კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზესტაფონსა და ჭიათურას გაფიცვების ტალღამ გადაუარა

26 აპრილი, 2010
 თამთა კაკაურიძე, ზესტაფონი 

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის (მაღაროების) მუშები, მეტალურგები და მაღაროელები საკუთარი შრომითი და სოციალური უფლებების დასაცავად 20 აპრილიდან საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციები ზესტაფონსა და ჭიათურაში ერთდროულად იმართება. ორივე საწარმოს თანამშრომლები შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასთან შეხვედრას და დიალოგის რეჟიმში მათთვის პრობლემატური საკითხების გადაწყვეტას ითხოვენ.

მეტალურგებისა და მაღაროელების ძირითადი მოთხოვნები მათთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება, შრომის ანაზღაურების გაზრდა 50%-ით და უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების - შაქრო ბრეგვაძისა და გიორგი გიორგიძის სამსახურში აღდგენაა.

„იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ეს ადამიანები პროფკავშირის წევრები არიან და სამსახურიდან სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს. კერძოდ, გიორგი გიორგიძე „იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის“ გამგეობის წევრია, ხოლო შაქრო ბრეგვაძე ამავე პროფკავშირის ერთ-ერთი  აქტივისტის – გოგა ბრეგვაძის მამა. სწორედ მათი გათავისუფლება გახდა ზესტაფონსა და ჭიათურაში გამართული გამაფრთხილებელი გაფიცვის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი.

ოთხასკაციან მიტინგს ზესტაფონში, სოლიდარობის მიზნით, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელობა და სხვადასხვა დარგების 100 წარმომადგენელი უერთდება. გათავისუფლებული თანამშრომლები თვლიან, რომ მათი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მხოლოდ პროფკავშირებთან ურთიერთობა გახდა.
 
„ყველა თანამშრომელს, ვინც ამ საწარმოში მუშაობს, სამთვიანი ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის დამთავრების შემდეგ ადმინისტრაციას აქვს უფლება, თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლოს. თუმცა, ეს უკანონოდ არ უნდა ხდებოდეს. სწორედ ეს ხელშეკრულებებია ადამიანებზე ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულების ვადა 31 მარტს ეწურებოდა, მხოლოდ ორ ადამიანს დაგვიწერეს გათავისუფლების ბრძანება, ჩვენთვის არავის აუხსნია სამსახურიდან რატომ გვიშვებდნენ“, – აცხადებს humanrights.ge–სთან საუბრისას გიორგი გიორგიძე.

20 აპრილის გამაფრთხილებელ აქციას შედეგი არ მოჰყვა. შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს არ დათანხმდა, პირიქით – მთელი კვირის განმავლობაში ატარებდა თათბირებს, რათა ხელი შეეშალა გაფიცვაში დასაქმებულთა მონაწილეობისათვის. თუმცა, გაფიცვაში მონაწილეობა მაინც მიიღო დასაქმებულთა 70%-მა, ხოლო საპროტესტო აქციაში 500-ზე მეტმა ადამიანმა და დააფიქსირა საკუთარი პროტესტი შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ხოლო გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, 23 აპრილიდან, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოები სრულიად გაჩერდა ფეროშენადნობთა ქარხნის ღუმელების ჩათვლით. გაფიცვის პარალელურად, აქციის ხუთმა მონაწილემ: გოგა ბრეგვაძემ, გიორგი გიორგიძემ, რამაზ ფერაძემ, გელა ჭუმბაძემ და ხვიჩა მდივანმა შიმშილობა გამოაცხადეს.

„შიმშილობის აქციის დაწყების  გადაწყვეტილება საგაფიცვო კომიტეტმა მიიღო, რადგან არა ვართ დარწმუნებული, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია დროულად დაიწყებს მოლაპარაკებებს. ვფიქრობთ, ადმინისტრაცია დროის გაწელვას ცდილობს, რომ ხალხი ლოდინით დაიღალოს და დაიშალოს. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ქუჩაში გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა გამოგვიყვანა და ბოლომდე ვიბრძოლებთ საკუთარი უფლებების აღსადგენად“, - აცხადებს გიორგი გიორგიძე.

