახარჯული, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებში არ შედის. მაგალითად, გამგებლის ბრძანებით სარეზერვო ფონდიდან 4100 ლარია გახარჯული „რთველი - 2009“-ის ორგანიზებულად ჩასატარებლად, შტაბისა და კომისიის წევრთათვის მოხმარებული საწვავის ღირებულების გადასახდელად. როგორც ცნობილია, რთველის საკოორდინაციოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურჯაანში ყოველწლიურად საგანგებო შტაბს ქმნის, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაახლოებით 60 – 70 ათასი ლარით ფინანსდება.

თელავის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი 100 000 ლარით იყო განსაზღვრული. სარეზერვო ფონდის რაოდენობა 2010 წელსაც 100 000 ლარს შეადგენს. სარეზერვო ფონდიდან გასართობი ღონისძიებებისთვის თანხები თელავშიც დაიხარჯა. მაგალითად, 2009 წელს ერეკლეობის ღონისძიებებთან დაკავშირებით 2026 ლარია დახარჯული; 3250 ლარია გამოყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რეგიონებში მიწოდებული მინერალური სასუქის თითოეული ოჯახისთვის გადაცემის ხარჯებისთვის და ა.შ.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტების აზრით, იმ სამუშაოების დაფინანსებით, რომელიც თვითმმართველობის უფლებამოსილებებში არ შედის, ადგილობრივი ბიუჯეტი თანხებს დამატებით ხარჯავს, რაც ადგილობრივი ბიუჯეტის დამოუკიდებლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ახალი ამბები