კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაუცველი საზღვრები

26 აპრილი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი მკვლელობის შემდეგ ექსპერტებმა მთავრობა საქართველოს საზღვრების დაუცველობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ბადრი ბიწაძის განცხადებით, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარი პრაქტიკულად არ კონტროლდება. საქართველო - დაღესტნის საზღვრის მონაკვეთზე, თუშეთში, დიკლოს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე კი რუსეთმა საზღვარი 3 კმ-ით გადმოწია და 24 კვ.კმ მიითვისა.

საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან, სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში მკვლელობა 13 აპრილს მოხდა. თვითმხილველების თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ 16 წლის ახმედ (იბრაგიმ) გაურგაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე ესროლა.

„ახმედი ღობესთან იყო მისული და ღობის იქით გადასული საქონლის მობრუნებას ცდილობდა. ეს ღობე ხეებით ჩვენ ავაწყეთ, რომ საქონელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ გადასულიყო. ღობე ჩვენს ტერიტორიაზეა გაკეთებული, დაახლოებით 8-10 მეტრის აქეთ, ვიდრე საზღვარია, რადგან მაშინაც გვეშინოდა, რომ არ ესროლათ და ამიტომ აქეთ ავაწყეთ. აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ ახმედს გაუფრთხილებლად ესროლა, პირდაპირ თავში. ახმედი მაშინვე დაეცა, თუმცა გონზე იყო. შველას ითხოვდა, მაგრამ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ახლოს არ გვიშვებდნენ. ავტომატები მოგვიშვირეს და გვემუქრებოდნენ, რომ თუ დაჭრილს მივუახლოვდებოდით, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, გვესვრიდნენ. ამ დროისთვის ქართველი მესაზღვრეები იქ არ ყოფილან. ისინი არც მაშინ მოვიდნენ საზღვართან, როცა შემთხვევის ადგილზე ერისიმედის მოსახლეობა შეგროვდა და დაჭრილის წამოყვანას ცდილობდა“, - განაცხადეს მომხდარის თვითმხილველებმა მინდია თავართქილაძემ და ანზორ ბოლქვაძემ.

ასმათ გაბაშევი, ერისიმედის მკვიდრი: „დაჭრილი ახმედი ფორთხვით ჩვენსკენ ცდილობდა გამოსვლას, მაგრამ აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიდან ერთ-ერთი მას ფეხს აჭერდა ზემოდან და არ უშვებდა“.

სოსო ცეცხლაძე, ერისიმედის მკვიდრი: „მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩემს შვილსაც ესროლეს. ისიც ღობესთან იყო მისული, მაგრამ საზღვარი არ გადაუკვეთავს. საბედნიეროდ, ტყვია ასცდა და ცოცხალი გადარჩა. ადრე, საზღვრის დარღვევის ბრალდებით, ქალებს და ბავშვებსაც კი იჭერდნენ და ფულის გადახდის შემდეგ უშვებდნენ. ეხლა პირდაპირ ესვრიან და კლავენ“.

ბეგლარ აბაშიძე, სოფელ ერისიმედის გამგებელი: „ქართველი მესაზღვრეები მარტო იქ დგანან, სადაც პუნქტი აქვთ მოწყობილი, ერისიმედის შემოსასვლელში. გაივლიან იქ, გამოივლიან. მათ არ იციან საზღვარი სად არის. იმ მხარეზე, სადაც ეს მკვლელობა მოხდა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და მწყემსები თავისუფლად შემოდიან, საქონელიც გადაჰყავთ ჩვენგან. ისინი ჩვენს მიერ გაკეთებულ ჭაბურღილზე წყალსაც სვამენ და იმის გამო, რომ შეაიარაღებულები არიან, სოფლის მაცხოვრებლები სასმელი წყლის მოსატანადაც კი ვერ მიდიან. ეშინიათ, რომ არ ესროლონ. ამ ფაქტებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არ რეაგირებს“.

მედეა დეკანიძე, ერისიმედის მკვიდრი: „საზღვარს სიცოცხლის ფასად ვიცავთ. სახელმწიფო ყურადღებას არ გვაქცევს. აღარ ვიცით საზღვარი ზუსტად სად გადის. ამით აზერბაიჯანელი მესაზღვრეები სარგებლობენ და აქეთ იწევენ. მავთულხლართი უკვე სკოლის ეზოში გაჭიმეს. ბავშვებს გარეთ რომ ვუშვებთ, ვაფრთხილებთ, სკოლის ეზოში არ გაჩერდნენ. აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს არაერთხელ უთქვამთ, რომ თითქოს სკოლის შენობა და ქუჩა, რომელიც სკოლის გზაზეა, მათ ტერიტორიაზეა“.