გაფიცულები და მოშიმშილეები ქარხნის სამმართველოსთან იმყოფებიან. მოლაპარაკების გამართვის შეთავაზება მათ ქარხნის დირექტორის მოადგილე დავით ჭანტურიასგან მიიღეს, თუმცა ადმინისტრაცია საინიციატივო ჯგუფს ჯერ კიდევ არ შეხვედრია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორშაბათისთვის არც ერთ მხარეს არ გაუვრცელებია.

მუშათა ასეთ მასობრივ გაფიცვას წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიზირებული სახე ჯერჯერობით არ მიუღია. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკმაოდ შეშფოთებულნი ჩანან. 23 აპრილს გაფიცულებს „ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების ფორმატის შესათანხმებლად რაიონის მაჟორიტარი დპუტატი კახა გეწაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. თუმცა, გაფიცულები მათთან მოლაპარაკებებმა არ დააკმაყოფილა, რადგან კახა გეწაძემ გაფიცულებს მხოლოდ აქციის შეწყვეტა და სამუშაო ადგილებზე დაბრუნება შესთავაზა. დღის განმავლობაში გამართულმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. ქარხნის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ თანახმაა, დააკმაყოფილოს ყველა მოთხოვნა, ხელფასის მომატების გარდა. ამასთან, დირექცია კიევში ქარხნის აქციონერების შეკრებას და მათ გადაწყვეტილებას ელოდება.

ამ მოლაპარაკებების პარალელურად, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია ცდილობდა, მოტყუებით და დაშინებით შეეყვანა საწარმოში თანამშრომლები, რასაც ინციდენტი მოჰყვა. ქარხნის უსაფრთხოების მონიტორინგის უფროსმა, მისმა მძღოლმა და დაცვის ოცეულის უფროსმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფკავშირის გამგეობის აქტივისტს გოგა ბრეგვაძეს.

„ჩვენ ვცადეთ ავტობუსის შეჩერება, რომლითაც მუშები ძალით შეჰყავდათ საწარმოში. ქარხნის უსაფრთხოების მონიტორინგის უფროსმა თორნიკე გურულმა, მისმა მძღოლმა გია დუგლაძემ და დაცვის ოცეულის უფროსმა გია ჩიტორელიძემ ძალით გამომათრიეს და მათ გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანი მცემდა“ – აცხადებს გოგა ბრეგვაძე.

ქარხნის უსაფრთხოების მონიტორინგის უფროსის მძღოლი გია დუგლაძე მანამდეც იყო შემჩნეული გოგა ბრეგვაძის თვალთვალში.  10 აპრილს ზესტაფონის კინო-კლუბში დასაქმებულთა კრების შესახებ ის ადმინისტრაციას ინფორმაციებს გადასცემდა. ამის შესახებ humanrights.ge ვრცლად 21 აპრილს  წერდა (სტატია იხ.: http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4912&lang=ge ) თუმცა მაშინ ამ ფაქტს გაგრძელება არ მოჰყოლია.

გაფიცვას არც ჭიათურში ჩაუვლია ინციდენტის გარეშე. როგორც გაფიცულებმა შეგვატყობინეს, 23 აპრილს, გაფიცვის დაწყებისთანავე, ითხვისის პატარიძის სახელობის მაღაროში, სადაც პროფკავშირების აქტივისტი მერაბ იაკობიძე მუშაობს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა თანხლებით შევიდა მაღაროს დირექტორი ნუგზარ ჯოხაძე. მან მაღაროს გასასვლელები ჩააკეტინა, იაკობიძე მაღაროდან გამოიყვანა და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ხელიც გაარტყა. მერაბ იაკობიძე 55 წლისაა და 27 წელია, ჭიათურის მაღაროში მუშაობს. იქ მიღებული ტრამვების გამო მარცხენა ფეხი პარალიზებული აქვს.

ამ ფაქტებზე გაერთიანებული პროფკავშირები მთელ პასუხისმგებლობას შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას აკისრებს.

საგაფიცვო კომიტეტის განცხადებით, თუ ადმინისტრაციამ დროულად არ დაიწყო დიალოგის რეჟიმში მათთან მოლაპარაკებები, გაფიცვა კიდევ ორ კვირას გასტანს.

ახალი ამბები