კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოქალაქეები ბიუროკრატების კარებთან – „შიმშილით არ ვიხოცებით, მაგრამ გთხოვთ, სტიქიით ნუ დაგვხოცავთ“

26 აპრილი, 2010
მაკა მალაყმაძე, აჭარა

„სახლი საცხოვრებლად საშიშია და ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას“, – ასეთი დასკვნა არსებობს ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვას მკვიდრის, მემედ დათუნაიშვილის სახლის შესახებ. თუმცა, დასკვნა მუნიციპალურმა სამსახურებმა თაროზე შემოდეს. უსახსრობის გამო, ოჯახი იძულებულია, დანგრევას გადარჩენილი სახლის ნაწილში გააგრძელოს ცხოვრება.

2008 წლის დეკემბრიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ვიზუალურ საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით, დათუნაიშვილის ოჯახს I კატეგორია მიანიჭეს. ოჯახი დღემდე მაინც ავარიულ სახლში ცხოვრობს.

ოჯახის მიერ მომზადებულ ერთ–ერთ განცხადებაში წერია: „წლების განმავლობაში ვცხოვრობ სტიქიის საშიშროების ქვეშ. არც გეოლოგიური დასკვნის შემდეგ და არც მანამდე, შესაბამისმა სამსახურებმა სათანადო ყურადღება არ მომაქციეს. კერძოდ, დღემდე, ჯერ კიდევ არ მომხდარა ჩემთვის კომპენსაციის გამოყოფა. თითქმის ყოველკვირეულად დავდივარ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში. თუმცა, მათგან მხოლოდ შეუსრულებელ დაპირებებს ვისმენ. მათი თქმით, რამაზ ჯინჭარაძისგან – აჭარის ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან, ელოდებიან ერთ სიტყვას, თორემ თანხას მალევე მომცემენ. თვითონ რამაზ ჯინჭარაძემაც კარგად იცის ჩემი მდგომარეობა. თუმცა, ცოდნა მხოლოდ ცოდნად რჩება, ჩემი ოჯახი კი სტიქიის წინაშე დგას“.  

დათუნაიშვილების სახლის ნახევარი 2009 წლის 24 მარტს, ოჯახის წევრის გასვენების დღეს, ჩაიმოინგრა. საბედნიეროდ, ხალხმა იმ ოთახებიდან გამოსვლა მოასწრო და არავინ დაშავებულა. შვიდწევრიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება. მათი შემოსავალი აღნიშნული დახმარება და ორი ასაკოვანი ავადმყოფის პენსიაა.

„შიმშილით არ ვიხოცებით, მაგრამ გთხოვთ, სტიქიით ნუ დაგვხოცავთ. ყოველი წვიმის დროს, იძულებული ვართ, ღამით თავი ახლობლებს შევაფაროთ. ასე გრძლედება უკვე წლებია. სახლის საძირკველსა და კედლებზე უფრო და უფრო იზრდება ნაპრალები. როდემდე შეიძლება ამ მდგომარეობაში ვიყოთ? ვიცი, რომ ხელისუფლებას ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფთათვის კომპენსაცია გაქვთ გათვალისწინებული, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს თუკი კომპენსაცია სხვადასხვა პირების გამო, ჩემამდე არ მოაღწევს?! როდის მივიღებ, მაშინ როცა ვინმე დაშავდება?“ – კითხულობს ხათუნა დათუნაიშვილი.

დათუნაიშვილების ინფორმაციით, აჭარის ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რამაზ ჯინჭარაძე მათ ეუბნება, რომ კომისიის სხდომაა გასამართი, რათა ოჯახის კომპენსაციით დაკმაყოფილება რომ მოხდეს.

„მაგრამ ეს კომისია წლებია, ვერ ჩატარდა. „შემდეგ კვირას გაიმართება“, „შემდეგი კვირის ბოლოს იქნება კომისიის სხდომა“... ყოველთვის ასე გვატყუებენ“.

ოჯახმა თავისი მდგომარეობისა და წლების განმავლობაში კომპენსაციის მიუღებლობის გამო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძესაც მიმართა. თუმცა, არც მისგან მოჰყოლია პრობლემას რეაგირება.

„ლევან ვარშალომიძისგანაც თუ არაფერი შედეგი არ მოჰყვება ჩემს განცხადებას, იძულებული ვიქნები, საქართველოს პრეზიდენტს მივმართო და აჭარის ხელისუფლების უმოქმედობა და მოსახლეობისადმი უყურადღებობა ვირწმუნო. შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლის წინ შიმშილობას დავიწყებ და აქციებს გავმართავ“, – ამბობს ხათუნა დათუნაიშვილი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აჭარის ფილიალმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ვასილ თავართქილაძეს რამდენჯერმე სთხოვა კომენტარი სტიქიით დაზარალებული დათუნაიშვილების ოჯახის თაობაზე. თავართქილაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით მოადგილესთან, ასლან ყურშუბაძესთან გადაგვამისამართა, რადგან, როგორც გვითხრა, თვითონ 12 აპრილიდან შვებულებაში იმყოფება. გამგებლის შვებულებაში ყოფნის თაობაზე არაფერი იცოდა გამგეობის პრეს-ცენტრის უფროსმა, ნათია ზოიძემ.

გამგებლის მოადგილე ასლან ყურშუბაძე აღიარებს, რომ დათუნაიშვილის ოჯახის საფრთხე მუნიციპალიტეტის ფარგლებში ყველაზე კრიტიკულია: „რიგი პროცედურებია გასაკეთებელი და თანხას რომ გადმოგვირიცხავენ გამგეობას, გადავცემთ. ძალიან საშიშ მდგომარეობაში არიან, მაგრამ მხოლოდ ერთ ოჯახზე ვერ გაიმართება კომისიის სხდომა“. ყურშუბაძის თქმით, ამჟამად ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან 36 ოჯახის სია არის გადაცემული აჭარის ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტში.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ჯინჭარაძე კომენტარზე უარს აცხადებს. მისი თქმით, კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, როცა დაზარალებულთათვის კომპენსაციის გასაცემად კომისიის სხდომა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძესთან გაიმართება.

ახალი ამბები