საქართველო - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისია საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 მარტის განკარგულებით შეიქმნა. 4 წლის განმავლობაში აზერბაიჯანული მხარის მონაწილეობით კომისიის რამდენიმე სხდომა გაიმართა, თუმცა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის მთავარი კონსულტანტი სასაზღვრო საკითხებში, ივერი მელაშვილი განმარტავს,  საქართველოს აზერბაიჯანთან საერთო საზღვრის თითქმის ნახევარი შეუთანხმებელი აქვს. „სადელიმიტაციო კომისიების დონეზე მხოლოდ 66 პროცენტია შეთანხმებული“, - აცხადებს მელაშვილი.

ექსპერტების განცხადებით, უკონტროლო სიტუაციაა საქართველო - დაღესტნის საზღვრის მონაკვეთზეც. სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე ამბობს, რომ თუშეთის დაუსახლებელ ტერიტორიაზე მცოცავი ანექსია მიმდინარეობს.

„ნამდვილად ვიცი, რომ გაუქმდა წერო - ირცოხის და კიდევ ორი საგუშაგო საქართველო - დაღესტნის საზღვარზე. ამასთან, თუშეთში, დაუსახლებელი ტერიტორია, რომელიც 2008 წლის ომამდე სადაოდ ითვლებოდა და ქართველი და რუსი მესაზღვრეები პარიტეტულად აკონტროლებდნენ, დღეს რუსეთის კონტროლქვეშაა. ხელისუფლება სრულიად უმოქმედოა აღნიშნული უმძიმესი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მიმართ. მას უბრალოდ არ გააჩნია საზღვრისპირა პოლიტიკა. სასაზღვრო სამსახური, რომელიც ყველა  მოთხოვნას პასუხობდა, დაშალეს. საზღვრის დაცვის სამსახური აღარ არსებობს. გააუქმეს ავიაცია, არადა ავიაციის გარეშე კავკასიის ქედის და რუსეთ - საქართველოს საზღვრის გაკონტროლება წარმოუდგენელია. გააუქმეს სპეციალური დანიშნულების რაზმიც, იმ მოტივით, რომ ბადრი ბიწაძეს იმ რაზმში ბევრი ნაცნობი ჰყავსო“, - აღნიშნავს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი.

რუსეთის მიერ საზღვრის გადმოწევის ფაქტს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც ადასტურებს.

„თუშეთში, დიკლოს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთმა საზღვარი თვითნებურად 3 კმ-ით გადმოწია და 24 კვ.კმ მიითვისა. რუსეთს სურს თუშეთის მიმართულება მთლიანად თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ამას ხელს უწყობს მძიმე - სოციალურ ეკონომიკური პირობები საქართველოს კონტროლირებად მთის სოფლებში, რის გამოც მოსახლეობის მიგრაციის მაჩვენებელი მაღალია, რაც საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემას ასუსტებს. ამასთან, უკვე დამთავრებულია დაღესტნის, ბოთლიხის რაიონიდან გზის მშენებლობა ყვარლის რაიონამდე. ეს გზა პირადად ვლადიმერ პუტინის მითითებით აშენდა“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

თუშეთი ახმეტის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში შედის. მას აღმოსავლეთიდან დაღესტანი ესაზღვრება, ხოლო ჩრდილოეთიდან ჩეჩნეთი. თუშეთში 7 თემი იყო: გომეწრის, ჩაღმის, ივანაურთის, ხუცუურთის, პირიქითის, წოვათის და ჭანჭახოვანის. ამ თემებში 53 სოფელი შედიოდა, საიდანაც ამჟამად მოსახლეობა მხოლოდ 7 სოფელშია შემორჩენილი, სულ 22 ოჯახი. სოფლების უმრავლესობა უკვე ნასოფლარია.

საქართველო - აზერბაიჯანის და საქართველო დაღესტის საზღვრის გაუკონტროლების და თუშეთში ტერიტორიის დაკარგვის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი უარყოფს. შს სამინისტროში სხვა კომენტარს არ აკეთებენ.

ახალი ამბები